ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეით გრინი
ჟანრი: პროზა
20 სექტემბერი, 2019


გეტა (ნაწილი IX)

***
სუნთქვაშეკრულს გაეღვიძა და საწოლზე წამოჯდა. ოფლით დაცვარული შუბლი ხელით მოიწმინდა და თვალებგაფართოვებული აქეთ-იქით დაბნეული იყურებოდა.
-სიზმარი ნახე?- უეცრად ტეროს ხმამ გამოაფხიზლა.
-არ გძინავს? -შეცბუნებულმა ჰკითხა და საწოლთან დადებული წყლით სავსე პლასტმასის ჭიქა ხარბად გამოცალა.
-რა დამაძინებს? ოთახში იმხელა კოღოა, ჩუსტი რომ გაუქანე, ლამის ფეხზე წამოიცვა.
-ეგ ენა რომ არ გქონდეს...- სუსტად გაეცინა გეტას.
-ძაღლები წამათრევდნენ, თუ როგორ არის? კატები წამათრევდნენ? რა მნიშვნელობა აქვს, სპილო იყოს.
აბალაკი ბალიშზე მისავათებული მიწვა.
-გაფიცებ, რას ხედავდი ამისთანას, რომ ამდენი იბორგე და რაც თვალი გაახილე, ენაჩავარდნილი ზიხარ?
-სიზმარს ვერც ვუწოდებ, უფრო ხილვა იყო, წარსულის ტომრიდან დაუკითხავად გადმოსული დღეები და ღამეები.
-როგორ დეტალურად მომიყევი. არცერთი კითხვა არ გამჩენია.
-რასაც არ გეუბნებიან, ნურც ჩაეძიები.
-Oki Doki! No problem!
-არ გეწყინოს, პირად ცხოვრებაზე საუბარს ყველასგან გავურბივარ.
-ჩათვალე, არაფერი მიკითხავს.
გეტა ბალიშს ჩაეხუტა და თვალები დახუჭა, მაგრამ ძილი არ მიჰკარებია. მზის ამოსვლას არც კი აცადა, ცუდი შეგრძნებები რომ გაეფანტა, ერთადერთ საშუალებად მეთერთმეტე თავზე მუშაობას მიიჩნევდა. თავიდან, იდეების ნაკლებობას განიცდიდა. რამდენჯერაც დაიწყებდა, იმდენჯერვე შლიდა სიტყვებს. წინადადებიდან წინადადებაზე ვერ გადადიოდა. აზრის დასრულება უჭირდა. ასე იჯახირა კარგა ხანს, სანამ გონება არ გაუბრწყინდა. შემდეგ გეგმა დააწყო და გულმოდგინედ შეუდგა წერას:

თავი 11
ერთი კვირის განმავლობაში თეკლა ჭაკი ცხენივით უვლიდა ქალაქს და ხან რომელ დაწესებულებას მიადგებოდა, ხან რომელს. ზოგან არასახარბიელო ანაზღაურებას სთავაზობდნენ, ზოგან სტაჟიორად, ყოველგვარი ხელფასის გარეშე იწვევდნენ, ბევრმა უარითაც გაისტუმრა. ერთი სიტყვით, გარემო მისი სურვილის წინააღმდეგ უგებდა მახეებს. თავდაპირველი შემართება თანდათან სადღაც გაუქრა და ფსიქოლოგიურად გატყდა. გული აღარც მიუწევდა სამსახურის შოვნისკენ, მაგრამ როგორც კი სახლში ანდროს ამჟავებულ სახეს დაინახავდა, უმალ ახსენდებოდა, რომ მალე მიატოვებდა და ეს ფაქტი აფრთხობდა. რამდენჯერმე ლუკასაც უხსენა თავის პრობლემის შესახებ მასთან საცხოვრებლად გადასვლის იმედით, მაგრამ ამაოდ. ყურიც არ შეუბერტყავს. პარტნიორის ზოგიერთ თემაზე ასეთი გულგრილი დამოკიდებულება ჰკლავდა ხოლმე, მაგრამ მის ხასიათს აბრალებდა და შესანიშნავად იცოდა, ზრდასრულ ასაკში უკვე კარგად ჩამოყალიბებული თვისებების მოსპობის თუნდაც მცდელობა, ტყუილ ნერვების შლად და წყლის ნაყვად დაუჯდებოდა. სამაგიეროდ, ბევრი კარგი ჩვევაც ჰქონდა, რასაც ძალიან აფასებდა და მუდამ ამაღლებულ განწყობაზე მოჰყავდა. აი, მაგალითად, ყველაზე მეტად მასთან ერთად მომზადებული საჭმელი უყვარდა, რომლის კეთების პროცესიც ერთ დიდ თავგადასავლად გადაიქცეოდა ხოლმე. დღესაც, ერთ-ერთი ოპტიკური ქსელიდან სამსახურის თაობაზე უარით გამოსტუმრებული, თავს სასოწარკვეთილებაში გადავარდნისგან იგერიებდა. კარგად იცოდა, ლუკასთან შეხვედრა გუნებას შეუცვლიდა და გაახალისებდა.
ზარის ღილაკს ხელი დააჭირა და შეყვარებულის გამოჩენას მოუთმენლად დაელოდა. ურდულმა მაშინვე გაიჩხაკუნა და ლუკაც გამოჩნდა. გოგონა ყელზე ჩამოეკიდა და ნაზი კოცნით აუშალა საღერღელი, თუმცა მამაკაცი როგორც კი თამამ მოქმედებაზე გადავიდა, ხელით გაწია, შესასვლელის კარი თავადვე ჩაკეტა და პირდაპირ სამზარეულოში შეაჭრა:
-მისამართი შეგეშალათ, მზარეული არ გამომიძახია, ქალბატონო, - უკნიდან მიეპარა და ხელები თეძოებზე მოჰხვია.
-მართლა? რა სამწუხაროა. მეგონა, ერთ სულიერს ჩემთან ერთად პიცის და სალათის მომზადება სურდა,- ეშმაკურად ჩაეცინა თეკლას.
-და კიდევ რაღაც-რაღაცები...
-ჯერ მომეხმარე, მერე იმ რაღაც-რაღაცებზე ვიფიქროთ.
-ჩემი მსუნაგი გოგო,- კოცნით დაუფარა ღაწვები და ინგრედიენტები გამოალაგა.
კულინარიული შესაძლებლობების გამოვლენა ამჯერადაც საკმაოდ მხიარულ პროცესად გადააქციეს. ფქვილიანი ცხვირებით და პომიდვრის საწებლით გათხვრილი ლოყებით იდგნენ, კერძებს ამზადებდნენ და ერთად ყოფნის გარდა, არავინ და არაფერი ანაღვლებდათ. იმ წუთებში ბედნიერება, ლამაზი გრძნობების შერწყმა და ერთმანეთში უსასრულოდ დაკარგვა ერქვა მათ კავშირს. ვახშამზე ერთი ბოთლი ნახევრადტკბილი, თეთრი ღვინო ყლუპ-ყლუპებად გამოცალეს და სიყვარულით და ალკოჰოლით მთვრალებმა ის ღამე ცხელ და დაუვიწყარ წუთებად აქციეს.
დილით თეკლა საშინელმა თავის ტკივილმა გააღვიძა. ლუკას აბაზანის ხალათი მოეცვა და აივანზე ჩაფიქრებული იდგა:
-აქ რას აკეთებ?- თავადაც გავიდა და გვერდით ჩამოუდგა.
-არაფერს, გამეღვიძა და გამოვედი, - გრძნობით სავსე თვალებით შეხედა და თავზე  გადაუსვა ხელი.
-არ შემოხვალ?
ლუკამ მდუმარედ დაუქნია თავი და ოთახში შებრუნდა.
-რამე მოხდა?
-არა, რა უნდა მომხდარიყო?- სევდიანად თქვა.
-მაშინ რას მივაწერო შენი დაღონება?
-გეჩვენება, ძალიან კარგად ვარ.
-მსგავსსაც ვერაფერს გატყობ.
-მოდი, ეჭვები რომ გაგიქარწყლო, სადმე, ქალაქგარეთ წავიდეთ.
-არ შემიძლია,- ამოიოხრა თეკლამ და თავის მოსაწესრიგებლად სარკესთან მივიდა.
-რატომ?
-სამსახურს ვეძებ, რამდენიმე ადგილას უნდა მივიდე.
-რატომღაც მეგონა, ჩემთან ყოფნაზე უარს არ იტყოდი,- მოღუშული სახით ჩამოჯდა საწოლზე და თვალს არ აშორებდა.

***
ვიდრე აბალაკი წყვილის დიალოგზე მუშაობდა და მთელი გონებით მათთან იყო, ოთახში ახალგაზრდა, სასიამოვნო გარეგნობის მედდა შევიდა და ამცნო, რომ საუზმის შემდეგ ექიმი დევდარიანი ელოდებოდა. კარი რომ გაიკეტა, გეტა კვლავ მიუბრუნდა ლუკას და თეკლას საუბარს, თუმცა აზრი გაუწყდა და გაბრაზებულმა მუშტი დაარტყა მაგიდას:
-არ გაცლიან მუშაობას!
-ე,  რა დღეში ხარ, ტო?- თვალები დააჭყიტა ტერომ.
-მაპატიე, ტექსტს ვეღარ ვაგრძელებ და ნერვები მომეშალა.
-შეულოცე ტვინს,- ნამძინარევი ხმით ამოილუღლუღა და გაეღიმა.
რამდენიმე წუთი წვალობდა, რომ ისევ შესულიყო როლებში და პერსონაჟები აემეტყველებინა. თავისი სიჯიუტის წყალობით, მაინც მოახერხა, რომ თავი დაესრულებინა:

-სხვა დროს იყოს, - მუქი წითელი ტუჩსაცხი ბაგეებზე გადაიტარა და შესასვლელისკენ წავიდა.
-უკვე მიდიხარ?
-რა დაგემართა? ისე მიყურებ და მელაპარაკები, თითქოს უკანასკნელად ვხედავდეთ ერთმანეთს.
ლუკამ თითქოს რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ გამბედაობა არ ეყო და ერთადერთი, რაც მოიფიქრა, თეკლას მივარდა და გულში ჩაიკრა.
-ლუკა, შენ თავს ვფიცავარ, მართლა არ შემიძლია დარჩენა, გამიგე.
-რა თქმა უნდა,- ამოიჩურჩულა და მკლავები ძლიერად მოჰხვია. უძრავად იდგა და მისი თმის სურნელს ისუნთქავდა.
-პატარა ბავშვივით იქცევი, წასვლის უფლებას არ მაძლევ, -გაეცინა გოგონას.
-ცოტა ხანიც და წადი.
-კარგი, დამაგვიანდება. საღამოს შეგეხმიანები,- თბილად აკოცა, მისგან თავი გაითავისუფლა და გასასვლელ კარს მიაშურა.
სანამ თეკლა ლიფტში არ შევიდა, მამაკაცი მანამ არ შებრუნდა სახლში. მერე უფრო დარდიანი სახე მიიღო და თავჩაღუნულმა მიხურა კარი.

***
გეტამ საუზმის შემდეგ ექიმის კაბინეტს მიაკითხა. ქალბატონი თამარი საქმიანი სახით იჯდა და საქაღალდეში იქექებოდა. პაციენტის დანახვაზე ცხვირის წვერზე დაკოსილი სათვალე შეისწორა და სთხოვა, სკამზე ჩამომჯდარიყო:
-მოკლედ, შენთვის კარგი ამბავი მაქვს. სრული, ათდღიანი კურსი ჩაგიტარდა და დღეს უნდა გაგწერო.
-მშვენიერია,-სიხარული ვერ დამალა აბალაკმა და აღტაცება სახეზე გამოესახა.
-იმედი მაქვს, ჩემს რჩევებს მიჰყვები, მედიკამენტებს დროულად მიიღებ და პრობლემების გარეშე გააგრძელებ საზოგადოებრივ ცხოვრებას.
გეტამ ყოველგვარი შეკამათების გარეშე თავი დაუკრა.
-კარგი, ფორმალობებს მოვაგვარებ და მაქსიმუმ ერთ საათში გაგიშვებ.
-დიდი მადლობა.
-შეგიძლია, წახვიდე, გენაცვალე,-გაუღიმა და საქმეს დაუბრუნდა.
კაბინეტიდან გამოსული, ვიდრე საავადმყოფოდან წასვლის და თავისუფლების დაბრუნების სიხარულს ბოლომდე გაიაზრებდა, ნინიას გადაეყარა. ქალმა უცნაურად შეათვალიერა, მიუახლოვდა და თვალები გაუშტერა. გეტას გულზე არ ეხატებოდა, მაგრამ მაქსიმალურად დიდი ოსტატობით შენიღბა საკუთარი სახე, რომ ნინიას რამე არ შეემჩნია და წასვლის წინ რამე შარი არ აეტეხა მისთვის. ქალმა თვალები გააფართოვა და ნერვიულად, გაპარჭყული ხელებით დაუწყო საუბარი:
-შენ ოთახში უნდა გადმოვიდე. ჩემი მეწყვილე ღამ-ღამობით არ მაძინებს.
-ექიმმა გითხრა, რომ უშუალოდ ჩვენ ოთახში გადმოხვალ?
-მე ასე მინდა,-თითი დაჰკრა მხარზე.
-ჰო, რა ვიცი. როგორც გადაწყვიტავენ, ისე იქნება.
-შენთან ერთი კითხვა მაქვს.
-გისმენ.
-რანაირი ვიღაცაა შენთან რომ ცხოვრობს? ამბობენ ქალიაო, მაგრამ ქალს არ ჰგავს.
-ვინ? ტერო?
-ვინც არის. უცნაური მიხვრა-მოხვრები აქვს, სიგარეტს კაცური მანერებით ეწევა და ტანსაცმელსაც სხვანაირს ატარებს. ვერ გავიგე, ბოლოს და ბოლოს ქალია, თუ კაცი? -ქვედა ტუჩს უშნოდ ძაბავდა.
-ადამიანი.
-მე სხვა რამე გკითხე.
-მე კი ამომწურავი პასუხი გაგეცი,-თავი გააქნია და ოთახის კარი ცხვირწინ მიუხურა.
ტერო თავის საწოლს ასწორებდა და სიმღერას ღიღინებდა. გეტას ცნობისმოყვარე სახით შეხედა და ჰკითხა, რა მიზეზით დაიბარა ექიმმა. აბალაკმა ახალი ამბავი ახარა და ნივთების წამოკრეფა დაიწყო.
-მოდი, ერთი ჯიგრულად გადაგეხვიო,-მისკენ წავიდა ტერო, რომ მიელოცა,-მაგრად მომენატრები.
-მეც, ერთადერთი ადამიანი ხარ, რომელსაც ბოლო დროს, ჩემს ცხოვრებაში სილაღე შემოაქვს, -აღნიშნა გეტამ.
-უშენოდ რა უნდა გავაკეთო, აჰ?
-იქნებ შენც მალე გამოგწერონ.
-რა ვიცი, რა ვიცი...-ხელი ჩაიქნია და საწოლის გასწორება გააგრძელა.
-რაღაცას გეტყვი, ოღონდ მაგრად დადექი, არ წაიქცე.
-გამოუშვი.
-მგონი, ნინიას ამ ოთახში შემოსახლებას უპირებენ.
-კაი ტო,-აშკარად არ ესიამოვნა.
-ჰო, ახლა შემხვდა და თვითონ მითხრა.
-აუ, რა გაუძლებს მაგას?-შუბლზე შემოირტყა ხელი.
-მორიგდებით რა, არც ისეთი საშინელი ვინმე ჩანს.
-არ იცი მაგის შეტევები, ხომ?
-არა,-თავი გაიქნია გეტამ.
-არც გენახოს. სამ კაცს ერთად უჭირავს ხოლმე და ძლივს აკავებენ.
- აუფ! კარგ დროს გაგატარებინებს.
-ჩემი ბედის დედა ვატირე! არაფერში რომ არ გიმართლებს ადამიანს. ჩამოდი ღმერთო, დავილაპარაკოთ, -ამოიქშინა ტერომ და საწოლზე ჩამოჯდა.
-კარგი, ცხვირს ნუ ჩამოუშვებ.
-შენთან თავს კარგად ვგრძნობდი, მიგეჩვიე.
-როცა გამოხვალ, აუცილებლად შევხვდეთ ერთმანეთს.
-ჰო, აბა, რა,-ნაძალადევად გაუღიმა და თავის ფიქრებში ჩაიძირა.

***
პომპეზური გამოთხოვებები და შეხვედრები არასოდეს უყვარდა გეტას. მისი ხასიათი არ ესწავლებოდათ ოჯახის წევრებს, ამიტომ საავადმყოფოსთან არავინ დახვედრია. ღრმად ჩაისუნთქა თავისუფლების ჰაერი და ქალაქში ხეტიალისთვის მოემზადა. რამდენიმე საათი იარა, საყვარელი ადგილები მოინახულა და ბოლოს ქაშუეთის ეკლესიის უკან, ცხრა აპრილის ბაღში, ხის გრძელ სკამზე ჩამოჯდა. მისი ყურადღება გამხდარმა მხცოვანმა მიიპყრო. შელანძული ტყავის ქურთუკი, ჯინსის შარვალი და გახუნებული ფეხსაცმელი ეცვა. ნაქსოვი ქუდი თვალებამდე ჩამოეფხატა და ჩამოსაჯდომად ცარიელ სკამს ეძებდა. გვერდზე ყურებპარტყუნა, ფერდებჩაცვენილი ლაბრადორის და მეძებარის ჯიშის ნაჯვარი ძაღლი მიჰყვებოდა. აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს და მიწას ყნოსავდა, რომ სადმე კბილის გასაკრავი ეპოვნა. კაცს ფერმკრთალი სახე ჰქონდა. ეტყობოდა, რომ ავადმყოფობდა.
-ბასკი, -მოდი, აქ ჩამოვსხდეთ,-ადამიანივით ელაპარაკებოდა და თითქოს ძაღლსაც ესმოდა პატრონის სიტყვები.
შავი პარკიდან ნახევარი პური ამოიღო, სუსტი ხელებით ორად გატეხა და თავის მეგობარსაც უწილადა. ძაღლმა თავის წილი უცბად გადასანსლა და ისევ შეხედა.
-რაო? კიდევ გინდა? - მკრთალად გაუცინა, რაც ხელში ჰქონდა, ორი ლუკმა თავისთვის დაიტოვა და დანარჩენი მას მისცა.
შიმშილი რომ დაიოკა, პატრონს მიუცუცქდა და მის ფეხებთან გაწვა. გეტას თვალი არ მოუშორებია მოხუცისთვის. აკვირდებოდა და რატომღაც ჩათვალა, რომ მარტოხელა იყო. ჯერ შეეცოდა, მერე ამოიოხრა და თავისთვის ჩაილაპარაკა:
-იქნებ მარტოობა სჯობდეს უღირს ადამიანებთან ყოფნას, ბერიკაცო?..
ხანდაზმული ბაღში მოსაუბრე, შეყვარებულ წყვილს გასცქეროდა. მისი ერთგული მეგობარიც ფხიზლად თვლემდა და ხანდახან, თვალს გამვლელებისკენ აპარებდა.
გეტას სახლში წასვლა არ სურდა, მაგრამ სიცივისგან ისე გაითოშა, ძაგძაგი დაიწყო. მზე კარგა ხნის ჩასული იყო და ცას მუქი ფერი ერეოდა. ჰაერში ტემპერატურა საგრძნობლად იკლებდა. ვეღარ გაუძლო და სახლში წასვლა გადაწყვიტა. მოხუცს და ძაღლს ჩაუარა, დამშვიდობების ნიშნად თავი დაუკრა და რუსთაველის გამზირზე ავიდა. თავისუფლების მოედანს რომ მიუახლოვდა, ერთმა ადგილმა წლების წინ იქ მდგარი სატელეფონო ჯიხური გაახსენა:

აფხაზეთიდან მარტო დაბრუნდა. რომას უკვე ყველა პრობლემა მოეგვარებინა და თბილისში ყოფნა მათთვის აღარანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა. რამდენიმე დღეში ქმარსაც ელოდებოდა. დაპირდა, რომ ერთ საქმეს დაასრულებდა და მალევე ჩავიდოდა დედაქალაქში. სანამ სახლში ავიდოდა, იფიქრა, ახლად შემორიგებულ მშობლებს მოიკითხავდა. სატელეფონო ჯიხურთან ჩამოდგა, ჯიბეები მოიჩხრიკა, ხურდა ფული იპოვა და ვერცხლისფერი მეტალის ტელეფონში ჩაყარა. წრიულ ციფერბლატზე ნომერი აკრიფა და ზუმერს დაელოდა. ყურმილი დედამისმა აიღო და როგორც კი გეტას ხმა გაიგონა, გაცხარებულმა ჰკითხა:
-ასე უნდა დაივიწყო მშობლები? სად იყავი, რომ არ ჩანდი?
- თბილისიდან გარკვეული ხნით გასვლამ მოგვიწია, არაფერია სანერვიულო.
-რაკი შენ იტყვი. ალბათ, მალე შემიწირავ.
-რატომ?
-სუხიშვილების ანსამბლიდან დღე და ღამე რეკავენ და გკითხულობენ. ინსტიტუტშიც რეპეტიციებს აცდენ და თურმე, არაფერია სანერვიულო, არა?
-სწორედ მაგ საკითხზე უნდა დაგელაპარაკო, დამელოდე, მალე მოვალ.
-გელოდები,-უკმეხად უპასუხა დედამისმა და ყურმილი დაუკიდა.
თავისუფლების მოედნიდან სოლოლაკის ქუჩებს აუყვა და თბილისურ ეზოში შეაჭრა. ნარდის თამაშით გართული სომეხი არამა და გარიკა კამათლებს აგორებდნენ და მთელ ეზოს აყრუებდნენ ხმამაღალი შეძახილებით: ჩარი-სე, სე-იაქი, დუ- ბეში, იაგანი...
გეტა მეზობლებს მიესალმა და სახლის კარზე დააკაკუნა:
-ვაჰ, როგორც იქნა, გვიკადრა და მობრძანდა ქალბატონი,-ჩაისისინა და განზე გადგა, რომ შვილი სახლში შესულიყო.
-დედა, ძალიან გთხოვ, პრეტენზიებს მორჩი და მომისმინე.
-გისმენ. აბა, რითი უნდა გამახარო კიდევ?
-ცეკვას და ინსტიტუტში სიარულს თავს ვანებებ.
ქალს ელდა ეცა, ნამდვილად არ მოელოდებოდა გეტასგან ამ სიტყვებს:
-Што?
-Да, ето правда.
-Как он тебе запудрил мозг?..- თავზე ხელი შემოიკრა ქალმა,-ვერ დავიჯერებ, რომ ეს შენი მიღებული გადაწყვეტილებაა.
-მოცემულ სიტუაციას ასე სჭირდება.
-შენ თუ იცი, რას ბოდავ ახლა? ვერავინ დამარწმუნებს, რომ ჩემი გეტაჩკა, რომელიც ბავშვობიდან ცეკვავს და არაჩვეულებრივი მსახიობური მონაცემების წყალობით თეატრალურ ინსტიტუტში პირველივე წელს მოხვდა, вдруг და აცნობიერებს, რომ ეს ყველაფერი მობეზრდა და აღარ უნდა.
-მე არ ვამბობ, რომ მომბეზრდა, ან აღარ მინდა! მოცემულ სიტუაციას ასე სჭირდება-თქო! -ამოიქშინა გოგონამ.
-იმ ვაჟბატონის ამბებია? მითხარი და დაველაპარაკები.
-არავისთან საუბარი არ არის საჭირო, უჩემოდ ერთ სიტყვასაც არ ეტყვი!
-ვერ ხვდები, რომ ისე გმართავს, როგორც თვითონ უნდა და „ტრიაპკასავით“ გექცევა? თავს რატომ უხრი?
-დედა, დატუქსვას და ჭკუის სწავლებას შეეშვი. მინდა შეგახსენო, რომ ექვსი წლის ბავშვი აღარ ვარ!
-კიდევაც როგორ მეტლიკინება,- ხელები დაატყაპუნა მაგიდაზე და ცოფიანივით განაგრძობდა ოთახში მოუსვენრად სიარულს.
-რა გინდა? ოჯახი გინდა, დამინგრიო? ვერ მოესწრები.
-შენ ოჯახსაც ოჯახი ჰქვია და შენი დისასაც? შეხედე იმის დახვეწილ და ინტელიგენტ ქმარს და მერე შენსას.
-ისევ თავიდან იწყება ყველაფერი. წავედი რა, შენთან წყნარი საუბარი არ გამოდის.
-ამიხსენი, როგორ უნდა დავწყნარდე, როცა ვხედავ, ჩემი შვილი იმ ტოტს, სადაც ზის საკუთარი ხელით იჭრის? არ გაიხაროს რომა ტამოევმა იმისთვის, რომ ამ დღეში ჩაგაგდო.
-წყევლას თავი დაანებე და შეეგუე, რომ ეს ჩემი ცხოვრებაა და შენ ვერ ჩაერევი!
-შენ თუ ახლა ამ გასტროლების სეზონი ჩააგდე და არც თეატრალურ ინსტიტუტში აღადგენ სიარულს და არ დაიწყებ გამოცდებისთვის მომზადებას, იცოდე, რომ ძალიან დიდ შეცდომას უშვებ და ადრე თუ გვიან, აუცილებლად ინანებ!
-არა მგონია, ასე იყოს,- ჩანთა მხარზე გადაიკიდა და სახლიდან გავარდა.
გულამოვარდნილი მიდიოდა და გონებიდან არ ამოსდიოდა წუთების წინ დედამისთან შემდგარი დიალოგი. ბევრი იფიქრა მის სიტყვებზე და საკუთარ გულისთქმასაც არაერთხელ მოუსმინა. საბოლოო ჯამში, მაინც ნამდვილმა სურვილმა გაიმარჯვა. მეორე დღიდან ანსამბლშიც მივიდა და ინსტიტუტშიც. კვლავ იპოვა საკუთარი თავი, შესაძლებლობებს გადახერგილი გზა გაუხსნა და ისევ ჩაიკარგა ხელოვნებაში. ასე გრძელდებოდა ხელმეორედ დაბრუნებული აღმაფრენა იქამდე, ვიდრე ერთ დღეს, გენერალური რეპეტიციიდან დაბრუნებულს ქმარი სახლში მისული არ დაუხვდა.
რომა მოჩვენებითი სიმშვიდით იჯდა სავარძელში და სიგარეტს ექაჩებოდა. გეტა მის დანახვაზე ოდნავ შეკრთა, მაგრამ გამბედაობა მოიკრიბა და ვითომც არაფერი მომხდარიყო, ჩვეულებრივად გაუბა საუბარი:
-ვაჰ, უკვე ჩამოხვედი?
-არა, ისევ იქ ვარ.
-დიდი ხანია, სახლში ხარ?
-სად იყავი?
-კლასელთან.
-რომელთან?
გოგონას ეჭვი რომ არ გამოეწვია და ბუნებრივობა შეენარჩუნებინა, დიდხანს ფიქრს აღარ მოუნდა, პირველი ვინც გაახსენდა, მისი სახელი და გვარი უთხრა:
-ირინე არჩვაძესთან.
-სად ცხოვრობს?
-ლერმონტოვის ქუჩაზე.
-რომელ ნომერში?
აი, აქ უკვე ტუჩზე იკბინა და პასუხი რომ არ იცოდა, სირცხვილისგან სახე წამოუწითლდა:
-ნომერი არ მახსოვს, თვალით ვცნობ იმ შენობას.
რომამ საფერფლე გვერდზე გადადგა, წამოდგა და ავის მომასწავებელი მზერით ცოლისკენ ნელი ნაბიჯებით დაიძრა. გეტა კარგად სცნობდა ამ გამოხედვას, მაგრამ მაინც მხნედ ეჭირა თავი. მამაკაცი მაგიდას მაჯით ჩამოეყრდნო და ცივად აათვალიერ-ჩაათვალიერა:
-აღიარე, სად იყავი? უკვე  მოთმინების ძაფი მიწყდება.
-რა გჭირს? გითხარი, კლასელთან ვიყავი-მეთქი.
-აპლოდისმენტები ჩვენს მსახიობს! -ტაში დაუკრა რომამ და ორი ნაბიჯით მიუახლოვდა.
გეტას სხეული დაეჭიმა, ყველა უჯრედით გრძნობდა, რომ ციკლონი უახლოვდებოდა. მამაკაცმა წარბები შეკრა და გამყინავი ხმით გააგრძელა:
-ჩინებულია, როცა სიმართლე იცი და ამასთანავე, საოცრად საზარელი, როდესაც საყვარელი ქალი თვალებში გიყურებს და ურცხვად აცხობს ტყუილებს.
-აჰ, რა თქმა უნდა, როგორ ვერ მოვიფიქრე, რომ შენგან მოჩენილი ხალხი სულ უკან დამდევს და ყველა ნაბიჯს მიკონტროლებს,- სიმწრით აღმოხდა გეტას.
-გაიხსენე, რაზე შევთანხმდით რამდენიმე კვირის უკან.
-მე არაფერზე შეგთანხმებივარ.
-რა?!- აქ უკვე თავი ვეღარ შეიკავა და ხმას აუწია რომამ.
-გამიგე, ცეკვა და მსახიობობა ისინია, რის გარეშე ცხოვრებაც წარმოუდგენელია ჩემთვის.
-მე სიაფანდი ბაზარი არ მიყვარს. რაც გითხარი, ისე იქნება ყველაფერი, გასაგებია?!-ბოლო სიტყვაზე ღრიალით გაამახვილა ყურადღება.
-არ არის გასაგები,- აღელდა გეტაც და ხმამაღალი საუბარი გარეთ რომ არ გასულიყო, ფანჯრებს მივარდა დასაკეტად.
-შემთხვევით, სიცოცხლე ხომ არ მოგძულდა?
-არა, სხვათაშორის და რა გახდა გაიაზრო, რომ ეს ჩემი მომავალი პროფესიებია და პატივი უნდა სცე ჩემ არჩევანს.
-რატომ არ მიდიხარ დათმობაზე?
-სულ მე რატომ უნდა მივდიოდე დათმობაზე?
-თუ იცი, რატომ არ მიგიყვანე დედაჩემთან და დებთან საცხოვრებლად?
-იმიტომ, რომ მარტო გვეცხოვრა.
-შენი აზრით, მხოლოდ ეგ არის მიზეზი?
-ჰო.
-მართლა ვერ ხვდები ეს რატომ გავაკეთე?
-რატომ გააკეთე?
-საღოლ! თავის ძალით გამოშტერებაც გისწავლია.
-შეურაცხყოფის გარეშე!-თვალები დაუჭყიტა ქალმა.
-მხოლოდ შენ არ თმობ რაღაცებს, მეც ვთმობ.
-დედაშენთან და დებთან თანაცხოვრების დათმობას ჩემი პროფესიის დათმობას ნუ ადარებ!
-კარგი, რადგან შენთან ნორმალური ლაპარაკი არ ჭრის, მაშინ სხვანაირად დაგელაპარაკები,-ნერვებმა უმტყუვნა მამაკაცს, გეტა დივანზე დააგდო და ტერფში სწვდა.
-რას აკეთებ?-შეშფოთებულმა შეჰკივლა რომას.
-ძვლებში უნდა გადაგიმტვრიო, რომ მეორეჯერ ცეკვის და სცენის ხსენებაზე სულ ეს გახსენდებოდეს.
სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, როდესაც აბალაკმა ტკივილისგან განწირული ხმით იყვირა და უმალ მოაყოლა სლუკუნი.
-მაპატიე, სხვა გზა არ დამიტოვე. ახლა კი სასწრაფოდ ტრავმატოლოგიურში მივდივართ, ფეხს უნდა მივხედოთ,-ხელში აიტაცა ატირებული.
-ამისთანა ურჩხული რა დაიბადე, რომ საკუთარ ცოლსაც არ ინდობ? - ბოლო ხმაზე ყვიროდა გეტა და მთელი ძალით ურტყამდა ხელებს მამაკაცს.
რომა ყურადღებას არ აქცევდა მის რეაქციებს, იცოდა, რომ იმსახურებდა და ყველა დარტყმას წინააღმდეგობის გარეშე იტანდა. იმ წამს მასაც გეტასავით სტკიოდა და გულს უსერავდა მისი მდუღარე ცრემლები, მაგრამ მკაცრად უნდოდა, დაესაჯა და სწორედ ამიტომ საკუთარ პრინციპებს წინ ვერ აღუდგა.
-როგორი უბედური ადამიანი ვყოფილვარ. იმის გამო, რომ სანუკვარ ოცნებაზე უარი  ვერ ვთქვი, ჩემი ქმარი ასე სასტიკად მომექცა. მეზიზღები! ხელი გამიშვი, ნუ მეხები!
-არც იოცნებო, რომ ხელი გაგიშვა, ექიმი გჭირდება და მასთან მივდივართ.
-ჩემი ჯგუფელებიც არიან გათხოვილნი, მათაც ჰყავთ ქმრები და არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ. ძალიანაც მოსწონთ, რასაც მათი მეუღლეები აკეთებენ და ხელსაც უწყობენ. ხომ შეიძლებოდა, მეც ასე გამმართლებოდა?! - ძლივს ამოსთქვამდა სიტყვებს და გაუსაძლისი ტკივილისგან ტირილს უმატებდა.
-სხვებს ნუ მადარებ, გეტა.
-ჰოდა, მეც ნუ მადარებ მთელი დღე წინსაფრით მდგომ, სამზარეულოში მობზრიალე დედაკაცებს. შენი „კუხარკა“ არ ვარ!
-არც გეუბნები, იყავი-თქო. სხვა პროფესია აირჩიე და იმას გაჰყევი.
-მე ხელოვანი ვარ. არ მინდა სხვა პროფესია.
მამაკაცმა ქალი მანქანაში ჩასვა და სწრაფად მოწყდა ადგილიდან. გეტას აღარაფერი უთქვამს, ღვართქაფით ჩამოსდიოდა ცხარე ცრემლები. შუქნიშანზე გაჩერებისას, რომამ თმაზე ხელი გადაუსვა და თანაგრძნობით შეხედა:
-ნუ ეძებ ჩემში იმას, რაც არ გამაჩნია და გაცილებით იოლი გახდება ჩემთან ურთიერთობა.
ქალმა იდაყვით ხელი აუკრა და მისკენ გადახრილი მამაკაცი თავიდან მოიშორა.

გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები