ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
8
*სარაჰიტი — ოქროს ფული (უდრის 62 ფლივს); *ფლივი — ვერცხლის ფული (უდრის 62 ჩეჲს); *ჩეჲ — სპილენძის ფული; *„ტამარჲჯიჶ უმთოს“ — „მარჯვეობა ჩვენ“ – გაგვიმარჯოს (სარაჰული ენა).
ეგეონმა ახალი წლის ბოლო კვირეულის სუსხიანი, ცრიატი დღეები და თალხი, ღრუბლიანი ღამეები აისის ყველაზე ცნობილ ფუნდუკში გაატარა, სახელად „ოთხი მხარე“. აგურისგან ნაგები, ანგურაშრთვილი შენობის ხის ორმაგი ფანჯრები სითბოს კარგად აკავებდა – თბილი ჰაერის მცირე ნაწილაკსაც კი არ აძლევდა საშუალებას, გარედან მონაბერი ყინულმოსხმული ნიავით გაციებულიყო, რომელიც სასტუმროს ჯიხვისებრ რქებით უტევდა.
დათოვლილი გზების გამო იქრისის მთავარქალაქში ჩამოსვლა დააგვიანდა. აისში ცივი, თოვლიანი ქარი ქროდა. ეგეონს უნდოდა სწრაფად დაბინავებულიყო, თუმცა მეეტლეს უბრძანა, საუკეთესო სასტუმროში წაეყვანა.
რამდენიმე საათი დასჭირდათ, რათა საწადელი ადგილისთვის მიეგნოთ – იქრისელები არ გამოირჩევიან მრავალსიტყვაობით, განსაკუთრებით არ უყვართ უცხოები, ამიტომაც შესაფერისი სასტუმროს პოვნა გაუჭირდათ. მით უმეტეს, ცივ ამინდში, თუ ამის საჭიროება არ არის, გარეთ გამოსვლა არავის უხარია.
ბოლოსდაბოლოს, კეთილმოწყობილი ფუნდუკი იპოვეს. ეგეონმა დიდი ოთახი მოითხოვა, სადაც მარტო იქნებოდა და თანამოზიარედ არავინ ეყოლებოდა. იცოდა, რომ საწილო საცხოვრისი უფრო იაფი დაუჯდებოდა, მაგრამ მყუდროებისთვის ფული არ ენანებოდა.
ახალი წლის კვირეული სრულდებოდა და მეფუნდუკეს ოთახები ცარიელი ჰქონდა, ამიტომ გულუხვი შემომთავაზებლისთვის უარი არ უთქვამს – სტუმარი თვეში ოთხ სარაჰიტს, ორმოცდაერთ ფლივს და ოცდათოთხმეტ ჩეჲს იხდიდა.
სარაჰი ომისთვის ემზადებოდა, ერისმთავრები გადასახადებს ზრდიდნენ, ამიტომაც ფასებიც შესაბამისად გაზრდილი იყო. ეგეონის მიერ გადახდილი ქირა ორჯერ მეტი იყო, ვიდრე ჩვეულებრივ ფუნდუკის ოთახის დაქირავება ღირდა, მაგრამ ახალგაზრდა ყმაწვილს ამაოების მბრძანებლის ხარჯვა ამგვარი მყუდროებისთვის მაინც არ ეძვირებოდა, რომელიც შესაფერის მომსახურებასაც მოიცავდა: მსახური დილით ოთახს ალაგებდა, საღამოს ბუხარს აგიზგიზებდა და სანათებს ანთებდა. განსაკუთრებული გემოვნების მქონე მუშტრებს მეფუნდუკე შესაფერის სამსახურსაც სთავაზობდა – დამკვეთებს მათივე მოსასვენებლებში პირმშვენიერი, სუფთა და დავარცხნილი მეძავები ურასული ხილით დახუნძლული ლანგრით, თაფლითა და მათრობელა სასმელით, ზოგჯერ კი დარინის ნაცვლად თრიაქით სტუმრობდნენ.
– დილით მოსამსახურე დაალაგებს თქვენს ოთახს, – მეფუნდუკემ ეგეონს ზურგი აქცია და გასაღებების კარადისკენ, დახლის მარჯვენა, დაბნელებული კუთხისკენ გაიწია. დიდხანს ათვალიერებდა კარადას, შემდეგ ხმამაღლა დაიყვირა, – მერიემ, მოდი აქ!
გვერდით ოთახიდან გოგო გამოვიდა და მეფუნდუკის წინ დადგა. ეგეონი შეეცადა ქალის სახე დაენახა, მაგრამ შუქის სიმკრთალის გამო მხოლოდ მოხაზულობის დანახვაღა შეძლო.
– გისმენ, – მერიემს უკმაყოფილო ხმა ჰქონდა. – ცარიელი ოთახის გასაღები სად არის? – ქალს ისე უყურებდა, თითქოს ეუბნებოდა, შენი ბრალია, რომ ვერ ვიპოვეო. – აქ არის, – მერიემი კარადასთან მივიდა და მარჯვენა ბოლო უჯრედიდან გასაღები გადმოიღო, – დილით თვითონ არ დადე?! – შენიშნა ქალმა. – ხო, ხო, – მეფუნდუკეს გაახსენდა, – მართალი ხარ, მე დავდე, მადლობა, შვილო! – ცივად უთხრა და ეგეონისკენ შებრუნდა, – ერთი კვირის საფასური წინასწარ უნდა გადაიხადოთ, – გააფრთხილა. გასაღები აიღო და ეგეონისკენ შემობრუნდა, – აიღეთ, მეორე სართულზე აბრძანდით. ორმოცდამეერთე ოთახში იქნებით! – გასაღები გაუწოდა.
ეგეონმა გასაღები გამოართვა და ჯიბეში ჩაიდო.
– გმადლობთ, – სტუმარმა მეფუნდუკეს თავაზიანად გაუღიმა. ქამრიდან ქისა შეიხსნა, გახსნა, ერთი ოქროს სარაჰიტი ამოიღო და დახლზე დაუდო, თერთმეტი ფლივი კი ქისით გაუჩოჩა. – სიჩუმეა რატომღაც, არა? – ეგეონმა მიიხედ-მოიხედა, გაკვირვების ნიშნად წარბი წამოსწია და ტუჩები მოკუმა. – კი, სიჩუმეა, – მეფუნდუკემ უკმაყოფილოდ უპასუხა და შავ თმაზე ხელი გადაისვა.
ეგეონს ეგონა, ეტყოდა, თუ ფუნდუკი რატომ იყო ცარიელი, მაგრამ მეფუნდუკეს დანა პირს არ უხსნიდა. ყმაწვილმა გადაწყვიტა არ ჩასძიებოდა, მასპინძელს ისევ თავაზიანად გაუღიმა, მწაფელს ანიშნა დამეხმარეო და მეორე სართულისკენ გაემართა. მძიმე ბარგით დატვირთული მეეტლე ეგეონს უკან გაჰყვა.
ტალანი ვიწრო იყო – ორი ადამიანი ერთმანეთს გვერდს გაჭირვებით თუ აუვლიდა. მინის სათავსოში მოგიზგიზე სანთლები იქაურობას კარგად ანათებდა, ამიტომაც ეგეონს გზის გაკვლევა არ გასჭირვებია.
– ეს არის ჩემი ოთახი, – ჩუმად თქვა ეგეონმა თავისთვის და კარის წინ გაჩერდა, რომელზეც რკინის ორმოცდაერთი იყო გამოსახული. გასაღები ღრიჭოში მოათავსა და კარი ფრთხილად შეაღო.
სინამდვილემ მოლოდინს გადააჭარბა. ეგეონს მოსასვენებელი ძალიან მოეწონა. ყურძნის მტევნებით, აკიდოთი, მზის თვითნიშნებით ამოჩუქურთმებული ხის სვეტები, მოხატული კედლები და ჭერი – ყველაფერი მის გემოვნებას ეხმიანებოდა.
ბიჭმა გაიფიქრა: „დერეფანი პატარაა, მაგრამ სამაგიეროდ, ოთახია უზარმაზარი“ – ღიმილიანი გამომეტყველებით კვირსა-მედიდური მოძრაობით ოთახში შევიდა – თავადური მიხვრა-მოხვრით დიდგვაროვნებს ჰბაძავდა, უნდოდა ზოგიერთი წარჩინებულისთვის დაეცინა, რომლებიც ყელს იმდენად წაიგრძელებენ, ლამის უნდა მოსწყდეთო, თანაც საკუთარ თავზე ისე ფიქრობენ, გეგონებოდათ, ზეჰის ნათება თბილ სხივებს მყარმიწას მათი ბრძანებით ჩუქნიდეს.
მეეტლე ეგეონის ქცევას გაკვირვებით უცქერდა. ყმაწვილმა დაქირავებულის გაოცება შენიშნა და თავის მოკატუნება, რომელიც ისედაც უნიჭოდ გამოსდიოდა, მაშინვე შეწყვიტა.
შესვლისთანავე ეგეონმა მწაფელს ანიშნა, ბარგი შემოსასვლელში, იქვე, კედელთან დაელაგებინა; მეეტლემ ახალგაზრდის თხოვნა უხმაუროდ შეასრულა. ყმაწვილმა გაწეული სამსახურისთვის კაცს ორი ფლივი გაუწოდა, მადლობის ნიშნად გაუღიმა და თავი დაუკრა. მეეტლემაც ეგეონს მორიდებული, თავმდაბალი მადლობა გადაუხადა. ორივენი ერთმანეთს გამოემშვიდობნენ. ახალგაზრდა კართან მივიდა და გადაკეტა, რათა ძილს მშვიდად მისცემოდა.
*** საღამო ჟამი იყო. ეგეონს სასტუმროს თბილ ოთახში გაეღვიძა. მსახურს ბუხარი უკვე დაენთო. ჯერ ბოლომდე ვერ გამოფხიზლებულიყო. მკრთალად განათებული მოსასვენებლის ჭერს ისე შეაცქერდა, თითქოს რაღაცის გახსენება უნდოდა, თუმცა არ იცოდა რისი.
გაიფიქრა: „ნუთუ, ასე ღრმად მეძინა, რომ მოახლის შემოსვლა ვერ შევამჩნიე?!“ – საწოლიდან მკვირცხლად წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა და გაიხედა, უნდოდა, გარემო შეეთვალიერებინა, თუმცა ამაოდ, უკუნეთ სიბნელეში ვერაფრის გარჩევა შეძლო. ეგეონი სარკმელს მიღმა მხოლოდ წყვდიადისთვის დამახასიათებელ შავ ფერს ხედავდა. იქრისის ღამის ცა მოღრუბლული იყო − ღამის უმანგო მოსასხამზე ერთი ვარსკვლავიც კი არ მოჩანდა.
შუადღისას, ვიდრე ფუნდუკში შემოვიდოდა, ეგეონმა სასტუმროს გვერდით სამიკიტნოს მოჰკრა თვალი. დუქანსაც „ოთხი მხარე“ ერქვა. ზენეათელმა მგზავრმა ჩათვალა, რომ ორივე დაწესებულება – სამიკიტნოც და ფუნდუკიც – ერთი და იმავე ადამიანის უნდა ყოფილიყო.
ახალგაზრდა ყმაწვილმა გადაწყვიტა, ქვემოთ ჩასულიყო და რიგიანად მოელხინა. ზენეათში ცხოვრებისას მათრობელა სასმელი ანდა მოსაწევი ბალახი არასდროს გაუსინჯავს. არ ეკარებოდა, რადგან ქვეიტაჰისთვის შეუფერებელ საქციელად მიიჩნეოდა. ახლა გადაწყვიტა ყველაფერი აენაზღაურებინა. ეგეონი გარეთ გავიდა. ციოდა. სუსხი ძვალსა და რბილში ატანდა. ქურქი მოესხა, მაგრამ ვერ თბებოდა. წელზე ხელებშემოჭდობილმა გვალე ნაბიჯით სამიკიტნოსკენ გასწია. დუქნის კარი მკვირცხლად გააღო და შევიდა. შესულს ჯერ კიდევ აძაგძაგებდა, თუმცა სითბო მაშინვე შემოეხვია და თოშისგან მიყენებული წუხილი დაუამა.
დუქანში დაბუდებულმა სითბომ ეგეონს, თითქოს, ახალი სიცოცხლე შეჰმატა – იგრძნო, მთელ სხეულში თბილი სისხლი როგორ მიედინებოდა – საამო ჟრუანტელმა დაუარა. შესვლისთანავე იქაურობა მიმოათვალიერა, უნდოდა სათავისო ალაგი ეპოვნა. ცოტა არ იყოს, გარემომ შეაშინა კიდეც, მაგრამ არ შეიმჩნია.
დუქანი დიდი იყო და, ბუნებრივია, მოლხენისთვის და დროის გასატარებლად იქ ბევრი ხალხი ირეოდა. ახალი წლის ბოლო კვირეულისთვის მოსალხენად ყველა დუქნებში, ქიოქასახლებსა და ღია ცის ქვეშ თვრებოდა და ერთობოდა.
სამიკიტნო ლამფებით მკრთალად იყო განათებული. მბჟუტავი შუქი ყველა კუთხე-კუნჭულს ვერ აღწევდა. ცუხად განათებულ კუთხეებს ისინი ეტანებოდნენ, რომელთაც უნდოდათ, დარანა მშვიდად დაელიათ და არავის შეეწუხებინა. არ სურდათ, გამოჩენილიყვნენ, ამიტომ გაუნათებელი ადგილები სხვებისგან მოსარიდებლად საუკეთესო გამოსავლად მიაჩნდათ.
ათასი რჯულის ხალხს მოეყარა თავი. ზოგს ხმლები მაგიდაზე მიეყრდნო, ზოგს უზარმაზარი ხელკეტები ზურგზე გადაეკიდა. ყველა ერთად კი საკუთარი საქმით იყო გართული – ღრეობდნენ, ხმამაღლა იცინოდნენ და ხარხარებდნენ. ერთმა მუშტი მაგიდას დაარტყა, მეორემ კათხა ძირს მთელი ძალით დაანარცხა.
ეგეონი დახლთან მივიდა და მიკიტანს მიმართა: – ბოდიში! – ყურადღების მიქცევა სცადა.
მიკიტანი ლუდის კასრთან იდგა და რაღაცას ჩხირკედელაობდა. ეგეონის დახლთან მიახლოება ვერ გაიგონა, ამიტომაც ყური არ ათხოვა.
– ბოდიში! – ეგეონმა ხმამაღლად გაუმეორა.
მიკიტანი ახლაღა მიხვდა, რომ მასთან იყვნენ და მოტრიალდა.
ეგეონს თვალები გაუფართოვდა, ახალგაზრდა ქალს არ მოელოდა, რომელსაც მოკლედ შეკრეჭილი თმა და წენგოსფერი, ხასხასა თვალები ჰქონდა.
ქალი დახლს მიუახლოვდა და ახალმისულ მუშტარს მიაჩერდა.
– რა მოგართვათ? – ქალმა ცქრიალა ხმით მიმართა. გამართულად მეტყველებდა.
ეგეონი დაიბნა, ვერ პასუხობდა, არ იცოდა ის უფრო უკვირდა ასეთ ადგილას გოგონა რომ მუშაობდა, თუ მისი სილამაზე აბრმავებდა.
ქალმა კითხვა გაუმეორა და ღიმილიანი სახით დააყოლა: – ეგრე თუ მომაშტერდებით, ფულს არ დახარჯავთ და მე კიდე ლუდს ვერ გავყიდი, – მსუბუქად გაიცინა, – რა მოგართვათ?
ეგეონი თითქოს გამოფხიზლდაო, ბავშვური ზმანებიდან გამოერკვა და გაკვირვებული ხმით მიკიტანს მიმართა: – იქრისული ლუდი, გთხოვთ, – ცალი თვალი მოჭუტა, თან ისეთი იჭვნეული ხმა ჰქონდა, თითქოს სასმელს მის ნაცვლად სხვა უკვეთავდა. – ახლავე! – უპასუხა მასპინძელმა და ლუდის კასრთან სწრაფადვე გაბრუნდა. კასრების ზემოთ, კედელზე ჩამოკიდებული კარადიდან ხის კათხა აიღო. კასრის ონკანი მოუშვა და ოქროსფერი, ხასხასა სითხე ჩამოასხა.
მიკიტანმა დარანით შევსებული ჭურჭელი ყმაწვილს დახლზე დაუდო, მიირთვითო უთხრა და დააყოლა: – ერთი სპილენძის სარაჰიტი, – ქალმა ეგეონის მიერ გაწოდებული თანხა აიღო, – სხვა რამეს ხომ არ ინებებთ? – თავაზიანად ჰკითხა. – ჯერ არა, – ეგეონმა იუარა, გაუღიმა, დახლს ზურგი აქცია და ღია სივრცისკენ შემოტრიალდა.
განმარტოება უნდოდა. თვალით მყუდრო ადგილი იპოვა, ერთ-ერთი ჩაბნელებული კუთხისკენ გაემართა, მაგიდას შემოუჯდა და ლუდის წრუპვა მშვიდად დაიწყო. პირველად იქრისული დარანული ნექტარი ეგეონს უგემურად მოეჩვენა. დახველება უნდოდა, მაგრამ შერცხვა და ჩუმად, თითქმის უხმოდ ჩაახველა. გაიფიქრა – „როგორც ამბობენ, პირველი შეგუებამდე ყოველთვის უცნაურიაო“ – და კათხის მესამედი ისე სწრაფად დალია, რომ სულიც არ მოუთქვამს. მათრობელა წამში მოეკიდა. თავს უფრო ლაღად გრძნობდა, თითქოს ბორკილები ახსნესო. უჩვეულო გრძნობა დაეუფლა – ასე ეგონა, მთელი სამყარო მას ეკუთვნოდა, მთებს მოგლეჯდა და ადგილს უცვლიდა, სასმელმა გამბედაობა შეჰმატა. ეგეონმა ლუდის ნელ-ნელა სმა განაგრძო.
ფუნდუკში შეზარხოშებულნი ამღერდნენ. ეგეონმაც ყური დაუგდო. მეფანდურის სიმღერა საამო გრძნობას ჰგვრიდა, თითქოს იგი ამოუცნობ მხარეში გადაიტყორცნაო, თვალები მინაბა და კაცის მომღერალ ხმას ჩაუღრმავდა. სიამემ დიდხანს არ გასტანა, ზენეათელმა ყური ზურგსუკან ორი მამაკაცის საუბარს მოჰკრა. ბიჭმა თვალები გაახილა და ყურები ცქვიტა. კაცები ვიღაცაზე უკმეხად და უგვანოდ საუბრობდნენ.
– შეხე, ის წითური ამ ღამით ჩემი გახდება, – იქრისულ კილოკავზე საუბრობდა ერთი, რომელსაც მტკიცე ხმა ჰქონდა. ისეთი თავდაჯერებული ჩანდა, თითქოს წითურის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. – არ უნდა იყოს ბოზი, არ გვანს ქიოქასახლიდან გამოსულს, – მეორე მამაკაცი წითურს იჭვნეულად უცქერდა და ცდილობდა, საკუთარი მეგობარი გაეფრთხილებინა. – რა მნიშვნელობა აქვს? – ჩაიფრუტუნა პირველმა, – მაინც გადამიშლის პაწა ფეხებს ამ ღამე... უუუ... ჩემ ტორებში მოვიქცევ და დაიყივლებს უთენია მაღვიძარა მამალივით, – გულიანად გადაიხარხარა.
ეგეონი ვერ მიხვდა, კაცები ვისზე საუბრობდნენ. ზენეათელი გამოუცდელი იყო; არ იცოდა, რა უნდა მოემოქმედებინა, უცნობის ღირსება დაეცვა თუ არა. თავი ნელა მოაბრუნა და ისინი ფრთხილად შეათვალიერა. მათ წელზე ხანჯალი შემოერტყათ. „სიფრთხილე მეორე ბედნიერებააო“ – თავისთვის გონებაში გაიმეორა და ეგეონმა საკუთარ გულში გმირობის წადილი მაშინვე ჩაკლა. შემდეგ მზერა იქითკენ გააყოლა, საითკენაც თვალს თვით-ის მამაკაცები აპარებდნენ. სამიკიტნოს განათებული ადგილისკენ გაიხედა და ნაცნობი სახე დალანდა. ფიქრობდა მსგავსება დიდია, მაგრამ ის არ უნდა იყოსო. უნდოდა, უცნობთან მისულიყო, რათა საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულიყო; მაგრამ ვიდრე ადგებოდა, ახალგაზრდა გოგო ფეხზე წამოდგა და ოთახის მეორე ბოლოსკენ გაემართა და დახლთან მივიდა. გოგოს ტყავკაბა – ტყავის შარვალი და ზედა – ეცვა, ხოლო ზემოდან შავი ქათიბი ესხა. მიუხედავად იმისა, რომ სამიკიტნოში სითბო იყო, რატომღაც არ გაუხდია. დახლთან მისული მიკიტანს რაღაც თინჩი სახით უთხრა. მერე უეცრად შებრუნდა, ქურქში რაღაცამ გაიშრიალა. ეგეონმა ჟღალთმიანს, სამიკიტნოდან თუ როგორ გადიოდა, თვალი გააყოლა.
„ეჰ, ბედი არ ყოფილა“ – გაიფიქრა სტუმარმა. კათხის დაცლა დააპირა. ჭურჭელი პირთან მიიყუდა და ლუდს შეექცა. დიდი ყლუპებით სვამდე, უკვე თითქმის ბოლომდე იყო ჩასული, როცა ნაცნობმა ხმამ სმა შეაწყვეტინა: – ბატონო, თქვენთან რაღაც დამავალეს!
ეგეონი შეკრთა, ლუდი გადასცდა – მიკიტნის გამოჩენას არ ელოდა. მძიმე ხველა აუტყდა. თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა.
– დაგავალეს?! – ბიჭმა მსუბუქად ჩაახველა და სამკლაურით ტუჩებიდან ლუდის ქაფი მოიწმინდა, – რა? რა დაგავალეს? – ახალგაზრდა გოგონამ თქვენთვის გადმოსაცემად დამიბარა, რომ ფუნდუკის მისაღებში გელოდებათ! – მე?! – ეგეონმა გაოცებისგან თვალები დაჭყიტა. შეეშინდა. ეჭვები გაუმძაფრდა – ხვდებოდა, ვინც იყო წითური. – ასე მითხრეს, აბა მე რა ვიცი? – მიკიტანმა თითქოს თავი იმართლა. – მადლობა! – მოქუფრული სახით უთხრა ეგეონმა.
მიკიტანი ისე გაბრუნდა, რომ სტუმრისთვის არაფერი შეუთავაზებია.
ეგეონმა, ვიდრე ფუნდუკს დატოვებდა, გაწბილებულ კაცს გახედა, რომელსაც ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს მშვილდი გაისროლა, მაგრამ ნადავლმა გაასწრო და ისარი მიზანს აცდა, თუმცა ფარ-ხმალი არ დაუყრია – ახლა უკვე სხვას ათვალიერებდა და გეგმებს აწყობდა.
ეგეონს მათი მოსმენა აღარ უნდოდა. რამდენიმე წუთში უკვე ფუნდუკის მისაღებში იყო და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა – დამპატიჟებელს ეძებდა. უეცრად, მონაბერი ჩუმი სიოს მსგავსად, უკნიდან ხმლის გაელვების სუსხიანი ხმა მოესმა. შემობრუნება ვერც კი მოახერხა, ორლესული მის კისერზე იყო მიბჯენილი და სიკვდილს უქადდა. შიშის გრძნობამ უმალ გამოაფხიზლა.
– ვინ მოგაგზავნა? – თავდამსხმელს გაბრაზებული ხმა ჰქონდა, – ტრილონიამ? ატრეინიმ? მიპასუხე! – კართობდა.
ეგეონი ძრწოლამ აიტანა. სიკვდილთან ლაციცის აზრი არ ხიბლავდა. ცდილობდა, აზრები როგორმე შეეკოწიწებინა, თავი მოეყარა და პასუხი გაეცა.
– ჩემს შესაპყრობად გამოგგზავნეს? ლეო კალაისმა? – ეგეონი კრთოდა. – ვინ? ვინ? – დაჟინებული ხმა ჰქონდა წითურს.
თავდამსხმელმა ხმალი ეგეონს კისერზე მედგრად მიაბჯინა და კანი გაუკაწრა.
– ჰე, დროზე მიპასუხე, ვიდრე ზეჰის სამფლობელოში არ გაგისტუმრე! – დაემუქრა წითური.
ეგეონმა ძალ-ღონე მოიკრიბა. საკუთარ თავს გნასი დაატანა, რადგან იცოდა, რამე უნდა ეთქვა, თორემ სიკვდილი არ ასცდებოდა.
– არავის გამოვუგზავნივარ, – ხმა უკანკალებდა, – დამიჯერე, არავის დავალებას ვასრულებ, დიდებულ ზეჰს ვფიცავ, ელენი, გთხოვ! – მის ხმაში მუდარა ისმოდა.
ელენის თავისუფალი ხელი ეგეონის საფეთქელზე დაედო. როგორც კი პასუხი გასცა, ეგრევე გაათავისუფლა. იგრძნო, რომ ზენეათელი ქვეიტაჰი არ ატყუებდა და სიმართლეს ეუბნებოდა. გოგონამ ორი ნაბიჯი უკან გადადგა, რათა მსხვერპლისთვის სივრცე მიეცა. ხმალი ქათიბ-მოსასხამში შეინახა.
ეგეონი შემოტრიალდა. წელში მოიხარა და ხელებით მუხლებს დაეყრდნო. ღრმად და შიშნარევად სუნთქავდა. მერე თავი ოდნავ წამოსწია, რათა სიცოცხლედ გარდასახული მკვდარი უკეთ შეეთვალიერებინა. ვერ იჯერებდა. ეგონა, ელენი „მიჯნურთა ტბაში“ დაიხრჩო, მოკვდა. თუმცა ახლა მის წინ იგი საღ-სალამათი იდგა.
– როგორ?! – ბიჭს გაკვირვებული ხმა ჰქონდა. ისევ ღრმად სუნთქავდა, – როგორ... ცოცხალი?!. – ეგეონი წელში გაიმართა. – ჯადოქრის მოკვლა ადვილი არ არის! – ელენიმ მოკლედ და მტკიცედ უპასუხა.
ელენი წინ წაიწია. ეგეონი გვერდით გადგა. ელენიმაც გვერდი აუარა, თავი გაიქნია და ანიშნა, რომ გაჰყოლოდა.
ბიჭი გაუცნობიერებელი მოძრაობით ჯადოქარს გარეთ გაჰყვა. ეშინოდა, მაგრამ ნდობის ამოუცნობი გრძნობა დაეუფლა. ისევ სამიკიტნოში შევიდნენ და მარჯვნივ, მკრთალად განათებული მაგიდისკენ გაემართნენ.
დაჯექიო, ანიშნა ეგეონს ელენიმ. მეორე მხარეს თვითონაც მიუჯდა. ჯადოქარმა მიკიტანი ხელით თავისთან იხმო. მსახურმა მსთუადად მათთან მიირბინა.
– ერთი ჭინჭილა ვერიოსული ლიკო! – ელენიმ დაუფიქრებლად, ანაზდეულად შეუკვეთა.
გოგონა შეკვეთის მოსატანად სწრაფად გაბრუნდა.
ეგეონმა გაიფიქრა ბევრიაო, როდესაც ელენიმ მიკიტანს ერთი ჭინჭილა ლიკოს მოტანა სთხოვა. თუმცა მათრობელას დალევაზე უარის თქმა არც უცდია, არ იცოდა, ჯადოქარი მის უარს როგორ უპასუხებდა. ბიჭი ელენის შესცქეროდა და მაინც ვერ იჯერებდა, რომ ის ცოცხალი იყო.
მათ შორის დასადგურებული უხერხული დუმილი ელენიმ დაარღვია: – აბა, მითხარი, მე თუ არ მეძებ, მაშინ აქ რა ქარმა გადმოგაგდო? – ელენის თინჩი გამომეტყველება ჰქონდა, თუმცა მეგობრული ხმაჟღერადობა. ელენის ხმამ ეგეონი დაამშვიდა. – შენი გაცოცხლების ამბავი ქალაქში არავინ იცის, – წყნარად უპასუხა ბიჭმა, – შირტელსეშ-მეტაჰში მივდივარ, ქალაქს გამოვექეცი...
მიკიტანმა ლანგრით ორი ბრინჯაოს ჭიქა და ერთი ჭინჭილა ვერიოსული ლიკო მოიტანა. მაგიდაზე ჯერ ლანგარი დადო, შემდეგ სტუმრებს ჭიქები ფრთხილად დაუდო და უსიტყვოდ, უმალ უკან გაბრუნდა.
– ჰმ, – მრავლისმეტყველად წარმოთქვა ელენიმ და თან ვერიოსული ლიკო ჩამოასხა – ჯერ მისთვის, ხოლო შემდეგ ეგეონისთვის. – მართლა? და რატომ? – გაუკვირდა. – ქალაქი მახრჩობდა... სულს მიხუთავდა... – ეგეონი მოკლე პასუხებს სცემდა.
ელენის გაეცინა. მათრობელა გადაჰკრა. გააჟრჟოლა.
– რამდენიც არ უნდა დავლიო, მაინც ერთი და იგივე მემართება, – ჯადოქარმა ღიმილიანი სახით განუმარტა, მაგრამ ვერ მიხვდებოდი ეს ღიმილი რას გამოხატავდა, – შირტელსეშ-მეტაჰში მივემგზავრებიო, ჰო? – კიდევ დაისხა ლიკო, ეგეონს მიუთითა შენც დალიო და გადაჰკრა.
ბიჭმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. ბრინჯაოს ჭიქა პირთან მიიყუდა და სწრაფად გადაყლაპა. ეგეონი დაიმანჭა – სასმელმა ყელი ჩაუწვა.
– ჰო, ვიცი, „ურასულ ფოინუჰზე უარესიაო“, ზოგიერთი ამბობს, – დაეთანხმა ელენი, როდესაც ეგეონის დამანჭული სახე დაინახა. – მე ურასული ფოინუჰი არ დამილევია... – მართლა?! – ელენი გაკვირვებული სახით მიაშტერდა, – რატომ?! უნდა გამოვასწოროთ ეგ ამბავი, – ჯადოქარს დამრიგებლური გამომეტყველება ჰქონდა.
ეგეონმა მხრები აიჩეჩა, არ უნდოდა სიმართლე ეთქვა. არ უნდოდა, ეთქვა, რომ ეს შეუფერებელ საქციელად მიაჩნდა.
ელენი ეგეონს თითქოს სათქმელს მიუხვდა და ბაას პირი უცვალა: – რა გინდა აღმოსავლეთში, იმ გადაკარგულში? – ელენიმ ეგეონს ცნობისმოყვარეობით აღსავსე მზერა მიაპყრო. – ბიძაჩემთან მივდივარ. ისედაც დიდი ხანია მელოდება... მას შემდეგ რაც დედაჩემი გარდაიცვალა. როგორც მითხრა, კართახელების გასაგისს ემსახურება, – არც უფიქრია, ელენისთვის სიმართლე დაემალა, – მინდა, ზენეათს მოვწყდე. მინდა, შენ მსგავსად დავიკარგო... ჩემი ხსენება აღარ იყოს იმ ზეჰისგან მივიწყებულ ქალაქში...
– ჩვენ შორის განსხვავებაა, ეგეონ! – ელენის სახე გაუმკაცრდა, აღარ იღიმებოდა, – მე სიკვდილით დამსაჯეს, – თვალები მოჭუტა და ბიჭს მიაცქერდა, – ჰო, მართლა, მახსოვს, ჩემს დასაცავად სასამართლოზე სიმართლე რომ თქვი...
ეგეონი თავიდან ვერ მიხვდა, ელენის ეს ნათქვამი მუქარა იყო თუ მადლიერების გამომხატველი.
ელენიმ თანამეინახის შინაგანი ღელვა შეამჩნია და განმარტება სცადა: – ნუ გეშინა, – გაიღიმა, – მართლა, მადლობელი ვარ იმისთვის, რაც შენ სასამართლოზე გააკეთე და თქვი!
ეგეონს გულზე მოეშვა. ჯადოქრების ყოველთვის ეშინოდა, ისინი სიკვდილზე მეტად აკრთობდნენ.
– ტრილონიამ მაიძულა, – ეგეონს თვალები აუწყლიანდა. მხნეობის მოსამატებლად კიდევ ერთი ჭიქა ლიკო დალია, – თავს არ ვიმართლებ – მეც ვგრძნობ საკუთარ დანაშაულს – მაგრამ ლეტა მემუქრებოდა... მემუქრებოდა, ჩემი და ალექსანდრეს სიყვარულის გამჟღავნებით... – ვიცი... – იცი?!. საიდან?! – ეგეონმა გაკვირვებული ხმით წარმოთქვა. – შენი და ალექსანდრეს ამბავიც ვიცოდი და ტრილონიაც რომ გემუქრებოდა ისიც. – მართლა?! – ბიჭმა თვალები განცვიფრებისგან ფართოდ გაახილა. – რა თქმა უნდა, – ჯადოქარმა ცალი წარბი მრავლისმეტყველად ასწია, – ჩემს ძმას საკუთარ თავზე უკეთ ვიცნობ... ტრილონიას მუქარა კი... – ელენიმ აზრი არ დაასრულა, – მეც მაგიტომ არ გავიქეცი, როდესაც პირუტყვზე შემსვეს და მთელი ქალაქი შიშველი მომატარეს...
ბიჭმა იგრძნო, რომ ელენისადმი უდიდესი პატივისცემით განიმსჭვალა. თითქოს ზეჰმა ღვთაებრივი მადლი უბოძაო, ვერ ამოეცნო რა უცნაური შეგრძნება დაუფლებოდა.
– მაგრამ, – განაგრძო ელენიმ, – ეგ არ არის მნიშვნელოვანი. გთხოვ, მითხარი როგორ არიან ჩემები. დიდი ხანია არ მიმიღია მათგან ცნობა.
ეგეონი შეემზადა: სკამზე მყუდროდ მოკალათდა. უხერხულად შეიშმუშნა და დაიწყო: – ალექსანდრეს ნიშნობა ჰქონდა ტატიანა ბოლდინთან. ახლა, ალბათ, თავადი არჩილი და შენი ძმა ტინარშუჰისკენ მიემგზავრებიან; ნიშნობისას გადაწყვიტეს, ვიდრე ქორწილს გამართავდნენ, საპატარძლოსთვის საჩუქარი ეყიდათ... – ესე იგი, მამაჩემმა მისი მაინც გაიტანა, ალექსანდრეს აქორწინებს. არა და დამპირდა არ დავტანჯავო, – ელენის ხმა გაბრაზებულად და უკმაყოფილოდ ჟღერდა, – ბოდიში, ეგეონ, განაგრძე... – მატეა, შენი სიკვდილით დასჯის შემდეგ, ქალაქიდან ერთ კვირაში გაუჩინარდა. მისი ალი-კვალი არავინ იცის. ტრილონიას სახლი დაიწვა... – ამ სიტყვების გაგონებაზე ელენის კმაყოფილების ღიმილი გამოესახა. ეგეონმა ეს შეამჩნია და მრავლისმეტყველად დაიწყო, – მოიცადე, ლეტას სახლი შენ დაწვი?! ანუ, მისი ლაქია არ ტყუოდა?!
ელენიმ თვალების მოძრაობით დაუდასტურა.
– ხომ ცოცხალია ლეტა ტრილონია? – ჯადოქარმა გულწრფელად ჰკითხა. – კი, ცოცხალია... ტრატისთან ერთად ცხოვრობს... – გასაგებია, აბა, საკუთარი სახლის ნამწვავში ხომ არ იცხოვრებს? – ელენიმ გულიანად გადაიკისკისა.
ეგეონსაც გაეცინა. სასმისი შეივსო და ვერიოსული ლიკო ბოლომდე დალია.
– ამბობენ, ვერიოსულმა ლიკომ სკაოს ზღვის ალქაჯებივით მონუსხვა იცის, – დაიწყო ეგეონმა, – თავიდან არ გესიამოვნება, ხოლო შუაში მისი ტყვე ხდებიო. ვფიქრობ, ხალხის სიბრძნე უტყუარია. – არ ვიცი, ვერ გეტყვი, სკაოს ზღვის ალქაჯები არასდროს მინახავს და არც ის ვიცი ხალხის სიბრძნეს რამდენად დაეჯერება, – ელენიმ მხრები აიჩეჩა, – მაგრამ ნამდვილად, ლიკოს ალჯანეულის ძალა აქვს.
ელენიმ ჭიქა მაღლა შემართა. ეგეონმა თანამეინახეს მიბაძა. ერთმანეთს სასმისები მიუჭახუნეს, სარაჰულად ერთდროულად თქვეს „ტამარჲჯიჶ უმთოს“ და სულმოუთქმელად ლიკოს გრძნეულებას ბოლო მოუღეს.
– კარგი იყო, – კმაყოფილებით წარმოთქვა ეგეონმა, – დამენანება იქრისის დატოვება, რამდენადაც ვიცი, მეტჶუნშეთში ვერიოსული ლიკო არ იციან... – მართლა? – გაიკვირვა ელენიმ, – და, აისს როდის ტოვებ? – ალბათ, ერთ თვეში, – ეგეონმა სტუმარმა ზუსტად არ იცოდა, ქალაქს როდის დატოვებდა, – ამინდის გამოკეთებას ველოდები, რათა მე და ჩემმა მეეტლემ ზეჰიონის მთების გადალახვა შევძლოთ. ვაპირებთ, შირტელსეშ-მეტაჰში გარუთ-ჟაჰიდან გადავიდეთ. – ტორგების მხარე უნდა გაიაროთ? არ გეშინია? ამბობენ, ველური ხალხია და უცხოებს არ სწყალობენო, – ელენიმ ეგეონს საკუთარი ეჭვი გაუზიარა. გულწრფელად უნდოდა, გაეფრთხილებინა. – არა, არ მეშინია, დედაჩემი ტორგი იყო. მისი გვარით ვმოგზაურობ, ტორგული ჰქონდა. გარდალიშის ტომიდან იყო, – ეგეონი შეიჭმუხნა, – ერთი კია, ტორგული სახელი ვერაფრით მოვიფიქრე, რა უნდა დავირქვა. არასდროს შევხვედრილვარ ტორგს...
ელენის გაეღიმა. – მე შევხვედრილვარ! შემიძლია გირჩიო, – თვალებში კმაყოფილების ნაპერწკალი გაუკრთა, ადამიანების დახმარება ელენის ყოველთვის უყვარდა. – მართლა? მშვენიერია, – გაუხარდა ეგეონს, – რა ტორგულ სახელს შემირჩევ, მაშინ? – ქენანი... – ქენანი? -გაიმეორა ეგეონმა. – აჰა, – ელენიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, – იქრისის გზაზე ერთ მალერსალს შევხვდი, კარგი ადამიანი იყო, პათომონისკენ მიდიოდა, სელიმი ერქვა. ტორგებზე ბევრი რამ მომიყვა, ბევრი ცქვირინისეული ამბავი, აი ისეთი, ცნობისმოყვარეობის საღერღელს რომ გაგიხსნის. ერთი გმირი ჰყავთ, ქენან არწივისთვალა, აღმოსავლეთიდან მოსულ ზღვის ხალხს ებრძოდა და ტორგების თავისუფლებისთვის თავიც გაუწირავს. – მომწონს ქენანი, – ეგეონმა ჭერს ახედა, – ქენან გარდალიშ, კარგად ჟღერს, – ეგეონს ჯადოქრის რჩევა გონებაში ჩაუჯდა, მოწონებისგან თვალები გაუნათდა და ღიმილი გამოესახა. – მეც ეგრე ვფიქრობ, – დაეთანხმა თავადისქალი. – იმ მალერსალმა ტორგების ზნეზე არაფერი გიამბო? – ეგეონი ელენისკენ გადაიზნიქა, თითქოს ფრთხილობდა მათი საუბარი არავის გაეგო. – კი, – დაუდასტურა ჯადოქარმა, – ისიც მითხრა რომ ძალიან ჩაკეტილი ხალხია, უცხო ზნე აშინებთო. ამიტომაც მეშინია, არაფერი დაგიშავონ, – ელენიმ დარანა დაისხა, – დაცლილა, – დანანებით თქვა და ცარიელი ჭინჭილა შეათამაშა. – ეს ნიშანია, ალბათ, – ეგეონს გაეღიმა. – გამომშვიდობების არა? – ელენიმ ლმობიერი ღიმილით წარმოთქვა.
ეგეონმა თანხმობის ნიშნად თავი მცირედით დაუქნია და თანაქალაქელს გაუღიმა.
9 გაზაფხულის ნელი სიო სარაჰის დედაქალაქს საამოდ ესალმებოდა. ქვეყნიერების გამოღვიძების დროებასთან ერთად ვერიჰიონის ზღვათაშუამიწაზე ახალი წლის დღესასწაულს ზეიმობენ. მყარმიწაზე ზეჰიონის ლაშქრის გადმოსხმიდან 1003-ე წელი დამდგარიყო. ჰალტელეის თვის ორკვირეულს მთელი სარაჰი საახალწლო ზადიკს აღნიშნავს.
არჩილს რაჰიდან ტინარშუჰში გამგზავრება ფეტიჶშურსოეჰის პირველი რიცხვისთვის უნდოდა, ამიტომ დედაქალაქში ჰალტელეის დასაწყისს ჩავიდნენ, რათა სამზადისი თოთხმეტი დღით ადრე დაეწყო და მალე დაესრულებინა.
საახალწლო ორკვირეულს რაჰში ჩამოსული არჩილი დედაქალაქის ნავსაყუდელში საუკეთესო სავაჭრო ხომალდის შოვნას ლამობდა. თავადს სურდა, გემი რაც შეიძლება სწრაფად დაექირავებინა და გაზაფხულის ნიავთან ერთად დასავლეთისკენ გამგზავრებულიყო. სარაჰელებს, განსაკუთრებით ზღვის ხალხს, სწამთ, რომ გაზაფხულის ქარებს ხელოსნებისთვის, საქმოსნებისა თუ ვაჭრებისთვის წარმატება მოაქვს.
რაჰისგან განსხვავებით ტინარშუჰში ამ დროს განსაკუთრებულად თბილი ამინდები იცის. ეს არჩილმა კარგად იცოდა და, ამიტომაც, ჩქარობდა. გამოცდილება ჰკარნახობდა, რომ წასასვლელად საუკეთესო დრო იყო, რადგან ზღვის გადაღმა ზენეათური ქსოვილები, ნელსაცხებლები და სარაჰული დარანული, მათრობელა სასმელები კარგად გაიყიდებოდა.
მთელი გზა, ზენეათიდან რაჰამდე, თავადი, მამობრივი სიყვარულითა და ცოდნის გადაცემის წყურვილით, ალექსანდრეს არიგებდა და ვაჭრობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრებოდა, ყველაფერს უყვებოდა რაც თუ რამ იცოდა. მასწავლებლობა მამამ დედაქალაქშიც განაგრძო.
თავადიშვილს რამის სწავლის განწყობა საერთოდ არ ჰქონდა, არ სურდა დრო იმაზე დაეხარჯა, რისი შეთვისება და დაუფლებაც არ უნდოდა. ალექსანდრე ვაჭრობის მიმართ ცნობისმოყვარეობით არ იწვოდა, მამასთან ერთად ტინარშუჰში გამგზავრება ხომ მხოლოდ ტატიანა ბოლდინთან ქორწილის გადავადებისთვის სურდა.
– ახლა სახლში უნდა ვისხდეთ და ახალი წლის ორკვირეულს ოჯახთან ერთად უნდა აღვნიშნავდეთ, – ალექსანდრე უკმაყოფილოდ, ჩუმად, ბავშვივით ბუზღუნებდა. – წესით, ამ წუთას, – არჩილმა გაბრაზებული ხმით უპასუხა, – შენს მეუღლესთან ერთად სახლში უნდა იჯდე, – და შვილს ნიშნის მოგებით გადახედა, – მაგრამ მოინდომე დააყოვნო ის, რაც გარდაუვლად მოხდება. ვხდები, რომ გინდა, ცოდვილი ცხოვრება გაიხანგრძლივო!...
არჩილი წამოდგა და ბუხართან მივიდა. ბუხარში ღამის ცეცხლის ღადარი ბჟუტავდა. თავადმა თვალები დახუჭა, სახე თითებში ჩარგო და ნაღვლიანად თქვა: – ასეთი რა შევცოდე ღმერთებს, ჰა? ო, დიდო ზეჰ, რა დავაშავეთ ესეთი განსაცდელისთვის?
ალექსანდრეს მამის სიტყვებმა წყენა, გაწბილება და სიბრაზე ერთდროულად მიჰგვარა. სკამიდან მკვირცხლად წამოხტა, სასტუმროს ოთახიდან ქარივით გაიჭრა და კარი მოიჯახუნა.
თავადმა შვილის ლანდს განცვიფრებული მზერა გააყოლა; ალექსანდრე ოთახიდან ისე დაიტიშა, უკან მხოლოდ მისი მოხაზულობის მტვერიღა მოიტოვა.
– რა ვუყო?! – არჩილმა საკუთარ თავს ჰკითხა და ბუხართან მდგომ სავარძელში ჩაესვენა.
*** ლერსი (მეგრ.) – ლექსი. აქ. პოემა.
რაჰის ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო უბანი, „ოათარიო-სეშ ტა მიტიტარიოშ“, რომელსაც რაჰელები შემოკლებით რიოტაიოშს უწოდებდნენ, ქალაქის მდიდართა დასახლების დასავლეთით მდებარეობდა. მდიდართა უბანში ვაჭრებისა და შეძლებული მოქალაქეების ხულები თუ სასახლეები იყო აღმართული და ბილიკებით მარტივად უერთდებოდა ოათარიო-სეშ ტა მიტიტარიოშს.
რიოტაიოშშივე იყო ორთვალის გუმბათებით გადახურული სავაჭრო მოედანი, „ჩიმჩაირები ”. ყველა სავაჭრო დახლს საკუთარი სახელწოდება ჰქონდა: მარცვლეულითა და ფქვილით მოვაჭრეთა ჩიმჩაირათა რიგს „პიგოილეი“ ეწოდებოდ; ფარჩით, ბამბით, მატყლით, მაუდითა და ძვირფასი ქსოვილებით მოვაჭრეთა ჩიმჩაირების რიგს კი – „ზატჶუნი“. ოქრომჭედელთა სახელოსნოებიც ერთ ქუჩაზე იყო ჩამწკრივებული, რომელსაც მკვიდრი მოსახლეობა „კიიზო ტა ჰელტეტჶუნოშ“ უწოდებდა, რადგან ამ ქუჩაზე მხოლოდ მდიდრები დადიოდნენ და სახელოსნო სახლებს სტუმრობდნენ.
„ოათარიო-სეშ ტა მიტიტარიოშის“ სამხრეთით, იქ სადაც მდიდართა უბანი მთავრდებოდა, რაჰში შემოსული აქლემების, ცხენებისა და სახედრებისთვის თივის ზვინებს ჰყიდდნენ. აქვე იყო პირუტყვის სადგომი და ლალეთა – სტუმრებისთვის ღამის გასათევად.
სავაჭრო უბნის აღმოსავლეთით, ზღვასთან „ოათარიო-სეშიჶ ტა ზიფოასეთოშ“ (,,მეზღვაურთა ბაზრობა“) იყო. შემოკლებით შიჶტაზიფს უწოდებდნენ რაჰელები დიდი სივრცის მქონე სავაჭრო შენობას, რომელიც ნავსადგურთან ახლოს მდებარეობდა. ნაგებობის შიგნით რიგებად, ხოლო გარეთ, ლაფაროში , უამრავი დახლი იდგა. ღია ცის ქვეშ, შენობისგან მოშორებით მყოფი ჩიმჩაირები, მზისგან მოსარიდებლად, ორთვალით გადაეხურათ.
რაჰში გაზაფხული ადრე დგება. სამხრეთული ჰავა აქ უფრო ჭარბად იგრძნობა, ვიდრე სარაჰის ჩრდილოეთ მხარეში. ამიტომ სამეურნეო ცხოვრებას სამეფოს სამხრეთის მხარეები უფრო ადრე იწყებს, ვიდრე ჩრდილოეთში.
,,მეზღვაურთა ბაზრობა“ კი გაზაფხულობით სავსეა სხვადასხვა ზღვის სანოვაგითა თუ გემით შემოტანილი გასაყიდი საქონლით: ძვირფას-ნაუნჯი ნივთებით, ნაკეთობებით, ნელსაცხებლებით, სუნამოებით. გამოცოცხლების დროებისას, თითქოს ახალი გნასი შეიძინესო, ჯვალოში, თუმცა გემოვნებით შეკერილ სამოსში, გამოწყობილი ნოქარნი თუ ქორვაჭარნი დიდი გულმოდგინებით ცდილობენ ვარგისი თუ უვარგისი, საჭირო თუ თვალის წარმტაცი, თუმც უფარსაგო ნაკეთობანი მუშტრებს შეასაღონ. ზოგს, ახალჩამოსულ სტუმრებს, მათი დაჟინებული თხოვნა ხიბლავს და გამოუცდელნი უნებურად მათ ხაფანგში ებმებიან. გამოცდილება ვისაც არ ჰღალატობს, მათ, ვისაც რაჰში არა ერთი და ორი წელი გაეტარებია, დინჯი დაკვირვებით არჩევენ საჭიროს ურგებისაგან, ხარისხიანს უვარგისისგან და არჩევანს ისე აკეთებენ.
თითქოს გაზაფხულის გრილი ნიავის დინებას მისდევსო, ალექსანდრე ჩაფიქრებული მიუყვებოდა სანაპიროს. ზღვის მძაფრი, მლაშე სუნი ისე აღარ აწუხებდა, როგორც დედაქალაქში ჩამოსვლის პირველ დღეებში. თავადიშვილი შიჶტაზიფისკენ აუჩქარებლად მიდიოდა. გაიარა ორთვალით გადახურული დახლები, ჩიმჩაირები და შენობაში შევიდა. იქ ჰაერი თევზეულის, სხვადასხვა ხორცეულისა და საგაზაფხულო ხილეულის სუნით გაჟღენთილიყო, რაც ერთობლივად სიმყრალის შეგრძნებას ტოვებდა. მიუჩვეველ ცხვირს ეს ზინზლი ჯოჯოხეთად მოეჩვენებოდა; ამას ვერც თავადიშვილი ეგუებოდა, ამიტომაც ცხვირზე შავი ჩოხის ყურთმაჯიანი სახელურაფარებული ცდილობდა, ბაზრობის მეორე მხარეს, ნავსადგურში გასულიყო, სადაც, შეთანხმებისამებრ, ერთ-ერთ ვაჭარს უნდა შეხვედროდა, წინა ღამეს საროსკიპოში რომ გაიცნო.
ზამთარი როგორც კი მიიწურება, თოვლი ლღობას იწყებს თუ არა და ამინდიც ჯანსაღდება რაჰის გემთსაყუდელი ტინარშუჰული, მელერეშეთული, კალაური, დარისული სავაჭრო აფროსნებით ივსება. რაჰის ნავსაყუდელში ზოგი გემი ახალშემოსულიყო და მეზღვაურები აფრებს კეცავდნენ, ზოგი გასამგზავრებლად ემზადებოდა და ქარის ხაფანგები ფართოდ გაეშალათ, სხვები კი ნავსადგურში შემოსასვლელად საკუთარ რიგს მშვიდად ელოდნენ.
ალექსანდრეს ხომალდები არასდროს ენახა – მხოლოდ ერთხელ, ეგეონთან ერთად „მიჯნურთა ტბაზე“ ნავით გაისეირნა, რასაც დიდად არ აღუფრთოვანებია. თუმცაღა ბაზრიდან გამოსული ხის უზარმაზარ მოლივლივე ნიშუობის დანახვისას, გემებით სავსე ზღვასა და ნავმისადგომებს გაოცებული შესცქეროდა.
ალექსანდრე მისთვის უჩვეულო გარემოს დათვალიერებით გართულიყო, როცა მხარზე ხელი უკნიდან ვიღაცამ უეცრად დაადო. თავადიშვილი შეკრთა.
– მეგონა არ მოხვიდოდი, – ახალმოსული ალექსანდრეს ქარვისფერი თვალებით მიაშტერდა. სქელ ტუჩებზე ღიმილი დასთამაშებდა, ხმა რბილი და ჟღერადი ჰქონდა, – მაგრამ ვგრძნობდი, ალბათ უფრო იმედს არ ვკარგავდი, რომ აქ დამხვდებოდი.
ალექსანდრემ ქიოქასახლში გაცნობილ ამხანაგს გაუღიმა და უპასუხა: – მეც მეგონა, რომ არ მოვიდოდი, მაგრამ მაინც მოვედი. სიტყვა სიტყვაა და მოცემულ პირობას ხომ არ ვუღალატებდი?! – მრავლისმეტყველად წარმოთქვა ისე, როგორც თავადს შეეფერებოდა. – მშვენიერია, სანდო ადამიანი ყოფილხარ! – შეაქო ამხანაგმა და ღია ფერის რაჰული, წელზე მჭიდროდ მორგებული, გაზაფხულისთვის საგანგებოდ ხაიათით ნაქსოვი ლერექუ შეისწორა.
თავადიშვილმა პასუხად მორიდებით ახედა. ამხანაგის შექება ესიამოვნა და სახეზე კმაყოფილების ღიმილმაც გადაუქროლა.
– აქ რატომ მოვედით? – ალექსანდრემ გაკვირვებით ჰკითხა, რადგან ვერ მიმხვდარიყო, გემთსაყუდელში რატომ დაიბარა.
პეტრის გაეცინა. თავადიშვილს მხარზე ხელი დაადო და ხომალდებისკენ შემოაბრუნა.
– აი, იმ გემს ხომ ხედავ? – ხელი ზღვის სიღრმისკენ გაიშვირა, სადაც ზურმუხტისფერ მშვიდ წყალზე უზარმაზარი აფროსანი გემი, რომელსაც ნავსაყუდელში შემოსასვლელად, საკუთარი რიგის მოლოდინში იალქნები დაეკეცა, უძრავად ლივლივებდა. ალექსანდრემ თანხმობის ნიშნად პეტრის თავი დაუქნია, – ჰოდა, ეს ჩემი გემია, – მეზღვაურმა თავადიშვილს გაუღიმა. – მართლა?! – ალექსანდრემ გამოუცდელი ვაჭარივით გაიკვირვა, რომელიც უცხო ქვეყანაში მისთვის უჩვეულოსა და ახალ რამეს პირველად დაინახავს. – აჰა, – მეზღვაურმა თავი დაუქნია, – გინდა გაჩვენო? ახლოს მივიდეთ, – პეტრიმ მოულოდნელად შესთავაზა და თავადიშვილს მომლოდინე მზერით მიაცქერდა. – მაჩვენო? – ალექსანდრე დაიბნა, ვერ მიხვდა, პეტრი რას გულისხმობდა. სახეზე გაურკვევლობა გამოესახა და ხმაშიც იჭვნეული ჟღერადობაც შეეპარა. – ნავით გავცუროთ ,,ხელმწიფემდე“, – პეტრიმ გემის სახელი სიამაყით წარმოთქვა და ეშმაკურად გაიღიმა, თავი ნავის მიმართულებით გაიქნია, რათა თავადიშვილისთვის მიენიშნებინა, თუ საით წასულიყვნენ.
ალექსანდრეს სახე გაუმკაცრდა, თვალებში კი ეჭვის ნაპერწკალი გაუკრთა.
პეტრის ალექსანდრეს უნდობლობა შეუმჩნეველი არ დარჩენია და მისი დამშვიდება სცადა: – ნუ გეშინია! – ხმაში ნუგეშისა და დამაიმედებელი ბგერები გამოურია, – არ მოგიტაცებ – ვინმე ვიგინდარა, მონებით მოვაჭრე არ გეგონო, – მეგობრულად გაიცინა და თავადიშვილს მხარზე ხელი ერთი-ორჯერ შემოჰკრა, – ცუდადაც არ გამიგო, ჩემი გემოვნება კარგად შეიცან გუშინ, – მცირეოდენი დუმილის შემდეგ ჩურჩულით უთხრა, – საროსკიპოში.
ალექსანდრემ ამხანაგის სიცილს მოჩვენებითი ღიმილით უპასუხა. გემის დათვალიერების აზრი არ მოსწონდა და ისიც არ ესიამოვნა, რომ ახალგაზრდა ვაჭარმა ყურადღება მონებით ვაჭრობაზე გაამახვილა, მაგრამ უნებლიეთ, თითქოს ჯადოძალებით მოინუსხაო, პეტრის ნავის მიმართულებით გაჰყვა.
ორივენი ნავში ჩასხდნენ. მგზავრებს მზის სხივებისაგან ორთვალი იცავდა. მეხოფე ნიჩბებს მძლავრად უსვამდა და წყლის მაკოროფალი ნელი, დინჯი სვლით „ხელმწიფისკენ“ მიცურავდა.
თავადიშვილი ნავის კიდეს მაგრად ჩაეჭიდა, რადგან მიუჩვეველი იყო და რყევა აღიზიანებდა, აშინებდა კიდეც. პეტრის ეღიმებოდა, მაგრამ არაფერს ამბობდა, თითქოს არ იმჩნევდაო. მხოლოდ უცქერდა, თან უცქერდა გამომწვევად. ალექსანდრე ვერ ხვდებოდა, ახალგაცნობილ ამხანაგს მისგან რა უნდოდა. ვერ ხვდებოდა, უცნაურად რატომ იქცეოდა. წეღან უმტკიცებდა, რომ მისი გემოვნება კარგად იცოდა. მართალია. თავადიშვილმა კარგად შეისწავლა პეტრის მადა. გაუმაძღრად უყვარდა ქალებთან არშიყი და წაწლობა თუ გაოროფება. წინა დღით საროსკიპოში ეს ყველაფერი ალექსანდრემ საკუთარი თვალით ნახა.
ქიოქასახლში თავადიშვილმა თვითონაც მოინდომა ქალთან გაოროფება. ამხანაგს მიბაძა და პირველად მის ცხოვრებაში ქალის შეცნობა სცადა. ალექსანდრემ ვიღაც ახალგაზრდა მეძავი მკლავებში მოიგდო და ღამეულ სიამოვნებას მიეცა. ესიამოვნა კიდეც. თუმცა მისთვის ეგ ის სიამოვნება არ იყო, რასაც ეგეონთან გრძნობდა. ალექსანდრე ხვდებოდა, რომ ქვეიტაჰთან ვნებიანი, ავადმყოფური გრძნობა აკავშირებდა. წამით, ამის გახსენებისას, ზენეათში დაბრუნება მოუნდა, ეგეონთან მისვლა და შეხვედრა, თვალებში ჩახედვა მოისურვა. მოიწადინა ეთქვა: „ყველაფერს გპატიობ, ეგეონ...“, მაგრამ სიბრაზეს ფესვები უფრო ღრმად გაედგა, ვიდრე პატიების სურვილს. ალექსანდრე ფიქრებისგან პეტრიმ გამოარკვია: – გეტყობა, რომ ზღვაზე არასდროს ყოფილხარ.
თავადიშვილმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და გაღიმება სცადა.
– ნუღა ღელავ, უკვე მოვედით! − უთხრა და ანიშნა, რომ სავაჭრო აფროსანს მიუახლოვდნენ.
თავადიშვილმა ზურგსუკან გაიხედა. შორიდან „ხელმწიფე“ პატარა ჩანდა. სინამდვილეში ვეება სავაჭრო აფროსანი აღმოჩნდა.
– როგორ უნდა ავიდეთ? – გულუბრყვილოდ იკითხა ალექსანდრემ. – კიბეს გადმოგვიგდებენ, – დაამშვიდა პეტრიმ და ფეხზე წამოდგა, – აი, თაბუნიც , – გემისკენ წამ-უყო და ალექსანდრემაც აიხედა.
მენიჩბემ ნავი გემთან გვერდულად მიაყენა, რათა მგზავრებს ხომალდზე ასვლა გაადვილებოდათ.
პეტრი ჩამოშვებულ კიბესთან პირველი მივიდა. თოკის კიბეს საფეხურები ხის ჰქონდა, ისინი ერთმანეთთან სქელი ბაწრით იყო განასკვული.
– მომყევი, – ამხანაგმა თავადიშვილს ღიმილიანი სახით ანიშნა თან გაჰყოლოდა და კიბეზე ასვლა დაიწყო.
ალექსანდრე უსიტყვოდ გაჰყვა. თოკის კიბეზე ასვლა მარტივი არ უნდა იყოსო, გაიფიქრა. საკუთარი ფიქრები პეტრის არ გაუმხილა არ უნდოდა, გამოუცდელი ღლაპის შთაბეჭდილება მოეხდინა. თავადიშვილს გუმანმა არ უმტყუნა – ძლივს მიცოცავდა თოკებზე. ხელის მტევნებიც აეწვა.
უკვე ასულმა პეტრიმ ამხანაგს ხელი გაუწოდა, უნდოდა, დახმარებოდა.
გემზე ასულმა ალექსანდრემ ჩოხის კალთები დაიფერთხა და იქაურობას თვალი მოავლო.
– სასწაულია, – ალექსანდრეს გაოცებული ბგერები აღმოხდა, – ამხელა რამ არ მინახავს. უზარმაზარია! მშვენიერია! – ვიცოდი, რომ მოგეწონებოდა, – პეტრიმ მეგობარი განცდებისგან გამოარკვია, – წამოდი, ხორეუს გაჩვენებ, სადაც ნავთუხუცესი და გემის პატრონი ისვენებენ, – ალექსანდრეს ხელი მხარზე ისევ დაადო და მაცდუნებლად გაუღიმა.
თავადიშვილი გაჰყვა. ისინი თაბუნთუფროსის ხორეუში შევიდნენ. ალექსანდრემ დათვალიერება დაიწყო: საწერ მაგიდასა და მოსასვენებელ საწოლს გადახედა, კარადებს თვალი მოავლო. შემდეგ ფანჯარასთან მივიდა და უკიდეგანო ზღვას გახედა. ცაკაბადონს თვალი გაუსწორა.
– კარგი ხედია, მხოლოდ ზურმუხტისფერი ზღვა და უკიდეგანო ცაკაბადონი, – ალექსანდრემ კმაყოფილების ნიშნად ტუჩის კიდეები მოკუმა. დაყოვნდა. პეტრისკენ შემობრუნდა და განაგრძო: – ალბათ, ამგვარი მოსასვენებლით ათასი ზღვის დაპყრობა რთული არ უნდა იყოს, არა?! – შენ ჯერ ჩემი არ გინახავს, – პეტრიმ ალექსანდრეს თითი დაუქნია – მიანიშნა ყველაფერი წინ გელისო, – მაგრამ, ჰო, რა თქმა უნდა, ნავთუხუცესს თუ არ ექნება მყუდროება, სურვილიც გაუქრება, თვეობით მართოს გემი და გაუთლელ ხეპრეთა გრიას თვალყური ადევნოს, – სახე ისე მოეღრიცა, თითქოს წუხსო. – გაუთლელ ხეპრეთა გრიას? – გაიკვირვა ალექსანდრემ, – როგორც ვხვდები, საკუთარ თაბუნს არ აფასებ, – სახის მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა, – თუ ადამიანებს არ აფასებ და ჰყოფ მათ ჭკვიანებად და ხეპრეებად, მართულებად და მმართველებად, მაშინ მე როგორღა გენდო – მე ხომ არ ვიცი, რას ფიქრობ ჩემზე? – შენ? – პეტრის გაოცებული ხმა ჰქონდა, – შენ ჩემი მეგობარი ხარ, – ეს სიტყვები ახალგაზრდა ვაჭარმა მტკიცედ და დაბეჯითებით წარმოთქვა, – ხომ ხარ ჩემი მეგობარი, ალექსანდრე? – მშვიდი სვლით უახლოვდებოდა, – ესეც რომ არ იყოს, შენთან საქმიანი ურთიერთობა მექნება, მე კი არ ვარ ის ადამიანი, რომელიც საკუთარ მალათირეებს, თანამოსაქმეებს ჰღალატობს...
ალექსანდრე ჩაფიქრდა. ორი ნაბიჯი უკან გადადგა.
პეტრი მიუახლოვდა.
– არ გინდა, ჩემი ოთახი გაჩვენო? – სტუმარს ხელი ჩაჰკიდა და მისკენ მიიზიდა.
თავადიშვილმა სცადა ამხანაგის მაცდუნებელ კლანჭებს დასხლტომოდა, მაგრამ თითქოს ამის ძალას რაღაც არ აძლევდა. გულის სიღრმეში გრძნობდა, რომ უნდოდა, ამ თამაშს აჰყოლოდა, ამიტომაც საკუთარი ნაბიჯი პეტრის ბურინს შეუსაბამა. წუთიც არ გასულა, ორივე ხორეუში შევიდა. ალექსანდრე, იმ დროის განმავლობაში ვიდრე ნავთუხუცესის მოსასვენებლიდან პეტრის ოთახისკენ მიდიოდნენ, უკვე მოესწრო, საკუთარ გონებაში ათასგვარი ოცობოდება წარმოედგინა. გულისცემა აუჩქარდა, სწრაფ ნაბიჯებს დააბრალა, მაგრამ თვითონაც კარგად ხვდებოდა, რომ ვნების მორევში გადაეშვა.
– მოგწონს? – ჰკითხა პეტრიმ და თავადიშვილს ხელი უშვა.
ამხანაგის კითხვამ ალექსანდრე ფიქრებიდან გამოარკვია. ახლაღა გააცნობიერა, რომ პეტრის ხორეუში იმყოფებოდა. თავადიშვილმა მოწონების ნიშნად თავი დაუქნია. უხერხული ღიმილი გამოესახა და მასპინძლის ნაცრისფერ თმას მიაშტერდა. ტინარშუჰელი ვაჭრის გრძელი თმა ისე ბზინავდა, თითქოს ვერცხლის ჭურჭელს მზის ჭვირი აერეკლოს. ზენეათელს პეტრის თმები ხიბლავდა, ვერ გაერკვია რატომ, ათასჯერ ენახა მსგავსი რამ, მაგრამ პეტრის განსაკუთრებულად უყურებდა.
– ეს ჩემი მოსასვენებელია, – პეტრი ოთახში დატრიალდა, თითქოს სივრცის შეგრძნება სურსო, – კვირეები ვზივარ აქ, ვიდრე დანიშნულების ადგილას არ ჩავდივართ, და წიგნებს ვკითხულობ, – წიგნებისა და დაგრაგნილი ჭილებით სავსე კარადისკენ გაიწია, – ეს ჩემი საუნჯეა, ჩემი კიმილია, – ხმაში მშობლისეული სითბო ჟღერდა, – ამას მთელი ვერიჰიონის სიმდიდრეში არ გავცვლი, – ალექსანდრესკენ შემოტრიალდა და გაუღიმა.
მეზღვაურის თვალებში ბავშვური სიხარული კრთოდა.
– შენი ვნება წიგნებისადმი, მესმის, – პეტრი თავადიშვილს მიუახლოვდა, – ზენეათში მეც მაქვს დიდი წიგნთსაცავი, ათასგვარი წიგნით; გამოჩენილი სარაჰელი მემატიანეების, მელექსეების, ლათაიებისა თუ ანდრეზების მთხრობელთა, – ალექსანდრეს ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს მასპინძელი მის გონებას გადაშლილი ჭილის წერილივით კითხულობდა. – მე უფრო ლექსები მომწონს, – გამოუტყდა ტინარშუჰელი. – შენ წარმოიდგინე, და მეც, – თავადიშვილს სიამის ღიმი გამოესახა. – შანდორ ისერის, „ღმერთების ნადიმი“, ჩემი უსაყვარლესი ლერსია. – შანდორი კარგად წერს. მისი ლექსების კითხვისას ყოველ წამს, გმირების შეგრძნებებს, გრძნობებსა და თვითგანცდებს ცხადად განვიცდი – თითქოს, მის ნამუშევარში საკუთარი სულის ნაწილს აქსოვდეს, – პეტრის ნეტარი გამომეტყველება ჰქონდა, – მიუხედავად იმისა, რომ ტინარშუჰში დარელ შანდორს დიდად არ სწყალობენ, მე მისი წიგნის ერთ-ერთი ხელნაწერი მაინც მოვიპოვე, – ორი ნაბიჯით უკან დაიხია. ალექსანდრეს ზურგი აქცია. გამოაღო კარადა და სქელტანიანი წიგნი გადმოიღო, – აჰა, დაიჭი! – წიგნი თავადიშვილს გადაუგდო.
ალექსანდრემ წიგნის დაჭერა ძლივს მოახერხა. წიგნმა დასძლია და ცოტათი წინ გადაიხარა, რათა ძვირფასი ხელქმნილება ხელიდან არ გავარდნოდა.
– სად იპოვე? – თავადიშვილმა სასიამოვნო გაოცებით ჰკითხა ისე, რომ თან წიგნს ათვალიერებდა. – მე ვაჭარი ვარ, ალექსიუ! – პეტრიმ თავადიშვილს ტინარშუჰულად მიმართა, – მე ვპოულობ ძვირფას წიგნებს, ნივთებს, თვით ადამიანებს და ვყიდი მათ.
ალექსანდრე ღრმად იყო ჩაფლული წიგნის შესწავლით და საკუთარი სახელის შემოკლებისთვის ყურადღება არ მიუქცევია მიუხედავად იმისა, რომ არ მოსწონდა, როდესაც მის სახელს კვეცავდნენ ან მოფერებით ეძახდნენ. თუმცაღა თავადიშვილს ერთი რამ შეუმჩნეველი არ დარჩენია.
თავადიშვილმა ისე რომ თავი წიგნიდან არ აუწევია, მკაცრი ხმით ჰკითხა: – ადამიანებს? ადამიანებსაც ჰყიდი? – განცვიფრება და მკაცრი გამომეტყველება ერთმანეთს ერწყმოდა. – კი, – პეტრის არ უარუყვია, – ტინარშუჰში მონებით ვაჭრობა აკრძალული არ არის, – მეზღვაურს თავის მართლებასავით გამოუვიდა, – ვერიჰიონის ზღვათაშუამიწაზე არავინ გამაყიდინებს „გონიერ ნივთებს“, – გაეცინა საკუთარ ნათქვამზე, – მაგრამ იქ, სადაც დავიბადე, საგანგებოდ ეწყობა შეჯიბრ-ვაჭრობა საუკეთესო მონა-ყმის მოპოვებისთვის.
ალექსანდრე უხერხულად შეიშმუშნა. არ იცოდა რა ეპასუხა. მცირედი დაყოვნების შემდეგ ჰკითხა: – მეტად თავშესაქცევია შენი მონათხრობი, მაგრამ, ცნობისმოყვარეობა მკლავს – გთხოვ, მიპასუხე ადამიანებს სად პოულობთ? – ეგ ამქრის საიდუმლოებაა, – პეტრიმ ალმაცერად გაუღიმა. – ამქრის, რა ამქრის? − ჩაეძია თავადიშვილი.
პეტრის სახეზე ეტყობოდა, რომ აღარ უნდოდა ამ საკითხის განვრცობა და მასზე საუბარი. უსიამოვნებისა და უხერხულობის ნიშნად გამომეტყველება უმკაცრდებოდა.
– მოდი ნუ ვისაუბრებთ ამაზე, – მასპინძელმა მკაცრად მოუჭრა, – ეგ არ არის ჩვენი ერთობლივი საქმე – ის რაც ტინარშუჰში ხდება რაჰს არ ეხება, – ბოლო სიტყვები ანდაზასავით წარმოთქვა. – კარგი, კეთილი, – თავადიშვილი დანებდა, არ უნდოდა მასპინძლის კეთილგანწყობით ბოროტად ესარგებლა, – იმედია, ეს ამქრის საიდუმლოება არ არის, – ალექსანდრემ წიგნი მაღლა შემართა, – ეგ თავდაპირველი გამოცემაა, უმეტესი ნაწილი თვით შანდორის შესრულებითაა – ხელწერას კარგად ვცნობ, ასე ვთქვათ, ეს ჩემი ნიჭია – სად იპოვე ეგ წიგნი, ტინარშუჰში? – არა, ტინარშუჰში არ მიპოვია, – პეტრი მდოვრე ნაბიჯით ალექსანდრესკენ მიიწევდა, – ურასელი ვაჭრისგან შევიძინე ორი წლის წინ, მას შემდეგ უბით დამაქვს, – კარადისკენ წამ-უყო, – მთელი ხომალდი ჩემი უბეა, – განუმარტა.
თავადიშვილს წიგნი გადაშლილი ჰქონდა და ახალგაზრდა ვაჭარს ისე უსმენდა. თვალს ხაზებს სწრაფად ადევნებდა. უეცრად, პეტრის სურნელი იგრძნო. ძლიერად იგრძნო. თავი ასწია. ტინარშუჰელი მასთან ძალიან ახლოს იდგა.
ზენეათელმა უკან დაიხია. წიგნი დახურა და ღიმილიანი სახით მასპინძელს მიმართა: – რომელი მონაკვეთი მოგწონს ყველაზე მეტად, – სასხვათაშორისოდ ჰკითხა, თითქოს მართლა უნდოდა, სცოდნოდა.
პეტრი შეცბა. თავადიშვილის ამგვარ ქცევას არ მოელოდა. საწოლისკენ გაემართა. დაჯდა. მარჯვენა ხელით შუბლი მოიფხანა, შემდეგ თავი ხელის მტევანში ჩარგო და ჩაფიქრდა.
– გემეშის ლელატისადმი გამოთქმული გოდება მომწონს, ყველაზე მეტად, – გამოუტყდა მასპინძელი. პეტრი ფეხზე წამოდგა და შეემზადა. ალექსანდრე ცნობისმოყვარეობით უცქერდა, რადგან ვერ მიმხვდარიყო რა ხდებოდა. ახალგაზრდა ვაჭარმა ღრმად ჩაისუნთქა და გამოთქმით დაიწყო:
„ხედავ? ამ გრძნობამ ზეჰის მზეს მიმცა. უშენოდ სუნთქვა, ცრიატი დღენი კვალდაკვალ დამდევს, ის ზმანებანი, შენი სტუმრობა სიზმრად-ა ძღვენი, ალბათ, მოვკვდები, ვეღარ გიხილავ, ჩემი შურ-ქვინი, ვით ფოთოლმცვენი ძალა ბოროტი რომ აღზევდება, გამაბოროტებს ზეჰი და ზენი. ამ გრძნობამ მწველმა, ბოროტმა სულმა ხელი დამრია ვეკვეთე ავსულს, – იქნება მოვკდე და დავისვენო – გავიმეორე, მე ღმერთთა დაწნულს ჩემს ბედისწერას მე შევებრძოლე, თითქოს შურ-ქვინი გამშორდა, თან სულს გამოვეთხოვე, შენ გიწილადე, ვერავინ ჰპოვებს მეს, გადაკარგულს. ოცობოდება შენზე მე მომკლავს და ვერ შევიგრძენ ეს სურნელება, ლეტეცეია, შენი სახება, თუალეჰშიც არ გამინელდება, აი, წერილიც შორუწყისისა, შენთან მოსული არ გამიქრება, მე კი წავედი ბედს შევერკინო, რომ მოვიპოვო შენი ვედრება.“...
ახალგაზრდა ვაჭარმა გემეშის ლეტეცეიასადმი გამიჯნურების ნაკვესი მთელი გრძნობით წაიკითხა. თვალზე ცრემლიც კი მოადგა. ხუსხუსით მიუახლოვდა ალექსანდრეს. ხელი მტევანში მჭიდროდ ჩაავლო. მასთან უფრო ახლოს მივიდა, ძალიან ახლოს. ტუჩები ყურთან მიუტანა. პეტრი ალექსანდრეზე ცოტათი მაღალი იყო, ამიტომ თავი ოდნავ დაწია და ჩასჩურჩულა: – წამოდი! – მაცდუნებლად ვნებიანი ხმა ჰქონდა.
პეტრი თავადიშვილს ისე იზიდავდა, როგორც ფუტკრებს გაზაფხულის ყვავილი. ახალგაზრდა ვაჭარი საწოლისკენ უკუსვლით ნელ-ნელა მიდიოდა. ალექსანდრეც მიჰყვებოდა, თითქოს შუშპარის, საწესთაადათო ცეკვის შესრულებას აპირებენო.
საწოლს მიუახლოვდა თუ არა, პეტრი ფრთხილად ჩამოჯდა და თავადიშვილი უფრო ახლოს მიიზიდა. ჩოხაში შეუცურა ხელი და შარვლის ღილების შეხსნა დაუწყო. პეტრიმ სტუმარს ახედა. ალექსანდრე დაბნეულობა არ ეტყობოდა. უღიმოდა. იგრძნო მასპინძელმა, რომ ზენეათელს მისი მოფერება სიამოვნებდა და წინააღმდეგობის გაწევას არ აპირებდა.
– მე პირველი არ უნდა ვიყო, არა? − გაკვირვებით ჰკითხა პეტრიმ.
თავადიშვილმა უარყოფის ნიშნად თავი გააქნია. ორივე ხელი სახეზე მოჰკიდა და პეტრი ფეხზე ნაზად წამოაყენა.
– იცი, – დაიწყო პეტრიმ, – საროსკიპოში ნახვისთანავე მომინდი! – უკვე ვიცი, – თვითდაჯერებული ხმით უპასუხა თავადიშვილმა და პეტრის ლერექუს შეხსნა დაიწყო.
ტანსაცმელი ნელი მოძრაობით ერთმანეთს გახადეს. მხოლოდ შარვლებიღა ეცვათ, თუმცა ორივეს შეხსნილი ჰქონდა და ბოქვენი უჩანდათ. პეტრიმ ახალგაზრდა ყმაწვილი მკლავებში მოიმწყვდია, ხელები წელზე მჭიდროდ შემოაჭდო და მკვეთრი მოძრაობით ზურგით საწოლზე დააწვინა. ტინარშუჰელმა ჯერ ორივეთი, ხოლო შემდეგ ცალი ხელით ალექსანდრეს ხელები გაუკავა, მეორეთი კი ყელში წვდა. მგზნებარე მემასხაპალს მოკვლას არ უპირებდა. უბრალოდ, „ვნებიან ცეკვებს“ უხეშად ასრულებდა. ახალგაზრდა ვაჭარს ასე მოსწონდა.
ამბორისას, ალექსანდრეს პეტრის ხშირი წვერი ჩხვლეტდა, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა. ნეტარების დახლართულ ბანდილში დადიოდა და განგებ ცდილობდა, უფრო და უფრო, ღრმად შესულიყო, დაკარგულიყო – არ უნდოდა ეს შეგრძნებები დასრულებულიყო. ყოველი მოფერება, ყოველი კოცნა თრიაქივით ზემოქმედებდა – ვერ ელეოდა. ლილატუნალისას პეტრი ალექსანდრეს ეჩურჩულებოდა, ელაპარაკებოდა, მაგრამ თავადიშვილს არაფერი ესმოდა; ვაჭრის ნაამბობს, იქნებოდა ეს ვნებიანი თუ ლიტონი სიტყვები, ყურს არ აძლევდა. ალექსანდრე ნეტარებას მისცემოდა და მხოლოდ სიამის შეგრძნების სურვილიღა ამოძრავებდა.
დიდხანს გაიოროფეს. დასრულების შემდეგ ორივენი ღრმად სუნთქავდნენ, თითქოს მთელი ქალაქი შემოირბინესო.
პეტრი საწოლიდან წამოდგა და სარკმელთან მდგომ კარადასთან მივიდა.
– კარგი იყო, – მასპინძელმა კმაყოფილებით წარმოთქვა. შიშველმა ხელადა გადმოიღო და ალექსანდრეს აჩვენა, – გინდა? – ჭურჭელი მაგიდაზე დადო. კარადასთან მიბრუნდა და ორი ჭიქაც გამოიტანა. – რა არის? – ჰკითხა თავადიშვილმა. – განსაკუთრებული არაფერი, – პეტრიმ მორიდებულად გაუღიმა, – ტინარშუჰული დარანული სასმელია, ჩვენთან ბადაგ-არაყს ვეძახით, თქვენთან, სარაჰში, ფოინუჰს უწოდებენ.
ალექსანდრე მთელს ლოგინზე გაწვა, ხელები ფართოდ გაშალა – საწოლი გაისიგრძეგანა და კმაყოფილი, მხიარული, ხალისიანი ხმაჟღერადობით უპასუხა: – მაშინ დავლევ.
თავადიშვილს სახეზე სიხარული აღბეჭდვოდა, რასაც ღიმილით გადმოსცემდა. სიამოვნების მორევს მისი სხეულიც და გონებაც მთლიანად მოეცვა.
პეტრიმ ფოინუჰი ჩამოასხა. ერთი ყლუპი მოსვა და მეორე ჭიქა სტუმარს გაუწოდა. თავადიშვილმაც მასპინძლის მსგავსად ცოტა დალია, თითქოს ტუჩები დაისველაო.
უეცრად გემი შეირხა. მოულოდნელობისაგან ალექსანდრეს ღვინო დაექცა. დაბნეული მზერით მიაჩერდა პატრის – ვერ მიმხვდარიყო რა ხდებოდა.
– ნუ ღელავ, ეტყობა, ნავსაყუდელში ადგილი გათავისუფლდა და ჩვენი ჯერიც დადგა, − პეტრიმ მშვიდი ხმაჟღერადობით განუმარტა და ტუჩის კიდეებით გაიღიმა. – კარგია, – ჩუმად უპასუხა თავადიშვილმა, თან არაყ-ბადაგით დასვრილ მკლავს ზეწრით იწმენდდა, გაუცნობიერებლად უსვამდა ხელს ქსოვილს, – ნაპირამდე ნავით მგზავრობას ვეღარ ავიტანდი, – სიხარულით გაიცინა და ფოინუჰით სავსე ჭიქა დაცალა.
პეტრიმ ჭიქა გამოართვა და იატაკზე დადო. ყმაწვილს მიუახლოვდა და მარჯვენა ხელით ლოყაზე მოეფერა.
– არ გინდა ამდენი სმა, ჯერ არ დაღამებულა... – ალექსანდრეს ტუჩებში აკოცა, – დარანა მოგეკიდება და ბარბაცს დაიწყებ. – პირველად არ ვსვამ ღვინოს, – თავადიშვილმა თავი იმართლა, – ზენეათში ღამე არ გამეპარებოდა დედაჩემის სამალავიდან, სირაჯის მოტანილი სანაქებო ღვინო არ დამელია. ნანა ვერ ხვდებოდა, მისი მარაგები როგორ იცლებოდა... ეჭვიც არ ჰქონდა ჩემზე, მაგრამ მე და ეგეონი ყოველთვის ვახერხებდით შეუმჩნევლად მოგვეპარა დედაჩემის წითელი მათრობელა, მე ვსვამდი, ის კი მიყურებდა. – ეგეონი? – ჰკითხა პეტრიმ, – ვინ არის ეგეონი? – არც არავინ, – ალექსანდრეს სახე ეცვალა – მოიქუფრა, გამომეტყველება გაუმკაცრდა, – წარსულის ცუდი საზარსიზმარია, – პეტრის აგრძნობინა, რომ არ უნდოდა მასზე საუბარი.
გემი ყანყალებდა.
თავადიშვილი ფეხზე წამოდგა და ხელი შარვალს სტაცა. ის მასთან ყველაზე ახლოს ეგდო. მიიხედ-მოიხედა, რათა დანარჩენი ტანსაცმელიც ეპოვა. თეთრი, ჰაეროვანი ქსოვილისგან შეკერილი საცვალი და ელეგი ჩაიცვა. ელეგი შარვალში ჩაიტანა, შარვალი ჯერ ღილებით და შემდეგ წელზე თასმებით შეიკრა. მოგვებიც ამოიცვა და ყველაზე რთულ ნაწილს, ჩოხა-ახალუხის ჩაცმას შეუდგა.
– მარტივად ჩასაცმელი სამოსი არ გყვარებიათ სარაჰელებს, – პეტრიმ ალექსანდრეს სიცილით უთხრა, როცა შეამჩნია, თავადიშვილი ტანსაცმლის ჩაცმისას თუ როგორ წვალობდა, – ტინარშუჰული ტანსაცმელი ადვილად მოსახმარია... ჯობია, ჩვენებური სამოსი მოირგო, – საკუთარი სიტყვების დასადასტურებლად, პეტრიმ შარვალი სწრაფად ჩაიცვა და ვიდრე ალექსანდრე ჩოხის ღილებს შეიკრავდა, ლერექუც მოიხურა. – ოდესმე, შესაძლოა, მოგბაძოთ გადამთიელებს... ახლა ჩემს ტანსაცმლის კარადაში მხოლოდ ეს ტანისამოსია, – ალექსანდრემ სასხვათაშორისოდ უპასუხა და ღილები ბოლომდე შეიკრა. შემდეგ მასპინძელს გაუღიმა და საქმიანი ხმაჟღერადობით მიმართა, – ვიდრე „ხელმწიფე“ გემთსაყუდელში შევიდოდეს, ხომ არ დაგველია ერთი-ორი ჭიქა ისევ, თან საქმეზეც ვისაუბრებდით?! – ალექსანდრემ ტინარშუჰელს მრავლისმეტყველად გახედა და ცალი წარბი ასწია. – რატომაც არა, – დაეთანხმა პეტრი.
თანხმობის მიუხედავად, ახალგაზრდა ვაჭარს არ მოეწონა, რომ თაოსნობის სადავეები ალექსანდემ ხელთ აიღო და საქმეზე საუბრის დაწყება თვითონ ითავა. პეტრის ეგონა, ვითარებას თვითონ მართავდა, თუმცა ყმაწვილი იმაზე მეტად გამჭრიახი აღმოჩნდა, ვიდრე მოელოდა.
ორივენი მაგიდას მიუსხდნენ – ალექსანდრე სტუმრებისთვის განკუთვნილ მხარეს, პეტრი – საკუთარ ალაგს.
თავადიშვილმა შევსებული სასმისი პეტრის გამოართვა და გაიხსენა ყველაფერი, რასაც მამა რაჰისკენ მომავალ გზაზე და დედაქალაქში ჩამოსვლის შემდეგაც ასწავლიდა. ალექსანდრემ იცოდა, რომ ვაჭრები მუქთად არაფერს აკეთებდნენ, საფასურს ყოველთვის ითხოვდნენ. ყმაწვილი გუმანით მიხვდა, რომ პეტრი საროსკიპოში უბრალოდ ლამაზი თვალების გამო არ გამოელაპარაკებოდა, არამედ მისგან რაღაც უნდოდა, რის გარკვევასაც თავადიშვილი ჭიქა ღვინოსთან ერთად აპირებდა.
– აბა, ვაჭარო პეტრი, – მიმართა ალექსანდრემ, – რა გინდა ჩემგან... გასაგებია, ლილატუნალი ორივეს გვინდოდა, – ალმაცერად გაუღიმა. პეტრისაც გაეღიმა, – ახლა კი დროა გავამხილოთ იდუმალი ზრახვები და ვთქვათ, ერთმანეთისგან რა გვინდა. – კარგად იცი, ორივე ვაჭრები ვართ, – ალექსანდრემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, – ორივეს სარაჰიტების დაგროვების დაუცხრომელი სურვილი გვაქვს. ეს ხომ ჩვენი ბუნებაა. – მესმის, გამდიდრება ყველას გვინდა, – ალექსანდრემ კვერი დაუკრა, მაგრამ იცრუა, რადგან თვითონ ისედაც მდიდარი იყო. ოქრო მისთვის მთავარი მიზანი არ იყო. – ჰოდა, – თავადიშვილის სიტყვებით შეგულიანებული პეტრის თვალებში სიხარულის სხივები გათამაშდნენ, – მინდა, თქვენი სავაჭროების ტინარშუჰამდე ჩასატანად საკუთარი გემი შემოგთავაზო.
ალექსანდრე ხვდებოდა, პეტრი რაღაც მსგავს ეტყოდა. ვაჭრის შემოთავაზება გაუხარდა კიდეც, ამიტომ დიდხანს არც უფიქრია ისე უპასუხა: – კეთილი, – თავადიშვილმა ტუჩის კიდეები მოკუმა, თავი მოაჩვენა, თითქოს ფიქრობსო, – მამაჩემს ვეტყვი, რომ გემი ვიშოვე, მაგრამ... – ალექსანდრემ ცარიელი ჭიქა მაგიდაზე დადო. პეტრიმ ბადაგ-არაყის ჩამოსხმა დააპირა, მაგრამ თავადიშვილმა ჭიქას ხელი დააფარა, საკმარისიაო ანიშნა. – მაგრამ?.. – პეტრიმ კითხვა გაიმეორა. – მაგრამ... მამაჩემს ძალიან უყვარს მყუდროება. რაღა დაგიმალო და მეც.
ალექსანდემ კვლავ იცრუა, რადგან თავადი არჩილი ვაჭრობისას დროებით ცუდ პირობებს შეჩვეული იყო. თავადიშვილს სხვა მიზნები ამოძრავებდა – არ უნდოდა, დამღლელი გზა რაჰიდან ტინარშუჰამდე ჰამაკში გაწოლილს გაეტარებინა.
– ცქვირინი მკლავს, − განაგრძო ალექსანდრემ, − ძვირფასი მგზავრებისთვის როგორი ხორეუ გაქვს გათვლილი? – მრავლისმეტყველი მზერა მიაპყრო. – ერთი ნავთუხუცესის ხორეუს მსგავსი ოთახი კიდე მაქვს, – პეტრის გულწრფელი ხმა ჰქონდა, – შემიძლია, დავთმო შენთვის და მამაშენისთვის.
სარაჰელმა მოწონების ნიშნად თავი გაიქნია, თუმცა იჭვნეული ხმით დაიწყო: – ვერ შეგპირდები, რომ არჩილს დავითანხმებ. მამაჩემს გემი უკვე შერჩეული ჰყავს. გემის სახელია, – ალექსანდრე დაფიქრდა, – ჰო, „სწრაფი მბრძანებელი“, – წარმოთქვა და პეტრის სახეს დააკვირდა, რომელსაც უკმაყოფილება წამიერად აღებეჭდა. ალექსანდრემ თავდაჯერებულობა იგრძნო და გაბედულად განაგრძო, – მაგრამ ვფიქრობ, თავს ძვირად აფასებს... საროსკიპოში ნოქრები ამბობდნენ, გემზე ადგილებს ძვირად ჰყიდის, რადგან სახელი გავარდნილი აქვსო... როგორც მახსოვს, შენ არ ხარ ასე ცნობილი, თორემ არ დაგჭირდებოდა ჩემი შემოტყუება, – ზენეათელს დამცინავად გაეღიმა, – ჰოდა, საით მიმყავს სათქმელი: რამდენს შემოგვთავაზებ შენ?
– „სწრაფ მბრძანებელზე“ ნახევარჯერ ნაკლებს გთავაზობ, – პეტრიმ შეამჩნია, რომ ალექსანდრეს შეწინააღმდეგება უნდოდა, მაგრამ არ დააცალა, სწრაფად ჩამოუთვალა შეთავაზების უპირატესობები, – ჩემი გემი ისეთივე სწრაფია, როგორც ის... გაცილებით მეტი წყალწყვისაა, ვიდრე თვით-ეგ ,,სწრაფი მბრძანებელი“, – პეტრიმ მეალურსეს გემის სახელწოდება ღვარძლიანად წარმოთქვა, – მყუდრო ხორეუ შენს განკარგულებაში იქნება, რომელიც იმათი თაგვის სოროს გაცილებით სჯობს...
– კეთილი, კეთილი, – შეაწყვეტინა თავადიშვილმა. სიხარულით გაუღიმა და ხელი გაუწოდა, ისე, რომ დიდხანს არ უფიქრია, – შევთანხმდით!
ვაჭარმა ახალშეძენილ საქმოსან-ამხანაგს მკლავი ჩამოართვა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. კვირის დღეები: 1 დღე - მიზეჰი, 2 - მისუარი 3 - ფიმერსისი 4 - სკოასტრერეი 5 - ტისელეი 6 - სკაჶატუნი 7 - სტრერეი კვირის დღეები: 1 დღე - მიზეჰი, 2 - მისუარი 3 - ფიმერსისი 4 - სკოასტრერეი 5 - ტისელეი 6 - სკაჶატუნი 7 - სტრერეი
2. გამოვასწორებ, მოვიგონებ გამოვასწორებ, მოვიგონებ
1. ოხ როგორი რაღაცნაირი სცენებია :))) ისე, ამდენი რამე მოიგონე და ბარემ კვირის დღეებისთვისაც მოგეგონებინა სახელები ;) ოხ როგორი რაღაცნაირი სცენებია :))) ისე, ამდენი რამე მოიგონე და ბარემ კვირის დღეებისთვისაც მოგეგონებინა სახელები ;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|