ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუნა.გელიტაშვილი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
4 მაისი, 2019


ეგზისტენციალური აბსურდის მოჯადოებულ წრეში (ნინო ხარატიშვილის რომანი „ჟუჟა”)


ეგზისტენციალური აბსურდის მოჯადოებულ წრეში
(ნინო ხარატიშვილის რომანი „ჟუჟა”)

„უზარმაზარი სევდა მძიმე ტვირთია.
ეს ჩვენი გეთსიმანიის ღამეებია”
ალბერ კამიუ

„მე ემბრიონი ვიყავი და ყველაფერი ვიცოდი. სიცოცხლეში ჭინთვით შემომაგდეს და ჩემი ცოდნა წამართვეს. სექსის შედეგად მოვევლინე ამ ქვეყანას. ცოდნა გამომგლიჯეს. შურისძიება მწყურია.
მე ბევრი ვიყავი. მთვარის რვავე ციკლს ვიცნობდი. ჰადესში ყველა მიცვალებული ჩამიკრავს გულში. თითოეული მათგანის სახე მქონია. მოვდივარ და მოვდივარ და ვიზრდები. და ესაა ჩემი თვითმკვლელობა. თითოეული ნაბიჯი ტანჯვაა, რადგან არსად არს სიმშვიდე, სიწყნარე, არსად ვარ მე. ემბრიონი ვიყავი და ყველაფერი ვიცოდი, შემდეგ კი მშთანთქეს, სისხლმდინარე საშოდან ყვირილის თანხლებით გამოძევებული სიცოცხლემ გადამყლაპა. და რაც ვიცოდი, ისიც დავკარგე.
გზას დავადექი და ყველა ხე აალდა გზად, ყველა სახლი ჩამოიქცა და ყველას თვალთ დაუბნელდა. მე არაფერი მაღელვებდა. მომთაბარეთა ქვეყანა აკვნად დაირწა ჩემს ფეხქვეშ. მერე მტვრად ვიქეც და ნამუსი ამხადეს, მდელოზე გამაუპატიურეს, და ყველაფერი სანუკვარი ჩემშივე ჩავმარხე. სამყაროს ყველა წყალში შევცურე, ყველა ეკლესიის წვეტიან სახურავსა და საკურთხეველს ღრიალით გადავუფრინე. არავის ესმოდა ჩემი. და მუნჯად ვიქეც, ერთ დამუნჯებულ მტვრის ნაწილაკად.
სამყარო ჩამოიქცა და მეც ქვეშ მომიყოლა. მინდა კვლავ ჩემს საწყისს დავუბრუნდე, სისხლში მზარდ და ყველაფრის მცოდნე ემბრიონად ვიქცე”.
ეს შთამბეჭდავი სიტყვები ერთგვარ ეპიგრაფადაც შეიძლება ჩაითვალოს გერმანულენოვანი ფსიქოლოგიური ჟანრის რომანისა „ჟუჟა”, რომელიც გერმანიაში მოღვაწე ქართველ დრამატურგს, რეჟისორსა და მწერალს, ნინო ხარატიშვილს ეკუთვნის. ამ ეპიგრაფ-ექსპოზიციაში, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ადამიანური ვნებების აფეთქება, გადმოცემულია ამქვეყიური ყოფის ფუნდამენტური აბსურდულობა, რასაც ეგზისტენციალურ შიშსს ეძახიან და რასაც დედის საშოდან მოცილებისთანავე განიცდის ადამიანი. ამიტომაც დამჭირდა მისი სრულად მოხმობა.
„ეგზისტენციალური შიშის” ფილოსოფიური საწყისი ადამიანის ათეისტური მდგომარეობიდან მომდინარეობს. ეს არის მღელვარე, შფოთიანი, ტანჯვა-ვაებიანი მდგომარეობა ინდივიდისა. მიტოვებულობის, მარტოსულობის განცდა წარმოშობს დაუძლეველ სულიერ კრიზისს და იწყება სასტიკი ძრწოლა ყოფიერების წინაშე. ამგვარ ყოფას, შესაძლოა, ასეთი ტერმინიც კი გამოვუძებნოთ - „ეგზისტენციალური ქაოსი”.
რა იწვევს ადამიანში ეგზისტენციალურ შიშს? პირველ ყოვლისა, ღმერთსმოშორებულობა, უფლისგან გათიშულობა, მისგან განდგომა, საიდანაც იწყება ადამინური ყოფის საზრისის მოშლა.
„მცდელობა, ყველა ვითარება ათეისტური ხედვიდან შეაფასო”, - ასე განმარტავს ეგზისტენციალიზმს ფრანგი ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსი ჟან პოლ სარტრი (ჰტტპს://კა.წიკიპედია.ორგ/წიკი/), თუმც, ალბერ კამიუს აზრით: „შესაძლებელია, ერთდროულად ქრისტიანიც იყო და აბსურდის ადამიანიც. ბევრია ისეთი ქრისტიანი, ვისაც მომავალი ცხოვრების არ სჯერა” (კამიუ, „კირილოვი”, 2017, გვ. 131).
ადამიანი უფლის მიერ შექმნილი დამოუკიდებელი ქცევისა და აზროვნების მქონე არსებაა, რომელსაც საკუთარი გონების მართვა დააკისრა უზენაესმა. ის თავად ირჩევს ცხოვრების გზას, რომელიც მსოფლმხედველობრივი მრწამსის ჩამოყალიბებაში ეხმარება - ან გათავისუფლდება მდაბალი, ქვენა გრძნობებისაგან, ან ვერა. ყველაფერი მისი რწმენის სიმტკიცეზეა დამოკიდებული. ამის შესახებ ჯერ კიდევ XII საუკუნეში დაგვმოძღვრა ჩვენმა შოთა რუსთაველმა: „რაც არა გწადდეს იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა”. ამასვე მოწმობს გერმანელი მწერლის, ჰელმუტ კრაუზერის სიტყვები, რომლებიც ნინო ხარატიშვილმა ერთ-ერთ ეპიგრაფად წარუმძღვარა თავის რომანს: „მხოლოდ მიწაზე მყარად მდგომთ და მრავლის მნახველთ ძალუძთ თავის შეცნობა”.
ვისაც უმდაბლესი გრძნობებისგან გათავისუფლება არ ძალუძს, ცხოვრებასა და ზოგადად ყველაფერ ამქვეყნიურზე გულაყრილი და გულარძნილი, საწყის მდგომარეობად - ემბრიონად ყოფნას ნატრობს და მისი ქვეცნობიერი კვლავ იქ დაბრუნებისკენ მიილტვის, სადაც საგულდაგულოდ იყო დაცული, იქ, სადაც განშორებული იყო ყოველგვარ სატანჯველს წუთისოფლისას. აი, სწორედ მაშინ ჩნდება ყველასათვის ასე კარგად ნაცნობი რიტორიკული შეძახილი - რისთვის გავჩნდი?
ადამიანი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე იმისაკენ არის მომართული, რომ ყოველწამიერი წინააღმდეგობები დაძლიოს, არსებითად შეიმეცნოს საკუთარი თავი და ფსიქოლოგიური პრობლემებისგან გათავისუფლდეს. ამ სიძნელის დაძლევასა და გადალახვაში მას ყველაზე დიდი მეგზური ჰყავს - რწმენა, მაგრამ თუ რწმენა გაქრა, მაშინ ის კარგავს ღმერთთან მისასვლელ გზას და სრულიად მარტო რჩება უდაბნოდ, ტრამალად, სიცარიელედ, აბსურდად ქცეულ წუთისოფელში, სადაც საკუთარ „მე”-დაკარგულს ისეთი განცდა ეუფლება, თითქოს სამყარო თავზე ჩამოექცა, ქვეშ მოიყოლია და მიწას მატლივით მიასრისა. სწორედ მაშინ იწყება თვითმკვლელობაზე ფიქრი.
სუიციდი - ეს საკუთარი თავის, ღმერთის, გარშემომყოფთა, მთელი საყაროს სიძულვილია. გგონია, რომ ამ აქტით ყველას სამაგიეროს უზღავ, რომ სიცოცხლის უარყოფით დასჯი სხვებს, ყველაზე უფრო მეტად კი ღმერთს და ამქვეყნიური ცხოვრებიდან წასვლით პროტესტს უცხადებ მათ, ვინც ვერ შეგამჩნია ან შეგამჩნია, მაგრამ არ მიგიღო, არ შეგიფარა, არ დაგაფასა. შენ „აქ” უცხო ხარ, უჩინარი, ამ ცხოვრებაში შენი ადგილი არ არის და შენც მიდიხარ!..
სწორედ ამგვარ ეგზისტენციალურ პრობლემებზე მოგვითხრობს რომანი „ჟუჟა” და ამიტომაც უწოდა ნინო ხარატიშვილმა ეგზისტენციალური ქაოსით შეპყრობილი პერსონაჟის ცხოვრებას „გამყინვარების ხანა”, რაც ამქვეყნიურ სიცარიელეს, მარტოსულობას, სამყაროსთან გაუცხოებას გულისხმობს.
ვფიქრობ, ის სამი მთავარი ამოსავალი წერტილი იქცა მწერლის ინსპირაციის წყაროდ, რომლებიც ამავე დროს რომანის მთავარ კონცეფციასაც წარმოადგენს:
პირველი - ეგზისტენციალური შიში;
მეორე - ვერტერის ეფექტი;
მესამე - ნიცშეანული პოსტულატი - „ღმერთი მოკვდა!”
„ჟუჟა” არის წიგნი წიგნის შესახებ. ის კომპოზიციურად დანაწევრებული ნაწარმოებია, სადაც ერთმანეთის პარალელურად რამდენიმე დამოუკიდებელი სიუჟეტი ვითარდება. კომპოზიციურ სირთულეს ისიც განაპირობებს, რომ ყველა სიუჟეტი დროის სხვადასხვა მონაკვეთს, სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს მოიცავს და მკითხველს თავად უწევს ყველა ამ ამბის ერთიან ჩარჩოში მოქცევა, ერთიანი არქიტექტონიკური ხაზის ჩამოყალიბება, რადგანაც, მიუხედავად დროისა და ადგილმდებარეობის კარდინალური სხვაობისა, აქ მოთხრობილი ამბები ერთმანეთთან ორგანულად არის შერწყმული და თითოეული მათგანი საბოლოოდ მაინც ერთ არქეტიპამდე - რომანის მთავარ პერსონაჟ ჟანა სარემდე მიდის.

