*** -გეტა, სტუმრები გვყავს. წერას დროებით რომ მოწყდე და სადილად შემოგვიერთდე, არ გინდა?- მოხუცმა დედამ კარი შეაღო და ლეპტოპთან მომუშავე შვილს ვედრებით შეხედა. -ნანიკო, არ მინდა, აზრი გამიწყდეს, მერე ვეღარ აღვიდგენ, დამავიწყდება. დავამთავრებ და გამოვალ. -გელოდებით, -დაბალი ხმით წარმოთქვა და ფეხაკრეფით გავიდა. -ნაწარმოებს ცოტა ხალისი და მეტი ინტრიგა უნდა შევძინო. ამდენი სევდიანი და მონოტონური ამბებით მკითხველი დაიღლება,- ზედა ტუჩთან საჩვენებელი თითი დაიდო და თვალები დააწვრილა. აზრებით ისევ გმირებთან იყო და აღარ უნდოდა, განვითარებულ მოვლენებს მოსწყვეტოდა. შემდეგ ჩანაფიქრი კიდევ უფრო მეტი ხელოვნებით დახვეწა და ისევ კლავიატურა ააწკაპუნა:
ღამე უცნობ მამაკაცზე ფიქრში დაათენდა. უძინარმა სმენა გადაცვალა და უნივერსიტეტში წასასვლელად მოემზადა. ქუჩაში გასულმა მორიგი შეტყობინება მიიღო: -„მთელი ღამის უძინარიც ძალიან ლამაზი ხარ!“ -იქნებ მახინჯი და იდიოტია? მე კი მასზე ფიქრში სულ ტყუილად ვცდები. რას მეთამაშება, ვიღაცაა?!- განერვიულებულმა ჩაილაპარაკა, მერე თვალი უცბად მოავლო ახლო-მახლო მყოფ ხალხს და საეჭვო რომ ვერავინ შენიშნა, გაჩერებაზე ახლადმოსულ ავტობუსში სწრაფად ავიდა. დაღლილობამ თავისი ქნა, ფანჯრის მინას ლოყა მიადო და ავტობუსის სიარულსა და ჯაყჯაყში ქუთუთოები ისე დაუმძიმდა, თვალები მისდა უნებურად დაეხუჭა და ჩასთვლიმა. როცა გაიღვიძა, ერთი გაჩერების შემდეგ უწევდა ჩასვლა: -მადლობა, ღმერთს, არ გავცდი,-ამოისუნთქა, მუხლებზე დადებული ჩანთა წინასწარ, მხარზე გადაიკიდა და ჩასასვლელად მოემზადა. რამდენიმეწუთიანმა ძილმა ცოტაოდენი ენერგია მისცა, რომ ლექტორებისთვის მოესმინა. ლექციების დასრულების შემდეგ მეგობარი გოგონა შეუჩნდა, მაღაზიებში გავიაროთო. -კუსა, ხვალ იყოს რა. დღეს ვერ შევძლებ, სიარულის თავი არ მაქვს,- მოიმიზეზა თეკლამ. -სულ ჩამოგვშორდი სადაქალოს. აღარ გინდა ჩვენთან ყოფნა. ეტყობა, სხვა, ჩვენზე უკეთესი მეგობრები გაიჩინე. -ასე ნუ ამბობ, გთხოვ. -აბა, რა დავარქვა შენ საქციელს? -დრო მომეცით, გადამივლის, სულ ასე ხომ არ იქნება? ბოლო დროს ძალიან ბევრი რამ მოხდა და ალბათ, სტრესის ბრალია, რაც მჭირს. -ჰოდა, რისთვის ვართ მეგობრები? მითხარი, რა დაგემართა? - ოჯახური ტრაგედია, სამსახურში თეთრად გატარებული ღამეები, პლუს ამას ზოგიერთი უხეში კლიენტი და მათი პრეტენზიები, სწავლა... მეტი რაღა გინდა? ცოცხალი რომ ვარ, ის უფრო მიკვირს, ვიდრე ჩემი მდგომარეობა. -მიდი ფსიქოლოგთან, იქნებ ისე გაგიმართლოს, ვიღაც სიმპათიური ტიპიც ააგდო,-ეშმაკურად ჩაეცინა კუსას. -კარგი რა, რა დროს ღადაობაა? -ჰო, კარგი, მაპატიე. -მოკლედ, დღეს როგორმე გამიგე და გპირდები, აუცილებლად გამოვასწორებ სიტუაციას და ისევ დაგიბრუნდებით. გოგოები მომიკითხე, გადაეცი, რომ ძალიან მომენატრნენ. -ვიფიქრე, გავისეირნებდით, ყავას დავლევდით, ცოტას ვიჭორავებდით. იმდენი ამბავი დამიგროვდა გიგიზე, მინდოდა, გული გადამეშალა. -სხვა დროს იყოს, ახლა უნდა გავიქცე და არ გეწყინოს. -რადგან ასე გინდა, რა გაეწყობა? წადი,- მეგობარმა ნაძალადევად გაუღიმა და ზურგი შეაქცია. მარტოდ დარჩენილი თეკლა სტუდენტებით გადაჭედილ ეზოს გაეცალა და სახლისკენ წავიდა. უკვე სადარბაზოს კიბეებზე ადიოდა, როდესაც ტელეფონმა კვლავ დაიწკარუნა: -ახლა ამან ასე უნდა მიშალოს ნერვები? -თვალები აატრიალა და ეკრანს დახედა, მაგრამ შეტყობინება ანდროსგან იყო მისული: -„თეკლა, მე სამსახურში წავედი. მაცივარში სოფლიდან გამოგზავნილი ნობათია. იქნებ მოიცალო და ვახშამი გააკეთო. თუ რამე დაგჭირდეს, მომწერე და საღამოს წამოვიღებ.“ უღიმღამოდ წაიკითხა და ბინის კარი გააღო. წყალი გადაივლო და საწოლზე პირქვე დაემხო. რამდენიმე საათში შიმშილის გრძნობამ გააღვიძა. თვალები უხალისოდ გაახილა და საათს დახედა. საღამოს რვა საათი დაწყებულიყო. სამზარეულოსკენ წალასლასდა და მაცივარში შეიხედა: -ოჰო! სახე გაებადრა. გაუხარდა დედის ხელით ამოყვანილი ყველი რომ დაინახა. ერთი ნაჭერი მოიჭრა და თონის პურთან ერთად გემრიელად შეექცა. თვალებიდან რომ გამოიხედა, ქათმის ხორცს დაავლო ხელი და საჭმლის მომზადებას შეუდგა. ამასობაში, კარზე გასაღებმა გაიჩხაკუნა და ანდროც გამოჩნდა: -აუ, თეკლა. შენ ახლა იწყებ? მე კი მეგონა, უკვე მზად გექნებოდა. -თუ მომეხმარები, უფრო ჩქარა გამზადდება. -აქამდე რას აკეთებდი? -მეძინა. -ჰმ! -რა ჰმ?-შეუბღვირა თეკლამ. -არაფერი,-ხელები გაუშალა ბიჭმა და თავისთვის ჩაეცინა. მაცივრის თავზე დადებულმა ტელეფონმა ისევ დაიწკარუნა. საქმეში გართულმა გოგონამ წყლის ხმაში ვერაფერი გაიგო. ანდროს ცნობისმოყვარეობამ სძლია და ეკრანზე გამოტანილი ტექსტი წაიკითხა: -„რა გაძლებს უშენოდ ხვალ საღამომდე? მენატრები...“ ბიჭს სახე შეეცვალა, ბიძაშვილს სერიოზული სახით გახედა და ტელეფონის ეკრანი თვალწინ ააფარა: -ასე მუშაობ, არა? თეკლა შეკრთა და ტანში გასცრა. ხორცი და დანა ხელიდან გაუშვა და ტელეფონი გამოსტაცა. -რას ნიშნავს ეს შეტყობინება?-მკაცრი ხმით ჰკითხა ბიჭმა. -მე არ ვიცი ეს ვინ არის. გუშინ და დღეს დაფარული ნომრიდან მწერს. -გახსენი და მაჩვენი დანარჩენი შეტყობინებები,-ბრძანების კილო იგრძნობოდა ბიძაშვილის ხმაში. დაბნეულმა და სახეაწითლებულმა დანარჩენი ტექსტებიც წააკითხა. ანდრომ კითხვა დაასრულა და წარბი აზიდა: -ესენი ისეთი შინაარსის წერილებია, სავარაუდოდ უნდა იცნობდე. -გეფიცები, არ ვიცი ვინ არის,-თვალები დაუპატარავდა აღელვებულ გოგონას. -თეკლა, იცოდე, თუ რამეს მიმალავ... -არაფერს გიმალავ. არ ვიცნობ-მეთქი, რატომ არ გჯერა? -აბა, რას ნიშნავს ასეთი თავისუფალი შინაარსის წერილები? მაგას თავი ვინ ჰგონია?! გოგონა აკანკალდა. ბიძაშვილისთვის აღარ უთქვამს, რომ შეტყობინებების ავტორისგან საჩუქარიც მიიღო. მდუმარედ იდგა. -გაფრთხილებ. მისი წერილები არ მომწონს და იდაყვებზე კბენა მერე გვიანი არ იყოს! -არაფერია სანერვიულო,-თეკლამ ძლივს ამოთქვა და თვალები დახარა. ბიჭს ხასიათი წაუხდა და სამზარეულოდან გავიდა. რამდენიმე ხანში მისაღებ ოთახში, დივანზე მწოლიარე ანდროს მიაკითხა და ფრთხილად დაადო ხელი მხარზე: -ანდრო, ჩახოხბილი მზად არის. გამოდი, ერთად ვივახშმოთ. -არ მინდა,-მოკლედ უთხრა და მხარი შეარხია, თითქოს აგრძნობინა, რომ არ სიამოვნებდა მისი შეხება. -უაზროდ მიწყრები, მართლა არ ვიმსახურებ. -რაც გინდა ის ქენი. ჩემი სათქმელი უკვე გითხარი. -გადმობრუნდი და შემომხედე, არ შემიძლია, ასე საუბარი. ანდრო თეკლასკენ გადაბრუნდა: -გისმენ. დაგრჩა რამე სათქმელი? -იმ საკითხზე არაფერი და საჭმელზე კი, - ცივდება. -არ მინდა-თქო, ხომ გითხარი? -წეღან ძალიან გშიოდა და ახლა რა დაგემართა? -წადი, შენ თავს მიხედე, ჩემზე ნუ დარდობ,-უთხრა და მისთვის რომ აღარ შეეხედა, ხელში მობილური აიღო და თამაში დაიწყო. -კარგი, ჩემთან საუბარი არ გინდა, გასაგებია,-ნაწყენმა დატოვა და აღარც თვითონ უჭამია, თავის ოთახში შეიკეტა.
*** ლეპტოპთან გატარებულმა საათებმა თვალები ისე გადაუღალეს, წვაც კი იგრძნო. თითებით მოისრისა და საძინებლიდან სტუმრებთან შესახვედრად გავიდა. -ამას ვის ვხედავ? გეტა, ჩემო საყვარელო, როგორ ხარ?- წამოდგა ყავის წრუპვით და ჭორაობით გართული ნათლია. -კარგად, დალი ნათლია. თქვენ როგორ ხართ?-თავადაც მიესალმა მორთულ-მოკაზმულ, ქუსლებზე შემდგარ, თავმომწონე, ინტელიგენტ ქალბატონს, რომელიც თავის დროზე ქალაქის საუკეთესო ქირურგი და სამედიცინო ინსტიტუტის დამსახურებული პროფესორი გახლდათ, შემდეგ მეორე სტუმრის მოსაკითხად, ასევე წარმოსადეგ ქალბატონთან, კომპოზიტორ მზია წულეისკირთან გადაინაცვლა: -თქვენ როგორ გიკითხოთ? -კარგად ვარ, მადლობა, შვილო, -გაუღიმა და საუბარი გააგრძელა: -ჰოდა, რას გეუბნებოდით, გოგოებო. ესე იგი, ამ ჩემმა მოზვინულმა ქმარმა რომ დაითრია ეს ხმელი კაცი თავის ნავარჯიშევი მკლავებით, სულ თავბედი აწყევლინა იმ საცოდავს. -Ну, вот и настоящий мужик! -ტაში დაუკრა დალიმ. გეტამ დედამისს გადახედა და ისიც აღფრთოვანებული, თავის კანტურით ეთანხმებოდა მეგობარს: -მასე მოუხდებოდა იმ აყლაყუდას. -არ გამოიდო თავი? ვინ იყო ის უდღეური? მოგვიშალა ნერვები და დამსახურებულადაც მიიღო ჩემი სულხანისგან, -ყელი მოიღერა თავის ქმრის კუნთების ძალის დემონსტრირებით ამაყმა დალიმ. მეგობარს მზია ჩაენაცვლა საუბარში: -ესე იგი, ლუდაჩკა, ნაირა და მე „სოჩაში“ ვართ დასასვენებლად წასულები და მამალ ბუზს თავზე არ ვისვამთ, ცა ქუდად არ მიგვაჩნია და დედამიწა - ქალამნად. ვწევართ პლაჟზე და მოდიან ბრგე ვაჟკაცები. გვივლიან ხან აქედან, ხან იქიდან, ვატყობთ, რომ ჩვენი გაცნობა უნდათ. -უკაცრავად, ჩემთვის ყავას მოვადუღებ და დავბრუნდები,-თავის დაღწევის ცოტახნიანი მიზეზი მოიგონა გეტამ და ფეხზე წამოდგა. -კი, დედიკო, - მიაძახა მზიამ და ამბის მოყოლა გააგრძელა. -ღმერთო ჩემო, -მობეზრებულმა გააქნია თავი და სამზარეულოში ყავის მადუღარას დაუწყო ძებნა. ვიდრე ოჯახის ღრმად პატივცემული სტუმრები ჭუკჭუკებდნენ, დრო გაწელა და ყავის მოდუღებას ათი წუთი მაინც მოანდომა. როდესაც ოთახში დაბრუნდა, მზია ბოლო ფრაზას ამბობდა: -აი, ასე შემრჩა ხახვივით ჩემი თენგო. მეგობრებმა წარსულის მოგონებებში ფუთფუთს თავი დაანებეს და ახლა შვილების ახლად აშენებული სახლებით და აგარაკებით ტრაბახზე გადავიდნენ: -ჩემ ტატულიკას ისეთი აგარაკი აუშენებია წავკისში, გადავირიე ქალი - ორსართულიანი, ულტრათანამედროვე რემონტით, ბელგიური ავეჯით გაწყობილი, საცურაო აუზით, ფანჩატურით, ეზოში მობიბინე ბალახით და ულამაზესი, დეკორატიული ჯიშის ბუჩქებით და ხეებით. კარში ფეხის შედგმისთანავე ვიფიქრე, ალბათ, სამოთხეში მოვხვდით-თქო. -ყოჩაღ ტატულიკას. ღმერთმა მეტი შესაძლებლობა მისცეს,- უთხრა დალიმ. -წინა კვირას ვიყავი ასული, რომ ჩემი მონატრებული შვილის ოჯახი მომენახულებინა. მაგას ხომ სახლში ვერასდროს დაიჭერ. ოცდაოთხი საათი მუშაობს. ჰოდა, თენგოს ჩაქაფულის რეცეპტიც წავიღე და ისეთი საჭმელი მოვუმზადე, დიდიან-პატარიანად თითებს იკვნეტდნენ. -როდის უნდა ჩამაწერინო ეგ სანაქებო რეცეპტი? სულ მპირდები და აღარ მაღირსე,-საუბარში ჩაერთო ნანიკო. -რა პრობლემაა? დამირეკე და ჩაგაწერინებ. -ვიტყვით ხოლმე და მერე შენც გავიწყდება და მეც. გეტას იმდენად არ აინტერესებდა სტუმრების მიერ ატაცებული თემები, მთქნარება აუტყდა და ლამის იქვე ჩამოეძინა. მოულოდნელად, მობილურში ზარის ხმა გაისმა. -ისა, დედიკო, ჩემი მესენჯერი რეკავს, თუ შენი?-იკითხა დალიმ. გეტას გაეცინა: -ჩემი მესენჯერია, დალი დეიდა. -ჰო, მეგონა, შვილიშვილი მირეკავდა საფრანგეთიდან. მაგან ეგრე იცის, სულ ფეისბუქით მეკონტაქტება. გეტა სხვა ოთახში გავიდა და მესენჯერს უპასუხა. რედაქციიდან მეგობარი ურეკავდა, შეატყობინა, რომ საბანკო ანგარიშზე გაყიდული წიგნების თანხა ჩაერიცხა. გახარებულმა სტუმრებს მოუბოდიშა, სასწრაფო საქმე გამომიჩნდა და უნდა დაგტოვოთო. სასწრაფოდ მოწესრიგდა და გარეთ გავიდა. როგორც კი ქუჩაში აღმოჩნდა, შვებით ამოისუნთქა: -უჰ, კიდევ კარგი, გამოვაღწიე, თორემ რა გაგიძლებდათ თქვენ?- ჩაიბურტყუნა და ბანკომატისკენ აიღო გეზი. დიდხანს იხეტიალა ფეხით. ბოლოს, ქანცგაწყვეტილი პატარა პარკში ჩამოჯდა და მშობლებთან ერთად მოთამაშე ბავშვებს დააცქერდა. უყურებდა დედ-მამის და შვილების ერთმანეთით გამთბარ სახეებს და თავადაც მათთან ერთად, ღიმილიანი სახით ბედნიერობდა. დედიკო ეს, მამიკო ის, დედა აქ, მამა იქ... ხშირად ესმოდა მშობლებზე დამოკიდებული მოცუნცულე ბავშვების ჯადოსნური სიტყვები და გულში სიყვარული უგუბდებოდა. შერცხვა და თვალებზე მომდგარი ცრემლები მოიწმინდა. გაიფიქრა, ვინმეს გიჟი არ ვეგონოო, ხის სკამს იდაყვი ჩამოადო, აგურისფრად აწითლებულ მიწას დააშტერდა და კვლავ მოწოლილმა მოგონებებმა გადათელეს: -სად მივდივართ? -შეშინებული თვალებით კითხულობდა გეტა. -დაინახავ. -სახლში წამიყვანე. -კიდევ რას მიბრძანებთ, პატარა ქალბატონო? -შენ ხომ ადამიანი არ ხარ!.. -თავად გადაწყვიტე, რომ ჩემი სიყავრულისთვის ხელი არ გეკრა. ახლა, მოემზადე, უკეთესად გამიცნო. -დამპალო, თავად მაიძულე...-აკანკალებული ხმით ლანძღავდა სწრაფი სიჩქარით მიმავალ მძღოლს. -არ გაჩერდები?- მთელი სიმკაცრით ჰკითხა მამაკაცმა. გოგონა შეშინებული ციყვივით გაინაბა და ცახცახს უმატა. ცოტა ხანში კერძო სახლს მიადგნენ. მიტოვებულს ჰგავდა, ეტყობოდა, რომ დიდი ხნის განმავლობაში იქ არავინ ცხოვრობდა. -გადმოდი მანქანიდან!-უბრძანა მამაკაცმა. -არა. -შენ რა, მართლა გგონია, რომ ცხოველი ვარ? არაფერს დაგიშავებ, მხოლოდ ვისაუბრებთ. - არ მჯერა. -მუხლისჩოქებზე დაგიდგე, რომ დამიჯერო, თუ რას ელოდები ჩემგან? -საზიზღარო. -გეტა, გააღე კარი და გადმოდი, თორემ ძალით გადაგათრევ. კარგად იცი, არ გამიჭირდება. გოგონამ კარი გააღო და გადავიდა. მამაკაცი მიუახლოვდა და წინ ჩამოუდგა: -თვალებში შემომხედე! ძლივს ააწვდინა მაღალ, შავგვრემან მამაკაცს წყლიანი, თაფლისფერი თვალები და მის მუქ, ქორის თვალებს გაუსწორა. -ახლა შემომყვები და იქ მხოლოდ ვისაუბრებთ. კიდევ ერთხელ გეუბნები, არაფერს დაგიშავებ. გასაგებია? შეშინებულმა თავი დაუქნია და ეზოში შეჰყვა. იქაურობა სარეველა ბალახს მიჰქონდა. სადღაც, ხეებს შორის გაბმული, ჭუჭყისა და მტვრისგან გაშავებული, ძველი ჰამაკი მოჩანდა, რომელიც წვიმებს გამოელპოთ და რამდენიმე ადგილას გაწყვეტილიყო. სახლის კიბეებთან დასხმული ბეტონი აქა-იქ დაშლილიყო და კენჭებად და ცემენტად ამოყრილიყო. რიკულებიანი მოაჯირები დაჟანგებული და გარინდული სახით უმზერდნენ მოულოდნელად გამოჩენილ, უცნობ სტუმრებს. მამაკაცმა ჯიბიდან ხელსაწყო ამოიღო და კარი თვალის დახამხამებაში გააღო. ირგვლივ, ყველაფერს მტვერი ისე სქლად დასდებოდა, გეტას ცემინება აუტყდა. -დაჯექი!-ხელით ანიშნა დაძენძილი სავარძლისკენ.. გოგონა დაემორჩილა. მამაკაცმა სკამი მიიტანა, წაღმა შეაბრუნა, საზურგეზე მკლავები ერთმანეთს დააყრდნო და ჩამოჯდა. დიდხანს ათვალიერებდა შეშინებულს, რომელიც თვალს ვერ უსწორებდა და დაბლა დაეხარა. -ძალიან გინდოდა ბანკეტზე ყოფნა?-სიჩუმე დაარღვია მამაკაცმა. -რადგან იქ ვიყავი, ესე იგი, მინდოდა კიდეც. -მოქცეულიყავი ნორმალურად და ისევ იქ იქნებოდი. -შენი საქმე არ არის ვის დაველაპარაკები, გასაგებია?! -შეტევაზე გადმოდიხარ, ბარტყო? -ყელში ამოვიდა შენი მხრიდან გაუთავებელი, ორწლიანი დევნა. რა გინდა? ხომ ხედავ, არ მინდიხარ? შენნაირი ტიპები არ მაინტერესებს და შენი ბარტყი არ ვარ, ასე ნუ მომმართავ! -ჩემნაირ ტიპებში ვის გულისხმობ? -იცი შენც. აღარ არის საჭირო დაკონკრეტება. -იქნებ საჭიროა? მაინტერესებს, ჩემთვის ძვირფასი ადამიანი რას ფიქრობს ჩემზე. -რას და იმას, რომ ბანდიტი, მკვლელი და არამზადა ხარ. -პირველ ორში გეთანხმები. აი, არამზადა კი ნამდვილად არ უნდა გეთქვა და სიტყვები აკონტროლე! -აჰ, არ ხარ არამზადა? გამომივიდა მამა აბრამის ბატკანი. -სიტყვები აკონტროლე-მეთქი!-ხმას აუწია და კბილები გაახრჭიალა. გეტას ხმა აღარ ამოუღია, თითების წვალება დაიწყო... -კარგად მომისმინე და დაიმახსოვრე. თუ ვინმეს რამეს ვპარავ და ვართმევ, არც ისინი არიან პატიოსანი გზით გამდიდრებული ბედის საჩუქრები, თუ ვკლავ, ესე იგი, მათი დამპალი სულები დედამიწაზე ყოფნას არ იმსახურებენ, რომ სხვებსაც არ გადასდონ მათი სიმყრალე. მოსაშორებელი ყოველთვის უნდა მოშორდეს. ასეა წესი, რომლითაც მე ვცხოვრობ. - ეგებ, ჩემნაირმა ადამიანებმა მადლობაც გადაგიხადოთ, რომ ასე რიგად ზრუნავთ მოქალაქეებზე? -სიამოვნებით მივიღებ,-ჩაეცინა მამაკაცს. -მაინც არ მჯერა, რომ თქვენში რამე ადამიანური გრძნობაა შემორჩენილი. -ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, ჩვენი ტკივილით, სიხარულით, სიძულვილით, სიყვარულით და კიდევ ბევრი გრძნობით. უბრალოდ შენნაირებს ჰგონიათ, რომ კაციჭამიები ვართ, -ხელი მოუთათუნა ლოყაზე და თბილად გაუღიმა. -გაწიე შენი ბინძური ხელები!- ფეხზე წამოდგა გოგონა. -დაჯექი!-კვლავ გაისმა ბრძანება. -არ დავჯდები. -დაჯექი-მეთქი. მეტს აღარ გავიმეორებ! -ჯანდაბამდე გზა გქონია, გადავწყვიტე, აღარ დაგემორჩილო. გაცეცხლებული მამაკაცი ფეხზე წამოდგა და ნელი ნაბიჯებით დაიწყო გეტასკენ სვლა. გოგონამ ოთახს თვალი მოავლო, გათვალა გასაქცევად რომელი მიმართულება ჯობდა და წამებში გაქანდა კარისკენ, მაგრამ დაკეტილი დახვდა, ეჯაჯგურა და ვერ გააღო. -რას მიპირებ?-ჩუმად ამოილუღლუღა და თვალები დახუჭა, როდესაც მასთან ახლოს მისული მამაკაცი დაინახა. მძიმე და გახშირებული სუნთქვით იგრძნო რომას სიახლოვე და თვალები კიდევ უფრო მეტად დახუჭა, რომ არ დაენახა. -შემომხედე!-მჭექარედ გაისმა ოთახში. გეტამ სახეზე ხელები აიფარა, ამით გამოხატა, რომ არ აპირებდა გოშია ძაღლივით მისი ყველა სიტყვის და სურვილის შესრულებას. ძალით მოაცილებინა ხელები სახიდან და ხელში აიყვანა. შეშფოთებულმა თვალები გაახილა და შეჰყვირა: -რას აკეთებ? ახლავე ძირს დამსვი. -ძალიან ჯიუტობ. -გამიშვი, რას გადამეკიდე? -აქ იჯდები და მომისმენ!-ისევ იმ სავარძელზე დასვა, სადაც რამდენიმე წუთის წინ იჯდა. გაფითრებული გოგონა ცრემლებს ხელით იწმენდდა. -თუ გინდა, რომ აქედან გაგიშვა, დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ აღარ იკონტაქტებ შენზე დუჟმორეულ ბიჭებთან და ჩემთან შეხვედრებზე თანახმა იქნები. -პირველი გასაგებია, მეორე უნდა დააზუსტო, როგორ შეხვედრებს გულისხმობ? -ზუსტად ისეთ შეხვედრებს, როგორებიც შეყვარებულ ადამიანებს აქვთ. -შენი საყვარელი არ გავხდები. ახლავე გაფრთხილებ! -არაფერს დაგაძალებ. ეს შეხვედრები იმისთვის მჭირდება, რომ ჩემი თავი უკეთესად გაგაცნო. -ისედაც კარგად გიცნობ, არ მჭირდება შენთან ... მამაკაცმა სიტყვა ტუჩზე საჩვენებელი თითის მიდებით შეაწყვეტინა, მერე თოკით სკამზე დაბმა დაუწყო. -რას აკეთებ? -წავალ, საჭმელს მოვიტან. შენ კი სისულელე რომ არ ჩაიდინო, რაღაც დროით ასე მოგიწევს ყოფნა. -არ გავიქცევი. -სულელს ვგავარ? შენი მოსატყუებელი კბილები დიდი ხანია, დავიცვალე, ბარტყო. -ბარტყოს ნუ მეძახი-მეთქი. -ბარტყო,-კვლავ გაუმეორა და გაუღიმა. დაახლოებით ორმოც წუთში ძეხვით, პურით, თევზის კონსერვით, ხიზილალით, კარაქითა და ლიმონათის ბოთლებით დაბრუნდა. -მხოლოდ ეს მოვახერხე, რომ მეშოვნა. ყველაფერი დაკეტილი იყო, საკმაოდ გვიანია. -რომელი მაღაზია გაქურდე?-ცალყბად ჩაეცინა გეტას. -ეს შენ არ გეხება და ნუ გაიფინე ეგ ენა შარაზე, თორემ ... -თორემ რა, მომაჭრი? -ხმა!-თვალები დაუბრიალა და გააჩუმა. ვიდრე საჭმელი ცელოფნის პარკებიდან ამოალაგა, გეტას ხელ-ფეხი გაუხსნა და მაგიდასთან მიიპატიჟა. -კონსერვებს მე გავხსნი, პური შენ დაჭერი. -თეფშები და დანა-ჩანგლები საიდან მოიტანე? -პირველ სართულზე, სამზარეულოშია და იქიდან წამოვიღე. -ესე იგი, აქ ხშირად მოდიხარ. კარგად იცნობ ამ სახლს. -ხშირად არა, ხანდახან მოვდივარ. გეტამ პურის დაჭრა დაამთავრა და ნაჭერზე კარაქი და ხიზილალა გადაუსვა. -როგორ გეტყობა, რომ მდიდარი ოჯახიდან ხარ,-ჩაეცინა მამაკაცს. -და რა გინდა, რომ მაგით თქვა? -არაფერი, ჭამე, შეგერგოს. -აქ როდემდე აპირებ ჩემს გამოკეტვას? -იქამდე, სანამ ჭკუაზე არ მოგიყვან. -ვერ მიგიხვდი. -ვიდრე არ დაგარწმუნებ, რომ ჩემნაირებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და კეთროვანივით არ უნდა მოექცე. -ხომ დამიყოლიე, რომ შეგხვდები ხოლმე? კიდევ რას ითხოვ ჩემგან? -ჯერ-ჯერობით არაფერს, გარდა იმისა, რომ მეთამაშო. - რა? -რაც გაიგე. ჭამას რომ მოვრჩებით, მე და შენ კარტით „დურაკას“ ვითამაშებთ. ვინც მოიგებს, წაგებული სურვილს შეუსრულებს. -გააჩნია რა სურვილს. -სურვილი სურვილია და ის უნდა შესრულდეს. -არ მაწყობს. -რაც შენ გაიფიქრე, შეგიძლია, დაივიწყო და მეთამაშო. -და შენ რა იცი, რა გავიფიქრე? -ვიცი,-თვალი თვალში გაუყარა მამაკაცმა. გოგონას მთელ ტანში დაჰბურძგლა. -მაშ, ვთამაშობთ? -კარგი. პირველ და მეორე თამაშში გეტამ წააგო და მოუწია, პირველად თავს გადახდენილ კურიოზზე, ხოლო მეორედ ყველაზე უხერხულ სიტუაციაზე ესაუბრა, რაშიც ოდესმე აღმოჩნდა. მესამედ და მეოთხედ მისმა მოწინააღმდეგემ წააგო და იგივე თემებზე მოუწია საუბარი. შექმნილმა სიტუაციამ მათ შორის ურთიერთობა ოდნავ დაათბო და ცოტა გამხიარულდნენ კიდეც. ასე დაათენდათ თამაშსა და ერთმანეთთან საუბარში. ალიონზე დაღლილ გოგონას სავარძელში მიეძინა. დაახლოებით შუადღე იქნებოდა, როდესაც მამაკაცმა გეტა გააღვიძა: -ძილისგუდავ, გაიღვიძე,-მხარზე ხელი მოჰკიდა და ოდნავ შეაჯანჯღარა. -ისევ შენ? არადა, ძალიან კარგ სიზმარს ვხედავდი,- ჯერ კიდევ მძინარს, სიზმრისგან წამოყოლილი ემოციებისგან ბაგე გაეპო და გვერდი იცვალა. -ისეთი ლამაზი ხარ, ანგელოზს ჰგავხარ,-ჩუმად ჩაილაპარაკა და კიდევ რამდენიმე წუთი აცალა, რომ გამოეძინა. ნახევრადფხიზელმა მისი სიტყვები გაიგონა და ესიამოვნა, მაგრამ თავი მოიკატუნა, რომ არაფერი ესმოდა. როგორც კი ძილბურანიდან გამოვიდა, მაშინვე გაახსენდა ბანკეტიდან გატაცების ამბავი. წარმოიდგინა ნერვიულობისგან დახოცილი ოჯახის წევრები და რეტდასხმულივით წამოვარდა. -რა გჭირს?- ჰკითხა სახეშეცვლილმა მამაკაცმა. -გეხვეწები, სახლში წამიყვანე რა, -საწყალი თვალებით შეხედა გოგონამ. -რატომ გეჩქარება ასე ძალიან? -როგორ არ გესმის? მშობლები ინერვიულებენ. - როგორც ჩანს, სკოლის დამთავრების მიუხედავად, მაინც ვერ გაზრდილხარ. ჯერ კიდევ დედიკო და მამიკო გინდა, მათ გარეშე ვერ ძლებ. კარგი, წაგიყვან, ოღონდ კარგად მომისმინე და რასაც გეტყვი, ზუსტად იმას მოუყვები ოჯახს, გასაგებია? -დიახ. -ვითომ შეცდომით მოგიტაცეს, თვალები აგიკრეს და ამიტომ გამტაცებლები ვერ დაინახე, თუმცა ხმების მიხედვით მიხვდი, რომ რამდენიმე იყო- სამი, ან ოთხი კაცი. ოთახში გამოგკეტეს და იქ იყავი. შემდეგ გაირკვა, შენ ის ადამიანი არ იყავი, ვინც მიზანში ჰყავდათ ამოღებული და ამიტომ გადაწყვიტეს, უკან დაებრუნებინეთ. ეს ინფორმაცია თავად ერთ-ერთმა გამტაცებელმა გითხრა, წამოგიყვანეს და სადღაც, თბილისის შესასვლელთან მანქანიდან გადმოგსვეს და დაგტოვეს. შემდეგ უკვე ვიღაც მგზავრი დაგეხმარა, რომ სახლამდე მოეცილებინე. „ვიღაც მგზავრის“ ვინაობაზე კი მე ვიზრუნებ. ყველანაირად ეცდები, მშობლებს მილიციაში მომხდარის შესახებ არ განაცხადებინო , თუ უკვე გააკეთეს, მაშინ მილიციელებსაც იგივენაირად აუბნევ გზას, როგორც ოჯახის წევრებს. -რატომ მაიძულებ, რომ ტყუილი ვთქვა? -მაშინ კიდევ დიდხანს მოგიწევს ამ მტვრის სუნთქვა. აირჩიე. -კარგი, იყოს ისე, როგორც თქვი. -გაფრთხილებ, პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, შენ საქციელს ძალიან განანებ. -აღარ არის საჭირო შენი მუქარა. -დარწმუნებული ხარ? -დიახ. -ძალიან კარგი, მაშინ წავიდეთ. ცოტა ხანში, თეთრი 07-ის მარკის ავტომობილი ოქროყანიდან თბილისის მიმართულებით მიჰქროდა. გეტა მოუთმენლად ელოდა ოჯახთან და მეგობრებთან შეხვედრას და გონებაში მათთვის სათქმელს აყალიბებდა. აინტერესებდა ზურას ჯანმრთელობის ამბავიც, რომელიც ბოლოს როგორც ახსოვდა, ძლიერი დარტყმისგან ტრავმირებული, ძირს ეგდო. მოულოდნელად, მანქანა უნივერმაღ „თბილისის“ ტერიტორიაზე გაჩერდა. -აქ რა გვინდა? -შენ მანქანაში დარჩები, მე კი რამდენიმე წუთში დავბრუნდები. აქედან გადასვლა არც იფიქრო!-თითი აუწია გოგონას და მანქანის კარი გააღო. როგორც კი თვალს მიეფარა, გეტა საგონებელში ჩავარდა: -კარი რომ გავაღო და გავიქცე, არ არის გამორიცხული, სადმე, ახლომახლოს იმალებოდეს და მამოწმებდეს. როგორ მოვიქცე? ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ, მაინც ვერ გარისკა, მანქანაში დარჩა და ლოდინი არჩია. რამდენიმე ხანში ხელდამშვენებული მამაკაცი მანქანაში დაბრუნდა: -ყოჩაღ! პირველი გამოცდა კარგად ჩააბარე. გეტას ხმა არ გაუცია, მხოლოდ მრავლისმეტყველი მზერით შეხედა. -ეს შენ გიყიდე,- დიდი ყუთი გაუწოდა, საიდანაც ქერათმიანი და ცისფერთვალება, უზარმაზარი თოჯინა მოჩანდა. -ეს რად მინდა?- უგულოდ გამოართვა და თოჯინა აათვალიერ-ჩაათვალიერა. -ბავშვებს უყვართ ლამაზი თოჯინებით თამაში, ძალიან ერთობიან ხოლმე. -სად მყავს ბავშვი? -სამაგიეროდ, ამტკიცებ, რომ ბავშვობის ასაკს ვერ გასცდი. -დედ-მამის სიყვარული, მათი პატივისცემა და სახლში დაბრუნებაზე ფიქრი ჩემს ბავშვობაზე არ მიუთითებს. -ჯერ კიდევ მათზე ხარ დამოკიდებული, რაც თავისთავად ცუდია. -შენ რა, ასე დაცინვას და ჭკუის სწავლებას მიპირებ? -მოქცეულიყავი ქალივით და ქალურ საჩუქარს მიიღებდი. სიმწრისგან ყელს მოწოლილი ნერწყვი გადაყლაპა, აღარ უნდოდა საუბარში აჰყოლოდა. აგრძნობინა, რომ ზედმეტი მოუვიდა. -გაბრაზდით, ქალბატონო?- მისი მოღუშული იერი საჭესთან მყოფს შეუმჩნეველი არ დარჩენია. გოგონამ ყუთში ჩადებული თოჯინა უკანა სავარძელზე გადადო და მძღოლისთვის აღარც შეუხედავს, გვერდი აქცია და ფანჯრისთვის თვალი არ მოუშორებია. შუა გზაში მამაკაცმა მის უკან დადევნებული მანქანა შენიშნა, გეტას მუხლის თავზე გასამხნევებლად ხელი დაადო და დაბალ ხმაზე მიმართა: -ახლა რასაც გეტყვი, არ შეგეშინდეს. მანქანას ხალხმრავალ ადგილას გავაჩერებ, მე და შენ ერთმანეთს ხელს ჩავკიდებთ და ჩემთან ერთად ივლი ხალხში, მერე განიშნებ და რაც ძალი და ღონე გვაქვს, გავიქცევით. -რატომ უნდა გავიქცეთ?-გაოგნებულმა ჰკითხა. -ამის ახსნის დრო არ არის. გააკეთე რასაც გეუბნები. -კარგი,-დაეთანხმა გოგონა. მიხვდა, რომ საფრთხეში იყვნენ. -მზად ხარ? -დიახ,-თავი დაუქნია. 07 მარკის ავტომობილი სწრაფად გაჩერდა. რომა და გეტა ხალხში აირივნენ და როცა დარწმუნდნენ, რომ მათზე დადევნებულ მტერს თვალთახედვის არედან დაუძვრნენ, მიმართულება შეცვალეს და სირბილით გაიქცნენ. მოულოდნელად, ერთ-ერთმა წყვილი შენიშნა და შორიდან სროლა აუტეხა. აკივლებული ქუჩაში მოსიარულეები სადარბაზოებს აფარებდნენ თავს. ტყვიების წვიმაში გეტას გადაფარებულმა მამაკაცმა ქუჩის კუთხემდე უსაფრთხოდ მიაღწია და იქიდან მასთან ერთად მიიმალა. -„გნიდა“ ხალხი, მე თქვენ გაჩვენებთ სეირს,-კბილებიდან გამოსცრა სირბილისგან დაღლილმა და რომელიღაც სახლის სხვენს შეფარებულმა მამაკაცმა. -რა ხდება? მოკვლას გვიპირებენ? - შეშინებული ეკითხებოდა გოგონა. -დაწყნარდი, მე შენთან ვარ,-გულზე მიიკრა და დასამშვიდებლად თავზე ხელი გადაუსვა. -აქ რომ მოგვაგნონ? -შევაკვდები და არავის მივცემ უფლებას, რამე დაგიშავონ. გეტა მთელი სხეულით აეკრო მამაკაცს და გაისუსა. მან თავი ფრთხილად ააწევინა და თვალებში ჩახედა: -მართლა პატარა ბარტყი ხარ. როგორ გიფრთხიალებს გული,- მკლავები შემოჰხვია, მის შუბლთან ტუჩები ფრთხილად მიიტანა და ნაზად აკოცა,-მოდი, ჩამოჯექი და დამშვიდდი. გპირდები, რომ აქედან მალე გავალთ და სახლშიც მიგიყვან. გოგონამ დაუჯერა და ნივთებს შორის ნაპოვნ, ძველ ჩემოდანზე ჩამოჯდა. -ნაბოზვრები!- ზიზღით წარმოთქვა, როდესაც სახლის ეზოში მათ კვალს დადევნებული ბანდის წევრები დაინახა,-მაცადეთ, თქვენთვისაც მოვიცლი,-არ ცხრებოდა მამაკაცი. -აქ არიან? -ფეხზე წამოდგა გეტა და ჭუჭრუტანიდან გაიხედა. -ზედმეტად ნუ მოძრაობ და დაუბრუნდი შენს ადგილს. მოულოდნელად, მილიციის მანქანების სირენის ხმა გაისმა და ეზოში შემოსული ბოროტმოქმედები ელვის სისწრაფით, აქეთ-იქით მიმოიფანტნენ. -როგორც ჩანს, დაწიოკებულმა ქუჩის მაცხოვრებლებმა საჭირო ადგილას დარეკეს,-ჩაილაპარაკა მამაკაცმა და კმაყოფილი სახით გადახედა გოგონას. -არ მჯერა. -რისი? -არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი მე შემემთხვა,-სუნთქვაშეკრული გეტა ნაწყვეტ-ნაწყვეტ, ძლივს წარმოთქვამდა სიტყვებს. -ცუდად ხარ? -ჰო. -ამის დედაც!-გამწარდა მამაკაცი. -შეეცადე, რომ ფეხზე წამოდგე და გარეთ გამომყვე. შეიძლება, ეს მტვერი და უჰაერობაც მოქმედებს. დროულად უნდა გავაღწიოთ აქედან. -არ შემიძლია. -უნდა შეძლო, მეც დაგეხმარები. რის ვაივაგლახით ჩამოვიდნენ სხვენიდან. სუფთა ჰაერმა მართლაც დადებითად იმოქმედა გოგონაზე და ოდნავ გამოკეთდა. კოლმეურნეობის მოედანს რომ მიუახლოვდნენ, რომა გაჩერდა და გეტას შეუბრუნდა: -ახლა ტაქსს გაგაყოლებ, ოღონდ მე არ გამოვჩნდები, არ გეწყინოს. -რატომ? -მძღოლმა არ უნდა დამინახოს. დაგავიწყდა, რაც დავგეგმეთ? - რამდენიმე წუთის წინ შეცვლილი გეგმა შეახსენა რომამ. -გასაგებია. -მალე გნახავ. -შეიძლება, ერთი რაღაც გკითხო? -გააჩნია, რა გაინტერესებს? -ის თოჯინა, რაც დღეს უნივერმაღიდან წამოიღე, ნამდვილად ჩემთვის შეიძინე? -დღეს ჩემი პატარა დისშვილის დაბადების დღეა. გეტას ესიამოვნა, რომ მანქანაში გადაცემული საჩუქარი უბრალოდ ხუმრობა და არა გამიზნული დაცინვა იყო. -ჩერჩეტი ხარ,-გაეღიმა მამაკაცს და ლოყა დაუჩქმიტა. -ეი, მტკივა. -კარგი, აღარ შეგეხები, წამოდი, ტაქსის გაჩერებამდე მიგაცილებ. სამგზავრო თანხა მისცა და ქუჩის მეორე მხარეს აღარ გადაჰყოლია, ერთ ადგილს შეეფარა და თვალს იქამდე ადევნებდა, ვიდრე მგზავრთა რიგში მყოფს ყვითელი ტაქსის მძღოლმა არ გაუჩერა.
*** -არა, არა!- თავი გააქნია მოგონებებიდან თავდაღწეულმა გეტამ და ირგვლივ მიმოიხედა. უკვე შებინდებას იწყებდა. პარკში მხოლოდ კანტიკუნტად შემორჩენილიყვნენ. ფეხზე წამოდგა და დაზაფრული სახით გაუყვა სახლისკენ. -რატომ არ მასვენებ? რა გინდა?-თავისთვის ლუღლუღებდა. ჩუმად მიდიოდა, მაგრამ მაინც მასზე ეფიქრებოდა. ხანდახან სევდიანად ამოიოხრებდა და გულს ამოატანდა ხოლმე. სახლში მისულმა დედამისისგან დახვედრებული აბები მიიღო, თავის ოთახში შევიდა და საწოლზე საცოდავად მოიკუნტა.
*** ერთი კვირა ისე გავიდა, ნაწარმოებისთვის სიტყვა არ დაუმატებია, მუზაც გაუქრა და წერის სურვილიც. ასე იცოდა, აღნიშნული მდგომარეობა ხან რამდენიმე თვე გაუგრძელდებოდა. უცებ გამოძვრებოდა სხვისი სხეულიდან და მათი თვალით დანახული ცხოვრება უსაშველოდ რთულად დასაწერი ეჩვენებოდა. იმ დროს, კარგად იცოდა რაც იყო მისი წამალი და ქვახვრელში, ბებია-ბაბუის ნასახლკარში ჩადიოდა და რამდენიმე დღეს მარტო ყოფნაში ატარებდა. აი, ახლაც, გადაწყვიტა, ქალაქის ხმაურსა და ქაოსს გარიდებოდა და სწორედ იმ სახლისთვის მიეკითხა, სადაც მხოლოდ ის და ღმერთი რჩებოდნენ ხოლმე. ზურგჩანთაში ორი ხელი ტანსაცმელი და საჭირო ნივთები ჩაალაგა და მატარებლის ბილეთი იყიდა. ბაქანზე ჩამოდგა და ირგვლივ მყოფ, მომლოდინე მგზავრებს უღიმღამო თვალებით დაუწყო თვალიერება. მოულოდნელად, მისთვის საინტერესო პიროვნება შენიშნა და მზერა გაუშტერა. სახეზე დააკვირდა, შეეცადა, გამომეტყველებით ამოეხსნა, როგორი ტიპის ადამიანი იყო. ასეთი ჩვევა ჰქონდა, თუ ვინმეს თვალს დაადგამდა, აუცილებლად უნდა შეძვრომოდა და მისი შინაგანი სამყაროს ხვეულებში დაეწყო სიარული. ყველაფერს ყურადღებას აქცევდა მიხვრა-მოხვრას, მიმიკებს, ჩაცმულობას,- თითოეული დეტალი აინტერესებდა. მერე ადვილად იყო შესაძლებელი, რომელიმე ეპიზოდში უბრალო გამვლელის, ან სიმბოლური დატვირთვის პერსონაჟის როლი მიეცა. ვინ იცის, მასაც რა თვალზე შეხედა და რა ჩაიფიქრა?.. მატარებელიც გამოჩნდა. ვაგონში შევიდა და ადგილი ფანჯარასთან დაიკავა. ძალიან უყვარდა, როდესაც ლიანდაგზე მოსიარულე მატარებლის ხმაურსა და ბუნების პეიზაჟებში იკარგებოდა. ზურგჩანთა კალთაში ჩაიდო, ახლად ნაყიდი წიგნი გადაშალა და კითხვა დაიწყო. რამდენიმე ადგილი ფანქრით გახაზა, უყვარდა, როდესაც მისთვის მნიშვნელოვან ფრაზებს ამგვარი ხერხით ინიშნავდა. კითხვას რომ დაასრულებდა, კვლავ მიუბრუნდებოდა მისთვის მნიშვნელოვან სიტყვებს და ბევრს ფიქრობდა. ზოგჯერ თავისებურ ინტერპრეტაციასაც გაუკეთებდა და ცვლილებებით დახუნძლულს, გვერდის კიდეზე დაამუშავებდა ხოლმე. მიდიოდა მატარებელი და თან გადაჰყავდა ათასგვარი ტიპის და ნირის მგზავრები. მიდიოდა და თან მიჰქონდა მათი სიხარულიც, ბედნიერებაც, დარდიც, ტკივილიც და კიდევ უამრავი რამ... არავის არაფერს ართმევდა, არც სხვა რამით უნაცვლებდა, უბრალოდ მიდიოდა... არც თუ ისე დიდი ხანი მოანდომა ქვახვრელში შესვლას. სულ რამდენიმე წუთი გაჩერდა, მგზავრების ჩასვლას დაელოდა და კვლავ გააგრძელა გზა. გეტამ ღრმად ჩაისუნთქა ქალაქისგან განსხვავებული სოფლის ჰაერი და სახლისკენ აიღო გეზი. ზურგჩანთამოკიდებული ოდნავ წელში მოხრილიყო. ნაცნობ ტერიტორიებს ღიმილით მიმოავლო თვალი. მიხვდა, რომ მის სულს იქ ყოფნა ისე მონატრებოდა, როგორც ჯურღმულში გამომწყვდეულ პატიმარს დღის შუქი. სახლის კარს გასაღები მოარგო და ძველი ავეჯით გაწყობილი, სარემონტო ოთახები სამოთხედ მოეჩვენა. ზურგჩანთა ხის ტახტზე მიაგდო, მუთაქა თავქვეშ ამოიდო და გულაღმა გაიშოტა. ცოტა ხანს დაისვენა და მერე ეზოში გასვლა მოისურვა. დიდი კაკლის ხის ძირას, დასარწევ სკამზე მოთავსდა და ხარბად შეისუნთქა მძაფრი სუნის ფოთლების და ჯერ კიდევ დაუმწიფებელი, მწვანე კაკლის ნაყოფის სურნელი, რომელიც ახლო-მახლო ტრიალებდა: -აი, რა მჭირდებოდა - ბუნებასთან კონტაქტი,-ჩუმად ჩაილაპარაკა და ლაღი სახე მისკენ მომავალ ნიავს მიუშვირა. დიდხანს იჯდა გარინდული, გონება გათიშა და უარყოფითი ენერგიისგან იცლებოდა. გრძნობდა, როგორ უმსუბუქდებოდა ხანგრძლივი ვაებისგან დატანჯული სული და სხეული. ნელ-ნელა უახლოვდებოდა ღმერთსაც... შებინდებისას გაწვიმდა, სახლში შეიკეტა და წითლად შეღებილ, ხის იატაკზე დაჯდა. წვიმის წვეთებმა შესაკეთებელი სახურავიდან ნელ-ნელა გაიკვალეს გზა და ოთახში ჩააღწიეს. წკაპ-წკუპ, წკაპ-წკუპ, წკაპ-წკუპ...- სულის მუსიკას ქმნიდნენ. იჯდა სიბნელეში და განაბული უსმენდა ბუნებისგან შექმნილ საოცარ ჰანგებს. დროდადრო რკინის რელსებზე მიმავალი მატარებლის გუგუნი უერთდებოდა და იქით, სადღაც, მისგან შორს ისევ გადაჰქონდა ადამიანების სიხარული, ბედნიერება, დარდი, ტკივილი და კიდევ უამრავი რამ...
გაგრძელება იქნება
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ცოტათი ბუნდოვანი და ოდნავ პრიმიტიული მეჩვენა ეს თავი. ჩქარობ წერისას? :) ცოტათი ბუნდოვანი და ოდნავ პრიმიტიული მეჩვენა ეს თავი. ჩქარობ წერისას? :)
5. კი, შედგენილი სიტყვაა და არა დამკვიდრებული, თუმცა მაინც გამოვიყენე, რომ დიალოგისთვის მეტი ბუნებრივობის ელფერი მიმეცა :))) კი, შედგენილი სიტყვაა და არა დამკვიდრებული, თუმცა მაინც გამოვიყენე, რომ დიალოგისთვის მეტი ბუნებრივობის ელფერი მიმეცა :)))
4. მოზვინული ძალიან სასაცილო სიტყვაა ))) საინტერესოა ნაწერია. როგორ მოდაში იყო სკოლის ბანკეტიდან მოტაცებები )) და საერთოდ მოტაცებები მოზვინული ძალიან სასაცილო სიტყვაა ))) საინტერესოა ნაწერია. როგორ მოდაში იყო სკოლის ბანკეტიდან მოტაცებები )) და საერთოდ მოტაცებები
2. მადლობა. ხაზებს შორის განცალკევება გავაკეთე და მგონი, ცუდად აღარ უნდა ჩანდეს. მადლობა. ხაზებს შორის განცალკევება გავაკეთე და მგონი, ცუდად აღარ უნდა ჩანდეს.
1. კარგია, ჩემგან 5. თავში გეტადან თეკლაზე გადასვლა მოულოდნელად მოხდა. ან ინტერვალია საჭირო, ან –ტირე. შეიძლება, მე აღვიქვი ასე.
კარგია, ჩემგან 5. თავში გეტადან თეკლაზე გადასვლა მოულოდნელად მოხდა. ან ინტერვალია საჭირო, ან –ტირე. შეიძლება, მე აღვიქვი ასე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|