მეორე დღეს ფურცლები და კალამი იპოვა, გრილ ეზოში, ჩრდილის ქვეშ კომფორტულად მოეწყო და კვლავ ნაწარმოებს დაუბრუნდა:
თავი 3 მიუხედავად იმისა, უცნობის გამო, ბიძაშვილთან კამათი მოუვიდა, თავს შეატყო, რომ უწინდებურად უინტერესოდ აღარ ეკიდებოდა ცხოვრებას. გახალისდა, თავის მოვლასაც დაუბრუნდა და შეეცადა, სამოსისთვისაც მეტი ყურადღება მიექცია. როდესაც სამსახურში მისვლამ მოუწია, მენეჯერმა ისევ გადასცა შეფუთული საჩუქარი: -ის ქერა ბიჭი იყო, მთხოვა, შენთვის გადმომეცა,-ამჯერად აღარ დალოდებია საჩუქრის გახსნას, ხელში მიაწოდა და წავიდა. თეკლა ტანსაცმლის გამოსაცვლელ ოთახში შევიდა და საჩუქრის შეფუთვა შეათვალიერა. ინტერესმა სძლია და ოქროსფრად შემოხვეული ქაღალდი შემოაცალა. ამჯერად, პატარა, თეთრ კოლოფში მოზაიკურად დამუშავებული, ვენეციური მინის, მოოქროვილ ვერცხლში ჩასმული კულონი და ძეწკვი იდო. საჩუქარი ხელის გულზე დაიდო და დიდხანს უყურა, მერე ცდუნებას ვეღარ გაუძლო, სარკესთან მივიდა და მოირგო. ყელი მედიდურად მოიღერა და კმაყოფილი სახით შეხედა ახალი სამკაულით დამშვენებულ სავსე გულ-მკერდს. უეცრად, მასზე გაბრაზებული ანდროს სიტყვები გაახსენდა და სახეზე ათამაშებული სიხალისე სადღაც გაუქრა. გულდაწყვეტილმა ჩააბრუნა საჩუქარი თეთრ ყუთში, ოქროსფერი ქაღალდი ისევ შემოაკრო და კაბინეტში მყოფ მენეჯერს შეუტანა, რომელიც დისტრიბუტორების მიერ დატოვებულ სასაქონლე ზედნადებებს და ანგარიშ-ფაქტურებს საქმიანი სახით უყურებდა: -ამ საჩუქარს ვერ მივიღებ. ძალიან გთხოვთ, თუ კიდევ მოვა, უკან დაუბრუნეთ. -მე თქვენი ფოსტალიონი არ ვარ. ნება იბოძე და რომ გნახავს, თავად დაუბრუნე,-ცხვირი აიბზუა მენეჯერმა. -ჰო, მაგრამ სად წავიღო? -შენი პრობლემაა,-ხელები გაშალა ქალმა. -მე შეიძლება, არც შევხვდე და ამიტომ ვიფიქრე, რომ... -არ მაინტერესებს შენ რა იფიქრე. ეგ საჩუქარი აქედან წაიღე და სამუშაოს დაუბრუნდი. აქ ფულს „საჩკაობაში“ არ გიხდიან! -უკაცრავად,-მხრები აიწურა და ოთახიდან ნაირ-ნაირი პროდუქტებით აჭრელებულ, სამუშაო დარბაზში გავიდა. ორ საათში ტექსტური შეტყობინება მიიღო: -„იმედი მაქვს, საჩუქარი მოგეწონა. მთელი გულით შეგირჩიე და ისე მოგიძღვენი.“ -ვინც არ უნდა იყო, პასუხს მოგთხოვ ჩემი აფორიაქებისთვის,- ჩაილაპარაკა გოგონამ და საქმე გააგრძელა. ტელეფონს დიდხანს აღარ დაუწკარუნია. დილის ექვსი საათისთვის, როდესაც მზემ ცაზე გამოჩენა დაიწყო და ქალაქი გამოღვიძებას იწყებდა, მხოლოდ ორსიტყვიანი შეტყობინება მიიღო : „-დილა მშვიდობისა.“ -მთელი ღამე ველოდებოდი, რომ იმ სიტყვაძუნწისგან გამოგზავნილი „დილა მშვიდობისა“ წამეკითხა, -მწარედ ჩაეცინა და მობილური ჯიბეში ჩააბრუნა. ცხრა საათისთვის სმენა სხვა თანამშრომელს გადააბარა და სუპერმარკეტი სწრაფად დატოვა. ჩქარი ნაბიჯებით მიდიოდა უნივერსიტეტისკენ და აქეთ-იქით იყურებოდა. რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ ვიღაც უთვალთვალებდა. არც შემცდარა, სასწავლებელში ახლადმისულს გზად ისევ შეტყობინება დაეწია: -„ თურმე სეირნობაც გყვარებია. ნელ-ნელა გეცნობი, პატარავ.“ -მგონი, მანიაკია. ვინ იცის, თვალში ამომიღო და ნდობის მოსაპოვებლად მე ბრიყვი სასიყვარულო ეიფორიაში გამხვია,- თავისივე აზრმა წამით შეაჩერა და სხეულში გადანაწილებულმა შიშმა ადგილზე გაყინა. ასე იდგა დაყუდებული, ვიდრე თანაკურსელმა არ ჩაუარა და გამოელაპარაკა: -თეკლა, აქ რა გინდა, ლექციაზე არ შემოდიხარ? ბიჭის სიტყვებმა ძლივს მოსწყვიტა ახლად აკვიატებულ აზრს: -კი, -მოკლედ მიუგო და ნელა დაიძრა ადგილიდან. ლექციაზე ლექტორის მიერ წარმოთქმული არცერთი სიტყვა არ მისწვდა მის გონებას. ფიქრებით და ემოციებით სადღაც, სხვაგან იყო. ლექციების შემდეგ ხალხით გაძეძგილ ავტობუსში ავიდა და დაღლილი სახით ჩამოეკიდა ხელის მოსაჭიდებელს. იოტისოდენა ძალაც აღარ შერჩენოდა, ნახევრადმძინარემ მთქნარებ-მთქნარებით ძლივს მიაღწია სახლამდე და მაშინვე საძინებელს მიაკითხა. განერვიულებულს და დაქანცულს ღრმად ჩაეძინა. აღარც ანდროს და მისი მეგობრის ხმა ესმოდა, აღარც ბოლო ხმაზე ჩართული ტელევიზორის, რომელიც ფეხბურთის კომენტატორის დაუცხრომელ ემოციებს გოლის გატანის, თუ მოთამაშეების მხრიდან შექმნილი სახიფათო მომენტების დროს თავისებურად გამოხატავდა.
თავი 4 ორი კვირის განმავლობაში, უცნობს არც მენეჯერისთვის დაუტოვებია რამე თეკლასთვის გადასაცემად, აღარც შეტყობინება გაუგზავნია მის ნომერზე. ამ ფაქტმა თითქოს დაამშვიდა და შვებით ამოისუნთქა, თუმცა მაინც ეჩვენებოდა, რომ ვიღაც გამუდმებით უთვალთვალებდა. ერთ საღამოს, როდესაც მეგობრის სახლიდან შინ ბრუნდებოდა, შავი BMW-ს მარკის ავტომობილი შენიშნა, რომელიც უკან, ფეხდაფეხ მიჰყვებოდა: -როგორ მინდა, მოგადგე, კარი გაგიღო და შემოგხედო. ნეტავ შენი ბედოვლათი თავი დამანახა და მეტი არაფერი მსურს,-შიში, ინტერესი და სიბრაზე ერთმანეთში შერეოდა და ისე ბუტბუტებდა. ამასობაში მობილურში შეტყობინება შევიდა: -„ღამის ენოთერასავით ლამაზი, სათნო და შეუდარებელი ხარ.“ -ჯანდაბა! როგორ მეზიზღები,-უფრო გაწბილდა, აკანკალებული ხელით ჩააბრუნა ტელეფონი ჩანთაში და გზა გააგრძელა. შავი მანქანა კვლავ ნელა მიჰყვებოდა გოგონას. საჭესთან მყოფი მძღოლი ცალი ხელით მობილურში მისთვის გასაგზავნ მორიგ ტექსტს კრეფდა: -„ჩემში ისე შემოიჭერი, თავს ვეღარაფერს ვუხერხებ.“ შეტყობინების წაკითხვის შემდეგ თეკლას მოთმინების ფიალა აევსო, შავი მანქანის მძღოლს წინ გადაუდგა და გაჩერება აიძულა: -ახლავე გადმობრძანდი მანდედან და ამიხსენი, ვინ ოხერი ხარ? მის გაბედულ საქციელს BMW-ს მფლობელი არ ელოდებოდა. უნდოდა, მისთვის გვერდი აექცია და წასულიყო. გაგულისებული გოგონა არ უშვებდა, წინ ეღობებოდა და ცდილობდა, მძღოლის სახე დაენახა, მაგრამ წინა ფარების დამაბრმავებელი შუქი თვალებს სჭრიდა დავერაფერს ხედავდა. მოულოდნელად, კარი გაიღო და საშუალო ტანის, ქერა თმიანი, ოცდაათ წლამდე ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვიდა: -ნორმალური ხარ? რას აკეთებ? -თავად თუ ხარ ნორმალური? რატომ მითვალთვალებ? -იქნებ ძალიან მომწონხარ? -გეშინია, რომ გამიცნო? იქნებ მეც მომწონხარ? მოდი და დამენახე, რას იმალები? -იქნებ არ ვიმალები? -მაშინ ანონიმური სახის შეტყობინებები და სუპერმარკეტში დატოვებული უსახელო საჩუქრები რას მივაწერო? -რომელმა თანამშრომელმა ჩამიშვა? -არცერთმა, თავად მივხვდი, რომ შენ იქნებოდი. ახალგაზრდა მამაკაცს გაეცინა: -მაშინ ისეთი უბედური ინტუიციის გრძნობა გქონია, ვანგა მიმიქარავს. არ მეგონა, ასე ჩხუბით თუ გავიცნობდით ერთმანეთს. -არც მე,-ჩანთაში ხელი ჩააცურა, მისი ნაჩუქარი ძეწკვი და კულონი ამოიღო, კაპოტზე მთელი ძალით დაუხეთქა, გამწარებული შებრუნდა და გზა განაგრძო. - მოიცადე, სად მიდიხარ? -უკან დაედევნა უცნობი. -პიროვნება, რომელიც საკუთარ თავს მალავს, ესე იგი, მიზეზიც აქვს. მე კი ასეთ ადამიანებს არ ვენდობი. შოკოლადზე ბოდიში, თანამშრომლებს გავუმასპინძლდი. იმედი მაქვს, პირველი საჩუქრის დაუბრუნებლობას როგორმე მაპატიებ. -საპატიებელი არაფერი გაქვს. ასე რატომ იქცევი? შენს მიმართ მართლა სერიოზული გრძნობები მაქვს. -შენ რატომ იქცევი ასე საეჭვოდ? -როგორ საეჭვოდ? -დაფარული ნომრიდან რატომ მწერ? -არ მიცნობდი და მეგონა, დამბლოკავდი. -მოსულიყავი და გაგეცანი. -ქუჩაში სერიოზული ურთიერთობისთვის არავის აჩერებენ და გაცნობას არ სთხოვენ. დარწმუნებული ვიყავი, უფრო შეგაშინებდი. -ეგეც მართალია. კარგი, რაკი ჩემი კითხვების პასუხებისთვის მომზადებული ყოფილხარ, მაშინ ისიც მითხარი, საიდან იცოდი, კონკრეტულ დროს რას ვაკეთებდი ხოლმე სუპერმარკეტში? -კარგი კითხვაა. შენი სამსახურის წინ რომ პოლიციის შენობაა, იქ ვმუშაობ. -ესე იგი, მართლა პოლიციელი ყოფილხარ. -ტყუილად პოლიციელად ყოფნა არც მიფიქრია. -ნუ იცინი! ეჭვი მქონდა და გამართლდა. -როგორ დაადგინე? -მენეჯერმა მითხრა, რომ საჩუქრის გადაცემის შემდეგ, პოლიციის