„ვერტერის ეფექტი”

ჟანა სარე ჩვიდმეტი წლის სასოწარკვეთილი გოგონაა. დედასთან პრობლემების გამო ოჯახს განრიდებული და სახლიდან გამოქცეული ერთ-ერთი სახლის მანსარდში ცხოვრობდა XX საუკუნის 50-იან წლებში. მშიერ-მწყურვალი, შიშველ-ტიტველი, ეული და მიუსაფარი მატარებელს ჩაუვარდა და თავი მოიკლა. 70-იან წლებში მისი დღიურები წიგნად გამოიცა, რამაც საოცრად გამანადგურებელი შედეგი მოიტანა - მისი წაკითხვის შემდეგ თხუთმეტმა ადამიანმა მოიკლა თავი.
ლიტერატურაში ამ ფაქტს „ვერტერის ეფექტს” უწოდებენ. ამიტომაც, როცა ნინო ხარატიშვილის „ჟუჟაზე” ვსაუბრობთ, ვერანაირად ვერ ავუვლით გვერდს იოჰან ვოლფგანგ გოეთეს რომანს „ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი”, რომელმაც საზოგადოებაში ლამის მასობრივი ფსიქოზი გამოიწვია. გოეთეს ამ წიგნის მიბაძვით, რომელიც ავტორის ავტობიოგრაფიულ ელემენტებს შეიცავდა, თვითმკვლელობა მოვლენად იქცა. ადამიანები მიიჩნევდნენ, რომ უარყოფილი სიყვარულის გამო ჩადენილ თვითმკვლელობას გარკვეული რომანტიკული ელფერიც კი ჰქონდა. სწორედ ამ მოვლენას შეიძლება მივუსადაგოთ ბალზაკის სიტყვები: „ყოველი თვითმკვლელობა მელანქოლიის ამაღლებული პოემაა”. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში აკრძალეს გოეთეს რომანის გამოცემა. ნინო ხარატიშვილის მსგავსად, „ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი” არაერთი მწერლის შთაგონების წყაროდ იქცა.
„ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი” დღიურების სახით დაწერილი ნაწარმოებია, დღიურების სახითაა წამოდგენილი ჟანა სარეს ჩანაწერებიც.
გოეთეს პერსონაჟი თვითმკვლელობას დიდ გამბედაობად მიიჩნევდა და თითქოს ერთგვარად ამხნევებდა კიდეც მათ, ვისაც არ აღმოაჩნდა ნებელობა, გადაელახა შინაგანი წინააღმდეგობები და დაეძლია სულიერი სისუსტე.
„მე მგონია, როცა საკუთარი ნებით კაცი თავს იკლავს, მას რომ მშიშარა ვუწოდოთ, ისევე საოცარი იქნებოდა, როგორც ციებისგან აკანკალებულს რომ მშიშარა დავარქვათ”, - ამბობს ვერტერი. სიკვდილისაკენ დაუოკებელი სწრაფვა იხატება სარეს პათეტიკაშიც: „მე ჯვარს დავიწერ სიჩუმეზე და უბედურებაში ვპოვებ ბედნიერებას”. ჟანასა და ვერტერის მომავალი „ამოტრიალებული წარსულია”, მათთვის დრო ადგილზე გაიყინა. „არ ვიცი ან რისთვის ვდგები, ან რად ვწვები?.. ცხოვრებას დიდი ფასი არა აქვს მაინცდამაინც. რაც უფრო მეტი ხანი გადის, მით უფრო მკვიდრდება ეს აზრი ჩემში” (ვერტერი); „მოვედი, რათა წავიდე... ჰადესისკენ მიმავალ გზაზე დავიკარგე. იმას, რასაც ჩვენ ვთმობთ, ცხოვრება ჰქვია” (სარე).
ორივე პერსონაჟმა სიცარიელე აღიარა რწმენად. მათი გრძნობადი სამყარო სასოწარკვეთილებამ შეარყია, რამეთუ არღა იყო მათ შორის ღმერთი. „უღმერთობა ავადმყოფობაა, ხოლო სნეულთათვის კრიზისია აუცილებელი”, - ამბობს გრიგოლ რობაქიძე („ჩაკლული სული”, გვ.77). უღმერთობით დასნეულებული ეს ორი პერსონაჟი დიდხანს ეძიებდა ღმერთს, თუმც ორივეს ცდა ურწმუნოებით გამოწვეული სკეპსისის დაძლევისა კრახით დასრულდა. მათ ვერ შეძლეს რწმენის კრიზისის გადალახვა, სუსტები აღმოჩნდნენ იმისათვის, რომ გაეთვალისწინებინათ სახარებისეული გაფრთხილება - „ყოველი სოფელი ბოროტსა ზედა დგას” (იოანე 5,19) და ტრაგიკული კოლიზიით ხარკი გადაუხადეს ეშმას.
ვერტერი - „არ ძალმიძს ლოცვა: მომეცით იგი და მაინც ჩემად მეჩვენება იგი ხანდახან. არ ძალმიძს ლოცვა: მე დამანებეთ. და იგი სხვისა ყოფილა თურმე”; სარე - „სიმარტოვეში ჩამწყვდეული, ჩემი არსებობის ნაკვალევს დავეძებ ყველგან. ამაოდ. ღმერთს მივმართე. მან კი, დაღლილი ვარო, მიპასუხა, დაღლილი და იმედგაცრუებული. მე მომენდე-მეთქი, შევთავაზე. მხრები აიჩეჩა”.
არც ვერტერისთვის, არც სარესთვის კაცობრიობა ერთ მუჭა მიწადაც არ ღირს. მათ სიცოცხლის საზრისს მიწიერი საყრდენი გამოეცალა. რა იქცა მათთვის მარტოსულობის, საკუთარ თავსა და საზოგადოებასთან გაუცხოების ამოსავალ წერტილად? რა გზა იყო ის, რამაც მათი ცხოვრების გეზი, „გზაი ჭეშმარიტებისაი” („მე ვარ გზაი და მე ვარ ჭეშმარიტებაი და ცხოვრებაი” (იოანე 14,6) „არსაითკენ” მიმართა? - უამრავი კითხვა გვიტრიალებს, მაგრამ მანამდე, უპირველეს ყოვლისა, ერთ უმთავრეს კითხვაზე მოგვიწევს პასუხის გაცემა - რატომ სძულთ მათ საკუთარი თავი?
ადამიანური ცნობიერება, ადამიანური ყოფის საზრისი პირდაპირ და უშუალოდ უკავშირდება ღმერთს, რამეთუ შემოქმედია ემპირიული და მეტაფიზიკური სამყაროს ერთადერთი ცხოველმყოფელი საწყისი - უსასრულო, მარადიული და უსაზღვრო. მის მიერ სიკეთითა და სიყვარულით შექმნილი არსებები ასევე სიკეთისა და სიყვარულის გზით ცდილობენ განმღრთობას, ღმერთთან მიმსგავსებულობას. ყოველგვარი ზნეობრივი აქტი (თუნდაც ეს ოდენ გულმხურვალედ აღვლენილი ლოცვა იყოს) იმ აღმავალ ხაზს მიემართება, მთავარ მაგისტრალად რომ აღმართულა ღმერთსა და კაცს შორის. შემდეგ ნებისმიერი, თუნდ უმცირესი სიკეთეც კი უდიდეს მადლად უბრუნდება ადამიანს და ასე უსასრულოდ... მხოლოდ ამ ზეცისაკენ აღმავალ ხაზს შეუძლია ჭეშმარიტებას გვაზიაროს, ენით უთქმელი ნეტარება განგვაცდევინოს. ამ ვერტიკალურ ხაზთან (ღვთაებრივ რწმენასთან) მოშორებულობა ღმერთთან სულიერი კავშირის გაწყვეტას გულისხმობს. ვერტერმა და სარემ ღვთაებრივი რწმენა დაკარგეს, გზა აებნათ და უსასრულობაში დაიკარგნენ.
ფიოდორ დოსტოევსკი ამბობს: „მიზანი კაცობრიობისა, მიზანი ყოველი ერისა მისი არსებობის განმავლობაში არის მარტოოდენ ღმერთის ძიება, დიახ, უთუოდ საკუთარი ღმერთის ძიება და რწმენა მისი, ვითარცა ერთარსებისა, ჭეშმარიტისა” (დოსტოევსკი, „ეშმაკნი”, გვ. 277). ვერც ვერტერმა და ვერც სარემ ვერ შეძლეს დაკარგული ღმერთის პოვნა და ურწმუნო ყოფით დაეჭვებულებმა და სიცოცხლის შიშით შეძრწუნებულებმა ვეღარ გაიგნეს ჭეშმარიტებისკენ მიმავალი გზა.


ღმერთის სიკვდილი

ნინო ხარატიშვილის რომანში, გოეთეს რომანისაგან განსხვავებით, ტრაგიზმი მეტია. აქ ნამდვილად სამყაროს აღსასრული ეგონება კაცს. სარეს ჩანაწერებს ისეთი მაგიური ძალა აღმოაჩნდა, რომ უამრავმა ქალმა მიჰბაძა მას, მისმა აჩრდილმა თვითმკვლელად თხუთმეტი ქალი აქცია. მათ ყველამ, სარეს გავლენით, სიცარიელე და არაფრობა ირწმუნეს. თითოეულმა მათგანმა წარსულში რაღაც დაკარგა - ის, რაც, ავტორის თქმით: „სიცოცხლის ტოლფასი იყო და რასაც ახლა მიუსაფართა ქვეყანაში ბრმად ეძებდნენ”. ჟანას დღიური თვითმკვლელებს სიკვდილის შიშის დაძლევაში, ღმერთის შიშის გადალახვაში დაეხმარა.
უღმერთო, ურწმუნო ყოფამ ჩაუსახა ჟანას სკეპსისი და მთელი მისი ცნობიერება ნიჰილიზმმა მოიცვა. როცა მის ცხოვრებისეულ პასაჟებსა თუ პირად ჩანაწერებს ვეცნობით, ვხვდებით, რომ მასში ღმერთის ყველაზე ცნობილი „მკვლელის”, ნიცშეს დებულებამ ჰპოვა გამოძახილი. დიახ, ჟანასთვის „ღმერთი მოკვდა!” ის აღარ არსებობს. სწორედ ღმერთთან დაშორებულობა ათქმევინებს მას: „ღმერთთან საუბარი მოვინდომე, სწორედ იმ ღმერთთან, ამ ქვეყნად ჩემს მოვლინებას რომ ესწრებოდა, ის კი არ მოვიდა. ჰოდა, მეც გადავწყვიტე - ამიერიდან სულერთია-მეთქი: შლეგად ვიქეცი და ვაებას დავთესავ, რათა ჩემს აქილევსს ვეახლო ჰადესში”.
ეს სტრიქონები გალაკტიონის სულიერ მდგომარეობას მოგვაგონებს ლექსებიდან: „ლურჯა ცხენები” და „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში”, სადაც უღმერთო ყოფით განაწამები პოეტი გულდაწყვეტილია, რადგან იცის, რომ მისი ურწმუნო სული სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს. ამიტომაც უიმედოდ მიმართავს ღვთისმშობელს: „განსასვენებელ ზიარებაზე ჩემთან არ მოვა შენი ხსენება” („სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში”) ან „არ ჩანდა არაფერი, ვერ ვნახე ვერაფერი,/ცივ და მიუსაფრი მდუმარების გარეშე./ მდუმარების გარეშე და სიცივის თარეშში/ სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა!” („ლურჯა ცხენები”).
შემთხვევით არ მიხსენებია გალაკტიონი. მის შემოქმედებასთან ნინო ხარატიშვილის პერსონაჟთა კომპარატივისტიკული ანალიზისას ბევრ საერთოს აღმოვაჩენთ. გალაკტიონი წუხს, რომ მის ღვთაებრივ რწმენას ბზარი შეეპარა და მისი უღმერთო ყოფა სკეპსისმა მოიცვა. უღმრთობას და მისგან გამოწვეულ მიუსაფრობას ჩივის ჟანა სარეც, რომლის მცდელობაც - ზიარებოდა ღვთაებრივს და მიახლოებოდა უფალს, ამაო აღმოჩნდა - „ღმერთთან საუბარი მოვინდომე... ის კი არ მოვიდა” - ამის შემდეგ სარეს სულში ბოროტმა გაიდგა ფესვები, სამუდამოდ გაუუცხოვდა სამყაროს, რომელსაც მოევლინა, ღმერთსაც, რომელმაც შვა, ადამიანსაც, რომელსაც არარაობად მიაჩნდა და საკუთარ თავსაც, რომლის არსიც ვერ შეიცნო. მას „დასაყრდენი წერტილი სჭირდებოდა, სხვა არაფერი, ყავარჯნები სჭირდებოდა გზის გასაგრძელებლად”, - ვკითხულობთ ტექსტში. ეს დასაყრდენი მისი ღვთაებრივი რწმენა იყო, ღვთაებრივი იდეალი, რომელიც თვალსა და ხელს შუა გაუქრა. მისთვის ამქვეყნიური ცხოვრება მხოლოდ მოჩვენებითი, ილუზიური აღმოჩნდა. სწორედ ამის გამო ერთადერთი გზავნილი, რომელსაც სამყაროს უგზავნიდა, მასზე შურისძიება იყო, რასაც მისგან განდგომით, გაქცევით ცდილობდა. ამიტომაც მთელი არსებით მიილტვოდა ქვესკნელისაკენ, ჰადესს რომ უწოდებს ბერძნული მითოლოგია.
„ჟუჟაში”, გალაკტიონის მსგავსად, ამქვეყიურ სამყოფელს უდაბნოდ მიიჩნევს სარე, სიცარიელისა და მარტოსულობის სამყოფელს: „ასე გადავწყვიტე და უდაბნო გადავიარე, ცარიელ თავის ქალას რომ ჰგავდა” („ჟუჟა”); სულით ობლობა განუყოფელია გალაკტიონისთვისაც: „სიყმაწვილეში მე ვჭკნებოდი, როგორც ფოთოლი,/ ობოლი ვიყავ მე მაშინაც, სულით ობოლი” („უდაბნო”).
გალაკტიონთანაც და „ჟუჟაშიც” ათეისტური ეგზისტენციალიზმის აშკარა ნიშნებს ვხედავთ. ათეისტური ეგზისტენციალიზმის მამად მიჩნეულია ფრიდრიხ ნიცშე,  რომლის ფილოსოფიის უმთავრეს კონცეფციას ღმერთის სიკვდილის გააზრება და სამყაროს ერთადერთ შემოქმედად ადამიანის აღიარება წარმოადგენდა. ის ცდილობდა, ფუძე მოერღვია იმ ფუნდამენტური ქრისტიანული ღირებულებებისთვის, რომლებიც კაცობრიობის არსებობას კვებავდა და მისი ქმედების მყარ საზომს წარმოადგენდა. ამიტომაც „ასე იტყოდა ზარატუსტრაში” მან შექმნა „ზეკაცი”, როგორც ნიმუში იდეალური ადამიანისა, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი მორალური თუ რელიგიური დოგმებისგან. „ზეკაცი” იყო ორიენტირი, რომელიც ასწავლიდა ხალხს, როგორ უნდა ეცხოვრათ ისეთ სამყაროში, სადაც ღმერთი არ არსებობს, თუმც, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, მართალია, ნიცშე მკაცრად გმობდა და უარყოფდა სახარებასა და ზოგადად ქრისტიანულ მოძღვრებას, მაგრამ, როგორც გერმანელი ფილოსოფოსი მარტინ ჰაიდეგერი ამბობდა, სწორედ ნიცშე იყო ის ერთადერთი ფილოსოფოსი, რომელიც ღმერთს ეძიებდა. ჰაიდეგერს ამის თქმის უფლებას ის ფაქტი აძლევდა, რომ ნიცშეს ნაშრომებში აშკარად შეინიშნება დებულებათა ამბივალენტური წინააღმდეგობა. ერთი მხრივ, თავისუფალი ადამიანის, „ზეკაცის”, შექმნით გამოწვეული კმაყოფილება და, მეორე მხრივ, ღმერთის სიკვდილით მოგვრილი ადამიანური საზრისის დაკარგვა, რომელსაც რეზულტატად უკიდურესი სევდა და სასოწარკვეთა მოჰყვა.
ნიცშეანობამ შეარყია გალაკტიონის ღვთაებრივი იდეალი, რის შედეგადაც ეგზისტენციალური შიშით დასნებოვნდა პოეტი, მისი ადამიანური ყოფის საზრისი მოირყა და მოიშალა. მატერიალური სამყარო ოდენ მარტოსულობის შემოსაზღვრულ ალაგად იქცა, სადაც ამაოება გაბატონდა. ზარატუსტრას „სამშობლოა” მარტოობა („ასე იტყოდა ზარატუსტრა”) - „შენ, ჩემო სამშობლო მარტოობა”. „სამშობლოში ყოფნა” ნიცშესთან ნიშნავს ყიფიერებას, ამქვეყნიურ სამყოფელს. ამან, როგორც ითქვა, გამოძახილი გალაკტიონის შემოქმედებაში ჰპოვა - „ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ/ უდაბნო ლურჯად ნახავერდები” („თოვლი”). ნიცშეს, გალაკტიონისა და ნინო ხარატიშვილის რომანის პერსონაჟის შედარება-შეპირისპირების ფონზე ცხადზე ცხადი ხდება, რომ მათი ცნობიერების საზრისს ერთი საერთო ფორმულირება აქვს - „ღმერთის სიკვდილი!” ღმერთი აღარ არსებობს, ამიერიდან მიწიერ სამყოფელში, „სამშობლოში” ურწმუნოება და მისით გამოწვეული მარტოსულობა წარმართავს მათი ცხოვრების გზას. ეს ადამიანურ „მე”-სთან გაუცხოებაა, საკუთარი იდენტობის ჩამოშლა, რაც ხშირად ახსენებდა თავს გოგონას, ჟანა სარეს, როგორც „ნეკნებს შორის მოქცეული ყინული”. არ შეიძლება აქაც გალაკტიონი არ გაგვახსენდეს, რომელიც რწმენის კრიზისით მოგვრილ მარტოსულობის განცდას იანვრის სუსხთან აიგივებს: „იანვარს მოძმედ არ ვეძნელები” („თოვლი”) .
მიუხედავად იმისა, რომ დროში საკმაოდ აცდენილები არიან გალაკტიონიც, ნიცშეც, სარეც და „ჟუჟას” სხვა დანარჩენი პერსონაჟებიც, როგორც ითქვა, ყველას ერთი და იგივე პრობლემა აწუხებს - აბსურდული ეგზისტენციალიზმი. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ეს პრობლემა მარადიულია და მას დრო და საზღვრები არ გააჩნია. ამიტომაც არიან „ჟუჟას” პერსონაჟები სხვადასხვა ეპოქის შვილები. ეგზისტენციალური შიშით შეპყრობილები არიან არა მარტო ისინი, ვინც სულიერი კრიზისი ვერ გადალახა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა, არამედ ცოცხლად დარჩენილებიც, ვინც სარეს მონათხრობში საკუთარი ცხოვრების გზა შეიცნო და მიხვდა, რომ ამ უკაცრიელ სამყაროში მისი ადგილი არ არის. სარეც, ლაურაც, ოლგაც, ფრანჩესკაც ერთსა და იმავეს გრძნობენ და განიცდიდიან: „როგორ შურს იმ ადამიანების, გაბადრული სახეებით რომ დადიან, შეზარხოშებულები ველოსიპედს ლაღად რომ დააქროლებენ, ნაცნობ-მეგობრებთან შეხვედრებს რომ გეგმავენ და შილიფად აცვიათ, რადგან არასდროს აწუხებთ სიცივე... შურს იმათი, ვისაც ძაღლი ჰყავს, ყვავილებს უვლის... სახე მუდამ უღიმის და ყველაზე მოდური ვარცხნილობა აქვს... მოკლედ მთელი ეს მარაზმი”, - ასე ახასიათებს მათ განცდებს მწერალი.
სარე, ისევე როგორც აქ ჩამოთვლილი ქალები, მარტონი არიან გალაკტიონის ლექსების ლირიკული გმირივით. როგორც ითქვა, მათი ცხოვრების გზაც არსაითკენ მიემართება: „მორიელებთან ერთად დავხოხავდი, რომლებსაც ვეფერებოდი და მერე ღამღამობით, ღამეულ სიმარტოვეში ჩაკარგული, ვწვავდი და ვნთქავდი... გზას ვიკაფავდი ბნელეთისაკენ”, - ასე ეძიებს სარე სხვა სამყაროს (შდრ. „სადმე ყრუ ადგილს დავესახლები, სხვა საუკუნის მგზავრი გვიანი” - გალაკტიონი). „არაფერია, შინ მალე დავბრუნდები”, - სარეს „შინ” არის სხვა სამყარო, რადგან მიწიერს საპყრობილეს, მუდმივი ყინულის ქვეყანას უწოდებს, რომელიც თავისი აბსურდულობითა და უაზრობით ბორკავს და გასაქანს არ აძლევს: „ძვლების გროვა ვარ, ძვლებისაგან აწყობილი ორეული. ერთი პატარა, მოხეტიალე სიძულვილი ვარ. მივდივარ, მაგრამ არ ვიცი, რად მივდივარ. ჩემი გზა წარსულია, არასდროს მთავრდება, თითქოს წრეში ვარ ჩაკეტილი. სიარულისას სისხლისგან ვიცლები, მაგრამ ვერავინ ამჩნევს შავ მიწაზე წითელ ლაქას”.
სარე ზოგადი სახეა ეგზისტენციალური შიშით შეპყრობილი ადამიანისა. ალბათ, ამას ემსახურება ის ფაქტი, რომ „ჟუჟაში” განსახიერებული ყველა პერსონაჟი ორგანულად უკავშირდება მას. სწორედ ამიტომაც მწერალი სარეს ხშირად სხვადასხვა ნაცვალსახელით მოიხსენიებს.

პროფანირებულ  სამყაროში

ჟანას ცხოვრება ცალკეულ ეპიზოდებად არის წარმოდგენილი. ის თვითგვემას მიჰყოფს ხელს და გაბოროტებულს მაღაზიის ვიტრინაში მდგარი მანეკენის ბედისაც კი შურს, უსულო საგანიც კი მასზე ბედნიერი ჰგონია. ალბათ, იმიტომ რომ მანეკენს სამყაროსა და საკუთარი თავის შეცნობა არ სჭირდება. სარესთვის დარღვეულია სამყაროული ერთმთლიანობა. ორივე ქვეყანა - ემპირიულიც და მიღმიურიც ერთმანეთისგან არის გათიშული. რომანში ამ პერსონაჟის ცნობიერების ირაციონალური ყოფაა ასახული: „მარჯვენა მხარეს იდგნენ კაცები, მარცხენა მხარეს - მხოლოდ ქალები. სადღაც შუაში ვიყავი მე”.
სარესთვის სააქაო ხილული ჯოჯოხეთია, რადგანაც ვერ შეიგრძნო, ვერ შეიმეცნა ძველი ბერძნული ფილოსოფიური სიბრძნე: „შეიცან თავი შენი!” ამიტომაც მორიელების, ხვლიკების, გველებისა თუ ათასგვარი უბედურების სათავედ წარმოუდგება საკუთარი ცხოვრება.
„და შევიყარე, რათა შემეცნო, რაოდენ უაზრო იყო სიყვარული”, - გვამცნობს მისი დღიური, საიდანაც ნათლად ჩანს პროფანაცია სახარებისეული დოგმისა: „სიყვარული ღმერთისგან არის” და რადგანაც არსებობა თავისთავად არის სიკეთე და „საქმენი უფლისანი ყოველნი კეთილ ფრიად” (ესაია 39,21-44), ყოველ ადამიანს, დამბადებლისგან მოვლენილს, უნდა შეეძლოს ასვლა ისეთ სულიერ საფეხურზე, რომ შეძლოს, დაძლიოს სულიერი კრიზისი, რადგან უზენაესი ყოველივე არსებულში გამოვლინდება მთელი თავისი სისრულით: „ღმერთი არის ზესთასიკეთე. მისი სიკეთე მოეფინება ყოველსავე არსებულს, როგორც უხრწნელ, უკვდავ, იმმატერიალურ, ისე მთელ მატერიალურ სამყაროს. მის მიერ სამყაროს შექმნას შეიძლება ეწოდოს სიკეთის, სისრულის, ნათლის, მშვენიერების, სიყვარულის განფენა, ოღონდ სიკეთის, სისრულის, ნათლის, მშვენიერების, სიყვარულის მიმღებლობის უნარი არსებულთაგან ყველას თანაბრად როდი მიემადლება. სამყაროს იერარქიული, საფეხურობრივი წყობა აქვს. რაც უფრო დაშორებულია არსი ცენტრალურ სულიერ მზეს, მით უფრო ნაკლებია მისი მიმღებლობის უნარი” (რ. თვარაძე, „გადასახედი”, თბ. 1997, გვ. 365).
ჟანა სარე მთლიანად დაშორებულია ცენტრალურ სულიერ მზეს, ამიტომაც ის მოკლებულია მზისა (ღვთაებრივ) და მთვარის ნათელს და ობობებითა და ჯოჯოებით გარემოცული ჯოჯოხეთის ცეცხლს ეფიცხება - „მთელი სასახლე ცეცხლის ალში გაეხვია, მე კი ბედნიერი ვიყავი”.
„ჟუჟა”, თავისი ეგზისტენციალური ხასიათიდან გამომდინარე, მდიდარია მითოლოგიური პერსონაჟებითა და ქრისტიანული სახე-სიმბოლოებით, რაც მეტ სიღრმესა და მრავალპლანიანობას სძენს ნაწარმოებს. ტექსტის ამგვარი მითოლოგიზება, ვფიქრობ, ალბერ კამიუს „სიზიფეს მითიდან” მომდინარეობს, სადაც ცხოვრებისეული აბსურდის ალეგორიაა წარმოდგენილი - მთელი არსებობა ფუჭ და დაუსრულებელ შრომას ხმარდება.
„დაკლული ბატკნების ქვეყანაში მზე ამოდის... მის (სარეს - თ. გ.) ქვეყანაში - მთვარე”, - ვკითხულობთ რომანში და ვხვდებით, რომ „დაკლულ ბატკანში” იესო მაცხოვარი იგულისხმება, მზე კი მისი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრისტინული პარადიგმაა - „მზე სათავეა სინათლისა, რომელიც სიბნელეს ებრძვის” (გრ. რობაქიძე, „მზის ხანა ქართველთა”, 1996, გვ. 69). ამ პასაჟის ჰერმენევტიკულ ანალიზს ასეთ დასკვნამდე მივყავართ - ქრისტიანული მრწამსის მქონე ადამიანს, ვისთანაც გაუბზარავია უფლის რწმენა და სიყვარული, ღვთაებრივი მადლი უნათებს გზას. რაც შეეხება მთვარის სიმბოლიკას, მას მითოლოგიური ახსნა შეიძლება მოვუძებნოთ: „მინდა მთვარეს ვეახლო ცაში, რომ გულში ჩამიკრას. მთვარე ჩემია. მე მისი მეორე ნახევარი ვარ. ოდესღაც ერთმანეთს შეფიცულები ვიყავით”, - ამბობს სარე, რომელმაც მთვარე თავისი სულიერი სამყაროს კულტად მიიჩნია.
ზოგიერთმა მითოლოგიურმა აზროვნებამ მთვარის კულტი იმქვეყნიური გზის მიმანიშნებლად დასახა. სწორედ ეს მითი გახდა მიზეზი იმისა, რამაც მირჩა ელიადეს  ათქმევინა: „მთვარეა ადამიანის სიკვდილთან შემრიგებელი”. მთვარეს ასტრალური სიმბოლიკის მიღმიურმა პლასტმა იდუმალებისა და მისტიკურობის ელფერი შესძინა. სწორედ ამაზე უნდა მიანიშნებდეს საზრისდაკარგული ჟანა სარეს მისწრაფება მთვარის ფენომენისკენ, ანუ, ერთი სიტყვით, მან მზე მაცხოვრის სიმბოლოდ, ხოლო მთვარე თავისი იმქვეყნიური ცხოვრების მეგზურად დასახა, რადგანაც მისი მსოფლმხედველობრივი იდეალი ამქვეყნიური არსებობის უარყოფაა, მისი დაძლევისკენ სწრაფვაა.
ჟანას ყოფა ერთი სიტყვითაც კი შეგვიძლია შევაფასოთ - აპოკალიპსი. მისი რწმენის სიმტკიცე ძირფესვიანად არის მორყეული, რადგანაც მან დაკარგა ქრისტიანობის უმთავრესი ბირთვი - სიყვარული, როგორც სამყაროსთან დამაკავშირებელ მთავარი ღერძი, მთავარი საყრდენი. რწმენადაკარგულს აღარავისი და არაფრის აღარ სჯერა. ამიტომაც არის მის დღიურებში პროფანირებული მითოსიცა და ქრისტიანობის უპირველესი წიგნიც. აქ დამახინჯებულია ყველაფერი - ადამ და ევადან დაწყებული, სამყაროს უსასრულობით დამთავრებული. სარეს დღიურებში თვით ადამი და ევა, რომლებიც ადამიანური არსებობის საწყისად იქცნენ, მარტოსულები და ეულები არიან, მათი არსებობაც ერთ დიდ აბსურდად ქცეულა, რის გამოც ზედმეტად გრძნობენ თავს წუთისოფელში, სადაც ხსნის გზა არ არსებობს, ამიტომაც ისინიც კი (ერთმანეთდაკარგულები) თავს იკლავენ. მათ ყოფაშიც სიცარიელეს დაუსადგურებია. ადამისა და ევას გაუკუღმართებული, აბსურდული და ქაოსური ცხოვრებისეული არსი არაფრობაა. ეგზისტენციალურმა კრიზისმა ისინი მას შემდეგ შეიპყრო, როგორც კი ღმერთმა სამოთხიდან გამოაძევა. იქიდან მოყოლებული აწამებს ადამიანს  ეგზისტენციალური შიში, ამიტომაც უღებენ ბოლოს ამ არფრობას ადამიანთა მოდგმის წინაპრებიცა და მათი მიმბაძველი ჟანა სარეც - სუიციდით ამთავრებენ სიცოცხლეს. ასე ირღვევა სამყაროს კოსმოგონიური წესრიგი და ანთროპომორფულ არსებებს ზოომორფული არსებები ანაცვლებენ, რადგან უღმერთობით, ურწმუნოებით დაღლილ, დაეჭვებულ სააქაოში ადამიანის ადგილი აღარ არის და მატერიალური, ხილული სამყარო მხოლოდ ბოროტის - გველებისა და ჯოჯოების საბუდარი გამხდარა.
ჟანა სარე ადამინის სამყოფელს ძაღლების გარემოცვას უწოდებს, ბნელეთით მოსილს, სადაც ქარმა ჩამოსვა. ჟანას მიერ ქარის „მოქრთამვა” უკანასკნელ გაბრძოლებად შეიძლება მივიჩნიოთ სამყაროს შემეცნებისა, თუმც ესეც კრახით დასრულდა.
ქარი სამყაროს ცხოველმყოფელი სუნთქვა, ღვთაებრივი ნების გაცხადებაა, სიმბოლოა დაუოკებლობის, მოძრაობის, ქმედითობის, მაგრამ, იმავდროულად, ეფემერულობისა და წარმავლობისა (სიმბოლოთა ლექსიკონი, ტ. II, „ბაკმი”, აბზიანიძე, ელაშვილი, გვ. 93). სარეს ეს უკანასკნელი გაბრძოლებაც ხანმოკლე და ეფემერული გამოდგა, ამიტომაც ამბობს გაქროლებამდე: „ოცნების ძიებაში გადავეშვი”-ო. ის მცირე ხანში იმ სასტიკ რეალობას უბრუნდება, რომელსაც ადამიანთა სამყარო ჰქვია.
ამ რომანში დიდი ადგილი ეთმობა ზოომორფულ სიმბოლიკას, რომლებიც ქრისტოლოგიურ მინიშნებებს გვთავაზობს. „ევანგელისტთაგან წმინდა ლუკას ემბლემა ხარი გახლდათ, მარკოზისა - ლომი, იოანესი - არწივი, თავად მაცხოვრისა - კრავი ან თევზი, ხოლო სულიწმინდისა - მტრედი” (სიმბოლოთა ლექსიკონი, ტ. II, „ბაკმი”, აბზიანიძე, ელაშვილი, გვ. 124), თუმც აქ ჩამოთვლილთაგან არც ერთი ცხოველის სიმბოლო არ არის ნახსენები სარეს მიერ შექმნილი სამყაროში, სამაგიეროდ, ხშირად ვხვდებით შხამიან, გესლიან არსებებს - მორიელებს, ობობებსა და გველებს (ქრისტიანულ სიმბოლიკაში მორიელები ღალატს, სიძულვილს, შურსა და სასიკვდილო საფრთხეს, ობობები - ასევე სისასტიკეს, სიხარბესა და საბედისწერო სატყუარას, ხოლო შხამიანი გველები - ცივსისხლიან, ადამიანის მარადიული მტრის სიმბოლოს განასახიერებენ); აქ მხოლოდ ხვლიკი დანაიდაა გამოყვანილი დადებით ასპექტში, რადგანაც ის ხელახალი აღორძინების სიმბოლოს წარმოადგენდა ანტიკურ მითოლოგიაში. ის ერთადერთი არსებაა სარეს მიერ შექმნილ სამყაროში, რომელსაც გოგონა გულწრფელად უყვარს. ამიტომაც დაარქვა მას ულამაზესი პეპელას სახელი - დანაიდა. ხვლიკთან ურთიერთობა სარეს ერთ-ერთი ოცნებათაგანია, ანუ პოზიტივია მის ორად-ორ ოცნებათაგან, მეორე, როგორც ითქვა, ქართან ერთად გაქროლებაა.
რაც შეეხება ქვიშას, რაღა თქმა უნდა, მასაც გარკვეული სიმბოლური დატვირთვა აქვს: „ქვიშა ყოველ ღამე ჩემთან იწვა, მე ხომ ამასობაში ასე დავმშვენდი”, - ამბობს პერსონაჟი. მიწა, ქვიშა - ეს არის ქალური საწყისი, მარადიული საშო, ყოვლისმშობი და ყოვლისმშთანთქავი (სიმბოლოთა ლექსიკონი, ტ. II, „ბაკმი”, აბზიანიძე, ელაშვილი, გვ. 149). ზოგიერთ მითოლოგიურ წარმოდგენაში დედამიწა დაწყვილებულია ცასთან, რომელიც მამაკაცურ საწყისს განასახიერებს სამყაროს ვერტიკალურ განასერში. წესით, ქვიშასთან კი არა, ცასთან, მამაკაცურ საწყისთან უნდა დაწყვილებულიყო სარე, მაგრამ, როგორც ყველაფერი, ეს ფაქტიც გაუკუღმართებულია მის სამყაროში და ის, თავად დედაკაცი, დედაკაცურ საწყისთან წყვილდება, ისევე როგორც ხვლიკი - კუსთან, მეორე პოზიტივთან, რომელიც სიყვარულის, სინაზისა და ნაყოფიერების სიმბოლოს გამოხატავდა და რომელიც სარესავით ადამიანთა ძალადობას გამოექცა ამ უცნაურ სამყაროში. რა სამყაროა ეს? ეს არის ჟანას ყოფიერება, მისი ცხოვრებისეული ხედვა, რომელიც აღსავსეა ნგრევისა და სიძულვილის პათოსით.
ასეთი მრავლისმთქმელი და მრავლისმეტყველია სარესეული ყოფა, რომელიც თავისი ქაოსურობითა და აბსურდულობით სამყაროს ესქატოლოგიურ დასასრულს მოგვაგონებს.
როგორც ითქვა, ტექსტში უამრავი სახე გვხვდება მითოლოგიიდან. ეს ყველაფერი განჩხრეკა-გაანალიზებას მოითხოვს. მითოსური ელემენტების შემოტანით მწერალმა ტექსტს ორპლანიანობა შესძინა და ღრმააზროვანი გახადა. მითები ხომ იმისათვის არსებობს, ჩვენი წარმოსახვა გააცოცხლონ. მითოსი გენიალურად განმარტა რომაელმა ავტორმა სალლუსტომ - „ეს არასოდეს ყოფილა, ოღონდ ყოველთვის არის”. ნინო ხარატიშვილს თავის რომანში მითოლოგიური პარალელების შემოტანით, ვფიქრობ, სწორედ იმის თქმა სურდა, რომ ჟანა სარე არასდროს ყოფილა, მისი ისტორია შეთხზულია, ისევე, როგორც კამიუს „სიზიფეს მითი”, მაგრამ ის მაინც ყოველთვის არსებობს იმ ადამიანების სახით, ვინც სამყაროსთან სალაპარაკო ენა დაკარგა, ვისაც სიცოცხლის შიში უკურნებელი სენივით შეეპარა, ვინც მიწიერისა და ზეციურის დუალიზმით დაავადდა.
უძველესი ერების მითოლოგიურმა ცნობიერებამ მხატვრული უკუფენა ქრისტიანულ რელიგიაშიც ჰპოვა. მითოლოგიური წარმოდგენები სახარებისეულმა სახე-სიმბოლოებმა თუ არქეტიპებმა ჩაანაცვლა. ჩვენი სიტყვაკაზმული მწერლობა ამის ნათელი დადასტურებაა. ანალოგიურ ფაქტს ვხვდებით, როგორც ქართველ, ისე რუს და ევროპელ სიმბოლისტებთან. მითოსური პარადიგმები სიმბოლისტურ ახსნას საჭიროებს, ამიტომაც ამბობდა გრიგოლ რობაქიძე: „ვისაც სიმბოლო და მითოსი არ ესმის, ის ჩემს შემოქმედებას ვერ გაიგებს”.
„ჟუჟაში” განსაკუთრებული სიხშირით აქილევსის სახელს ვხვდებით. ჟანა ინტენსიურად მიმართავს მას და სთხოვს, დაელოდოს, ის მალე მასთან იქნება. აქილევსი ბერძნულ მითოლოგიაში ტროას ომის ყველაზე მნიშვნელოვანი გმირია. ის, ჰომეროსის მიხედვით, საიქიოში მკვდართა მეუფედ ითვლება. სარე, რომელმაც ამქვეყნად ყველაფერი უარყო და „ღმერთის სიკვდილი” აღიარა, თავადაც სიკვდილის ლანდად იქცა. ამიტომ თავისი ამღვრეული სულის სავანედ ზეციურ ერთარსებას კი არ სახავს, არამედ, აქილევსს - ქვესკნელის, სიკვდილის საუფლოს გამგეს: „ვდგავარ და ველოდები. ველოდები ღმერთს. ის კი არ მოდის, არ მპასუხობს. კარი მომიხურა”.

„შეიცან თავი შენი!”

სარესთვის ყოველგვარი ადამიანური გაუფასურდა. სამყარომ, რომელიც მისთვის მყარი ორიენტირი უნდა ყოფილიყო, ფასი დაკარგა ზეგრძნობადი, ღვთიური სამყოფელი მხოლოდ ილუზია და ცდომილება აღმოჩნდა. ის მხოლოდ საკუთარი თავის ამარა დარჩა, მაგრამ მალე ისიც დაკარგა, მეტიც, საკუთარმა აჩრდილმაც კი მიატოვა, რის შედეგადაც მისთვის ზეციური თაღი საბოლოოდ დაიხშო და დაიხურა. ასე მოვიდა ნიჰილიზმი. მას ერთადერთი რამღა ასულდგმულებს - რაც შეიძლება მეტად აფურთხოს სახეში ცინიზმით სავსე სამყაროს და ნიღაბი ჩამოგლიჯოს. მეტი თვითგვემა და თვითდაზიანება მიაყენოს საკუთარ მედაკარგულ თავს. ასე, ალბათ, უფრო მალე აიძულებს სხეულს, დატოვოს ეს ქვეყანა, სადაც არ არის სიყვარული და ოდენ უაზრო და უთავბოლო სარბიელია. მას კი მხოლოდ ეს ერთადერთი რამ სჭირდებოდა ცხოვრებაში - სიყვარული!. „შემიყვარეთ, ბატონო, გთხოვთ!”, - ევედრება ის ადამიანებს.
ჟანას იმედი აქვს, რომ იმქვეყნად მაინც იპოვის ღმერთს, თავის ერთადერთ დასაყრდენს. ამიტომაც მიმართავს ასე: „ჩვენ ერთმანეთს სადმე შევხვდებით. შევხვდებით და ამოვიცნობთ ერთმანეთს... იქნებ მაშინ მაინც დამიბრუნდე და თან წამიყვანო, უშენოდ სამყარო არ მყოფნის!” ის ახალი სამყაროსკენ ილტვის, ოღონდ, ღვთის სიყვარულით სავსე სამყაროსკენ, რომელიც მარადიული სიყვარულით იქნება აღსავსე, სადაც არასდროს მიატოვებს ღვთაებრივი რწმენა და მადლი. სარეს სიტყვებიდან და მისწრაფებიდან აშკარად ჩანს ნიცშესეული მარადიული დაბრუნების იდეა. ამიტომაც მიმართავს ასე ხშირად მითოლოგიას. ზოგადად, ყოველგვარი მითი მარადიული დაბრუნების იდეითაა გამსჭვალული.
ჟანას, რომელმაც თავისი პირველი მოსვლით ვერ შეიცნო საკუთარი თავი და ღვთაებრივი საწყისით გამსჭვალული სამყარო, მტკიცედ სწამს, რომ მეორედ დაბადებისას უცილობლად იპოვის ღმერთს და შეიმეცნებს პირველსაწყისს: „ჩვენ ახალ სამყაროს გამოვძერწავთ თიხისაგან და აღარასდროს დავსვამთ წერტილს, არ გავჩერდებით...”

როგორც ითქვა, „გამყინვარების ხანის” თხუთმეტივე მსხვერპლი ქალია. რატომ გამოიწვია ჟანა სარეს ჩანაწერებმა ასეთი მასობრივი აფეთქება მაინცდამაინც სუსტი სქესის წამომადგენლებში? იმიტომ ხომ არა, რომ ქალს მამაკაცისაგან განსხვავებით უფრო ფაქიზი, გრძნობადი დამოკიდებულება აქვს ყველაფრის მიმართ, რომ მამაკაცებს მოვლენათა უფრო გლობალური ხედვა გააჩნიათ, ქალები კი წვრილმან ფაქტებსაც ემოციურად აღიქვამენ? ან საერთოდ რას ემსახურება „გამყინვარების ხანის” ლიტერატურული მისტიფიკაცია, რადგან, როგორც მოგვიანებით ირკვევა, ჟანა სარე საერთოდ არ არსებობდა და მთელი მისი ისტორიაცა და პიროვნული განცდებიც, რომანის მიხედვით, მამაკაცმა მწერალმა, პატრიკ დუშამპმა გამოიგონა?! გამოდის, რომ ადამიანები ლეგენდის მსხვერპლნი გახდნენ, რადგანაც ხალხს იმისი სჯერა, რისი დაჯერებაც სურს. რამ უბიძგა დუშამპს ისეთი მითის გამოგონებისკენ, რამაც თხუთმეტ მანდილოსანთან ერთად მისი მეუღლეც შეიწირა? თუ ტექსტს ღრმად ჩავუკვირდებით, დავინახავთ, რომ დუშამპსაც ეგზისტენციალური პრობლემები აწუხებს. ის თავისი თვისებებითა და შინაგანი სამყაროთი ძალიან ჰგავს ალბერ კამიუს „უცხოსა” და დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელის” მთავარ პერსონაჟებს. პატრიკი ადრეულ ასაკში ისეთი უხამსი სცენის შემთხვევითი მოწმე გახდა, რამაც ძირფესვიანად შეარყია მისი შინაგანი სამყარო - მის დას ორალური სექსი ჰქონდა ვიღაც ბოქსიორთან, პატრიკმა კი ეს ყველაფერი დაინახა, დაინახა და მას მერე სამუდამოდ შეიძულა საკუთარი თავიც, დებიც, ქალთა მოდგმაც და ზოგადად ადამიანებიც. ამიტომაც ეკითხება მას ცოლი: „რატომ გძულს ასე საკუთარი თავი?” მის შესახებ ტექსტში ვკითხულობთ: „ადამიანები არ უყვარდა. ოცნება თავისუფლებაზე, როგორც ჩანს, მალე საპნის ბუშტივით გასკდება და იმედგაცრუება, რომელიც უფრო და უფრო მატულობს, ყველაფერზე გაბატონდება”. რომანის კითხვისას გიჩნდება განცდა, რომ ყველასი და ყველაფრის სიძულვილმა (განსაკუთრებით კი ქალთა სქესისამ) შეაქმნევინა პატრიკს ეს ფატალურად საბედისწერო წიგნი. ადამიანები იხოცებოდნენ, ის კი მაინც ჯიუტად და ერთგვარი სიამოვნებითაც განაგრძობდა ჟანა სარეს ჩანაწერების კეთებას. სარე მის არსებაში ჩასახლდა და მთლიანად განაგებდა დუშამპის ცხოვრების წესს, მეტიც, საკუთარ ცოლშიც მას ეძებდა. ალბათ, სურდა, ბოლომდე დაცემული და განადგურებული ენახა ქალები. სწორედ ამას ვეღარ გაუძლო პატრიკის ცოლმა მარიმ და თავი მოიკლა. პატრიკ დუშამპმა სარეს გამოგონებით, ვფიქრობ, შური იძია საკუთარ დაზეც და ზოგადად ყველა ქალზე. თუ იმასაც გავიხსენებთ, როგორ უხეშად ეპყრობა პროფესორ ქალს, ლაურას, ვისთანაც ინტიმურ ურთიერთობას დაამყარებს, უმალ თვალშისაცემი გახდება, როგორი ველური ჟინი ამოძრავებს იმისა, რომ სასტიკად ავნოს და ატკინოს ქალს. ეგზისტენციალური კრიზისი თავად დაუდგა პატრიკს და ეს ყველაფერი ფურცლებზე გადაიტანა, თანაც ისე მოიცვა ამ პრობლემამ, რომ მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.

რომანში ვხვდებით ფანტასმაგორიულ ელემენტებს. ასევე მკაფიოა პოსტმოდერნისტული ნიშნებიც. გარდა იმისა, რომ ავტორი კონკრეტულ ლიტერატურულ გმირებს ასახელებს, საკუთარი თავიც ჰყავს გამოყვანილი ერთ-ერთ პერსონაჟად („მე”) და მეტატექსტის საშუალებით გვიხატავს საკუთარ ფსიქოლოგიურსა თუ ეგზისტენციალურ პორტრეტს. ამასთან ერთად, თხრობის დროს მას თავის შემოქმედებით ლაბორატორიაშიც შევყავართ.


და ბოლოს, ორიოდე სიტყვა სათაურის შესახებ. რომანს „ჟუჟა” ჰქვია - ქალის სახელი. ავტორი წიგნის დასასრულს თავად ცდილობს, აგვიხსნას, რატომ უწოდა ამ არაჩვეულებრივ ნაწარმოებს „ჟუჟა”, რომელიც ბაშკირი პოეტისა და მომღერლის, ზემფირას ლექსის სათაურია, ხოლო მთლიანად ლექსი რომანის ერთ-ერთ ეპიგრაფად არის წარმოდგენილი: „ეს სიმღერა იმ ადამიანებზეა, რომელთაც ჟუჟა სჭირდებათ ან იმათზე, ვისაც შეუძლია თავად იყოს ჟუჟა - ის ადამიანი, რომლისთვისაც ღირს ცხოვრება, რომელიც ღირსია, რომ გიყვარდეს და უყვარდე”, - ვკითხულობთ წიგნის ფურცლებზე. ამას ლექსის შინაარსიც გვამცნობს. ჩვენ ყველას ჩვენი „ჟუჟა” გვჭირდება, ჩვენი მყარი საყრდენი, ჩვენი საკრალური ძალა, აწმყო და მყოფადი... „ჟუჟა” - ეს ჩვენი ცხოვრების აზრია, ეს სიმღერა ჩვენზეა.






































კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები