ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეით გრინი
ჟანრი: პროზა
13 ნოემბერი, 2019


სისხლში მოცეკვავე II (დეტექტიური ჟანრი)

  თავი 3

ერთ საღამოს, დეივიდ მილერი სამსახურის შემდეგ მეგობართან ერთად ბარში შევიდა და დარდის გასაქარვებლად თავს ალკოჰოლით იბრუებდა:
_ პატრიკ, ეს საშინელება რატომ უნდა მომხდარიყო, ვის რას ვუშავებდით ან მე ან ჩემი მეუღლე?
_ გამოძიებას უნდა დაველოდოთ, დეივიდ, მეტი გზა არ გვაქვს.
_ ლიზა მოულოდნელად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში და თავადაც ვერ გავაცნობიერე, ისე უცბად შემაყვარა თავი. ცხოვრება ცოტა ხნით გამილამაზა და მერე დამტოვა. თითქოს ყველაფერი ერთი ღამის სიზმარი იყო, დამრჩა მხოლოდ სასიამოვნო მოგონებები. ვერ ვიჯერებ, რომ გვერდით აღარ მყავს. ზოგჯერ, ბოღმა სიბრაზისგან ყელში ბურთივით მაწვება, ერთი სული მაქვს, მკვლელის ვინაობა გავიგო და საკუთარი ხელებით გავუსწორდე.
_ ამ ტკივილს ისევ შენ უნდა უწამლო, სიბრაზე კი რამენაირად დაძლიო, შენთვის ასე სჯობს, თორემ განადგურდები.
_ ვეღარც სამსახურს ვუდებ გულს...
_ კარგად მესმის შენი, მაგრამ თავი ხელში უნდა აიყვანო. ასე შეიძლება, სამსახურიც დაკარგო, კარიერა მოისპო და თავი სამუდამოდ დაიღუპო.
_ ახლა ეს ნაკლებად მადარდებს, მაგრამ დედაჩემი მებრალება. ასეთ დღეში რომ მხედავს, ძალიან განიცდის. აღარ მინდა განადგურებულს მიყუროს. ამიტომ ხანდახან, გვიან მივდივარ სახლში. ვფიქრობ, სძინავს ხოლმე, მაგრამ რა დროსაც არ უნდა მივიდე, სავარძელში ზის და მელოდება. მასაც ძალიან უყვარდა ლიზა, არც ერთ მის წარმოდგენას აცდენდა, ამაყობდა, რომ ასეთი რძალი ჰყავდა.
_ ქალბატონი ლუსი არაჩვეულებრივი პიროვნებაა. ყოველთვის გვერდით გედგა და მხარს გიჭერდა ნებისმიერ გადაწყვეტილებაში. წარმომიდგენია, რასაც განიცდის.
_ ბედნიერი იყო, როცა ლიზა გავაცანი, უხაროდა, რომ ახალ ცხოვრებას ვიწყებდი. ჩემი შვილის სიკვდილის შემდეგ ხომ გახსოვს, როგორი დღეები გავიარეთ? ვინ იფიქრებდა, რომ მეორე ქორწინებასაც ტრაგიკული დასასრული ექნებოდა? _ მამაკაცმა ხარბად გამოცალა ვისკის მორიგი ჭიქა და ბარმენს შემდეგი შეუკვეთა.
_ ესეც გაივლის, დეივიდ! ესეც გაივლის!
_ მეჩვენება, რომ არასოდეს გაივლის. ტრაგედიები ჩემი ცხოვრების თანამგზავრი გახდა და აღარ მცილდება. ლიზაზე გაკეთებული სიუჟეტები, სტატიები, ჟურნალისტების ზარები და ინტერვიუები კიდევ უფრო მამძიმებენ...
_ მესმის, თავს ცუდად გრძნობ, ახალი მომხდარი ამბავია. დრო უნდა ყველაფერს და ნელ-ნელა ლიზას გარეშე ცხოვრებასაც მიეჩვევი. რას ვიზამთ, შენს მეუღლეს, სამწუხაროდ, ვერაფერს ვუშველით, მაგრამ გახსოვდეს, ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები.
_ ვიცი, მადლობა, ძალიან ვაფასებ! _ თავი დაუკრა მეგობარს მილერმა.
_ რას ამბობს პოლიცია, საქმეში ახალი ხომ არაფერი ჩანს?
_ ჩემი მეუღლის თანამშრომელზე აქვთ ეჭვი, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ადასტურებენ, სამხილები არ აქვთ. ლიზა ამანდაზე ხშირად საუბრობდა, ვიცოდი, რომ ბევრჯერ მოსვლიათ კამათი.
_ კამათი? _ გაკვირვებით შეხედა პატრიკმა.
_ ჰო, ამანდა ჰანცინგერთან. თანამშრომლებმაც თქვეს, რომ ჩემს ცოლს, როგორც მეტოქეს, ყოველთვის ისე უყურებდა და ვერ იტანდა. ერთხელ, ლიზას პუანტებში საპარსის ბასრი ნაწილები ჩაუყარეს და ცეკვის დროს ფეხის თითები ისე დაესერა, რამდენიმე კვირა ძლივს დადიოდა. დღემდე დაზუსტებით არავინ იცის, მაგრამ მაშინაც ამანდაზე მიიტანეს ეჭვი, ძალიან საზიზღარი პიროვნება ყოფილა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ სანამ ლიზა დაიღუპებოდა, თურმე რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენს კორპუსს საათობით უთვალთვალებდა.
_ რას მეუბნები? – ელდა ეცა მამაკაცს.
_ შეიძლება, ვცდები კიდეც, ასე ხელაღებით ადამიანისთვის მკვლელობის ან მასში თანამონაწილეობის დაბრალება რთულია, მაგრამ უკვე აღარ ვიცი, ვისზე ვიფიქრო.


***
იმ ღამეს პატრიკმა მთვრალი მეგობარი მანქანით სახლამდე მიიყვანა, თავად კი ღამის წყვდიადში ისე სწრაფად გაუჩინარდა, დეივიდის დედამ ვერც კი მოასწრო,  შვილის სახლში მიცილებისთვის მადლობა გადაეხადა. 
_ უცნაურია! _ ჩაილაპარაკა ლუსიმ. _ პატრიკი ყოველთვის მოდის და მომიკითხავს ხოლმე. ასეთი უყურადღებო არასოდეს ყოფილა, _ გაოცებულმა მოხურა კარები და შვილის ოთახისკენ წავიდა.
დეივიდს ტანსაცმლის გახდა ვერ მოესწრო, ლიზას სურათთან ერთად ისე ჩასძინებოდა. შვილის ასეთ მდგომარეობაში დანახვისას მძიმედ ამოიოხრა დედამისმა, თვალცრემლიანმა გადასაფარებელი დააფარა, სანათი ჩააქრო და ოთახიდან გავიდა. 



  თავი 4

ლიზას სიკვდილის შემდეგ ნათია მეტრეველი სამსახურში აღარ წასულა. უკვე რამდენიმე დღე იყო, ბინიდან გარეთ არ გადიოდა. შვილის დაკარგვით გამოწვეულ დარდს სიგარეტსა და სასმელში იკლავდა და ხალხს არ ეკონტაქტებოდა. ერთ დღეს, მეგობრებმა სახლში მიაკითხეს. ბინაში იმდენად მძიმე ჰაერი იდგა, თითქოს ბინადრის ტკივილი კედლებსაც გაეთავისებინათ და მწუხარების მოზიარენი გამხდარიყვნენ.  ფარდებით დაბნელებულ ოთახებში სრული ქაოსი იყო _ ჭურჭელი, ნივთები და ტანსაცმელი აქეთ-იქით მიმობნეული, ჟურნალების მაგიდა ლიზას სურათებით, ვისკის ბოთლებით, ჭიქებით და სიგარეტის კოლოფებით სავსე.
_ ძალიან გთხოვთ, დამტოვეთ, არავისთან მსურს საუბარი.
_ ნათია, გვესმის, ახლა ძალიან მძიმე პერიოდი გიდგას, რთულია ამ საშინელებას შეეგუო, მაგრამ შენი მეგობრები ვართ და ხელს ნუ გვკრავ.
_ ოღონდ დღეს არა!
_ აუცილებლად დღეს!
_ რა გინდათ, რომ გითხრათ? საუბრის თავიც არ მაქვს, – ნათიამ თავი დახარა და იატაკზე ერთ წერტილს მიაშტერდა. მერე ისევ დაბნეული გონება მოიკრიბა, სიგარეტს მოუკიდა და დაიწყო:
_ ვივიენ, იცი, ეს დღეები სულ ის მომენტი მახსენდება, როცა მე და შენ ახლადჩამოსულ ლიზას აეროპორტში დავხვდით. ჩემი გოგო დაბნეული თვალებით იყურებოდა და მგზავრების დასახვედრად მომლოდინე ხალხში მონატრებულ დედას ეძებდა. რა დამავიწყებს მის გაბადრულ სახეს, როცა ამდენი ადამიანის ტალღაში ჩემი სახე ამოიცნო და ჩქარი ნაბიჯებით წამოვიდა ჩემკენ, რომ ჩამხუტებოდა. ღმერთო, რა ბედნიერი ვიყავი მაშინ... – ცრემლები წამოუვიდა და მათ მოსაწმენდად ხელსახოცებს დაუწყო ძებნა. ძალაგამოცლილი დადიოდა ოთახში და ნელა მიათრევდა ტკივილით დამძიმებულ სხეულს.
ჰელენი მიხვდა, რასაც ეძებდა, ხელსახოცი ჩანთიდან ამოიღო და მეგობარს მიაწოდა. ცოტახნიანი პაუზის შემდეგ ნათიამ გააგრძელა:
_ როდესაც ამერიკაში წამოვედი, ლიზა გულჩათხრობილი გახდა, სკოლაში სიარულიც შეწყვიტა, ჩემს იქ არყოფნას ამით აპროტესტებდა. მეც და მამამისმაც ბევრ ხერხს მივმართეთ, მაგრამ სამწუხაროდ ლიზა ვერ გადავარწმუნეთ. თქვენ წარმოიდგინეთ, ბალეტზე სიარულზეც კი უარი თქვა. ჩემს ბედად, მის მასწავლებელს, მაია ნამორაძეს დავუკავშირდი და ვთხოვე, რომ დალაპარაკებოდა. არ ვიცი, რა უთხრა, მაგრამ შვილი ცხოვრებისკენ მომიბრუნა და ამისთვის დღემდე მისი მადლიერი ვარ. დროთა განმავლობაში, ლიზა იმდენად მიეჯაჭვა მასწავლებელს, რომ მეორე დედად მიიღო და მასზე ძალიან დამოკიდებული გახდა. მაიამაც ძალიან შეიყვარა, სახლში იბარებდა და სრულიად უსასყიდლოდ, კერძო გაკვეთილებს უტარებდა. სულ მალე, ყველაფერი ისე შემოტრიალდა, ლიზას რაც აწუხებდა, არა ჩემთან, არამედ მაიასთან ამბობდა და რჩევებსაც მისგან იღებდა. ვატყობდი, რომ შვილს ვკარგავდი. თავიდან ამას გარდატეხის ასაკს ვაწერდი და მეგონა, მალე უწინდებურად აღდგებოდა ჩვენი კავშირი, მაგრამ ლიზა არ იცვლებოდა და როდესაც აქ ჩამოვიდა, აშკარა იყო, რომ ჩემ მიმართ სრული გაუცხოვება სჭირდა. იმედს გამოვთქვამდი, რომ ხელმეორედ დაწყებული ცხოვრება და აღდგენილი ურთიერთობა საბოლოოდ გაამთლიანებდა დარღვეულ დედა-შვილურ კავშირს, მაგრამ მალე, ლიზას ცხოვრებაში დეივიდი გამოჩნდა და მისი ყურადღებაც მან მიიტაცა. ძნელია, როცა შვილის ბედნიერებით ხარობ და ამავე დროს აცნობიერებ, რომ მარტო ხარ. ამ სიმარტოვეს, როგორც იქნებოდა, შევეგუებოდი და გავუძლებდი, მაგრამ ახლა, ლიზასგან უკვე სამუდამოდ ვარ მიტოვებული...
ცოტა ხნით გაჩუმდა და მერე ისევ დაიწყო:
_ როგორ მოვერიო ამ ტკივილს?..
_ ასეთ დღეში პირველად გხედავ. რა დღეში ჩაიგდე თავი, ნათია? პირველ რიგში, ლიზას არ უნდოდა თავის სიკვდილი, მაგრამ ასე მოხდა და გთხოვ, აზრზე მოხვიდე. მხოლოდ შენ არ ხარ ამ სიტუაციაში, უამრავი შვილმკვდარი დედაა, რომლებიც ამ ტკივილს ერევიან და შვილების გარეშე აგრძელებენ ცხოვრებას.
_ ამ ტკივილს ვერც ერთი დედა მოერევა. ისინი უბრალოდ აგრძელებენ ცხოვრებას და მორჩა! რისთვის გავაგრძელო ცხოვრება? სამსახურში ვიარო, რომ საკუთარი თავი ფიზიკურად გადავირჩინო?
_ სიცოცხლეს ყოველთვის აქვს აზრი.
_ ჩემთვის არა! – მოკლედ მოუჭრა განერვიულებულმა ნათიამ ვივიენს.
_ გინდა შენ ეს თუ არა, ყველაფრის მიუხედავად, ცოცხალი ხარ და არ გაქვს უფლება, რომ უფლის ნებას შეეწინააღმდეგო! სიცოცხლე უნდა გააგრძელო!
_ ვივიენ... – ნათიას რაღაც უნდოდა ეთქვა მეგობრისთვის, მაგრამ გადაიფიქრა და ვისკის ბოთლს დასწვდა.
ვივიენმა ბოთლი ხელიდან გამოსტაცა და ხმას აუწია:
_ ამის უფლებას არ მოგცემ!
_ შენ ვინ ხარ, რომ მიკრძალავ? – გაბრაზებულმა შეხედა მეგობარს ნათიამ.
_ ახლა უნდა გამაგრდე, ამ განსაცდელს უნდა გაუძლო და მე ყველანაირად გვერდში დაგიდგები.
_ რატომ არ გესმით?!.
_ ყველაფერი კარგად გვესმის და პირველ რიგში ის, რომ ხვალ სამსახურში უნდა გამოცხადდე. დიზაინერებისგან შეკვეთებს ვერ ავუდივართ, შენი არყოფნა დაგვეტყო და ახლა სიკვდილის და თავის ძალით დასამარების დრო არ არის! ჩვენ გვჯერა შენი და ვიცით, რომ ამ მძიმე დღეებს აუცილებლად გადალახავ.
ნათიასთან საუბრის შემდეგ მეგობრები გვიანობამდე დარჩნენ ბინაში, იქაურობა მოუწესრიგეს და შეპირდნენ, რომ მეორე დღეს, სამსახურში წასაყვანად რომელიმე მათგანი მანქანით მიაკითხავდა. 



***
მეორე დილით, ნათია პოლიციის განყოფილებაში წავიდა. კაპიტანი ფერგესი კაბინეტში დახვდა და პირადად ესაუბრა:
_ გამარჯობა, მისის მეტრეველი. როგორ ბრძანდებით? – თავაზიანად მოიკითხა რიჩარდ ფერგესმა ქალბატონი და ხელით ანიშნა, რომ სამუშაო მაგიდის წინ განთავსებულ რომელიმე სკამზე დაბრძანებულიყო.
_ ვერ მოგატყუებთ, რომ კარგად ვარ, _ ნაღვლიანი თვალებით შეხედა ქალმა მამაკაცს.
_ გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს საქმე სწრაფად გამოვიძიოთ და დამნაშავე დავსაჯოთ.
_ თქვენი იმედი მაქვს. არ ვიცი, ეს ინფორმაცია რამდენად დაგეხმარებათ, მაგრამ მაინც გეტყვით. ერთხელ, ჩემი გოგონა და მე ნიუ-ორლეანში, “მარდი გრას” დღესასწაულს დავესწარით. დღის ბოლოს, აღმოვაჩინე, რომ ბარში ჩანთა დამრჩა, მის მოსატანად უკან გავბრუნდი, ლიზა კი სასტუმროს ნომერში დარჩა. უკან დაბრუნებისას დავინახე, რომ ჩემი შვილი რვეულში ჩანაწერს აკეთებდა. როცა შემომხედა, შეცბა, სასწრაფოდ დახურა და შეინახა.
_ ანუ ფიქრობთ, რომ ლიზა დღიურს წერდა?
_ დიახ, სწორედ ასე ვფიქრობ, – თავის ქნევით დაუდასტურა ნათიამ.
_ როგორი ან რა ფერის იყო დღიური, გახსოვთ?
ახალგაზრდა ქალბატონმა შუბლზე ხელი მოიკიდა, თვალები ოდნავ მოჭუტა, დაძაბული სახე კიდევ უფრო მეტად დაძაბა და შეეცადა, ლიზას დღიურის ფერი და გარეგნობა გაეხსენებინა.
_ საშუალო ზომის და მუქი ფერის უნდა იყოს.
_ საინტერესოა, ბინაში ყველაფერი ვნახეთ, დღიურის მსგავსი არაფერი შეგვინიშნავს.
_ დღეს გამახსენდა, როდესაც ამერიკაში ახალი ჩამოსული ვიყავი და ჩემი მეუღლე მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მითხრა, რომ ლიზა მთელი დღეები ოთახში იყო ჩაკეტილი და რაღაცებს წერდა. იმ პერიოდში სკოლაში სიარულზე უარი თქვა, ჩემს წამოსვლას ძალიან განიცდიდა და ვფიქრობ, დღიურის წერა მაშინ უნდა დაეწყო. 
_ საინტერესოა.
_ შეიძლება, დღიურში ისეთი რამ ეწეროს, რაც გამოძიებას დაეხმარება.
_ გამორიცხული არაფერია, – ჩაფიქრებული სახით პასუხობდა კაპიტანი.
_ რა ეტაპზეა გამოძიება, ახალი ხომ არაფერია?
_ ვმუშაობთ და როგორც კი ახალს გავიგებთ, აუცილებლად გაცნობებთ.
_ დიდი მადლობა, – უთხრა ქალბატონმა და ოთახიდან გასვლა დააპირა. ფერგესმა ღიმილით შეხედა და სიტყვა დააწია:
_ პირიქით, მადლობა თქვენ, რომ მობრძანდით და ისეთ მძიმე დღეებში, როგორშიც აღმოჩნდით, მაინც პოულობთ ძალას, რომ გვერდში დაგვიდგეთ და საერთო ძალებით საქმე ბოლომდე მიგვაყვანინოთ.
ნათია კაპიტანს მიუბრუნდა, თავი დაუკრა და სწრაფად დატოვა ოთახი. როგორც კი პოლიციის შენობიდან გავიდა, მეგობრებს გადაურეკა და შეატყობინა, რომ თავად წავიდოდა სამსახურში და იქ მისვლაში მათი დახმარება აღარ სჭირდებოდა. შემდეგ იქვე, ახლოს მდებარე “სტარბაქსის” ყავის სახლში შევიდა, ცხელი “ლატე” შეუკვეთა და სამუშაო დღისთვის ენერგიის მოკრებას შეუდგა.


თავი 5

ლიზას დედის მისვლამ რიჩარდ ფერგესს სხვა თავსატეხი გაუჩინა. ახლა მისი ფიქრები მსხვერპლის მიერ გაკეთებული ჩანაწერების მოძებნას და გაცნობას უკავშირდებოდა. სასწრაფოდ დეტექტივები დაიბარა და რაც იმ დროისთვის გააჩნდათ, თითოეული ინფორმაციის დეტალური ანალიზი დაიწყეს:
_ ესე იგი, ვიდეოჩანაწერების შესწავლისას გაირკვა, რომ მუშის უნიფორმაში გადაცმული სავარაუდო მკვლელი სადარბაზოში დაცვის თანამშრომლის შეუმჩნევლად შეიპარა და მსხვერპლთან ავიდა.
_ დიახ, კაპიტანო, _ დაეთანხმა ბელინსკი.
_ ექსპერტების დასკვნის მიხედვით, კარების საკეტი გარედან დაზიანებული არ არის, – გააგრძელა ფერგესმა.
_ სავარაუდოდ, მსხვერპლი მას იცნობდა და სწორედ მან გაუღო კარი. ამაზე მეტყველებს მაგიდაზე ნანახი ორი ცარიელი ჭიქა და იატაკზე დაღვრილი წითელი მოცვის წვენი, ალბათ, მკვლელს წვენი შესთავაზა, შემდეგ მაცივართან მივიდა და მაშინ, როდესაც მკვლელისგან ზურგით იდგა, სწორედ იმ დროს მოახდინა მასზე თავდასხმა. ლიზას წვენის ბოთლი ხელიდან გაუვარდა და სითხე იატაკზე დაიღვარა, ორმოცდაორი ზომის ფეხსაცმლის კვალი წვენისგან დარჩა, მაგრამ სამწუხაროდ, ამის გარდა, სხვა სამხილი არ გვაქვს, – საუბარში ჩაერთო ფულერიც.
_ ვიდეოჩანაწერში სავარაუდო მკვლელი გარეგნულად ასე გამოიყურება: 1.75 სმ სიმაღლის, თეთრკანიანი, საშუალო აღნაგობის, გრძელი, სწორი შავი თმით და წვერით, შავი ქურთუკით, მუქი ჯინსის შარვლით, ხელთათმანებით, სპეციალური სამუშაო ფეხსაცმლით, თავზე ჩაფხუტით და სათვალეებით. სახის ნაკვთები კარგად არ ფიქსირდება, – აღნიშნა მარკმა.
_ სამწუხაროდ, ამინდიდან გამომდინარე, სხეულიც დაფარული ჰქონდა, ასე, რომ რაიმე ტატუს მაგვარი ან სხვა სპეციალური დამახასიათებელი ნიშანი თუ აქვს, არც ეს ვიცით, _ დაამატა რებეკამ.
_ ქურთუკი როგორი ეცვა? _ იკითხა კაპიტანმა.
_ ჩვეულებრივი, არანაირი სპეციალური წარწერით, რომელიც ჩვენს ყურადღებას მიიქცევს, კაპიტანო. – მიუგო ბელინსკიმ.
_ ლიზას ქმარმა და ახლობლებმა ვერავის მიამსგავსეს ხომ? –ჩაფიქრდა ფერგესი და მის წინ დაგროვილ და ბევრჯერ გაცნობილ დოკუმენტებს მზერას არ აცილებდა.
_ ვერა, ასეთს არავის იცნობენ.
_ რასაც ვიდეომასალაზე ვუყურებთ, მკვლელი შესანიშნავად არის შენიღბული, თუ კარგად არ იცნობ, ძნელია მისი ამოცნობა. კრისტოფერ, დებორა, თქვენ რა გაარკვიეთ? _ კაპიტანმა დანარჩენ გამომძიებლებს გადახედა.
_ გარდაცვლილის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ამანდა ჰანცინგერს მართლაც ჰქონდა ლიზა მეტრეველთან ხშირი უსიამოვნებები, რასაც თავად ამანდაც ადასტურებს. მას უცნაურ პიროვნებად ახასიათებენ, საკუთარ თავში ჩაკეტილი ადამიანია. კორპუსის გარე კამერებით დაფიქსირებულ ვიდეო ჩანაწერებში ყველამ ნათლად დავინახეთ, რომ მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, ხშირად მიდიოდა მსხვერპლის მისამართზე, საათობით იდგა და იქაურობას აკვირდებოდა. დაკითხვის დროს, ეს ფაქტი არც აღუნიშნავს, ვიდრე ვიდეოჩანაწერები არ ვაჩვენეთ. ამასთანავე ძალიან სუსტი ალიბი აქვს, ამბობს, რომ ლიზას მკვლელობის დროს სახლში მარტო იმყოფებოდა.
_ ამანდას თვალი არ უნდა მოვაცილოთ, აშკარაა, რომ რაღაც ჰქონდა დაგეგმილი და მალავს. ჩვენ უფრო მეტი ინფორმაცია გვჭირდება, ეს საკმარისი არ არის.
_ რა თქმა უნდა, – მიუგო დებორამ.
მძიმედ ამოისუნთქა კაპიტანმა და გააგრძელა: 
_ ტექნიკური განყოფილებიდან ახალი დეტალები მოგვაწოდეს. ლიზას ტელეფონზე მკვლელობის წინა დღეს შესული ზარებით ირკვევა, რომ ვიღაც ნიკა ხურცილავამ მას სამჯერ დაურეკა და ქართულ ენაზე ტექსტური შეტყობინებაც გაუგზავნა. ერთი ზარი დილით განხორციელდა, მეორე და მესამე _ საღამოს. სურათი ასეთია: ნიკას მეორე ზარის შემდეგ ორ საათში, ლიზა სახლიდან გადის და მანჰეტენზე ფრანგულ რესტორან “აუგუსტინში” ხვდება. მისამართი და რესტორნის სახელწოდება წინასწარ, მესიჯით გაუგზავნა. მესამე ზარი კი გვიან დაფიქსირდა. ასევე ითარგმნა ლიზას ელექტრონულ მეილზე გაგზავნილი წერილებიც, სადაც დასტურდება, რომ ნიკას და მას ბევრად უფრო ადრე ჰქონდათ ერთმანეთთან ურთიერთობა და მიმოწერები. გამოდის, რომ ისინი ერთმანეთს საქართველოშიც იცნობდნენ. ტექნიკურმა დეპარტამენტმა გარდაცვლილის ინსტაგრამზე და ფეისბუქზეც შეაღწია. ფეისბუქის შესწავლისას აღმოჩნდა, რომ ნიკა ხურცილავა ლიზა მეტრეველს დაბლოკილი ჰყავდა. ეს პიროვნება აქ სტუდენტური ვიზით არის ჩამოსული და ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სწავლობს. ასევე დადგინდა მისი საცხოვრებელი მისამართი და სასწრაფოდ უნდა მოვძებნოთ. თუმცა, ვიდრე შევხვდებით, სჯობს რესტორანში წავიდეთ, თანამშრომლებს გავესაუბროთ და ადგილიდან ვიდეოჩანაწერები წამოვიღოთ. მარკ და რებეკა, ამ საქმეს თქვენ გავალებთ. ჰო, კიდევ ერთი ახალი ამბავი – დღეს გარდაცვლილის დედა იყო მოსული და გვითხრა, რომ ეჭვი აქვს, ლიზა დღიურს წერდა.
_ ...და თუ ეს ასეა, საინტერესოა, სად ინახება ჩანაწერები?.. – ცნობისმოყვარე გამომეტყველებით იკითხა კრისტოფერმა და კოლეგებს გადახედა.
_ ვინ იცის, იმ დღიურში ისეთი რამ ეწერა, რისი გამჟღავნებაც მკვლელს არ აწყობდა? შეიძლება, გარდაცვლილის ჩანაწერები ახლა მასთანაც ინახებოდეს, _ დაეჭვდა რებეკა.
_ არავინ იცის, – სათვალე მოიხსნა და მხრები აიჩეჩა კაპიტანმა.


***
პოლიციის განყოფილებიდან მარკი და რებეკა რესტორან “აუგუსტინის” მიმართულებით წავიდნენ. მომსახურე პერსონალმა დაადასტურა, რომ რვა დეკემბრის ღამეს, დაახლოებით 06:50 საათზე ლიზა მეტრეველი და ნიკა ხურცილავა აღნიშნულ  რესტორანში მართლაც შეხვდნენ ერთმანეთს და არც თუ ისე სასიამოვნო დიალოგი ჰქონდათ. მოგვიანებით, დეტექტივებმა მათი ნაამბობი ვიდეომასალითაც გადაამოწმეს, სადაც აშკარა იყო, რომ ლიზა მეტრეველი საკმაოდ გაღიზიანებული ესაუბრებოდა ნიკას.   
_ მარკ, ლიზას მენიუსთვის არც კი დაუხედავს, ისე შეუკვეთა მიმტანს სალათა და ერთი ჭიქა წვენი.
_ ჰო, რომანტიკულ შეხვედრას ნამდვილად არ ჰგავს.
_ დააკვირდი, ძირითადად ლიზა საუბრობს, თანაც ეტყობა, რომ ნერვიულობს, ნიკას ხმის ამოღებას არ აცლის.
_ მეტრეველი ამ ბიჭზე ძალიან გაბრაზებული ჩანს ან კიდევ სხვა რაღაცაშია საქმე.
რებეკა და მარკი დეტალურად მიუყვებოდნენ თითოეულ კადრს და ცდილობდნენ,  მნიშვნელოვანი რაღაცისთვის მოეკრათ თვალი. ჩანაწერების მიხედვით, ლიზას და ნიკას შეხვედრამ ნახევარი საათი გასტანა. როგორც კი გოგონამ სათქმელი დაამთავრა, მაგიდაზე დადებულ მობილურს ხელი დაავლო, წამოდგა და რესტორანი დატოვა. ნიკა უხასიათოდ იყო, ანგარიში გადაიხადა და წასვლა დააპირა. სწორედ იმ დროს შენიშნა, რომ ლიზას სკამზე ჩანთა დარჩენოდა.
_ მოკლედ, ვიდრე ნიკა რესტორანს ლიზას ჩანთასთან ერთად ტოვებს, გოგონას მესამეჯერ სწორედ ამ დროს ურეკავს და სავარაუდოდ ატყობინებს, რომ თავისი კუთვნილი ნივთი დარჩა.
_ დიახ, ასე ჩანს. საინტერესოა, სად არის ეს ჩანთა?
_ როცა ამ ბიჭს შევხვდებით, ამას მაშინ გავარკვევთ.
_ მოუწევს პოლიციასთან საუბარი, _ თავისთვის ჩაილაპარაკა მარკმა და განყოფილებიდან გასასვლელად მაგიდიდან პირადი ნივთების შეგროვება დაიწყო.

                       

თავი 6

უკვე სამი დღე იყო გასული, პატრიკი არ გამოჩენილიყო და არც დეივიდის ზარებს პასუხობდა.
_ დეივიდ, არ გეჩვენება, რომ ბოლო დროს პატრიკი უცნაურად იქცევა? – ჩაფიქრებული ეკითხებოდა შვილს ლუსი.
_ რაზე ამბობ, დედა?
_ ჯერ არ მახსოვს, ჩვენთან ურთიერთობისთვის თავი აერიდებინოს და სატელეფონო ზარებისთვის არ ეპასუხოს.
_ იქნებ არ სცალია და დაკავებულია? – დეივიდი ცდილობდა, ლუსი დაემშვიდებინა.
_ არ ვიცი, იმ დღესაც, გვიან, ნასვამი რომ დაბრუნდი, როგორც კი სახლში შემოხვედი, შენი მეგობარი ისე სწრაფად გაქრა ადგილიდან, თვალიც ვერ მოვკარი.
_ დაწყნარდება და თავად დაგვიკავშირდება.
_ რამე შეემთხვა? რა აქვს დასაწყნარებელი? – ინტერესით ჩაეძია შვილს მოხუცი.
_ არაფერი დედა, ყველას გვაქვს ყოველდღიური პრობლემები _ ეს ვიგულისხმე.
_ მე ვფიქრობ, სხვა ამბავი უნდა იყოს, _ არ ცხრებოდა ლუსი.
_ მაინც რაზე გაქვს ეჭვი? – ოდნავ ჩაეცინა დეივიდს.
_ მე ვერავინ მომატყუებს, აი, ნახავ, პატრიკმა რაღაც იცის და არ ამბობს.
_ მოიცადე, ლიზას საქმესთან დაკავშირებით გაქვს ეჭვი? – დეივიდს სახე შეეცვალა.
_ სწორედ, ასეა. პატრიკმა რაღაც იცის და არ ამხელს, – თავისას არ იშლიდა მისის მილერი.
_ არა მგონია, პატრიკი რამე კავშირში იყოს ლიზას მკვლელობასთან.
_ არ ვიცი, დეივიდ, მაგრამ გული ცუდს მიგრძნობს.
დეივიდი თავს აჯერებდა და თითქმის დარწმუნებული იყო, რომ პატრიკი ლიზას მკვლელობასთან არანაირ კავშირში იყო, თუმცა დედამისთან საუბარმა მაინც დააფიქრა, მომხდარ ამბებს საეჭვოდ ემთხვეოდა მისი გაუჩინარება.


  თავი 7

დეტექტივები ნათია მეტრეველს დაუკავშირდნენ, ეჭვი ჰქონდათ, რომ ლიზას დედას შესაძლოა ნიკა ხურცილავაზე, როგორც შვილის დიდი ხნის ნაცნობზე, რამე სცოდნოდა. დეტექტივებმა ქალბატონს ნიკას სურათი აჩვენეს. ნათიამ დაადასტურა, რომ მისი გოგონა ნიკას ჯერ კიდევ საქართველოდან იცნობდა.
_ დიახ, ეს ნიკაა. ლიზამ ის საქართველოში გაიცნო, ძალიან უყვარდა ჩემი შვილი, მაგრამ ის მის სიყვარულს არ პასუხობდა.
_ ლიზას თქვენთვის ხომ არ უთქვამს, სად და როგორ გაიცნო ეს პიროვნება?
_ არა.
_ ხშირად ურეკავდა თქვენს გოგოს?
_ დიახ, ხშირად ეკონტაქტებოდა. ნიკა მაშინ გაიცნო, როდესაც მე ამერიკაში ჩამოვედი. ასე, რომ დაწვრილებით არ ვიცი მათი ამბების შესახებ. როგორც მახსოვს, ეს ბიჭი ნიუ-იორკში დაახლოებით ოთხი წლის წინ ჩამოვიდა. ერთხელ, ჩვენს სახლშიც იყო, ლიზას ვარდების თაიგული მიართვა და ვალენტინობის დღე მიულოცა.
_ როცა ნიკა თქვენს სახლში გესტუმრათ, ლიზა იმ დროს უკვე დეივიდს ხვდებოდა?
_ დეივიდი ახალი გაცნობილი ჰყავდა, თუმცა, მაშინ მათ შორის სერიოზული არაფერი ხდებოდა.
_ ლიზას ნიკასთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა?
_ ჩემს შვილს ნიკა არასოდეს ჰყვარებია და არც არასოდეს მიუცია მისთვის იმედი, მაგრამ ეს ბიჭი თავს მაინც არ ანებებდა.
_ გასაგებია.
_ ...და, რა ხდება, მასზე გაქვთ ეჭვი? – დაბნეულად იკითხა ნათიამ.
_ წინასწარ დასკვნების გამოტანა ძნელია, ვერაფერს გეტყვით, გამოძიებას მივყვებით, – უთხრეს დეტექტივებმა და სწრაფად დატოვეს ნათიას საცხოვრებელი ბინა.



გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები