ნამგალ იყოს!... (ეტიუდი) ეს რა ნამგალია ცაზე, რომ აუკრავთ ჭიკარტით? და ღრუბლებს ვინ ეზიდება პიკაპით? არც ვინმე კრეფს მწიფე ვარსკვლავებს და არც ვინმეა ცასთან ახლოს, რომ მოწველოს ბებერი გალაქტიკა! ძუძუ ჰკიდია უმოქმედოდ, ვით უშვილო ქალს ბავშვის კენგურუ, განცდა მყიფეა და რბილი როგორც უნაბი, თუმც კურკა გაჩხერილ ყელს ხმა ამოსდის მზისგან დამწვარი: მიშველეთ! მიშველეთ! მესამედ კი ჩამოგძახებს მაყურებელი ქურდული თვალით: ახია თქვენზე და ცეცხლია კერძი თქვენი თეფშზე. ალგამოვლებულ პირით ლაპარაკობს ყველა თაობა, და დავკარგეთ ჩვენ ის ქვაბი, სახარში, ერთა კერძის მოსამზადებლად. ეშმა რქებს იხსნის სადღეგრძელოს წარმოსათქმელად და აწვდის უფალს, მას დასაღვრელად!... სადღეგრძელოა - "ნამგალ იყოს..." დედამიწის ღერძზე გამოუბამთ ბატკანი! სად ნამგალია, ვინ მთვარეული არადა, ქვეყანაა არეული!