შენობაში შეხვედი. -პოლიციის შენობაში რიგითი მოქალაქეებიც შედიან. -იქიდან არაჩვეულებრივად ხედავდი, რით ვიყავი დაკავებული და იმიტომ მწერდი, რომ გაგეგიჟებინე. ერთი ხანი ისიც ვიფიქრე, ჩემი რომელიმე თანამშრომელი იყო შენი ინფორმატორი, მაგრამ საეჭვო ვერავის ვერაფერი შევამჩნიე. -ჰოდა, შენი ვარაუდი გამართლდა. კიდევ რა გაინტერესებს? -სახელი და გვარი. -ლუკა დვალი. -მე თეკლა სესიაშვილი ვარ. -ვიცი. -გაგიჭირდებოდა დადგენა,-ცალყბად ჩაეცინა გოგონას. -კიდევ რას მკითხავ? -ჯერ-ჯერობით არაფერს. -სადმე ხომ არ გაგვესეირნა? ყავაზე გეპატიჟები. -არა, უკვე გვიანია. სახლში მეჩქარება. -იქნებ მეც მაქვს შენთან სასაუბრო. -სხვა დროს იყოს, ახლა უნდა წავიდე. -ესე იგი, მაპატიე? -რადგან დამაკმაყოფილებელი პასუხები მივიღე, შეიძლება ითქვას, რომ დიახ. -მაშინ დაგირეკავ, ან მოგწერ და შეხვედრა დავთქვათ. -დაფარული ნომრით არც გაბედო. -არც ვაპირებ,-გაეღიმა ბიჭს. -ძალიან კარგი. დროებით. -სახლამდე მიგაცილებ მაინც. -არაა საჭირო, თითქმის მივედი. -კარგი, რადგან ასე გინდა, აღარ შეგეწინააღმდეგები. ახლადგაცნობილნი ერთმანეთს დაემშვიდობნენ და იქაურობას გაეცალნენ. პირველმა შეხვედრამ აშკარად კარგი შთაბეჭდილება დატოვა ერთმანეთზე. ეტყობოდათ, რომ მიღებული ემოციები კარგა ხანს წაჰყვებოდათ. -„მიხარია, რომ ურთიერთობაში დაგვითბა“- ისევ აწკარუნდა სახლთან მისული თეკლას მობილური. გოგონას წაკითხვისთანავე გაეღიმა, მაგრამ არაფერი უპასუხია.
თავი 5 ლუკას გაცნობით, თეკლას ცხოვრებაში ნათელი წერტილი გამოჩნდა. გრძნობა, რომელიც ახლად იბადებოდა და ულამაზეს წამებსა და წუთებში გადადიოდა, გულზე ედებოდა და თითქოს პატარა შვებასაც აძლევდა, რომ უკეთესი მომავალი დაენახა და დაესახა. მეწყვილის ლაღი და თბილი ხასიათის წყალობით, თანდათან მასში შავი ღრუბლები განიდევნენ და ცამ ისევ გამოანათა. ისევ გაათბო მზემ თავის სხივებით, აკიაფდნენ ვარსკვლავებიც და ნელ-ნელა დაიწყო დაგროვილმა ნაღველმაც სხეულიდან გაწოვა. ერთ დღეს, როგორც იქნა, სატელეფონო საუბრებს და მიმოწერებს გასცდნენ და პირველი შეხვედრა ერთ-ერთ მყუდრო კაფეში დათქვეს: -უკვე მეგონა, არ მოხვიდოდი,- მისი ლოდინით დაღლილმა, ბედნიერი სახით შეხედა კაფესთან მოსულ გოგონას. -მაპატიე, -უხერხულად გაუღიმა და ჭაობისფერი თვალები შეანათა. -არაფერია, შენი გულისთვის კიდევ ვიდგებოდი,- თავადაც გაუღიმა და ხელით ანიშნა, შევიდეთო. -რას მიირთმევ? -მხოლოდ ნამცხვარს და ყავას. -ყავა როგორი გიყვარს? -რძით და შაქრით. ბიჭს გაეცინა და მიმტანის მიერ მაგიდაზე დადებული მენიუ მიაწოდა, რომ ნამცხვარი შეერჩია. -რა გაცინებს? -არაფერი. -რატომ არ მეუბნები? -გამიკვირდა, ყავა უშაქროდ რომ არ მოითხოვე, თითქმის სტანდარტული პასუხია,-მხრები აიჩეჩა და ისევ გაიცინა. -ოი, ბატონო ლუკა. ესე იგი, თქვენებური გამოთვლებიც გქონიათ. საინტერესოა, რამდენი დაგიპატიჟებიათ ყავაზე. -შენ წარმოიდგინე, არც ისე ბევრი. -აჰა, გასაგებია,-დაკვირვებული მზერით შეხედა და კარგად აათვალიერ-ჩაათვალიერა საკმაოდ სიმპათიურად გამოწყობილი მის წინ მჯდომი. -რომელ ნამცხვარს შეუკვეთავ? -„ჩიზ ქეიქს“. -ერთი ფინჯანი რძიანი ყავა შაქრით, ჩაი ლიმონით და ორი ჩიზქეიქი, თუ შეიძლება,-შეკვეთა ჩააწერინა მიმტან გოგონას და მენიუ დაუბრუნა. შემდეგ თეკლას მიუბრუნდა და მწველი მზერით რამდენიმე წამის განმავლობაში თვალი არ მოუცილებია. არც გოგონა ჩამორჩა, თავადაც გაუსწორა თვალები და უტიფრად გააგრძელა ზუსტად იგივე, რასაც ლუკა აკეთებდა. -ჯანდაბა! ძალიან საზიზღარი ხარ,-სიჩუმე ისევ მამაკაცმა დაარღვია. -რატომ? -არანაირი სიმორცხვე და უხერხულობა, გაბედული ტიპი ჩანხარ. -ისევე როგორც შენ,-კვლავ არ წყვეტდა დაჟინებით ყურებას. -კარგი, გვეყოფა. -რა გვეყოფა? -თვალებით ლაპარაკი და ერთმანეთის შებმა. ისედაც გაბმულები ვართ. -ნწ! -რა ნწ? -იქნებ მხოლოდ ერთ-ერთია გაბმული და მეორე უბრალოდ თავხედობს? -ჰო?-რბილად უთხრა და წარბები აათამაშა. -ჰო,-ოდნავ გაუღიმა თეკლამ. -ასე თუ გააგრძელებ, ისეთი ენერგია მოდის შენგან, ყავის მოტანამდე გაგიტაცებ და მერე რაც მოხდება, შენს თავს დააბრალე. -რაო? -საკუთარ საქციელზე პასუხს არ ვაგებ.. -მაინც ვერ მიგიხვდი, -საუბრის ეშხში შევიდა და ნიკაპი ლამაზად დაწყობილ ხელის მტევნებს ჩამოადო. -თეკლა! -აქეთ-იქით მიიხედა ლუკამ, ხომ არავინ გვისმენსო. -გისმენ. -რაც გითხარი, მართლა შევასრულებ, იცოდე! გოგონას გაეღიმა და შექმნილი სიტუაცია რომ განემუხტა, ჩვეულებრივ მდგომარეობას დაუბრუნდა: -კარგი, დაგინდე. -დამინდე კიდეც? -დიახ,-კმაყოფილი სახით შეხედა. -საინტერესო ვიღაც ხარ. -შენც, ჯერ-ჯერობით. -მითხარი აბა, რას ვაკეთებთ დღეს? -რა გინდა, რომ გავაკეთოთ? -კითხვაზე კითხვითვე რომ მპასუხობ, არ გეშინია, თამამი პასუხი მიიღო? -არა. -რატომ? -იმიტომ, რომ ვიცი, ასე მარტივად ჩემთან ურთიერთობას არ გაიფუჭებ. -საიდან დაასკვენი? -საკმაოდ ფრთხილი ხარ. -ეგეც მართალია. კარგი, თუ წინააღმდეგი არ ხარ, ლისის ტბაზე ავიდეთ და გავისეირნოთ. -თანახმა ვარ. -რამდენადაც კაფეში შეხვედრაზე რთული დასაყოლიებელი აღმოჩნდი, იმდენად მარტივად მთანხმდები გასეირნებაზე. -მოდი ასე ვთქვათ, ჩემი ნდობა მოიპოვე. -მიხარია. ახლა იცი რას ვფიქრობ? -რას? -შენი ყავასავით ტკბილი ხასიათიც თუ გაქვს, მაშინ ჩავთვლი, რომ ძალიან გამიმართლა. -ოო, მაგას დამსახურება უნდა. -და რა უნდა გავაკეთო, რომ დავიმსახურო? -ყოველ ღამით თეთრი რაშით უნდა ჩამომიქროლო და ციდან ვარსკვლავები მომიწყვიტო ხოლმე. ლუკა თეკლას სიტყვებზე ახარხარდა. არც ხუმრობის ავტორმა დააკლო. *** შებინდებამდე ისეირნა წყვილმა ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე და დაღლილები ტბის პირას ჩამოსხდნენ. თეკლამ ჩაფიქრებული თვალებით გახედა წყალს და მუქ, ლურჯ ცაზე გამოკვეთილ მთვარის ანარეკლს გაუშტერა მზერა. -რაზე ფიქრობ?- ლუკამ ღრმა ფიქრებს გამოსტაცა გოგონა. -ბევრ რამეზე. -მაინც? ერთ-ერთი მაინც გამანდე. -ერთ-ერთი ჩვენ ვართ. -და რაო, ამჯერად რას გეუბნება შენი წინათგრძნობა? -ცუდს არაფერს, ან იქნებ ვცდები? რა ვიცი,-ორაზროვნად თქვა და ბიჭს გახედა. -გული რას გიგრძნობს? -გული? ეგ ხომ ძალიან მიამიტია? ნუთუ შეიძლება, რომ მას მიენდოს ადამიანი? -იქნებ ასეც სჯობდეს, რომ სხვაში მხოლოდ სიკეთე და სიყვარული ვეძებოთ? -ეგრე არ გამოვა, ბევრი ისარგებლებს შენი „უნიკალური ნიჭით“ და ერთ დღეს ისეთი იმედგაცრუებული დარჩები, თავს ნამდვილ სულელად იგრძნობ. -არც ის არის კარგი, რომ ყველა ადამიანში ცუდი ვეძებოთ. თუ ირგვლივ მხოლოდ ცუდის ძებნა დავიწყეთ, მაშინ გზად დადებული მრავალი სიკეთის დანახვა გამოგვრჩება და კიდევ უფრო გულგატეხილები დავრჩებით. -ეგეც მართალია. ალბათ, ზომიერება დააბალანსებს მაგ საქმეს, ან რა ვიცი, ცხოვრება ისეთი რთული რამეა, რას გაუგებ? -ჩემშიც უნდა დაიწყო ცუდის ძიება? -ძიება არა, მთავარია, უნებურად არ ამოტივტივდეს. -ასე თუ მივყევით, ყველას აღმოვუჩენთ რაღაც ნაკლს, მაგრამ როცა ადამიანი გიყვარს, ამას უკვე მნიშვნელობას აღარ ანიჭებ. -ადამიანები ისე ვართ მოწყობილნი, მუდამ რაღაც ისეთს ვეძებთ, რაც გვაკლია და რომელიც მხოლოდ ჩვენ მეორე ნახევარშია. რთულია, მაგრამ თუკი იპოვი და ხვდები, რომ ის გავსებს, ჰო, მართალი ხარ, ამ შემთხვევაში იმდენად ეჯაჭვები, მისი ნაკლიც უფერულდება. -რომ ვიცოდე, რას ფიქრობ ჩემზე, ან რას ეძებ, იქნებ ბევრად გაგვიმარტივდეს ურთიერთობა? -ყველაფერი თავისთავად მოვა. დრო დაგვანახებს კარგსაც და ცუდსაც. -ზოგჯერ დრო უსაშველოდ იწელება. -სამაგიეროდ, ღირს, ადამიანი კარგად გაიცნო. ახლა კი, მოვრჩეთ ფილოსოფიას და სახლში წამიყვანე. -დავრჩეთ ცოტა ხანს, შენთან ყოფნა უზომოდ მსიამოვნებს. -უკვე გვიანია, ძალიან დავიღალე,-ფეხზე წამოდგა თეკლა. -მაშინ შემპირდი, რომ მალე შევხვდებით ერთმანეთს. -გპირდები,-გაუღიმა და მანქანისკენ აიღო გეზი. ბიჭი წამოდგა და გოგონას უკან გაჰყვა. ანდრომ უცნობი პიროვნების მანქანიდან გადმოსული თეკლა ფანჯრიდან დაინახა და გული შეეკუმშა: -მაინც არ მისმენ, არ გესმის, არც გინდა, გაიგონო,-წყრომით ჩაილაპარაკა და იქაურობას ცივად გაეცალა. გოგონამ კიბეები მხიარულად აირბინა და გრძელ, ხის კარზე დააკაკუნა. ბიძაშვილმა კარი გაუღო და უხმოდ აქცია ზურგი. -ანდრო, ვიცი, დამაგვიანდა, მაგრამ... ბიჭს აღარ მოუსმენია მისთვის, აბაზანაში შევიდა და სიბრაზისგან ადუღებული სხეული გრილ შხაპს შეუშვირა.
*** გეტამ ფურცლები ორად გაკეცა, მაგიდაზე გადადო და დასარწევ სკამზე კომფორტულად გადაწვა. გონებაში აზრებს პაექრობა გაემართათ. ზოგს სურდა, წყვილის მომავალი ლამაზად და კარგად წარმართულიყო, ზოგს კი პირიქით. -ახლად მოვარდნილ აზრებს თუ დავუჯერებ, მაშინ ჩაფიქრებულს დასასრულამდე ვერ მივიყვან და ნაწარმოებს თავის სიძლიერეს დავუკარგავ. ავცდები მთავარ ხაზს და საბოლოოდ, იაფფასიან და არაფრისმომცემ რომანს დაემსგავსება. მე კი ეს არ მინდა,-საკუთარ მეს ესაუბრებოდა და სავარაუდო ეპიზოდებს დეტალურ ანალიზს უკეთებდა. ერთი საათი მაინც იჯდა ასე, გაუნძრევლად. ნათლად წარმოიდგენდა ამა თუ იმ სიტუაციაში აღმოჩენილ პერსონაჟების სახეებს და თვითონაც იგივეს განიცდიდა, რასაც ისინი. დაიღალა და ნაწარმოებზე ფიქრს შეეშვა, სახლიდან თხელი მოსასხამი გამოიტანა და ეზოდან გავიდა. ნელა მიუყვებოდა ნაასფალტარ გზას და თანდათან უახლოვდებოდა მტკვარ-არაქსის კულტურის წრეში მოქცეულ, კლდეში ნაკვეთ ნაქალაქარ უფლისციხეს, რომელიც ერთ დროს, ქართლის მთავარ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა. კვერნაქის ქედზე, დაქანებული რელიეფის ქვიშაქვის მასივში ამოკაფული კომპლექსი საუკუნეების გასვლის მიუხედავად, მაინც მედიდურად გამოიყურებოდა. გეტას მცხუნვარე მზემ თვალი მოსჭრა და ხელით დაიჩრდილა. შორიდან აკვირდებოდა ოდესღაც ხალხით დასახლებულ, გადაჭედილ ქალაქს, სადაც სიცოცხლე დუღდა. სანამ კლდის გორაზე გადმოკიდებულ ქალაქში შეაღწევდა, მტკვრის ხეობას გადახედა და სხვა ენერგიით აივსო. მის წინ ულამაზესი ხედი გადაიშალა. ნათლად აღიდგინა ისტორიული ამბები და წარმოსახვაში მეცხრე საუკუნის საქართველოს გაცოცხლება დაიწყო. სახელოსნოებიდან რკინის ჩხარაჩხური გამოდიოდა. ხელოსნები ცხენის ნალებს, ბორბლებს, სატევარებს, მახვილებს, შუბებს, საჩეხებს, ფარებს, თუ სხვა იარაღებს ამზადებდნენ. ზოგნი თიხას ზილავდნენ და მისგან ქვევრები, ხელადები და ფიალები გამოჰყავდათ. მეპურეები გახურებულ თონეებში ლავაშებს აკრავდნენ. დატრიალებულმა სუნმა შიმშილი მოჰგვარა და სწრაფად გაეცალა იმ ადგილებს. თამაშში ჩაბმული, ფეხშიშველი, პატარა ბიჭები ძირს გაწოლილიყვნენ, პატარა ქვები ხელში აეღოთ და არც თუ ისე შორიახლოს, მათ წინ ერთმანეთის მიჯრით დაწყობილი ქვებიდან ერთ-ერთი მიზანში ამოეღოთ. ისმოდა რაკარუკი და მხიარული შეძახილები. უყურებდა ბავშვებს და მათი მხიარულება მის სახეზე ღიმილს იწვევდა. აფთიაქიდან გამოსული, დედის კალთას აკრული გოგონაც დაინახა, რომელსაც ხელში ხისგან გამოთლილი თოჯინა ეჭირა და ბაჯბაჯით მიჰყვებოდა. კიდევ გაიარა და ახლა მისი ყურადღება კლდის ფერდობებზე გაშენებულმა, უძველესი ქართული ვაზის „სალიზვარით“ გაშენებულმა, უზადოდ მოვლილმა ვენახმა მიიპყრო. წითელი ყურძნის მარცვლები მზის სხივებს ისე დაემწიფებინათ, გასკდომას იყვნენ. მევენახეები გეტასთვის ჯერ არ გაგონილი, უძველესი ქართული სიმღერის ღიღინით დაიარებოდნენ და თითოეულ მტევანს ეფერებოდნენ. ზოგი კერამიკული მილებით გამოყვანილი წყლით საწნახელებს რეცხავდა და რთველისთვის ემზადებოდა. აქლემების ქარავნით შემოსული ვაჭრები დიდგვაროვნებს აღმოსავლური ქსოვილების, ბეწვეულის, ძვირფასი ქვების და მრავალი ნივთის შეძენისკენ მოუწოდებდნენ. მთავარ მოედანზე საპყრობილეები იყო განლაგებული. თითოეული მათგანი ერთ დიდ თხრილს წარმოადგენდა, რომელიც ქვევით თანდათან ვიწროვდებოდა, რომ პატიმარს დაჯდომის საშუალება არ ჰქონოდა. ბოროტმოქმედებს ასე იმიტომ ექცეოდნენ, რომ ყველას დაენახა, რამდენად სასტიკი იყო მკვლელობისთვის, ქურდობისთვის და რიგი დანაშაულებებისთვის სადამსჯელო ქმედებები. იდგა ერთი ბეჩავი მამაკაცი გრძელ თხრილში, თვალები ცისთვის მიეპყრო და ღონემიხდილი გმინავდა, ან მეტი რა დარჩენოდა?.. გეტა იქაურობას გაერიდა. აღარ უნდოდა, გული დაემძიმებინა და ქალაქის სხვა მხარეს არჩია წასვლა. სამლოცველოში ქალები შენიშნა. მუხლი ფილაქნებზე მოედრიკათ და გულმხურვალე ლოცვით ხატებს სამშობლოს მშვიდობას და ოჯახის წევრების კარგად ყოფნას ავედრებდნენ. ჩუმად დატოვა ქალაქის ყველაზე წმინდა ადგილი და ამაღლებული ადგილიდან მთელ უფლისციხეს სიამაყით გადახედა. ფუსფუსებდა ქალაქი და მომავლიდან მოსულ სტუმარს ათასგვარ ამბავს ამცნობდა. კიდევ განაგრძო სიარული და ახლა ერთ-ერთი სახლის დიდ ეზოში შეიხედა. კარ-მიდამოს ეტყობოდა, რომ წარჩინებულნი ცხოვრობდნენ. მოხუცთან მყოფ ბავშვებს მოჰკრა თვალი, რომლებიც პატარა ხის სკამებზე შემოემწკრივებინა და უძველეს თქმულებებს უყვებოდა. ქალს გრძელი, სელისგან დაწნული, კოჭებამდე კაბა ეცვა, ბოლოში და მაჯებზე არშია ჰქონდა შემოვლებული, წელზე ოქროს ბალთა დაემაგრებინა, მოსასხამი მოეხურა და თვალშისაცემად ლამაზი თავსაბურავი ამშვენებდა. გეტა ახლოს მივიდა და ყური დაუგდო: უფლისციხე ადგილობრივ ტომთა ბელადის, უფლის სადარის საცხოვრებელი იყო. ასე იმიტომ უწოდებდნენ, რომ ტომის ბელადს დიდი ძალაუფლება ჰქონდა და სახელიც აქედან იღებს სათავეს - უფლის სადარის ციხე, მოკლედ რომ ვთქვათ, უფლისციხე. სახელი ჯერ კიდევ კერპთაყვანისმცემლობის დროს დაერქვა, ამიტომ ტომის ბელადის უფლის სადარობა ძალაუფლების აღმნიშვნელი ტერმინია და არა რელიგიურის. ლეგენდა გვამცნობს, რომ ქალაქი მის სამხრეთით, ქოხებში მცხოვრებმა მონებმა ააგეს. წერაქვს აძლევდნენ, რომელიც ნახევრად რკინა და ნახევრად ოქრო იყო და ვიდრე მუშაობისას ოქრომდე არ გაცვითავდნენ, მონობისგან თავს ვერ დაიხსნიდნენ. მერე თავისუფლებასთან ერთად, ოქროც მათ რჩებოდათ და ჩვეულებრივ აგრძელებდნენ ცხოვრებას. მრავალი წელი უფლისციხე ქურუმთა ქალაქად მოიხსენიებოდა. მათ ქვეყნის ცხოვრებაზე დიდი გავლენა ჰქონდათ. ხშირად იკრიბებოდნენ სათათბირო დარბაზში, რომელიც ქალაქის ცენტრალურ უბანში მდებარეობდა და საერო საკითხებს წყვეტდნენ. რელიგიური დღესასწაულები მთავარი ქურუმების მიერ საიდუმლო ოთახებში რიტუალების შესრულებით იწყებოდა. ასე იმართებოდა წარმართულ ღვთაებათა დღესასწაულნი, ვიდრე კაბადოკიელი ნინო ვაზის ჯვრით არ მოევლინა ქვეყანას და ქრისტიანობა არ გაავრცელა. მისი გამოჩენის შემდეგ, ვითარება ძირფესვიანად შეიცვალა, ქურუმებს მმართველობის სადავეები ჩამოერთვათ და ქალაქი მეფეთა ქალაქად იქცაო,- ამბობდა ხანდაზმული. უფლისციხის შესახებ ამბების მოყოლა რომ დაასრულა, დასძინა:- ასეთი წვალებით და დაგვით აიგო ეს ლამაზი ქალაქი და ჩვენი ვალია, მტკაველ -მტკაველ გავუფრთხილდეთ, დავიცვათ და მივხედოთ. არ გვეკადრება, დავკარგოთ თუნდაც ერთი გოჯი. მტარვალნი ეპოტინებიან, არ გვანებებენ, მაგრამ მჯერა, ბრძოლით და სიმამაცით ქართველნი არ დავთმობთ და ქედს არ მოვუხრით არავისო. გეტას გული სიამაყით აევსო, როდესაც ქალის სიტყვები მოისმინა, რომლებიც ქვეყნის სიყვარულით და პატრიოტიზმის გრძნობით იყვნენ გამთბარნი. ან კი როგორ შეიძლებოდა, ასეთ რამეს ვინმე გულგრილი დაეტოვებინა? მეტის გაგება და დათვალიერება სურდა და ეზოდან ყველაზე ხმაურიან ადგილს, ისევ ბაზარს მიაშურა. დაწვრილებით აინტერესებდა, რას ყიდიდნენ მოვაჭრეები. დახლებს ჩამოუარა და ათასგვარ წვრილმანს და საკვებს მოჰკრა თვალი. ფერად-ფერადი ჩირით, ხილით და ბოსტნეულით იყო აჭრელებული იქაურობა. ღვინო, თევზი, პური, ცხოველნი, ფრინველნი, ტანსაცმელი, სამკაულნი, საყოფაცხოვრებო ნივთები, რას აღარ ნახავდით. ორი მოხუცი მეწაღე ერთმანეთის გვერდით იჯდა, ტყავისგან ფეხსაცმელს ამზადებდა და თან, ქვეყნის პოლიტიკურ ამბებზე ბჭობდა. გული ეწვოდათ, რომ აღმოსავლეთ საქართველო არაბთა სახალიფოს ქვეშევრდომი იყო. საუბრობდნენ წანარებზე, რომლებიც სხვა ქართულ ადმინისტრაციულ ერთეულებთან ერთად, არაბთა მფლობელობაში მოექცნენ. მოსწონდათ მთიელთა დაუმორჩილებელი ბუნება. მათაც სურდათ, რომ წანართა მსგავსად, მტრისთვის ხარკის გადახდაზე უარი ეთქვათ, მაგრამ ამასთანავე, ურჩობისთვის სახალიფოს დამსჯელ ექსპედიციებსაც განიხილავდნენ და მთავარი თვალსაზრისით, რომ ახალგაზრდა მეომრების სისხლის დაღვრას უფრთხოდნენ, ამიტომ ფიქრშიც ვერ წირავდნენ შვილების და შვილიშვილების ტოლ თაობებს და უმალ, უკანვე იხევდნენ. მოულოდნელად, ქალაქის მთავარ შესასვლელთან ცხენის ფლოქვების ხმა გაისმა. მცველების და გეტას ყურადღება შავ ცხენზე ამხედრებულმა, წარმოსადეგმა და ერთობ სიმპათიურმა ვაჟკაცმა მიიპყრო. მაღალმა და მხარბეჭიანმა მხედარმა ციხე-ქალაქის მისადგომებს დიდრონი, შავი თვალები მოავლო და კუშტი სახით ქალაქის მთავარი იკითხა. ეტყობოდა, რომ სერიოზულ საქმეზე იყო მოსული. -ვარაზ?- აღშფოთებული სახეებით მივარდნენ იქაურნი ახლადმოსულს. მიხვდნენ, რომ კარგი ამბავი არ ხდებოდა მათ თავს. მხედარი გახვითქული ცხენიდან გადმოვიდა და წელში გაიმართა. გეტამ შეათვალიერა და პირველად, რაც თვალში მოხვდა, მისი გარეგნობა და მოხდენილი ჩაცმულობა იყო. სამოსს გვერდითი ნაწილები ისე მოხერხებულად ჰქონდა აჭრილი, ცხენზე ასვლაში ხელი რომ არ შეშლოდა, ვიწრო შარვალი კი დაბალქუსლიან ჩექმებში ჩაეტანა. შეატყო, ვარაზი უფლისციხელებისთვის კარგად ნაცნობი პიროვნება იყო და სმენად გადაიქცა. აინტერესებდა, რა ამბავი მოიტანა. ვაჟკაცმა დასიცხული სახე მოიწმინდა და ქალაქის მთავართან ხალხი გაგზავნა, რომ მისი მოსვლა ეცნობებინათ. სასწრაფოდ მოახსენეს ვარაზის სტუმრობის შესახებ და მანაც შესახვედრად მაშინვე მზადყოფნა გამოთქვა. მეჩირაღდნენი სტუმარს გვირაბებით დარბაზებისკენ გაუძღვნენ. გეტაც ფეხდაფეხ მისდევდა. ბოლოს, ერთ-ერთ დარბაზში აღმოჩნდა. მაღალ ტახტზე თბილისის ამირას მიერ დანიშნული ქალაქის მთავარი დაინახა. ძვირფასი, ქარვისფერი სამოსი მოერგო, თავზე ჩალმის მსგავსი ქუდი ეხურა და ცნობისმოყვარე მზერით გასცქეროდა ახლადმისულს. ვარაზი თავის დაკვრით მიესალმა, მოიკითხა და მაშინვე საქმეზე გადავიდა. ამცნო, რომ მუჰამედ იბნ ხალიდს, რომელიც არაბთა ხალიფას თბილისის ამირა, საჰაკისა და მისი მოკავშირე კახელების წინააღმდეგ გამოეგზავნა, მასზე შური სათანადოდ ეძია და ახლა, ბაგრატ კურაპალატთან ერთად, უფლისციხის ასაღებად მოემართებოდა. -მაშ, ამ ქალაქის აღება განუზრახავთ?- სახე შეეცვალა მთავარს და თვალები რისხვით აევსო. ვარაზი დაეთანხმა და ინტერესით მიაცქერდა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა იგი. მთავარმა ქვეშევრდომნი მოიხმო და განკარგულება გასცა, ვისაც სადმე ადგილი ეგულებოდა, აღარ დაეყოვნებინათ, ქალები და ბავშვები გაეხიზნათ და ქალაქი ბრძოლისთვის შეემზადებინათ. ახალი ამბავი ელვის სისწრაფით გავრცელდა. ქალაქი ორომტრიალმა მოიცვა. ატყდა გუგუნი და განგაშის ზარები. გეტამ თავზარდაცემულ, ერთმანეთში არეულ და საბრძოლო შემართებით აღვსილ ხალხს რომ გადახედა, გაიფიქრა: -ტყუილად არ აღწერდნენ ქართველ ვაჟკაცებს მამაცებად და უდრეკებად. აქ დავრჩები და არსადაც არ წავალ! მინდა, ისტორიული ბრძოლის მომსწრე გავხდე,- სვეტებიანი დარბაზი დატოვა და ხელების ცეცებით მიუყვებოდა გვირაბებს. მოულოდნელად, რამდენიმე ჯოჯო დალანდა და ხმამაღლა იკივლა. საკუთარმა ხმამ გონზე მოიყვანა და წარსულში გაცოცხლებული ისტორიიდან ახლანდელ დროში გადმოისროლა. გარეთ რომ გავიდა, ერთ-ერთ ქვაზე ჩამოჯდა, მხარზე გადაკიდებული ჩანთიდან პლასტმასის ბოთლით წყალი ამოიღო და მოიყუდა. რაკრაკით ჩაცალა და რამდენიმე წვეთი სახეზეც იპკურა. სველი ხელები თმაზე გადაისვა და ცარიელი, შელახული ნაქალაქარი რომ დაინახა, გული შეეკუმშა. რამდენიმე წუთის წინ ნანახ, ხალხმრავალ ქალაქს შეადარა და უბადრუკად მოეჩვენა: -ჟამთა სვლას ძალიან დაუზიანებია ციხე-ქალაქი, წარსულში ბევრად განსხვავებულად გამოიყურებოდა, -გულისწყვეტით აღნიშნა და კლდის ნაწილებს ხელები გადაუსვა, თითქოს უნდოდა, თითებით უფრო ღრმად შეეგრძნო უძველესი ქალაქის ცხოვრება და სიძლიერე. შორიდან რამდენიმე უცხოელი ტურისტი შენიშნა. გიდთან ერთად ნელ-ნელა უახლოვდებოდნენ და ყურადღებით ადევნებდნენ თვალს თითოეულ სანახაობას. ფოტოაპარატები მოემარჯვებინათ და წამდაუწუმ აჩხაკუნებდნენ. გეტამ მასთან მოახლოებულებს გაუღიმა და გვერდი აუარა. ნელ-ნელა დაეშვა უფლისციხიდან და დარდიანი სახით გაუყვა გზას თავის სოფლისაკენ. მიდიოდა და ისევ ვარაზზე, ქალაქის მთავარზე, მეწაღეებზე, შვილიშვილებთან საუბრით გართულ, დიდგვაროვან ქალბატონზე, ხელოსნებზე, ვაჭრებზე, ტაძარში მუხლებზე დაყუდებულ მლოცველებზე, მევენახეებზე, მეპურეებზე, პატიმარზე და კიდევ ვინ იცის, ვისზე და რაზე აღარ ფიქრობდა.
გაგრძელება იქნება
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. დიდი მადლობა, ქალბატონო მზია. შენიშვნა მიღებულია და აუცილებლად ჩავასწორებ. დიდი მადლობა, ქალბატონო მზია. შენიშვნა მიღებულია და აუცილებლად ჩავასწორებ.
3. ძალიან კარგია! ჩემგან 5 ერთი შენიშვნა: ორი მოხუცი მეწაღე ერთმანეთის გვერდით იჯდა და დანარჩენი ზმნებიც მხოლობითში იქნება.
ძალიან კარგია! ჩემგან 5 ერთი შენიშვნა: ორი მოხუცი მეწაღე ერთმანეთის გვერდით იჯდა და დანარჩენი ზმნებიც მხოლობითში იქნება.
2. დიახ, ორსიუჟეტიანი ნაწარმოებია :))) მადლობა გამოხატული ინტერესისთვის. დიახ, ორსიუჟეტიანი ნაწარმოებია :))) მადლობა გამოხატული ინტერესისთვის.
1. ერთ ნაწარმოებში ორი სხვადასხვა ამბავი საინტერესოა.. უფლისციხე არასდროს მინახავს და ამ ლეგენდამ უფრო მომანდომა. ველოდები გაგრძელებას ერთ ნაწარმოებში ორი სხვადასხვა ამბავი საინტერესოა.. უფლისციხე არასდროს მინახავს და ამ ლეგენდამ უფრო მომანდომა. ველოდები გაგრძელებას
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|