ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მერიენ
ჟანრი: პოეზია
16 თებერვალი, 2020


მარიანას ღრმული

გეოგრაფიული კოორდინატები ჩემთვის მარტივად დასამახსოვრებელია,
გრძედისა და განედის ზუსტ გრადუსზე თანაკვეთა ერთი პატარა წერტილია,
რომელსაც თავისი სახელი აუცილებლად ექნება,
თუ არადა შეგიძლია,
თავად უწოდო.
მეც დედამიწის ნაწილი ვარ,
თუმცა ჩემი მდებარეობა
ვერავინ განსაზღვრა,
ვერც ჩემი რაობა;
არ ვიცი,
ვის მივეკუთვნები,
კავკასიელი გოგო ვარ
თუ ვენეციის არხებში გონდოლით მოსეირნე იტალიელი ქალი.
ჩემი ლეგენდა არსებობს,
სადღაც ყვითელ ფურცლებში დაჟანგულ ასოებში.
არსებობს, სანამ მოკვდება,
სანამ მუზეუმში,
გამჭვირვალე ყუთით გამოფენენ.
სულ ვშიშობ,
რომ ეს წიგნი სხვა გვერდზეა გადაშლილი,
და სამუდამოდ დავიწყებული აღმოვჩნდები,
როგორც ყველაზე უცნაური სიმარტოვე,
როცა გარშემო მხოლოდ მწვანე ზღვაა და ზღვის შავი ზონიდან ამოღწეული სირინოზების ხმა სიკვდილისკენ გიბიძგებს.
სად დავრჩები მე?!
როდის ვიპოვი არარატის მთას?!
როდის ჩადგება ქარი,
რომელიც სიზმრებს შუაზე ტეხს და ალიონზე მისი ნაფშხვენებით მიმასპინძლდება?!
ვახელ თვალებს და მასში ჩაბუდებული მარიანას ღრმულში ჩამსხვრეული ნავი ტივტივებს.
ვიღვიძებ,
ჩავდივარ ეზოში და იშვიათი თოვლისგან თვალებმოჭრილი
ბრმად მივაბიჯებ,
მხოლოდ თოვლის ხრაშუნა ხმით ვსაუზმობ
და უპეებიდან გადმოსაყრელ სიზმრებს,
უკან ვიბრუნებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები