 | ავტორი: გოლიაძე ჟანრი: პოეზია 30 სექტემბერი, 2019 |
ედემის ბაღში ვარდი დავკრიფე და სიყვარულზე ვწერე და ვწერე, თუ ერთხელ ქალი გადაივიწყე ვეღარაფერი გიშველის მერე...
ოოო რა ძნელია ეს მონატრება, ლამის მაჯები გადავისერე! თუ ერთხელ ქალი მოგეკარება, ვეღარაფერი მოგხიბლავს მერე.
ამ ღვთიურ ნეკნში არის ხატება, სინატიფე და სიმშვენიერე, თუ ერთხელ ქალი გაგიჯავრდება, ვეღარაფერი დაგიცავს მერე.
არის ტირილი, ცრემლი და გლოვა, სატრფოს თვალებს თუ ვერ მოეფერე. თუ ერთხელ ქალმა ლოდინი გთხოვა, ვეღარაფერი დაგიხსნის მერე.
რა კარგი იყო, ოხ იმ დროს იმ დროს, მთვრალმა ლექსები რომ მივუმღერე, თუ ერთხელ ქალმა თავისთან გიხმო, ვეღარაფერი გიშველის მერე.
და როგორ გარბის ძვირფასო წლები, რა ლამაზად ჟღერს „ჩვენი სიბერე“ თუ ერთხელ ქალში დაიკარგები, ვეღარაფერი გიშველის მერე.
ღალატი ნდობის მახეა ვიცი, ბავშვობიდანვე გადავემტერე, თუ ერთხელ ქალმა დაგიდო ფიცი ვეღარაფერი გაგტეხავს მერე.
ბროლის თასებით დავსცალე ღვინო და სიყვარულზე გულით ვიმღერე, ოოხ ქალი როგორ გადავივიწყო? თუნდაც იმ ერთი საღამოს მერე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|