ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემურ მაკარაძე
ჟანრი: პოეზია
1 თებერვალი, 2019


......

არ მჭირდებოდი
და არც შენ გჭირდებოდი,
ვიდრე... ... ...
ვიდრე წარმოდგენაც არ მაქვს რა მოხდა...

მერე ყველაფერი შეიცვალა:
თვალები,
მზერა,
თითები,
სუნთქვის სიხშირე,
გულისცემა...

გულზე გამახსენდა - სისხლის უკმარისობა აქვს, ვენები უკან უბრუნებენ...

ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი . . .

ვიცი ერთ დღესაც ჩვენს შორის მანძილი მოიმატებს. 
არა,
კილომეტრებზე არ ვამბობ...
მანძილი ჩვენ სულებს შორის. სიგრძის კი არა,
სუნთქვის ერთეულებით...

სადაც არ უნდა წახვიდე, ვერსად დამემალები,
ჩემში სახლობ...
და რა ცუდი ჩვევა გაქვს,
საერთოდ არ უფრთხილდები საკუთარ კარ-მიდამოს...

უცნაურია,
მე ღმერთი არ ვარ,
თუმცა ღვთისგან განსხვავებით მარადიულ სიცოცხლეს გჩუქნი,
ჩემს ლექსებში...

მე მიწაზე ამოსულ მცენარეს ვგავარ...
შენი კი ჩემი წილი "ცა" ხარ,
რომელსაც ვერასდროს შევწვდები...

გახსოვს დასაწყისში გითხარი არ მჭირდებიმეთქი?..
ახლა ყველაფერი შეიცვალა,
მხოლოდ ერთი განსხვავებით:
მე სასიცოცხლოდ მჭირდები
შენ ისევ არა...

ახლა იმისი მეშინია, რაც ასე ძალიან მიყვარდა. მარტოობის მეშინია. უფროსწორად მარტოობისა კი არა იმ სამყაროსი მეშინია:
          სადაც შენ არ იქნები,
          სადაც შენს ხმას ვეღარ გავიგებ,
          სადაც შენს სუნთქვას ვეღარ მოვუსმენ,
          სადაც შენს თვალებს ვეღარ შევწვდები,
          სადაც შენი მზერა ვეღარ დამატყვევებს,
          სადაც შენს თითებს ვეღარ შევეხები...

    ადრე გითხარი ბედისწერის არ მჯერა-მეთქი. ახლაც ასეა, მაგრამ...

მჯერა რომ ოთახი, სადაც სიყვარულით სავსე წყვილი იძინებს შუქის ჩაქრობის შემდეგაც ნათელი რჩება. ჩემი ოთახის სინათლეს სიბნელე ჰქვია...

ისეთი ტკივილიც არსებობს, რომლის დათმობაც გენანება... 

ჩემი გული, მკერდიდან ამოხეული ფურცელივითაა, რომელიც თავის ადგილს ვეღარასოდეს დაუბრუნდება...

ერთხელაც გავალ სანაპიროზე და ჩემს გულში ზღვა თავს დაიხრჩობს...

მე ყველანაირი იმედის მჯერა გარდა იმისა, რომელსაც სიკვდილში ეძებენ...

და მაინც:
ცოცხალი ვარ და გამუდმებით სიკვდილზე ვწერ.

ნეტავი მკვდარს თუ შემეძლება სიცოცხლეზე;
ანუ შენზე დავწერო?...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები