| ავტორი: ლიჩელი ჟანრი: პროზა 17 ივნისი, 2019 |
შენიღბული ძიძის აღსარება
ცისანა საოცარია ფურცლის მაგია- ის ჯიუტად გვიბიძგებს გულწრფელობისკენ. ჯერაც შეუვსებელი ფურცლის მეამიტი სიცარიელე სულიერი ტკივილის შემსუბუქებით გვაცდუნებს. ალბათ ამიტომაც ვწერთ ასე მინდობილნი. ჩემი აზრით, პირველკურსელობა რაღაც განსხვავებული მდგომარეობაა. არ ვიცი, რითი გამოვირჩევით უფროსკურსელებისგან, მაგრამ უფრო სასაცილოდ რომ გამოვიყურებით, ნაღდია. პირველკურსელი, თვითდამკვიდრებას რომ ცდილობს, წიგნებს ჩანთით დაათრევს, ლექციებს გულმოდგინედ იწერს, იშვიათად აცდენს და ლექტორებსაც თვალებში შესციცინებს. მაშინ, როცა უფროსკურსელი ჩანთას საერთოდ არ ატარებს, აუდიტორიის ნაცვლად, უნივერსიტეტის ბაღში ისმენს საეჭვოდ საგულისხმო ლექციებს და სიგარეტს ლექტორებთან ერთად ეწევა. პირველკურსელი ოპტიმისტია, უფროსკურსელი- პრაგმატისტი. ჩვენმა კურატორმა ამასწინათ გვითხრა: „ჩვენ სნობურ საზოგადოებაში სტუდენტობა უფრო სოციალური სტატუსია, ვიდრე განსწავლის ეტაპიო”. მაშინვე მივაწერე რვეულის არშიაზე, როგორც ვიცოდი. თუმცა კარგად ვერ გავიგე, რას გულისხმობდა. ისე, მზრუნველი მშობლების მიერ გაკონტროლებული და მასწავლებლებისაგან მზუთხავად ქცევის გაუგებარი მცდელობის მერე უნივერსიტეტის გარემო, ნამდვილად სამოთხეა. აქ შენა ხარ შენ თავზე პასუხისმგებელი, რის ტვირთსაც თავისუფლების შემპარავი ცდუნება ანელებს. ურთიერთობაც უფრო პრაგმატული და სერიოზულია. და აი, პირველი სესიებიც ჩამოდგა სტუდენტურ პლატფორმაზე- როგორც „ის” იტყოდა. ჩამოდგა ისე, რომ ჯერ სტუდენტობის რიგიანად დაგემოვნების საშუალებაც არ მოგვცა. თუმცა ესეც სტუდენტური ყოფის ნაწილი არ არის? გაცდენების გამო ლექტორების მუქარა, მნიშვნელობას რომ არ ვაძლევდით, რეალური საფრთხე გახდა. ფასი დაედო აქამდე ათვალწუნებულ სწავლამოწყურებულთა კონსპექტებს! არის ერთი თხოვება-გადაწერა. სამი ჩათვლა და ორი გამოცდა. კაცმა რომ თქვას, არც ისე ბევრია. ყველაფერი კარგად იქნება- როგორც ჯიუტი ოპტიმისტები გვარწმუნებენ. ისე, ჯიუტი ოპტიმიზმი რას ნიშნავს, არ მესმის. ოპტიმიზმი ისედაც ცალსახა სიჯიუტეა. ყველაფრის მიუხედავად, გწამდეს ის, რისი დაჯერებაც გინდა. თორემ, თუ რეალობას გაუსწორებ თვალს, ვეჭვობ, ოპტიმისტად დარჩე. „იმისი” გამოცდის ჩაბარებაზე განსაკუთრებით ვნერვიულობ. მე მგონი, კურსზე გამონაკლისი არ უნდა ვიყო. ნეტა თუ შემამჩნია ამდენ ლამაზ გოგოში? გამომარჩია-მეთქი- ამაზე არც ვოცნებობ.
22 დეკემბერი, 1970
ტყუილად ვნერვიულობდი ამდენს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. აუდიტორიაში ბილეთების ასაღებად სამ-სამად შევდიოდით. მე ფეხს ვითრევდი და ბოლო ჯგუფში მეოთხე აღმოვჩნდი, ამიტომაც მარტოს მომიწია შესვლა. გულაჩქროლებული შევიძურწე და წინა მერხზე ჩამოუჯექი. „იმას” არც შევუმჩნევივარ, რაღაცას წერდა. სხვისგან შეუმჩნევლობა ხომ მის ფასს გაუგებრად ზრდის ჩვენ თვალში. მერე თავი ასწია, თავისი ჩვეული მიმნდობი ღიმილი შემომაფრქვია და მითხრა: თქვენ ინტენსიურად ესწრებოდით ლექციებს, სანერვიულო არ უნდა გქონდეთო. ეტყობა, ძალიან შესაბრალისად გამოვიყურებოდი. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ვახსოვდი. პირისპირ უფრო მომხიბლავი მეჩვენა. მატრიკული გამომართვა, ნიშანი ჩამიწერა ისე, რომ არაფერი გამოუკითხავს. გული დამწყდა, ასე მალე რომ დასრულდა ჩვენი პირველი უშუალო ურთიერთობა. მერე გადავამოწმე და ასე არავისთვის დაუწერია ნიშანი. რა ბედნიერებაა! ჭკუაზე არა ვარ! რა იოლია აღტაცების ფრთები შეისხა, როცა ახალგაზრდა და მეოცნებე ხარ. ღმერთო, რა ქარაფშუტობაა ასეთ წარმატებულ მამაკაცზე ფიქრი!
28 დეკემბერი
მაგარი ექსკურსია გამოვიდა. ჩვენი გოგოები ჭკუაზე არ იყვნენ. აუდიტორიაში ურთიერთობა მაინც სხვაა, სულ ჩქარობ, სადღაც გარბიხარ. ბუნებაში თითქოს ყველაფერი ბუნებრივად ლაგდება. ასეთ დროს მისგან განუყოფლობას გრძნობ და შენშიც ბუნებრივი სურვილები იღვიძებს. რა ფანტასტიურია ცას შეხიდული ხევსურული კოშკები, ხევში ჩაკიდული ნისლები. „იმის” სიტყვებია: „ამის შემყურეს, შენც გინდება ასეთი ნაღდი და მარტივად დიადი იყოო”. თითზე ჩამოსათვლელი ჩვენი თანაკურსელი ბიჭები დაბნეულები იყვნენ, ვეღარ გაერკვიათ, რომელი თანაკურსელი გოგოსთვის დაემტკიცებინათ თავისი სარაინდო ღირსებები. მაგრამ „ის”- ჩვენი კურატორი- მაინც გამორჩეული იყო. გალანტური, ფაქიზი, იდუმალი. როგორ დახვეწილად თლიდა თხილის ტოტიდან შამფურებს, ჩაცუცქული უბერავდა ნაკვერჩხალს. თითქოს მთელი ცხოვრება ამის მეტი არაფერი უკეთებიაო. როგორ შეიძლება კაცს ასე ყველაფერი ლამაზად გამოუდიოდეს. არ ვიცი, მომეჩვენა, თუ მართლა გამორჩეული ყურადღებით მეპყრობოდა. ჩვენი სისუსტე ხომ რეალურის სასურველში არევაა. მუცოს რომ უახლოვდებოდით, ბექობზე ჯგუფს ჩამოვრჩი. ჩემი ნათხოვარი მძიმე ჩანთის გადამკიდეს, არაქათი აღარ მქონდა. უცებ წავიფორხილე, მემგონი, ქვაზე დამიცდა ფეხი. უნებლიედ შევკივლე. ეტყობა ჩემი ხმა გაიგო და მობრუნდა. შეშფოთებული სახით მომიახლოვდა, ჩემ ფეხებთან ჩაიცუცქა და წინდა ჩამიწია. უკან გადავქანდი და ჩემდაუნებურად ხელი მხარში ჩავავლე. უნებლიედ კვნესა დამცდა, მაგრამ არა ტკივილის, არამედ იმ ჟრუანტელის გამო, ტანში რომ დამიარა კოჭზე მისი თითების შეხებისას. -არაფერიაო, დამამშვიდა, მალე გაგივლისო. ბედი არ უნდა ყველაფერს. თუმცა ზურგჩანთა კი გამომართვა.
29 აპრილი, 1971
რა ამაო საქმე ყოფილა მომავლის დაგეგმვა. ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემზე 17 წლით უფროსი მამაკაცი შემიყვარდებოდა, ისიც ცოლიანი. მოსალოდნელი მოულოდნელობისათვის ყოველთვის უნდა იყო მზად. დღეს... ვაიმე დაჯერებაც მიჭირს... საკურსოები რომ დაგვიბრუნა, ის იყო, ჩანთაში უნდა ჩამედო და ფურცელი არ გადმოვარდა! მაშინვე ავიღე, მუჭში დავჭმუჭნე და სახელოში დავმალე. მეგონა, ყველა მე მომჩერებოდა. სემინარის შემდეგ ტუალეტში შევვარდი და გულისფანცქალით გავშალე. დიახ, ეს ნამდვილად მისი ხელი იყო: „თუ დრო და, რათქმა უნდა, სურვილი გექნება, შაბათს ამ მისამართზე მოდი, ორ საათზე. სერიოზული სასაუბრო მაქვს შენთან! ვიმედოვნებ, იმედგაცრუება არ მელის!” გესმით, მას ჩემი იმედი აქვს და ეშინია, არ გავუცრუო. არ ვიცი, როგორ მოვიქცე! რა მოჰყვება ამას? რა უნდა ჰქონდეს ჩემთან სალაპარაკო? თუ ეს ჩემ სწავლას ეხება, რატომ უნდა მოხდეს სადღაც ბინაზე? თუ სხვანაირი ურთიერთობა სურს, ჩემზე სიმპატიური რამდენია კურსზე, უარს რომ არაფერზე ეტყვის. არ წავიდე და, ვინ იცის, რა შანსი გავუშვა ხელიდან! ბოლობოლო, რა ქაჯობაა! ინტელიგენტია, ქუჩის ბიჭი ხომ არა. რაც მე არ მინდა, იმას თავზე ვერავინ მომახვევს.
2 ოქტომბერი, 1971.
ძლივს მივაგენი, სადღაც ვაჟაზე- ძეგლთან- ერთოთახიან ბინას. უბრალოდ იყო მოწყობილი, კაცის დაუდევრობის კვალი ეტყობოდა. ამგვარი მოუწესრიგებლობა ყოველთვის მომწონდა, რადგან ყოფით წვრილმანებზე ამაღლების დასტურად მიმაჩნდა. პატარა ადამიანები ხომ უმთავრესად პედანტობით გამოირჩევიან. გასაშლელი დივანი, წინ დაბალი მაგიდითა და ორი სავარძლით. პირდაპირ ძველი სერვანდი, ეტყობა, ძირითადი სახლის მკვიდრთაგან ათვალისწუნებული. სერვანდზე ცარიელი ბოთლები, მინის შიგნით სხვადასხვა გაუგებარი საგნები, სავსებით უადგილოდ რომ გამოიყურებოდნენ. ერთი კი გამიელვა თავში, ვინ იცის, რამდენი ჩემნაირი შტერი სტუმრებია აქაურობას ჩემამდე-მეთქი. მაგრამ არასასურველი ეჭვი მაშინვე მოვიშორე აბეზარი მწერივით. თითქოს ეს ფიქრი ამოიცნოო, მითხრა: -აქ ვმუშაობ ხოლმე, ოჯახის წევრებმა ხელი რომ არ შემიშალონო. მე მგონი, ცოლის ხსენებას ჩემს გამო მოერიდა. ყოველ შემთხვევაში, თავს შევახსენე, რომ ფრთხილად უნდა ვყოფილიყავი. დაბალ მაგიდასთან დავსხედით. ჩემი მომავალი გეგმებით დაინტერესდა. -ეგებ გაგრძელებაზე იფიქროო. ამაზე ჯერ არ მიფიქრია-მეთქი. -იფიქრე, საჩქარო არაფერია, სასურველი წამი თავის დროზე დადგებაო.- რა იგულისხმა, ვერ მივხვდი. ახლა ამგვარი ნართაულების ამოხსნის თავი ნამდვილად არ მქონდა. ცოტა დავიძაბე. ეს ხაზგასმული თავაზიანობა უფრო მაბნევდა. ბოლოს მსუბუქ თემებზე გადავინაცვლეთ. ძალიან უშუალო იყო, დაძაბულობა სულ მომეხსნა. ეს დამამახსოვრდა, ორ ადამიანს შორის უმოკლესი მანძილი უშუალობააო. წამოსვლისას გამომაცილა, კიბის ბაქანზე გამოსამშვიდობებლად გაწვდილი ჩემი პატარა ხელი თავის ვეებერთელა მტევნებში მოიქცია და რაღაცნაირი, ღიმილშერეული იდუმალებით მითხრა: მართალი მითხარი, ხომ ფიქრობდი, ჩემზე, გადამყლაპავსო? ვიგრძენი, როგორ ამიწითლდა სახე. მართლაც რა სისულელეებს ვფიქრობდი! თუმცა, ვინ იცის, ესეც რაღაც მამრული ხრიკი იყოს? ყოველ შემთხვევაში, ასეთი კონსპირაციული შეხვედრა არ უნდა განმეორდეს. ღმერთო, გაურკვევლობის ზვავმა როგორი იჭვიანი გამხადა!
7 ოქტომბერი
რა ხდება ჩემ თავს, ვერ ვხვდები. თანაკურსელი გოგოები ეჭვითა და ფარული ირონიით მიმზერენ. ეტყობა, რაღაცას ხვდებიან. რას უნდა ხვდებოდნენ? სხვებისგან რომ გამომარჩევს? ყურადღების ფოკუსში რომ ვყავარ? შური უფრო ამოძრავებთ, ვიდრე უბრალო ინტერესი. ყოველი მათგანი სიამოვნებით გაცვლიდა თავის ბედს ჩემსაზე, დარწმუნებული ვარ! ძალიანაც კარგი, გასკდნენ გულზე! მგონი სულ დავკარგე თავმოყვარეობა. სულ მინდა მას ვუსმენდე, მის სიახლოვეს ვიყო. ღმერთო!
17 ოქტომბერი
ახლაც ვერ მიმხვდარვარ, ყველაფერი ეს ნამდვილად მოხდა, თუ ჩემი აღგზნებული ფანტაზიის ნაყოფია? ფანტაზია ხომ არასასურველი რეალობის გაგრძელებაა, რეალობა კი ზოგჯერ ფანტაზიაზე არარეალური. დღეს მას შევხვდი. თვითონ დამიბარა ისევ იქ. თავიდან თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა. დივანზე ვისხედით, ვსაუბრობდით. მერე წამოდგა, ბომბონერი გახსნა. არა, მანამდე სერვანდიდან კონიაკის ბოთლი გამოიღო. ორი ჭიქა დადგა და დაასხა. -ეს სულის ფორიაქს გაუმარჯოს, შტორმის წინ რომ იცისო. დალია. არაფერი მითქვამს, ისე გამოვცალე. კიდევ ჩამოასხა. შევსვით. მესამე ჭიქაზე გავთამამდი, ინციატივა ავიღე. (ღმერთო, რა შემომიჩნდა!) -იმ იდუმალ გრძნობას გაუმარჯოს, სახელის დარქმევა რომ გეშინია-მეთქი. გამომცდელად შემომხედა. თვალი ვერ გავუსწორე. ჩემ სიცოცხლეში პირველად დავლიე სამი ჭიქა კონიაკი. თავში მსუბუქმა პეპლებმა დაიწყეს ფარფატი. -მეტი აღარ შემიძლია-მეთქი. ავდექი, შემაქანა. თვითონაც წამოდგა. -ბლუზი თუ გიყვარსო- მკითხა. არ მახსოვს, რა ვუპასუხე. უცებ შემაკრთო მის პოზაში ამოკითხულმა მტაცებლის მოუთმენლობამ. შიშის ელდამ დამიარა. მერე მაგნიტოფონი ჩართო, პატარა მაგიდა კედელთან ფეხით დაუდევრად მისწია. ბომბონერის ყუთიდან შოკოლადის კუბები იატაკზე გადმოცვივდა. შეკითხვის გამომეტყველებით მომაჩერდა. ეტყობა, რაღაც თანხმობა ამოიკითხა ჩემ სახეზე, პასუხს არ დალოდებია, წელზე ფრთხილად მომხვია ხელი და თავისკენ მსუბუქად მიბიძგა. ჩემი თეძოები ჩემდა დაუკითხავად აჰყვნენ მუსიკის რიტმს. ადგილზე ცეკვა დავიწყეთ. საკუთარ თავს ვერ ვცნობდი. მოსალოდნელი საფრთხის წინაშე შიშის ნაცვლად მასთან შეჯახების უცნაურად ჯიუტმა ჟინმა მომიცვა. მკერდზე მიმიკრა, სხეულში ცეცხლის ტალღამ დამიარა. ღმერთო, პირველად ვგრძნობდი ასეთ რამეს. არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავით ასე. მერე ხელები წელსქვემოთ ჩამიცურა, ბარძაყებზე ამომდო და დივანზე დამსვა. რაღაცას აჩქარებით მელაპარაკებოდა. ყურში მის ცხელ სუნთქვას მოყოლილი გაურკვეველი ჩურჩული საოცრად მადუნებდა. თავში მორიალე პეპლებმა წრიალს უმატეს. ჩემში აქამდე მთვლემარე უცნობი გრძნობა ვულკანის კრატერივით იღვიძებდა, თანდათან იზრდებოდა და ყოველგვარ საღ აზრს ცივი ფერფლით ფარავდა. ეს იყო მარადქალური ლტოლვა- საშიშად სასურველი საწინააღმდეგო სქესის შეცნობისა მასთან შეერთებით. ბუნდოვნად ვგრძნობდი, როგორ დამანგრეველად სასიამოვნოდ იჭრებოდა მამრული ენერგია ჩემ წიაღში, რომელიც გამომშრალი მიწის სიხარბით ისრუტავდა მას...
28 ოქტომბერი, ღამის 2 საათი
ალექსი და ნათელა -მოხვედი, ალექსი? შეჭამ რამეს? -მაცალე ცოტა ამომასუნთქე, ძაან დავიღალე. არაფრის თავი არა მაქვს. -შენც რას აკვდები მაგ სამსახურს, გიფასებდეს მაინც ვინმე. ცოტა თავსაც გაუფრთხილდი! -ეჰ, გაუფრთხილდი, კაია. ეგრე არ არის, შენ რომ გგონია. ბავშვი სად არი? -ჯერ არ მოსულა. -მერე არ კითხულობ, აქამდე სად დადის? -რა უნდა ვიკითხო, სწავლობს გოგო. -მერე, აქამდე, კაცო? -ეხლა სხვანაირი სწავლაა. ათასი სემინარები და დამატებითი კოლოკვიუმები აქვთ. შენ რო გახსოვს, ისე არ არის. -ეგ თვითონ გითხრა? -მითხრა, აბა არ მითხრა! საერთოდ, რას ამოიჩემე ეგ გოგო, იმდღევანდელისა არ იყოს! -რას ქვია- ამოვიჩემე? მამა ვარ და გული შემტკივა. -რა გაქვს სადარდებელი, ვერ ვხვდები. -რო ვერ ხვდები, მაგას ვჩივი სწორედ. არ გესმის, როგორი დროა, კაცი არ ინდობა. -რა გინდა ადამიანო, რას დასჩხავი ყვავივით! -ვერა ხედავ, რანაირი გულჩათხრობილი გახდა? მოვა შინ და მაშინვე თავის ოთახში იკეტება. გელაპარაკება და თვალებში არ გიყურებს. უსაყვედურებ რამეს და მაშინვე ცრემლით ევსება თვალები. ადრე ეგეთი გახსოვს? -ადრე პატარა იყო, ეხლაც მუხლებზე ხომ არ დაგიჯდება კისკისით! -არა, ნათელ! რაღაც ამბავია მაგის თავზე. მე მითქვია და აჰა. -ნეტა შენ ეგეთი ავი წინამასწარა არ იყო და...
ცისანა და კახა -რა გატირებს, დამშვიდდი! მოდი, ჩემთან დაჯექი. -ძალიან მეშინია! -კარგი რა, მე შენ უფრო ძლიერი მეგონე. გარწმუნებ, აზვიადებ, სინამდვილეში ყველაფერი ბევრად მარტივად ხდება. -ასე უმწეოდ და მიტოვებულად არასდროს მიგრძვნია თავი. -რას ნიშნავს- მიტოვებულად? მეტი რა ვქნა- ნაცნობთან წაგიყვან-მეთქი, ხომ გითხარი. მაგისთანა სპეციალისტი ცოტაა ქალაქში. -მერე რა იქნება? -რა უნდა იყოს, ყველაფერს გაგიკეთებს, რაც საჭიროა ასეთ შემთხვევაში. -მითხრეს, დაგვიანებულიაო. -ვინ გითხრა, კიდევ ვინმემ იცის ეს ამბავი ჩვენ გარდა? -მეგობარი მყავს, ვისაც ეს ყველაფერი გამოვლილი აქვს. ვინმესთვის ხომ უნდა გამემხილა, სხვანაირად გამისკდებოდა გული. -მერე, სად იყავი აქამდე? თუ გამოუვალი სიტუაციის შექმნა გსურდა, შენი წინადადება რომ მოგეხვია ჩემთვის? -როგორ არ გცხვენია, ამას რომ ამბობ?! -ბოლოს და ბოლოს, ორივეს მაგივრად პასუხისმგებლობას ჩემზე ხომ ვერ ავიღებ. მაზოხისტურ თვითგვემას არ ვაპირებ. -ვიცი, არც მაქვს რაიმე პრეტენზია. ჩემი გამოუცდელობისა და მინდობის ბრალია, რაც მოხდა. -ეს რას ნიშნავს? ხომ არ ფიქრობ, რომ შენი სისუსტით ვისარგებლე?! რატომ გაჩუმდი? თუ გგონია, რომ მაინცდამაინც ოჯახი უნდა დავანგრიო? ცუდად გცნობივარ. შენ ამის შეტყობა გინდა ყველაზე მეტად. დამშვიდდი, შანტაჟს არ ვაპირებ. უბრალოდ, არის ისეთი ქალური რაღაცები, კაცი რომ ვერ გაიგებს. ხანდახან მეჩვენება, რომ უკვე მის სუნთქვასაც ვგრძნობ. როგორ დავუშვა სიცოცხლის მოსპობა. -არ გინდა ეხლა ეგ სენტიმენტები, რეალურად იფიქრე! -ვინმემ რომ გაიგოს ყველაფერი, თავი მოსაკლავი გამიხდება. -საზოგადოებრივი აზრის მონობა კარგზე არაფერზე მეტყველებს. ეგეც არ იყოს, მე არაფერს დაგპირებივარ მგონი. რაც მოხდა შენი ნებით მოხდა. უნდა გაფრთხილებულიყავი. მაგაზე ვალალი არაფერს მოგვცემს. ეხლა დაწყნარდი და მოიქეცი ისე, როგორც ზრდასრულ, გონიერ ადამიანს შეეფერება! -ყველაფერი გასაგებია! -სად მიდიხარ?!...
ამონაწერი სამშობიარო ბიულეტენიდან სახელი- გიგი გვარი- გულაშვილი სქესი- მამრობითი წონა- 3 და 800 სიმაღლე- 51 სმ. დაიბადა ასფიქსიაში, რაც ფეხმძიმობის პერიოდში არასასურველი რეჟიმის ბრალი უნდა იყოს. მშობიარეს ჰქონდა გარკვეული გართულებები დეპრესიულ ფონზე. ამჟამად ორივეს ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია. გაწერილია 11 ივლისს. ქალაქი სოხუმი. 1972 წ.
ტატუაშვილების მარუსა
იმ ამბავზე რას აღარ ამბობდნენ მაშინ. ეს ქმარმა სტუდენტ გოგოსთან გააჩინა, იმან მიუგდოო, ეს ცოლის გაჩალიჩებულიაო, მაგის ნათესავებმა ჩაუწყვესო და, რა ვიცი. ხალხს ოღონდ სალაპარაკო მიეცი რამე და თავის მოგონილს თითონვე დაიჯერებს. სინამდვილეში, ჩემმა მზემ, ჩემზე კარგად არავინ იცის ეგ ამბავი. აქამდე არავისთვის მომიყოლია, იმიტომ, რომ ანგელოზ ბავშვთან იყო დაკავშირებული. მეც დედა ვარ. იმ ჩათლახი გოგოს გადამკიდე, სუ შემთხვევით რისი მოწმე გავხდი, არავინ იცის. ქრისტინაზე ვამბობ, ჩვენ ზემო სართულზე რომ ცხოვრობს ერთოთახიანში. ხოდა ასე იყო. ჩემი ლაშიკო, ჩემი ერთადერთი, უმამოდ გაზრდილი შვილი მიიჩვია. ხო იმან, იმ არგასაზრდელმა. სანამ გარეშე კაცები დაუდიოდნენ, არაფერი, ვისი რა საქმეაო- გვიმრაძეების მერიმ. მაგრამ, როცა მეზობლებზეც გადავიდა, ისიც მაგის ხელში გაზრდილებზე... დაეწვას მაგას ქალობა. მთელი კორპუსის ბიჭები მაგან დაავაჟკაცა. მოკლედ, ეგრე იყო: ჩემი ლაშიკო დაცვაში მუშაობდა მაშინ, სამ დღეში ერთხელ. ღამის სმენიდან რო ბრუნდებოდა, შევატყვე იგვიანებდა. აბა რა ჭირს მივხვდებოდი, ჯერ იმას ააკითხავდა თურმე, მერე შემოდიოდა სახლში. სამუშაო საათი გაგვიზარდესო- ამბობდა. მეც ვუჯერებდი. რა ვიცოდი, ჩემ თავზე აბუქნავებდა ის გათახსირებული. ალალად რომ ვთქვა, ის კი მიკვირდა, ეს დაღლილი ბიჭი მოსვლისთანავე აბაზანაში რატომ გარბოდა. თან ერთთავად იმას მიჩიჩინებდა, დაიძინე დედი, რას მელოდები, ძილს რატომ იკლებ, ჩემ თავს განა მე ვერ მივხედავო. ხოდა ეგრე. მერე, ერთხელაც გვიმრაძეების მერიმ გადამიკრა ლაპარაკში, შენი ლაშიკო ქრისტინას ბინიდან გამოსული ვნახე გამთენიისას, რა უნდოდა, ხო მშვიდობა გაქვთო. ეს „მშვიდობა” რაღაც არ მომეწონა, კაი გველია ეგეც, ბოლომდე არაფერს იტყვის, სულ მოიარებით ლაპარაკობს კაი დიპლომატივით. მაშინ მოვედი აზრზე.მეთქი, მაგან თუ ეგ გამიბედა, ნამდვილად არ ვაპატიებ-მეთქი (იმ კახპაზე ვამბობ, მა ვიზე). მაგისთვის გამიზრდია რაღა ჩემი ობოლი ეგრე აზიზად. ხოდა, მაშინ გადავწყვიტე, დავუდარაჯდე ჩემ შვილს, თავზე უნდა დავადგე მაგ კახპას, ანგელოზი ბიჭების გამრყვნელს, მთელი კორპუსი თავზე უნდა დავახვიო.მაგან არ იცის გიჟმარუსას ჰოპოპები.. (ქალზე ვამბობ, მა ვიზე). ველოდები, უკვე დილის ხუთი საათია. დავიღალე, ილაჯი აღარა მაქვს. როგორია ორი საათი წაკუზული იდგე და „გლაზოკზე” გქონდეს თვალი მიჭყლეტილი. ერთიც ვნახოთ, ფეხის ხმაა, ფრთხილი დინჯი. მეთქი, ყოფას გიტირებ შე კახპა. ვიღაც ამოდის, ბაქანზე ჩერდება. დგას და აღარ იძვრის. მეთქი, ცუდად ხომ არ არის, იქნება ნერვიულობს ბავშვი. ხო ვიცი, ჩემზეც ფიქრობს, გული გადამიქანდა. უფრო რო დავაკვირდი, ჩემ ბიჭს არა ჰგავს, ეს უფრო დაბალია, იმ სიცხეში რაღაც პლაშივით აქვს მოსხმული. ეგეთი არაფერი აქვს ჩემს ლაშიკოს. ვერ გაიგებ, ქალია, თუ კაცი. თანაც რაღაც მძიმე უჭირავს ხელში, ციმციმ მოათრევს. თითქოს გულზე აქ მიხუტებულიო. ერთი კი მიმოიხედა და ვატყობ, ჩვენ პირდაპირ გორდაძეების კარს მისჩერებია, არ ვიცი, წარწერას აკვირდება, თუ რაა. დავიძაბე, მეთქი, ნამდვილად გაძარცვას უპირებს, ცოტას ვუყურებ და მერე კაი ჩიტსაც დავაჭერინებ. მაგრამ უცნაურად კი ირჯება. ბოლოს დაიხარა, გეგონება, ფეხსაწმენდ ტილოზე რაღაცას ეძებსო, ქვემოთ ვერა ვხედავ. ალბათ, გასაღებს ეძებს-მეთქი. ის კი ეგრევე გასწორდა, შემობრუნდა და გაჩქარებით დაუყვა კიბეებს. ერთი სული მაქვს, როდის გათენდება. არ მინდა გავიდე, ვინ იცის, ლაშიკოს გადავეყარო. არ მინდა, მაინც ინერვიულოს ბავშვმა. დავიძინე. ცხრა საათი იქნებოდა, რო ატყდა ერთი ვაი-უშველებელი. თურმე გორდაძეების ანიკო გამოსულა, გასტრონომიდან მაწონის ამოტანას აპირებდა და გული კინაღამ გასკდომია, კარის წინ ჩვრებში გახვეული არ დაუნახავს. მაგისი ბეცი, პროფესორი ქმარი მივლინებაში ყოფილა. სახლში შეუყვანია და მილიციაში დაურეკავს. იქ რა მოხდა, არ ვიცი,რა მოილაპარაკეს. აბა მაგას ვინ გამოიტანდა. ბევრმა აიქაფა პირი, ზოგმა ისე, ზოგმა ასეო, მაგრამ მალევე ჩაწყნარდნენ. სამ თვეში კიდევაც გადავიდნენ აქედან. ალბათ, ხალხის მითქმა-მოთქმას აარიდეს თავი. ლაშიკო? ენაცვალოს დედა, თვითონ გამომიტყდა ყველაფერში და ბოდიშიც მომიხადა. იმის მერე სათოფეზე არ გაჰკარებია, ხო ვიცი. ჩემი ბიჭი მე არ მომატყუებს. იმან შეაცდინა, იმ ქვეყნის ნათრევმა, თორემ ეგ მაგის გამკეთებელი არ იყო, ეგრე არა მყავს გაზრდილი.
დავითი ძვირფასო ანიკო, მივიღე შენი ბარათი. უნდა გამოგიტყდე, აქამდე გონს ვერ მოვსულვარ. ვის უნდა ექნა ეს? მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე გადაწყვეტილება ორივემ ერთად მივიღეთ, მაინც შევშფოთდი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასე მოეწყობოდა ყველაფერი. ასეთ დროს ხვდები, რა უძლურია ადამიანი განგების ხლართებში გაერკვეს. ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო. ეს მივლინებაც რა უდროოდ გამომეჩხირა. ახლა მარტოს მოგიწევს ყველაფრის მოგვარება. უსათუოდ მიმართე მილიციას. ხომ იცი, ეს აუცილებელია. მერე რაიმე გართულება რომ არ მოჰყვეს. ბავშვის სახვევები და ყველაფერი შეინახე, არ გადაყარო. გაოგნებული ვარ, როგორ მოახერხეს, რომ დამნახავი ვერავინ აღმოჩნდა? ან იქნებ, იყოს კიდეც და თავს არ ამჟღავნებს. არ ვიცი, არ ვიცი! ერთი კი უეჭველია, ვინც უნდა ყოფილიყო, ჩვენი ოჯახის პრობლემები კარგად სცოდნია. მოკლედ, მივიღოთ ყოველივე, როგორც ღვთის საბოძვარი. იმის გარკვევას, რაც ჩვენ ძალებს აღემატება, ხშირად უფრო სავალალო შედეგები მოაქვს. ექიმს ხომ გაასინჯე? ორ დღეში ეს სიმპოზიუმიც დასრულდება და გადმოვფრინდები. შენთვის პოლონური „ეკრანის” მთელი კომპლექტი ჩამომაქვს. ის ჩეხური ლარნაკი ვერსად ვნახე, აქაურებსაც ვკითხე. შენ თავს ვფიცავ! აბა, შენ იცი, რა ტვირთიც იტვირთე, ამის შეხსენება არ გჭირდება. ბავშვი როგორ გამოიყურება, ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ. გკოცნი! შენი დათუნა
აღმზრდელი ნატო და ქალბატონი გენრიეტა -მაგას რატომ ამბობთ, ქალბატონო გენრიეტა! თქვენთვის რა უნდა მეთქვა, როცა თვითონაც ვერაფერში გავრკვეულვარ. პირველად რომ შევნიშნე, ვიღაც შემთხვევითი გამვლელი მეგონა. მე ვთქვი, უბრალოდ ეზოში იყურება-თქო. როცა სისტემატური გახდა, მაშინღა დავეჭვდი. -მანიაკი ხომ არ უნდა იყოს? -ვერ გეტყვით, უკვე მესამედ შევამჩნიეთ. შუადღისას, როცა ბავშვები ჩვეულებრივ ეზოში სათამაშოდ გამოგვყავს, მაშინ ჩნდება. ეტყობა, ამ დროს არჩევს. ღობის ღრიჭოებიდან უთვალთვალებს. ახალგაზრდა ქალი უნდა იყოს. -საიდან იცი, რომ მაინცდამაინც ქალია? -ღიობებში ტანსაცმელი მოუჩანს. -მერე ვერ გამოელაპარაკეთ? -როგორც კი ხვდება, რომ შევამჩნიეთ, გარბის. -ინტრიგანი იქნება ვინმე, ან მოგზავნილი. ჩემი ბედის ამბავი რომ ვიცი! =-არა მგონია, ისეთი გაუბედურებული ჩანს. თხელი გოგოა, მოკლედ შეკრეჭილი თმით. -ეგენი ყოველთვის საცოდავად გამოიყურებიან. -რა ვიცი, კიდევ დავაკვირდებით! -რას ნიშნავს- დავაკვირდებით? როგორ მშვიდად ლაპარაკობ, ნატო! თქვენ გაზეთებს არ კითხულობთ? არ იცით, ბავშვების ორგანოებით ვაჭრობის როგორი ბუმია მსოფლიოში? რამდენი ფაქტია შემჩნეული, ბავშვების გატაცების. საიდუმლო ორგანიზაციები რას არ ჩადიან. თქვენ კიდე მ-მ-მ... გადამრევთ თქვენ მე, გადამრევთ! ძლივს დავალაგე აქაურობა, რასაც გავდა, კარგად იცი. ახლა ხმაური და პარტკონტროლი მინდა მე?! როგორც კი დაინახავ, მაშინვე დამიძახე! ბოლოსდაბოლოს სათანადო ორგანოები ხომ არსებობენ ამ ქვეყანაში!
ანიკო გისმენ! ელენე, შენა ხარ? კარგად, ჩემო კარგო, თავად როგორ გიკითხო? ძალიან კარგი!.. რა ვიცი, ჩვენი ამბავი ხომ მოგეხსენება, დიდ გაწამაწიაში ვართ. დათუნა სულ თავის საქმეებს არის გადაყოლილი, მაგას ეხლა რაღა გამოასწორებს. მე მიხდება ყველაფრის მოგვარება. ცალკე ბავშვი, ცალკე ბაზარი და ასე, თავადაც მოგეხსენება... ბატონო? კი, ძიძა ავიყვანეთ. უკვე ორი თვეა. ან აქამდე რას ვუცდიდი. იმან გააცილა პირველად სკოლაში. მშვენიერი გოგოა, ახალგაზრდა. ყველაფერი გამოუდის ხელიდან, რაც მთავარია, ბავშვის აღზრდაში ბოლომდე ვენდობი. არაფერი ეშლება. ის კი არა, მგონი ჩემზე მეტადაც ზრუნავს. ამასწინად, ცოტა სიცხე მისცა ირაკლის. ლოგინში ჩავაწვინე. მაინც ხომ იცი, წამალი მივეცი. ისიც თავთით უზის.. უცბად ხელებს იფარებს სახეზე. დავაკვირდი და ცრემლები არ ჩამოსდის ღაპა-ღუპით... საიდან და, მეზობელი რომ გვყავს- ლოლა- იცი შენ, იმან გვირჩია, ღმერთი გაახარებს!იკასაც ძალიან უყვარს. სულ კუდში დასდევენ ერთმანეთს. აბა კარგად, მომიკითხე შალვა! უთხარი გორდაძეებს ბინის მისამართი არ შეუცვლიათ-თქო... ვიცი, ვიცი, როგორ არ ვიცი. ყოველთვის რომ გახსოვართ. რაც მაგას და დათუნას წლები აკავშირებს... აბა კარგად!
საშინაო დავალება „ჩემი ოჯახი”
მე მქვია ირაკლი, ვარ რვა შლის. მყავს მამა და დედა. მამაჩემი სახლში გვიან მოდის, სულ მუშაობს, ოღონდ კი არ ხერხავს, ან თხრის, წიგნებს კითხულობს და იქიდან რაღაცებს იწერს საბეჭდ მანქანაზე. ალბათ, კლოსსაც ვერ მოერევა. იმიტომ, რომ ის მეცნიერია. მეცნიერები კი ჭკვიანები არიან და არა ღონიერები. დედაჩემი დიასაძლისია, ე. ი. სულ სახლშია, სადილებს აკეთებს და საჭმელების რეცეფტებს იშერს რვეულში. მაგრამ სულ ეწვება ხოლმე. ერთხელ მითხრა, შენ დაბადებამდე ექიმად ვმუშაობდიო. მაგრამ მე არასდროს მინახავს დედიკო ექიმის თეთრ ხალათში. მე ხალიან მიყვარს ჩემი დედიკო და მამიკო. კლასში ჩემი ყველაზე მაგარი მეგობარია თემური. ის კლასში ყველაზე ძლიერია და მასწავლებლების არ ეშინია. ამიტომ დედამისს ხშირად იბარებს მარინა მასწავლებელი. თემურის მამა მილიციაში მუშაობს და ნამდვილ რევოლვერს ატარებს. მე და თემურიმ ხელი გავიჭერით, საიდუმლო ფიცი დავდეთ და ხმადნაფიცები გავხდით. კიდევ მყავს მეგობარი ირმა, რომელიც ჩემ მერხზე ზის, ხუთოსანი. მაგრამ არაფერს არ მაწერინებს. იმიტომ, რომ ის ჩემი შეყვარებული არ არის. გოგოებთან მეგობრობა არ მჭირდება, იმიტომ რომ ყველა გოგო მეტიჩარაა. ირმას ყოველდღე აცილებს სკოლაში დედამისი- მზია დეიდა. მზია დეიდა ლამაზი და აძალგაზრდაა. მეც მინდა ჩემი დედიკოც ასეთი ახალგაზრდა იყოს და არასდროს მოკვდეს. როცა კლასში მოდის, ბავშვებს ჩემი ბებო ჰგონიათ. კიდევ მყავს ციცო. ის ჩემი ძიძაა. ე. ი. დედასავით მექცევა, ოღონდ ეს იმისი სამსახურია, ე. ი. ფულს უხდიან. მე ძალიან მიყვარს ციცო. მაგრამ როცა მარტო ვრჩებით, ის გულში მიხუტებს და ტირის. მე არ ვიცოდი, რომ დიდებიც არიან მტირალები. მე რომ ნატვრისთვალი მქონდეს, ჩემ მწობლებს ახალგაზრდად გადავაქცევდი, ციცოს სულ მხიარულად. ი. გორდაძე- 2 II კლასის მოსწავლე
მარიამ ცხადაძე- 7 II კლასის დამრიგებელი
გორდაძე ირაკლი, დავითის ძე (დახასიათება)
ნორმალური განვითარების მოზარდი. ხასიათი- იმპულსური. გადაწყვეტილებებს იღებს ემოციურ ფონზე. მოსწრება- ნორმალური, უპირატესობას ანიჭებს ტექნიკურ საგნებს. ნორმალური ფიზიკური განვითარებისაა უყვარს ფიზკულტურა. პატივმოყვარე, ლიდერობისაკენ მიდრეკილი. მძიმედ განიცდის მარცხს. გოგონებთან ურთიერთობას გაურბის, მაგრამ ეს უფრო მათდამი ინტერესის უკურეაქცია მგონია. აქვს კომპლექსი მშობლების გამო. რაღაც გაურკვეველი ეჭვები აწუხებს, თუმცა ეს მის ასაკში საგანგაშო არ არის. აქვს პრობლემა კომუნიკაბელობასთან, ხშირად უნდობლობით ეკიდება თანაკლასელებს. საჭიროებს ფსიქოლოგის ჩარევას.
თამუნა თვითონაც არ ვიცი,ვისთვის ვწერ ამ წერილებს. ის კი ნამდვილად ვიცი, ყველაზე ნაკლებად შენთვის. მათი ადრესატი შენ კი არა, შენი ორეულია, ჩემდაუნებურად რომ შევთხზე. იქნებ, სიყვარულიც საკუთარი გამოგონილის ამოჩემებაა და სხვა არაფერი. არ ვიცი! ანდა ახლა ამის გარკვევას რა აზრი აქვს.
წერილი 1
მერვე კლასში ვიყავი, სკოლა რომ შევიცვალე. თქვენი სკოლა რატომღაც უფრო პრესტიჟულად ითვლებოდა. მშობლებმა ჩათვალეს, რომ ჩემი მომავალი ატესტატისთვის ეს უფრო სასარგებლო იქნებოდა. ასე მოვხვდი თქვენ კლასში. გამიჭირდა უცხო გარემოსთან შეგუება, კომუნიკაციასთან პრობლემა მანამდეც მქონდა. არც ახალმა კლასმა მიმიღო მაინცდამაინც გულღიად. სიახლეს ხომ ყოველთვის ახლავს რაღაც დისკომფორტი. ეჭვით უყურებდნენ ჩემ ფრიადოსნურ მოწადინებას. ეტყობა, მეც კაი მუდო ვიყავი. შენ კლასში აღიარებული ლიდერი იყავი და, მივხვდი შენი ყურადღების მოპოვება ჩემ დამკვიდრებას მოასწავებდა. დამიჯერე, ჩემი პირველი ინტერესი შენდამი ნამდვილად ამ სურვილს არ სცილდებოდა. ის- სხვა მერე დაიწყო, უფრო გვიან. თინეიჯერი გოგოს გაუცნობიერებელ ქალურ ალღოს მინდობილი შევეცადე მიზნის მიღწევას. (ღმერთო, რა სასაცილო ვიყავი!). ხაზგასმულად გულითადი გავხდი. წერითი დავალებების გადაწერას განგებ გთხოვდი, ჩემ თემებს გთავაზობდი. მოკლედ ათას რამეს ვიგონებდი შენი ყურადღების მოსაპოვებლად. თუმცა სულ ამაოდ. ახლა ვხვდები, როგორ მომაბეზრებლად სულელურად გამოვიყურებოდი. მაშინ რა ვიცოდი, მიძალებული ლუკმა რომ აფრთხობს მამაკაცთა მოდგმას. რომ ბიჭისთვის თავის მოწონებას ბევრად განსხვავებული ხერხები სჭირდება. მოჩვენებითი გულგრილობა, დისტანციის დაჭერა და ეჭვიანობის გამოწვევა. შესაძლოა, არც ეს ყოფილიყო საკმარისი. შენ ხომ გოგოები ნაკლებად გაინტერესებდა. გვიან, როცა ქალური ინსტინქტებით აღვიჭურვე, მივხვდი, უფრო გეშინოდა მათი. ეტყობა, ცუდად ვინიღბებოდი. ჩვენ შემხედვარე თანაკლასელ გოგოებს სახეზე მრავალმნიშვნელოვანი ღიმილი გადაურბენდათ ხოლმე. ბიჭებიც ფარული დაცინვით გვიყურებდნენ. ამან სულ გადაგრია, სათოფეზეც აღარ მეკარებოდი. ამით ჩემი თინეიჯერულ-ქალური თავმოყვარეობა გააღიზიანე, გამომწვევად აგრესიული გავხდი, რითაც ჩემდაუნებურად ხელები გაგიხსენი, შენც უცერემონიოდ უხეში გამხდარიყავი ჩემ მიმართ. ყოველი ასეთი უხეშობის გამოვლინების შემდეგ სახლში, ჩემ ოთახში ვიკეტებოდი და ჩუმად ვტიროდი.
წერილი 2
ერთი ეპიზოდი განსაკუთრებით ჩარჩა ჩემი მოგონებების ფსკერზე. ყოველწლიურად სკოლიდან ლაშქრობებზე დავყავდით ქალაქგარეთ. ერთერთ მორიგ სასკოლო ლაშქრობაზე ასეთი გეგმა მოვიფიქრე: განგებ მოვშალე ზურგჩანთის თასმის საკეტი. დაგიძახე, როგორც აღიარებულ ჩხირკედელას და ვითომ იძულებითი დახმარება გთხოვე. ხის მყუდროში მივდექით. უფრო შეწუხებული სახე მივიღე, ვიდრე სინამდვილეში ვიყავი. მინდოდა გეგრძნო, შენს იმედად რომ ვიყავი დარჩენილი. დიდხანს ეწვალე, შუბლი ცვარმა დაგინამა. არ ვიცი, თავმოყვარეობის შედეგი იყო თუ არასასურველი საქმის თავსმოხვევისა. უსიტყვოდ ვიდექი, არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა. ასე განმარტოებით და ახლოს არასდროს ვყოფილვართ ერთმანეთთან. ბოლოს რაღაც გამოგივიდა. ველოდი, რომ ჩანთას ჩამომართმევდი, ან საიმედოს მეტყოდი რამეს. ამის მაგივრად დამიბრუნე ისე, რომ ზედ არ შემოგიხედავს და მომიგდე- არა მგონია დიდხანს გაძლოსო. სწრაფად, თითქოს ჩემგან თავდაღწევას ჩქარობდიო, წამოეწიე ბიჭების ჯგუფს. ცრემლი მომერია. ახლაც მწარედ მახსოვს იმ ხის უცნაურად დაშვებული, თითქოს დამცინავი ტოტები.
წერილი 3
იუგოსლავიაში რომ წაგიყვანეს შეჯიბრზე, მაშინ მივხვდი, როგორ მიჭირდა უშენოდ, თუნდაც იმ ფარული დაძაბულობის გარეშე. მზად ვიყავი, ყველაფერი მეპატიებია შენთვის. გაზეთიდან ფოტო ამოვჭერი, თქვენი გუნდი რომ იყო გადაღებული. ყველაფერი ძვირფასი გამხდარიყო, რაც შენ სახელთან იყო დაკავშირებული. ალბათ, ამიტომ მივიღე გიჟური გადაწყვეტილება, შენ ბინაზე ავსულიყავი, შენი პირადი ნივთებისთვის შემევლო თვალი თუნდაც წამიერად. ვიდრე გულაჩქროლებული ზარის ღილაკს დავაწვებოდი, გავიფიქრე, ხომ არ გავქცეულიყავი, მაგრამ უკვე გვიან იყო. ახალგაზრდა ქალმა გამიღო, სახლში არ არიანო. ვითომ არ ვიცოდი, შეწუხებული სახე მივიღე. მაინც შემიპატიჟა. რა თქმა უნდა, უარი არ მითქვამს. ყავა მომიდუღა. ბედნიერად ვგრძნობდი თავს შენ გარემოში, შენი საყვარელი ფეხბურთელების პლაკატებსა და დაუდევრად მიმოყრილ წიგნებს შორის. დანაშაულის გრძნობა არ მტოვებდა, როგორც შენ სამყაროში ქურდულად შემოჭრილს. მომეჩვენა, რომ იმ ქალმა, რომლისთვისაც სკოლაში რამდენჯერმე მომეკრა თვალი, რაღაც იცოდა ჩემ შესახებ. ინტერესით და თანაგრძნობით მისმენდა. აშკარად მოვეწონე. როგორც შეთქმულებს, რაღაც საერთო გვაკავშირებდა, რასაც არცერთი ვახსენებდით. შენზე სიტყვა არ დაგვიძრავს, თუმცა საკმაოდ ვილაპარაკეთ. უსიტყვოდ შევთანხმდით, ჩვენი შეხვედრის შესახებ არ უნდა გაგეგო. ავდექი, წასასვლელად მოვემზადე. გამომაცილა. დამშვიდობებისას, კიბის ბაქანზე შეყოვნებულს თვალებში შემომხედა და მითხრა: ირაკლი ცუდი ბიჭი არ არის. უბრალოდ, თქვენ ასაკში ბიჭებს, გოგონებისგან განსხვავებით, ესირცხვილებათ რჩეულის მიმართ გრძნობების გამომჟღავნებაო. ჩვენ მათზე შემწყნარებლები უნდა ვიყოთ, ესაა ჩვენი ხვედრიო. შეთქმულივით გამიღიმა. მაშინ ვერ მივხვდი, მხოლოდ გვიან გავაცნობიერე, რისი თქმაც სურდა.
წერილი 4
მეათე კლასში ვიყავი, პოლონეთში რომ გამაგზავნეს ორთვიან კურსებზე, როგორც წარჩინებული. მაშინ ასეთი რამ იშვიათად ხდებოდა. მანამდე დედის კალთას გამოკერებული სრულიად მარტო უჩვეულო გარემოში აღმოვჩნდი. დაბრკოლებები ხომ ყოველთვის გვეხმარება ჩვენი თავის აღმოჩენაში. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ გადავაფასე. ბევრ რამეზე მომიხდა შეხედულების შეცვლა. შევიცვალე იმიჯიც. იქ გავიგე დამოუკიდებლად ცხოვრების ნამდვილი ფასი. განვიძარცვე ფუჭი ჭარბმგრძნობელობისაგან.
იქიდან დაბრუნებულს და ამგვარად შეცვლილს კლასიც სხვანაირად შეცვლილი დამიხვდა.ჩემდამი ფარული ათვალისწუნება უხერხულ მოწიწებას შეეცვალა. გოგოები ინტერესით მეკიდებოდნენ, ბიჭები თავის მოწონებას ცდილობდნენ. შენში მესაკუთრის პატივმოყვარეობამ გაიღვიძა. მზერაც გამჭოლი და მამაკაცური გაგიხდა, თითქოს თავიდან აღმოგეჩინე. მაგრამ ამაში გამოტყდომას ჯიუტად არ აპირებდი. როლები გავცვალეთ. ახლა შენ იგონებდი რაღაც-რაღაცებს, ჩემი ყურადღების მისაპყრობად. ყველაზე მარტივ ბიჭურ ხერხს მიმართე- ძალის დემონსტრირება დაიწყე. ქუჩური ჩხუბები ყოველდღიურ საქმედ გექცა. ვერ ხვდებოდი, რომ შენი ეს მოწადინება სასაცილოს გხდიდა ჩემ თვალში. ძალიან ბავშვურად გამოიყურებოდი. მანძილი ჩვენ შორის საოცრად გაზრდილიყო. ჩემ იმედგაცრუებისთვის შურისძიების დრო დამიდგა. ვხედავდი, როგორ ნერვიულობდი. არ გეგონოს, ვზეიმობდი, თანაგიგრძნობდი კიდეც, მაგრამ ეს უფროსის მიმტევებელი თანაგრძნობა იყო. ვერ შევძელი დავიწყება იმისა, რომ ჩემი გულწრფელი გრძნობა ვერ დააფასე. არა, ნიშნს როდი გიგებ, შენ ყოველთვის დარჩები ჩემი თინეიჯერული გატაცების სევდიან მოგონებად და სხვა არაფერი. ამაზე მეტს ნუ მომთხოვ! სკოლის დასრულებასთან ერთად ჩემი სასკოლო განცდებიც გავაყოლე დროის მდინარებას. მშვიდობით! ალბათ გაიგებდი, უცხოეთში მივემგზავრები სწავლის გასაგრძელებლად. სადღაც წამიკითხავს- შორიდან შიშველი კლდეც კი ლამაზად მოსჩანსო. დაველოდოთ!
პ.ს. თაიგული, შენ რომ გამომიგზავნე დაბადების დღეზე,, დიდიხანია დაჭკნა.
დასასრული იქნება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მომეწონა კარგი იყო, ხშირად ხდებოდა ასეთი ამბები, განსაკუთრებით ლექტორები მიამიტებზე ნადირობდნენ, ცხოვრება შეცდომებით სავსეა, ტატუაშვილილების მარუსას- შემდეგ ნაკლებად საინტერესო ... მომეწონა კარგი იყო, ხშირად ხდებოდა ასეთი ამბები, განსაკუთრებით ლექტორები მიამიტებზე ნადირობდნენ, ცხოვრება შეცდომებით სავსეა, ტატუაშვილილების მარუსას- შემდეგ ნაკლებად საინტერესო ...
1. ადამიანური ვნებები და ცხოვრებისეული ორომტრიალი. „ტრიალებს, ტრიალებს, ბედის ბორბალი ტრიალებს ....“
ადამიანური ვნებები და ცხოვრებისეული ორომტრიალი. „ტრიალებს, ტრიალებს, ბედის ბორბალი ტრიალებს ....“
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|