ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
12 თებერვალი, 2019


სიბერის პოეზია...

იჯდა ბაღში მოხუცი, ჩიტებს ძველ პურს უფშვნიდა,
თავის გამოსაკვებად ძლივს ჰყოფნიდა პენსია...
იყო თბილი საღამო, მოხუცივით გულმშვიდი,
ერთ კადრს ჰგავდა ფილმიდან სიბერის პოეზია...
გვერდით შუახნის კაცებს გაემართათ დომინო,
იხსენებდნენ ძველ თბილისს, გულღიას და თავნებას...
ხმაში ბზარის შეპარვით გაიხსენეს ომის დროც,
მერე შიში მშვიდობის, ყოფნა „გადასარევად“!..
ჩამავალი მზის სხივი ბაღის კიდეს ათბობდა,
ახალგაზრდა ბიჭები რაღაც საქმეს არჩევდნენ.
ბავშვებს სურდათ თამაში, დედებს - ჭორით გართობა,
ჩუმად იჯდა მოხუცი, სითბოს გადანაჩვევი...
მადლიერი მტრედები მხარზე აფრინდებოდნენ,
უპატრონო ძაღლი კი მოხუცს ფეხთან დაუჯდა.
შინ წასასვლელი იყო, სანამ დაბინდდებოდა,
თუმცა, ვერ ელეოდა ძაღლთან მზერით საუბარს...
ნამცეცივით ეყარა მოხუცს ხურდა ჯიბეში,
ერთი პურის ფულიღა დარჩენოდა პენსიას...
მოიხურა ბინდი და ძლივს წამოდგა სიბერე,
გაწყდა კადრი ფილმიდან - სიბერის პოეზია...
28.01.19

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები