*** ნიკა ხურცილავა პოლიციელებმა განყოფილებაში დაიბარეს. მასთან საუბარს დეტექტივი ბელინსკი უძღვებოდა: _ როდის გაიცანით ლიზა მეტრეველი, რა ვითარებაში და რა კავშირი გქონდათ მასთან? _ ლიზა ჩვენს საერთო მეგობართან, ანანოს დაბადების დღეზე, ჯერ კიდევ საქართველოში გავიცანი და მას შემდეგ ვმეგობრობდით. _ მეტი არაფერი გაკავშირებდათ გარდაცვლილთან? _ არა, – დაბალი ხმით მიუგო გამომძიებელს ბიჭმა. _ ბოლოს როდის ნახეთ? _ მის გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე. _ სად ნახეთ? _ რესტორან “აუგუსტინში” შევხვდით ერთმანეთს. _ სად იყავით ცხრა დეკემბერს დილის 08:00 საათზე? _ რვა დეკემბრის ღამეს ჩემს მეგობარ გოგონასთან, ფაბიანა ვერდინოსთან დავრჩი, დილით უნივერსიტეტში ერთად წავედით. სახლში არ მივსულვარ. _ სად ცხოვრობს მეგობარი გოგონა? _ 80, მე-2 ავენიუ, ბინა 4H, ნიუ-იორკი, 10003. _ კარგი, ამას გადავამოწმებთ. რამდენად ხშირად ხვდებოდით გარდაცვლილს? _ ხშირად არ ვხვდებოდით. ძირითადად, სოციალური ქსელით ან მეილით ვეკონტაქტებოდი. ნიუ-იორკში მხოლოდ სამჯერ ვნახე. _ ამბობთ, რომ მეგობრობდით, მაგრამ ხშირად არ ხვდებოდით? _ დიახ, – თვალები დახარა ხურცილავამ. _ სოციალურ ქსელში რატომ ჰყავდით დაბლოკილი? _ თავად გადაწყვიტა ასე... _ ნიკა ხურცილავა, ჩვენ ვერ მოგვატყუებთ, სიმართლე გვითხარით. ნიკამ ღრმად ამოისუნთქა, ცოტა ხნით დაფიქრდა და ბოლოს დაიწყო: _ ლიზა ძალიან მიყვარდა, მაგრამ მას არ ვუყვარდი. ხშირად ვეკონტაქტებოდი, ვცდილობდი, რომ მისი გული მომეგო, მაგრამ საქართველოში ვიღაც დიმას ხვდებოდა. – დიმას ხსენებაზე გაბრაზებული სახე მიიღო ბიჭმა, მაგრამ საკუთარ თავს მოერია და გააგრძელა: _ შემდეგ სასწავლებლად ამერიკაში წამოვედი. როცა გავიგე, რომ ლიზაც აქ ჩამოვიდა, ახალი იმედი მომეცა, ერთხელ კიდევ ვცადე, რომ დავახლოვებოდი, მაგრამ აქაც სხვა შეიყვარა და მასზე გათხოვდა. ფეისბუქზე იმიტომ დამბლოკა, რომ აღარ შემეწუხებინა. _ და თქვენ ისევ სხვა ხერხებით ეკონტაქტებოდით? _ მეილზე მაინც ვწერდი ხოლმე, მაგრამ ხან ცივად მპასუხობდა, ხან საერთოდ არაფერს მწერდა. _ ბოლოს რატომ დაურეკეთ? _ მივხვდი, რომ სასიყვარულო ურთიერთობაში მასთან არანაირი შანსი აღარ მქონდა და მინდოდა, ბოლოჯერ მენახა და დავმშვიდობებოდი, მაგრამ უკანასკნელი შეხვედრა სულ სხვანაირად წარიმართა, ლიზამ არც მომისმინა, გამიბრაზდა და რესტორანი დატოვა. _ შეხვედრაზე როგორ დაითანხმეთ? _ ვუთხარი, რომ საქართველოდან საერთო მეგობარმა მისთვის რაღაც გამომატანა. ასეც იყო, არ მომიტყუებია, ანანომ ლიზასთვის წერილის და საჩუქრის გადაცემა მთხოვა. _ თუ მას თქვენი ნახვა არ სურდა, ფოსტით ვერ გაუგზავნიდით? _ დიახ, მაგრამ სამაგიეროდ მე მინდოდა მისი ნახვა. _ გადაეცით საჩუქარი? _ დიახ. _ მერე რა მოხდა? _ მითხრა, რომ არასოდეს არც მიმეწერა და არც მასთან შეხვედრა მეთხოვა, მეუღლე უყვარდა და აღმერთებდა, ჩემგან ხელოვნურად შექმნილი პრობლემები კი არაფერში სჭირდებდა, შემდეგ აღელვებული ადგა და რესტორნიდან გავიდა. _ საჩუქარი თან წაიღო? _ არა. _ რატომ? _ საჩუქარი ჩანთაში ჩადო, წასვლისას კი რესტორანში დარჩა. _ დაუბრუნეთ ჩანთა? _ დავურეკე, რომ დამებრუნებინა, მაგრამ მითხრა, რომ მეორე დღეს სხვას გამოგზავნიდა და მისთვის გადამეცა. ცხრა დეკემბერს ველოდებოდი, რომ დარეკავდა, მაგრამ შემდეგ ტელევიზიით შევიტყვე, რაც მოხდა. _ სად არის ჩანთა? _ სანამ დღეს სახლში დავბრუნდებოდი, ლიზას დედას ბინაში მივაკითხე და მას გადავეცი. _ კარგი, როგორი იყო რვა დეკემბრის საღამოს ლიზა? რამე უცნაური ხომ არ შეგიმჩნევიათ მისთვის? _ აღელვებული იყო. _ სხვა არაფერი უთქვამს? _ მხოლოდ ის, რაც გიამბეთ. ასე ახლოს არ ვიყავით, რომ ჩემთვის გული გადაეშალა და ეთქვა რა აწუხებდა. _ შეშინებული იყო? _ არა მგონია, უბრალოდ გაღიზიანებული იყო. ჩავთვალე, რომ მისი საქციელი ჩემ მიმართ გამოხატული დამოკიდებულება იყო. _ კარგი. ამ ეტაპზე მეტი კითხვები არ გვაქვს.
*** ნიკა ხურცილავას მიერ ნათქვამი რესტორნიდან ამოღებულ ვიდეომასალას ზუსტად ემთხვეოდა. ფაბიანა ვერდინომ დაადასტურა, რომ იმ ღამეს, ნიკა მართლაც დარჩა მასთან ბინაში. შემოწმდა კორპუსის გარეთ დამონტაჟებული კამერებიც. ნათლად ჩანდა, რომ ბიჭმა რვა დეკემბრის ღამეს დაახლოებით 22:00 საათზე მიაკითხა გოგონას და მეორე დილით 08:30 საათისთვის ქუჩაში ერთად გამოვიდნენ. ნათიამ დაადასტურა, რომ ხურცილავასგან ნამდვილად მიიღო ლიზას კუთვნილი ნივთები. თავი 8
რამდენიმედღიანი გაუჩინარების შემდეგ პატრიკი თავად მივიდა დეივიდის სახლში და სთხოვა, სადმე ერთად წასულიყვნენ. უთხრა, რომ სალაპარაკო ჰქონდა. დეივიდმა მეგობარს შენიშნა, რომ რაღაცაზე ნერვიულობდა და ხვდებოდა, რომ წინ საკმაოდ სერიოზული საუბარი ელოდებოდა. პატრიკმა მანჰეტენზე მდებარე ირლანდიურ პაბში მიიყვანა. ბარის წინ, სკამებზე ჩამოსხდნენ და ლუდი შეუკვეთეს. ცოტახნიანი დუმილის შემდეგ პატრიკმა დაიწყო: _ მაპატიე, რომ იმ დღეს არაფერი გითხარი, მაგრამ ამის უთქმელობაც არ შეიძლება. მე და ამანდა ჰანცინგერი ერთმანეთს ვხვდებოდით. _ რა? – გაოცებული სახით შეხედა დეივიდმა მეგობარს. _ ხვდები, რას ამბობ? _ ვხვდები, – თავი დახარა პატრიკმა. _ რატომ დამიმალე? _ დეივიდ, მეც შოკში ვარ და არაფერი ვიცოდი ლიზას და ამანდას დაძაბული ურთიერთობის შესახებ. გეფიცები, ჩემთვის არ უთქვამს, რომ შენს ცოლს ვერ იტანდა. _ როდის დაიწყო თქვენი ურთიერთობა? – სახე აელეწა დეივიდს. _ ორი თვეა, რაც ვხვდებით. _ სად გაიცანით ერთმანეთი? _ აქამდე მეგონა, რომ ერთმანეთი შემთხვევით გავიცანით. ახლა უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ასე არ იყო. სავაჭრო ცენტრში ერთ-ერთ კაფეში ყავას ვსვამდი, გვერდით მომიჯდა და თავად გამეცნო. _ მერე? _ მკაცრი თვალებით შეხედა დეივიდმა მეგობარს. _ თავი მომაწონა, ვიფიქრე, მასაც სიმპათიები ჰქონდა ჩემ მიმართ და ერთმანეთთან შეხვედრები დავიწყეთ. მისი საქმიანობის შესახებ რომ შევიტყვე, აღვნიშნე კიდეც, რომ ჩემი საუკეთესო მეგობრის მეუღლეც ბალერინა იყო. თავდაპირველად, კაფეში შეხვედრისას, საუბარი ისე ბუნებრივად განვითარდა, ეჭვი არც შემპარვია, რომ ეს ყველაფერი ამანდასგან განგებ იყო დაგეგმილი. ჩვენმა შეხვედრებმა სისტემატური ხასიათი მიიღო, ხშირად მიყვებოდა თავის ოცნებებზე, სამსახურზე, ლიზას წარმატებებზე, მაგრამ შენი მეუღლის სიკვდილის შემდეგ მოულოდნელად რაღაც უაზრო მიზეზი მოიდო და დამშორდა. მაშინ აზრზე ვერ მოვედი, რა მოხდა. ახლა უკვე მივხვდი, რომ მისთვის ჩვენი ურთიერთობა აღარაფრის მომცემი იყო და ამიტომ მიმატოვა. ერთი სიტყვით, უნამუსოდ გამომიყენა. _ რაში გამოგიყენა, პატრიკ? _ ჩემგან ლიზას შესახებ ინფორმაციას იღებდა. _ არ გამაგიჟო, რა ინფორმაციას იღებდა შენგან? – დეივიდმა თავი ვეღარ შეიკავა, წამოიყვირა და თვალები გადააბრიალა. _ საუბარში წამომაცდევინა თქვენი საცხოვრებელი მისამართის შესახებ, ასევე შენი მეუღლის მკვლელობის დღეს, იცოდა, რომ ფლორიდაში იყავი და ლიზა ბინაში მარტო იყო. _ პატრიკ, სულელი ნამდვილად არ ხარ, როგორ ვერაფერს მიხვდი? დავიჯერო, ნამდვილ და ყალბ გრძნობებს ერთმანეთისგან ვერ არჩევ? ვის ენდე ან რატომ? როცა ლიზაზე გეკითხებოდა, რატომ არ იეჭვე, რომ სხვა რაღაც აინტერესებდა? _ დეივიდ, შენ რაღა დაგემართა? სულ შენს მეუღლეზე კი არ ვლაპარაკობდით... – პატრიკმა დამნაშავე ბავშვივით შეხედა დეივიდს და ისევ გააგრძელა: _ ისე ტექნიკურად მიჰყავდა საუბარი, სიტყვას თავისთავად მოჰქონდა სათქმელი და ეს ორი ინფორმაცია ასე წამომაცდევინა. არ იცი, ქალების ამბავი? _ ძალიან სულელი ყოფილხარ. დაინახე ლამაზი ქალი და ავარდი. _ მეგონა, ჩვენი ურთიერთობა უფრო სერიოზულ გრძნობაში გადაიზრდებოდა და მხოლოდ ღამის პარტნიორებად არ დავრჩებოდით. _ თქვენ ძალიან შორს წასულხართ ურთიერთობაში და რატომ არაფერს ამბობდი, რომ მეგობარი გოგონა გაიჩინე? _ ვაპირებდი, რომ შენთვის მეთქვა, მაგრამ ამანდა მაჩერებდა და მარწმუნებდა, ჩვენს გრძნობებში კარგად რომ გავერკვეოდით, მხოლოდ მაშინ გაგვემხილა სიყვარულის ამბავი ყველასთვის. _ ჰმ, სიყვარულის ამბავი... _ თავი გააქნია დეივიდმა და ირონიულად ჩაიცინა, _ ლიზაზე რას გეკითხებოდა ხოლმე? _ დეივიდ, როგორ გგონია, ჩვენ მხოლოდ თქვენზე გვქონდა სალაპარაკო? –უხერხულად შეხედა პატრიკმა მეგობარს. _ ეგ გოგო, ჩემი ცოლის მკვლელობაში ოდნავ მაინც რომ იყოს გარეული, იცოდე, ძალიან ვიჩხუბებთ და სამუდამოდ დაგკარგავ, პატრიკ. _ დაწყნარდი, მეც ძალიან განვიცდი, დეივიდ. შევეცდები, რამე გავარკვიო. მაპატიე, შენ წინაშე თავს დამნაშავედ ვგრძნობ. _ მე გაგაფრთხილე, ლიზას სიკვდილს არავის შევარჩენ და თუ გავიგე, რომ იმ გოგომ ეს ინფორმაცია იმისთვის დაგტყუა, შემდეგ ჩემი მეუღლის სიკვდილი დაეგეგმა, საკუთარ საქციელზე პასუხს არ ვაგებ! – ბრაზისგან აკანკალებული ხმით საუბრობდა დეივიდი. კიდევ ბევრი რამის თქმა უნდოდა პატრიკისთვის, მაგრამ თავი შეიკავა, რომ მეგობრისთვის შეურაცხყოფა არ მიეყენებინა. ერჩივნა, რომ გამოძიების დასრულებას დალოდებოდა.
თავი 9
ლიზას დღიური
მას შემდეგ, რაც ნიკა ხურცილავამ ლიზას დედას შვილის ჩანთა მიუტანა, ქალი ფიქრობდა, რომ ჯერ დეივიდისთვის, ხოლო შემდეგ პოლიციისთვის დაერეკა და საქმის კურსში ჩაეყენებინა, მაგრამ ლიზას სიცოცხლის ბოლო დღეებში ნაქონი ნივთი ვინმესთვის გადასაცემად თითქოს არ ემეტებოდა და გადაწყვიტა, ცოტა ხნით დაეტოვებინა. დიდ ხანს ეფერებოდა ქეით სფეიდის ბრენდის წითელი ტყავის ჩანთას გრძელი თითებით, მერე კი ფრთხილად გახსნა და ნივთების დათვალიერება მოინდომა. როგორც კი ხელი ჩაყო, პირველი, რაც ამოიღო, საშუალო სისქის რვეული იყო. გულმა სხვანაირად დაუწყო ძგერა: _ ეს თუ ახლა ის არის, რასაც ვფიქრობ... _ უცბად გაუელვა თავში აზრმა და სწრაფად დაუწყო გადაფურცვლა. ნათიას ვარაუდი გამართლდა, ხელში ლიზას დღიური ეჭირა. სწრაფად დახურა, გვერდზე გადადო და აკანკალებული ეცა სააბაზანოს ონკანს, რომ თავი ცივი წყლით მოესულიერებინა. ნათია დიდხანს ამზადებდა თავს გარდაცვლილი შვილის დღიურის ხელში ასაღებად და მის პირად ცხოვრებაში შესაჭრელად. სურვილი ჰქონდა, ლიზაზე, მის ცხოვრებაზე, ფიქრებზე, პირად განცდებზე, მოსაზრებებზე, მეგობრებზე და ა.შ. მეტი გაეგო, ვიდრე იცოდა, მაგრამ ერთულებოდა, ლიზას სამყაროში ფეხის შედგმისას რამე ისეთ ინფორმაციას არ წასწყდომოდა, რასაც არ ელოდებოდა – მათ შორის, საკუთარ თავზეც. ფიქრთა ჭიდილში გაატარა რამდენიმე საათი და ბოლოს, გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, წაეკითხა. ხელის კანკალით გადაშალა დღიური და კითხვა დაიწყო: 6 ნოემბერი, შაბათი, 2010 წელი მე და მამამ დედა დღეს გავაცილეთ. როცა დავინახეთ, რომ თვითმფრინავი მიწას ასცდა და ცაში აიჭრა, რაღაცის იმედით, მაინც ცოტა ხანს, უხმოდ ვიდექით და გულაჩქარებულები ირგვლივ ვიყურებოდით. როგორც ჩანს, ორივეს იმედი გვქონდა, რომ გადაიფიქრებდა და უკან დაგვიბრუნდებოდა, მაგრამ არ გამოჩენილა... დავრწმუნდით, რომ ლოდინს აზრი აღარ ჰქონდა, ერთმანეთს შევხედეთ, თბილად გავუღიმეთ და გულდაწყვეტილები აეროპორტის შენობას გავეცალეთ. დაღონებულები ავუყევით ჩვენი სახლისკენ მიმავალ ქვაფენილს. არავინ და არაფერი შეგვინიშნავს, ხიდან დაცვენილი ნეკერჩხლის ყვითელი ფოთლების გარდა, რომლებიც აქეთ-იქით ფრიალებდნენ და ხანდახან ფეხსაცმელებზე გვედებოდნენ. უცებ, ჩვენი ნაცნობი ხილ-ბოსტნეულის გამყიდველი ალექსი ბიძიას ხმამ გამოგვაფხიზლა: _ ოჰ, მეტრეველებს გაუმარჯოს, როგორ ხართ? _ კარგად ალექს, შენ როგორ ხარ? – უპასუხა მამამ. _ იმისთანა კარალიოკი მივიღე, ხომ არ გასინჯავდით? _ დღეს არა, გმადლობთ, მერე იყოს. _ კარგი, როგორც გინდათ, – გვითხრა ალექსიმ და სახეზე რომ უხასიათობა შეგვატყო, ბევრი აღარც გაუგრძელებია, თავი დაგვანება. ამასობაში სახლთან მოვედით, ორივემ ფანჯრებს ავხედეთ, მაგრამ შუქი ჩამქრალი იყო. კიბეებს ავუყევით და თან გასაღებს ძებნა დავუწყეთ. ვიდრე ზურგჩანთა გავხსენი, კარსაც მივადექით. მამამ დამასწრო და თავის გასაღებით გააღო. სახლში სიცივე და სიჩუმე დაგვხვდა, ოთახები კი ცარიელი. მამა რომ სახლში შემოდიოდა, პირველად ოთახებს შემოივლიდა ხოლმე. დედას რომ დაინახავდა, სახეზე ღიმილი მოადგებოდა და მერე ტანსაცმლის გამოცვლას და ვახშამზე ფიქრს იწყებდა. დღეს აღარც ოთახებში შეუხედავს და არც საჭმელი გახსენებია, უბრალოდ, ზრდილობისთვის მკითხა, რამეს ხომ არ შეჭამდიო და უარი რომ მიიღო, უხმოდ შევიდა საძინებელში და აღარც გამოსულა. მეც დიდხანს ვიბორიალე უგზო-უკვლოდ ცარიელ ოთახებში და საინტერესო რომ ვერაფერი ვნახე, ჩემს საძინებელში შევედი, საწოლზე წამოვწექი და მივხვდი, რომ დედა უკვე ძალიან მენატრებოდა... _ ამას ვერ წავიკითხავ. _ ამოიოხრა აცრემლებულმა ნათიამ და დღიური დახურა. –ესე იგი, ლიზამ ჩემი ამერიკაში წამოსვლის პირველივე დღიდან დაიწყო დღიურის წერა. რამდენმა წელმა განვლო მას შემდეგ... უამრავი ამბავი იქნება აღწერილი... მინდა, სიმართლე შევიტყო, მაგრამ ძალა არ მაქვს, ჩემი შვილის ხელით დაწერილი ამბები ვიკითხო... ნეტა რას მალავდი ჩემო გოგო?.. – ქალი ფიქრებში წავიდა, დიდხანს იჯდა გარინდებული მისაღებ ოთახში და უაზროდ მისჩერებოდა ჟურნალების მაგიდაზე მდგარ ცარიელ ყავის ფინჯანს. გონს რომ მოეგო, ისევ დღიურს მიუბრუნდა.
*** მეორე დილით, სამსახურში მიმავალ ნათიას გონებაში ნაწყვეტ-ნაწყვეტ უტრიალებდა ლიზას მიერ ოჯახის წევრებზე დაწერილი ემოციური ამონარიდები დღიურიდან. ასევე ცდილობდა, ყველა პიროვნება აღედგინა, ვინც იქ იყო მოხსენიებული: ბავშვობაში პრინცესას როლის თამაში მიყვარდა. ბაბუ სცენას მომიწყობდა, მერე დედას და მამასაც დავუძახებდით, ჩავიცვამდი ყველაზე ლამაზ კაბას და იწყებოდა ჩემი დაუსრულებელი ცეკვა. კონცერტის ბოლოს კი მამა სავარძელთან მდგარ დიდ ვაზას ხელოვნურ ყვავილებს ამოაკლებდა და მომართმევდა ხოლმე. ჩემს სიხარულსაც საზღვარი არ ჰქონდა. მიყვარდა, როცა ტაშს მიკრავდნენ და “ბრავო”-ს შეძახილებით მათამამებდნენ.
*** დედაზე ისე ძალიან აღარ ვბრაზობ. ნელ-ნელა გავუგე კიდეც და თითქმის ყოველდღე სკაიპით ვესაუბრები. ვლაპარაკობთ ყველა დეტალზე, უმნიშვნელო რაღაცებიც კი აინტერესებს, მაგალითად, დღეს რომელი ტრანსპორტით ვიმგზავრე, როგორი ამინდია თბილისში, რა მეცვა, მე და მამამ რა მოვამზადეთ სადილად და ა.შ. ისე სასაცილოდ მეფერება, როგორც პატარა ბავშვს, გაათმაგებული თბილი სიტყვებით და მონატრებით. ხან მეცინება მის სიტყვებზე, ხან სევდა მიპყრობს, მაგრამ ვცდილობ, გულში არაფერი დავიტოვო და საუბარი სხვა თემაზე გადავიტანო. რაც შეეხება ჩემს მეორე დედას _ მაია მასწავლებელს და ბალეტს, სკოლაში ჩვეულებისამებრ მკაცრი და ძალიან მომთხოვნია, გარეთ კი ნამდვილი მეგობარი. სულ მზრუნველობით მეპყრობა და რჩევებსაც არ იშურებს. ეს ქალი, ამ ეტაპზე, ჩემთვის ყველაფერია.
*** ანანოს დაბადების დღეზე ერთი ბიჭი გავიცანი, სახელად ნიკა. ცოტა ამპარტავანი და თავმომწონე ტიპია. ეტყობა, რომ შეძლებული ოჯახიდან არის და დედ-მამის ფინანსური შესაძლებლობები თავში აქვს ავარდნილი. არ მიყვარს ასეთი ბიჭები. არადა, ვატყობ, რომ მოვწონვარ.Uერთხელ, ანანომ აიჩემა, ნიკასთან ერთად კინოში წავიდეთო. ხათრი ვეღარ გავუტეხე და გავყევი. მას შემდეგ აღარ მასვენებს, უკვე სამჯერ მომწერა, ხან სად მეპატიჟება და ხან სად. წარმოდგენა არ მაქვს, ბოლო მესიჯზე რა ვუპასუხო. ვიცი, რომ ვერ გავუგებ, ამიტომ ურთიერთობის დაწყებას აზრი არ აქვს. ასე ცივად რომ ვპასუხობ, თვითონ ხომ უნდა მიხვდეს, ესე იგი, არ მაინტერესებს.
*** დღეს დიმამ, როგორც იქნა, მარტო ჩამიგდო ხელში და სიყვარულში გამომიტყდა. გული ისე მიცემდა, ახლაც ყურებში ჩამესმის. ჯერ კიდევ ტუჩებზე მაქვს მისი კოცნის გემო და მისი სხეულის სითბოც არ გამნელებია. მეც მიყვარს, თან ისე ძალიან, რომ მზად ვარ, გარეთ გავიდე და ხმამაღლა ვიყვირო.
*** დღეს დედის დღეა. აუ, როგორ მომენატრა ჩემი “გიჟუკა”. აქ რომ მყავდეს, მაგრად ჩავეხუტებოდი. მიუხედავად იმისა, რომ მამასავით თავშეკავებული ვარ, ზოგჯერ ჩემში დედაჩემის თავისუფალი და ლაღი ხასიათი იღვიძებს და მინდება, ისეთი რაღაცები გავაკეთო, რასაც ჩემგან არავინ ელოდება. დღესაც ასეთ ხასიათზე ვარ, უარს არ ვიტყოდი წვიმიან ქალაქში ფეხშიშველა სიარულზე, ქუჩის მუსიკოსების მიერ შესრულებული მუსიკის ჰანგებზე აცეკვებაზე ან კიდევ რამე ისეთზე, რაც თავისუფლებას უფრო ღრმად შემაგრძნობინებდა. ასე უფრო საინტერესოა ცხოვრება.
*** მამას სპექტაკლის დაწყებამდე ორი საათით ადრე ველაპარაკე. მითხრა, რომ ჩემს წარმოდგენაზე დასასწრებად ბებია მოჰყავდა რაჭიდან და თბილისში მალე ჩამოვიდოდნენ. სპექტაკლი რომ დასრულდა, კვლავინდებურად მის სცენაზე გამოჩენას და ამაყი სახით ყვავილების გადმოცემას ველოდებოდი, მაგრამ ის არსად ჩანდა... გული დამწყდა, არადა, რას ვიფიქრებდი, რომ იმ დროს მამა ცოცხალი აღარ მყავდა და ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლი გამხდარიყო. ახლა, დედაც შორს და მამა კიდევ უფრო შორს მყავს... სულ მარტო დავრჩი.…
*** არ მჯერა, უზომოდ ბედნიერი ვარ. ნიუ-იორკის საბალეტო დასში მიმიწვიეს. “ამაო სიფრთხილის” გუშინდელ სპექტაკლს თურმე ამერიკელი ქორეოგრაფი დასწრებია და ჩემი ცეკვით იმდენად მოხიბლულა, აი, ასეთი შემოთავაზება გამიკეთა. დედა ისეთი გახარებულია, მითხრა, რომ ჯერ კიდევ ვერ იჯერებს. ჰო, სიზმარი არ არის, რეალობაა. ახლა ყველაზე მეტად რაც მაფიქრებს, დიმაა, არ ვიცი, როგორ მიიღებს ამ ამბავს, მაგრამ ვიცი, რომ მიყვარს და არ ვაპირებ, დავკარგო. როგორმე უნდა დავარწმუნო, რომ ჩვენი მომავლისთვის ასე სჯობს და ჩემი შორს ყოფნა ურთიერთობაზე არ აისახება. იმედი მაქვს, გამიგებს.
*** ცუდი დღე მქონდა. დიმას დავშორდი. ძალიან ძნელია, როდესაც საყვარელი ადამიანი რთული არჩევანის წინაშე გაყენებს და გულს გტკენს. რა ვქნა, ბალეტის გარეშე ყოფნა ჩემთვის იგივეა, რაც თევზი წყლის გარეშე დარჩეს. არ მეგონა, თუ ასე დამთავრდებოდა ჩვენი ურთიერთობა. საუბრისას ცოტა უხეშიც მომეჩვენა, თითქოს რეალური სახე გამოაჩინა და რაღაც მომენტში, შემეშინდა კიდეც. არა, ასეთ პიროვნებას ვერ შევეგუებოდი. ჩემს არჩევანს პატივს არ სცემს, შეურაცხყოფა მომაყენა, მითხრა, ერთი გულქვა და საკუთარ თავზე იდიოტურად შეყვარებული ადამიანი ხარო. ბედის მადლობელი იყო, რომ დროულად მიხვდა, ვინც ვიყავი და სწორ დროს დაამთავრა ურთიერთობა. არ მინდოდა, ასეთი ბოლო ჰქონოდა ამ სიყვარულს, მაგრამ მან მაიძულა, რომ სამუდამოდ მექცია მისთვის ზურგი. მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი _ ნიუ-იორკში მივდივარ!..
*** აშშ-ში გამგზავრებამდე მაია მასწავლებელს შევხვდი. ეს პიროვნება რომ არა, ნამდვილად არ ვიცი, ვიქნებოდი თუ არა ასეთი მოცეკვავე და ჩემი კარიერის უკეთესი მომავლისთვის ვიჯდებოდი თუ არა დღეს ამ თვითმფრინავში. ახლა მისი წერილი გავხსენი, რომელიც წამოსვლამდე გადმომცა და შინაარსმა გული იმდენად ამიჩუყა, სიტყვასიტყვით უნდა გადმოვიტანო დღიურში: ლიზა, ჩემო კარგო და ლამაზო გოგონა, კარგად იცი, შვილივით მიყვარხარ და შენთვის მხოლოდ საუკეთესო მემეტება. ალბათ, არ მოიძებნება სიტყვები, რომლებიც შენ მიმართ ჩემს უზომო სიყვარულს გამოხატავს. გულწრფელად მიხარია, რასაც მიაღწიე და მინდა, კიდევ უფრო დიდ წარმატების მწვერვალზე გიხილო. ვიცი, რომ წლების შემდეგ, ქართველი ხალხი ლიზა მეტრეველით იამაყებს და დიდი პატივისცემით მოიხსენიებს. მე კი გული სიხარულით ამევსება და ვიტყვი, რომ ერთ დროს, პატარა ლიზა საბალეტო წარმოდგენებისთვის ჩემთან ერთად საათობით მეცადინეობდა და თავს არ ზოგავდა. კონვერტში თმის სარჭია, რომელიც პრიმა ბალერინას, ნინო ანანიაშვილს ეკუთვნოდა. ძალიან მომეწონა და აღვნიშნე, მან კი თმიდან მოიხსნა და მაჩუქა. მას შემდეგ თილისმასავით მქონდა. ახლა შენ გეკუთვნის, გაუფრთხილდი და ყოველ წამს, როცა ცეკვისგან დაღლილს ან რამეზე იმედგაცრუებულს განწყობა გაგიფუჭდება, ხელით შეეხე და მაშინვე დიდ ძალას იგრძნობ, რაც ყველა დაბრკოლების გადალახვაში დაგეხმარება. წარმატებებს გისურვებ, ჩემო თაფლისფერთვალება. აბა, დროებით და არ დამივიწყო! შენი მაია მასწავლებელი 15.05.2014
*** ნიუ-იორკი დედაჩემის საყვარელი ფერებივით კაშკაშა ქალაქია. მე რომ მკითხონ, რომელ ფერს შეადარებდიო, არც კი დავფიქრდებოდი, მაშინვე ყვითელს ვიტყოდი _ მზესავით ნათელი და ძლიერი ქალაქია. სწორედ ისეთია, როგორიც წარმომედგინა. ჩემთვის ახალი არ არის, რომ აქ ცხოვრების სწრაფი რიტმია. ასე, რომ მეც ნიუ-იორკელებივით ყველაფრის მოსწრებაზე ვარ, მათსავით ყირაზე გადავდივარ და თითოეულ წუთს ვუფრთხილდები. საბალეტო დასი ძალიან მომწონს, შესანიშნავი გარემოა განვითარებისთვის. თანამშრომლებიც მეტ-ნაკლებად მეგობრულები ჩანან, თუმცა ვგრძნობ, მაინცდამაინც არ ეპიტნავებათ ახალი და გამოცდილი მოცეკვავის გამოჩენა. ზოგჯერ, კორდებალეტის გოგოები გულს მირევენ _ კარგი როლების მისაღებად რას აღარ კადრულობენ და ვისთან აღარ... აღარ გავაგრძელებ, ჩემი საქმე არ არის. მხოლოდ ამანდას ვერ ვუგებ, თავმომწონე ტიპია. ალბათ, ოდესმე ერთმანეთს შევეწყობით კიდეც. მოკლედ, ახალი სამსახურით კმაყოფილი ვარ. ენის ბარიერი მაქვს, მაგრამ ამასაც გადავლახავ, რამდენიმე თვე მჭირდება და ამერიკულ აქცენტზე დავიწყებ საუბარს.
*** დღეს კაფეში მუშაობამ ისე დამღალა, სიარულის თავიც არ მქონდა, მაგრამ მაინც წავედი რეპეტიციაზე. დასში უმეტესობა ისეთი მოცეკვავეები გვყავს, ცეკვის გარდა, სხვა არაფერი აინტერესებთ. მე კი სხვა საფიქრალიც მაქვს – ვიდრე დამაწინაურებენ და ხელფასს მომიმატებენ, უნდა ვიმუშავო და დედას ფინანსურად დავეხმარო. მეცოდება, ბევრს შრომობს და არ მინდა, ხარჯად დავაწვე. დღევანდელ რეპეტიციაზე, დაღლილობის გამო, კარგად ვერ ვიცეკვე და ქორეოგრაფისგან უკმაყოფილო მზერა და შენიშვნა მივიღე, ყველაზე მეტად იმან გადამიყვანა ჭკუიდან, ცალკე რომ გამიყვანა და მითხრა, სოლო პარტიიდან გხსნი და შენს ნაცვლად ამანდა იცეკვებსო. როცა ახალი ამბავი გაიგო, იმ საზიზღარმა გოგომ ისეთი დამცინავი სახით გადმომხედა, საკუთარი თავის შემრცხვა და ყველას თანდასწრებით, სიმწრისგან ავტირდი. ორმოცდაათი ფუეტე ვერ გავაკეთე, ფეხებში ძალა არ მეყო და სწორედ ეს იყო ქორეოგრაფისგან ამ გადაწყვეტილების მიზეზიც. ვინ უნდა დავადანაშაულო? ჩემი ბრალია.
*** დედა და მე ნიუ-ორლეანში “მარდი გრას” დღესასწაულზე დასასწრებად წავედით. გაკვირვებული ვარ ამ ქალაქის მდიდარი მუსიკალური ატმოსფეროთი, სამზარეულოთი და ხალხით. სულ სხვა სამყაროა. კარნავალი რამდენიმე დღის განმავლობაში გასტანს. ქუჩები სავსეა კოსტუმირებული ხალხის მსვლელობებით და მოცეკვავე მსახიობებით. ხუმრობით და თითის დაქნევით გვითხრეს, ნიუ-ორლეანში საუკეთესო “Crayfish”-ს ამზადებენ და თუ აქედან ისე წახვალთ, არ გასინჯავთ, “Shame on you”-ო. ინტერესში ჩავარდნილებმა ერთ-ერთ კარგ ადგილს მივაკითხეთ, დავაგემოვნეთ და ძალიან მოგვეწონა. დედა ჯაზზე გიჟდება და დღეს, ჯაზის ქალაქს ეზიარა. მის ბედნიერ სახეს რომ ვუყურებ, მეც ბედნიერი ვხდები. ჩემს თვალებს არ გამორჩენია, როგორ ჭამდნენ მზერით ეშხიან დედაჩემს ამერიკელი მამაკაცები, მაგრამ როგორც ყოველთვის, არავის ამჩნევდა. ვატყობ, რომ მისთვის ასე იოლი არ არის მამაჩემის დავიწყება. ერთი სიტყვით, ნიუ-ორლეანმა კმაყოფილები დაგვტოვა.
*** მელანიმ მადლიერების დღისთვის გამართულ ვახშამზე სახლში მიმიწვია. როგორი თავისუფალი და მხიარული ოჯახი ჰყოლია. დღესასწაულიც მომეწონა, სწორედ ისეთივე განწყობით აღნიშნავენ, როგორც ახალ წელს ქართველები. ამერიკული რეცეპტით მომზადებული ინდაურიც გავსინჯე და არაჩვეულებრივია. მელანის ბიძაშვილიც გავიცანი _ დეივიდ მილერი. მთელი საღამო თვალი არ მოუშორებია ჩემთვის. სახლში წამოსვლა რომ დავაპირე, მარტო არ გამომიშვა და მანქანით მომაცილა. გზაში ათასგვარ სისულელეზე ვისაუბრეთ, არც ერთს გაგვიჩერებია ენა. ნამდვილი ჯენტლმენი აღმოჩნდა, თან ხელოვნებაში საკმაოდ კარგად ერკვევა. მეც მეტი რა მინდა? მოკლე დროში მოიგო ჩემი გული.
*** ამანდასთან ისევ უთანხმოება მომივიდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ მეჩვენება, რომ საშიში პიროვნებაა. დღეს, პუანტები დამიმალა, რომ სცენაზე არ გავსულიყავი. კიდევ კარგი, ნიკოლასმა დაინახა და დროულად მითხრა, თორემ არ ვიცი, რით დამთავრდებოდა ყველაფერი. დასის ხელმძღვანელი ბევრჯერ მყავს საქმის კურსში ჩაყენებული და მისგან არაერთი შენიშვნაც მიიღო, მაგრამ მაინც არ ჩერდება. დეივიდს რომ ვუყვები, მეუბნება, რომ ნერვებს გავუფრთხილდე და ყურადღება არ მივაქციო, მაგრამ როდემდე? დარწმუნებული ვარ, საპარსის ნაწილებით რომ ფეხის თითები დამეჭრა, ეგეც მისი მოწყობილი იყო. საიდან აქვს ამხელა სიბოროტე?!
*** დეივიდი, დედამისი და მე სამხრეთ დაკოტაში ვიყავით. ბიძამისმა ოპერაცია გაიკეთა და საავადმყოფოში მოვინახულეთ. გზად, მთა “რაშმორიც” ვნახეთ. გამაოცეს კლდეში გამოკვეთილმა ამერიკის პრეზიდენტების _ ვაშინგტონის, ჯეფერსონის, რუზველტის და ლინკოლნის გამოსახულებებმა. იშვიათი სანახაობაა. კმაყოფილი დავბრუნდი. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ამ მოკლე ხანში, ძალიან შემაყვარეს დეივიდის ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა თავი. მასსავით ყურადღებიანები არიან. ბედნიერი ვარ, რომ ამ ხალხს შევხვდი. ყველაზე მეტად კი დეივიდის გონება, ქცევები, სიყვარულით ანთებული თვალები, ღიმილი, სითბო და ჩემი პატივისცემაა _ ასე რომ მაგიჟებს და მომწონს მასში.
ჩაფიქრებული ნათია ავტომატურად მიჰყვებოდა თვალით დამახსოვრებულ გზებს სამსახურამდე. _ უფალო, მხოლოდ შენ იცი, რად დამიჯდა ამ დღიურის წაკითხვა. გთხოვ, გონება გამინათო და ნიშანი მომცე, გავიგო ვინ გაწირა სასიკვდილოდ ჩემი გოგონა, რომელმა მათგანმა? – არ ასვენებდა ფიქრები. ამასობაში სამსახურს მიუახლოვდა და შენობაში შევიდა. როგორც კი მენეჯერმა ახლადშესული თანამშრომელი დაინახა, მისკენ მოსაკითხად წავიდა და მერე ახალი კოლექციების მორიგი შეკვეთების მიღების შესახებ ამცნო. თან, შეახსენა, რომ მალე ნიუ-იორკის მოდის კვირეული იწყებოდა და დიზაინერების მოთხოვნები იყო, შეკვეთები მითითებული ვადებისთვის არ გადაეცილებინათ. _ კი, ვიცი, მესმის. ამ დიზაინერების დაღალატება და დაკარგვა ძვირად დაგვიჯდება, – დაეთანხმა გონებაარეული ნათია და რომ წარმოიდგინა, ღამეების გათენება მოუწევდა, თვალები უკმაყოფილოდ გადაატრიალა და სამუშაო ოთახში შევიდა. _ რაო? არ გეძინა ხომ? – უცებ შეატყო ნათიას დაღლილობა ვივიენმა. _ რა დამაძინებს, ვივიენ? მგონი ჭკუიდან ვიშლები. _ რა მოხდა? _ ეჭვები გამართლდა. ლიზა მართლაც წერდა დღიურს. გუშინ მისმა მეგობარმა ჩემი გოგონას ჩანთა გადმომცა და იქ აღმოჩნდა. მთელი ღამე იმ დღიურს ვკითხულობდი. მეგონა, ჩემთვის საინტერესოს გადავაწყდებოდი, მაგრამ ეს დამძიმებული გული, კიდევ მეტად დავიმძიმე და ვერაფერი გავიგე. _ ნათია, შესაძლებელია, მაგ დღიურში პოლიციამ ისეთი რამ დაინახოს, შენ რომ ვერ წარმოიდგენ. გადაეცი სპეციალისტებს, გადათარგმნიან და მიხედავენ. _ ჯერ ვფიქრობ, დეივიდს ხომ არ ვაჩვენო, მაგრამ ის მაინც ვერაფერს გაიგებს, ქართულად წერია და შენსავით იგივეს მირჩევს. იცი რაა? ჩემი აზრით, ერთადერთი საეჭვო მხოლოდ ამანდაზე წერია და კიდევ ერთი რამ არის, რაც ვერ ამოვხსენი. _ რაზე ამბობ? _ დღიურის ბოლო ფურცელი უცნაური მოხაზულობის მინიშნებებით მთავრდება, რაც ოდნავადაც არ ჰგავს ჩვენს ანბანს. არ ვიცი, რა ინიციალებია და რას ნიშნავს. _ ჰოდა, ამიტომ ვამბობ, მიეცი ეგ დღიური პოლიციას და ისინი მიხედავენ. _ ასეც ვაპირებ. – მძიმედ ამოისუნთქა, მერე შეეცადა, ახალ შეკვეთას უფრო უკეთესად გასცნობდა და კონცენტრაცია სამსახურის საქმეებზე მოეხდინა.
გაგრძელება იქნება
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|