ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: პროზა
19 თებერვალი, 2009


ფარდები და ყრუ კედლები

  ფარდა გაიხსნა.
  წარმოდგენა დაიწყო...
  დასასრულს - ოვაცები...
  ფარდა დაიხურა.

* * *

  ფარდის გახსნამდე კულისებში მზადება მიდის. ყველა თავის საწყის პოზიციას იკავებს. ერთმანეთს თვალებით ანიშნებენ. მხოლოდ რეჟისორი ჩურჩულებს, მითითებებს აძლევს მსახიობებს: - გოგო, რას მოხრილხარ? წელში გაიმართე! მკერდი მინდა შენი! აჩვენე ბიძაშენს, თუ რა ვნება იმალება შენში... თითქოს ცეცხლი გიკიდია... თმები აიჩეჩე! შეშლილი ვნება სჭირდება ბიძაშენს... ბოლოს და ბოლოს, უნდა გაგათხოვოს... კახპა ხარ, კახპაა!
  „თუმცა უკვე ხარ კახპა”! - ეგ უკვე გაიფიქრა. ახლოს მიეჭრა გამხეცებული რეჟისორი და ყურში ჩასჩურჩულა:
  - ძვირფასო! იფიქრე ჩემზე და ყველაფერი გამოგივა. განა ქუჩიდან არ აგიყვანე როლისთვის?
  - ვითომ, რატომ ქუჩიდან?
  - აბა, მამა არ გყავს, მისთვის შენი ხელი რომ მეთხოვა.
  - კარგი, რაა, ჩემო ზაზუნაა! არ გრცხვენია?
  - მორჩი ახლა... ექვსია უკვე. იწყება წარმოდეგენა.

* * *

  ფარდა გაიხსნა

  გამოჩნდა წელში გამართული გოგონა დიდი მკერდით, რომელსაც მჭიდროდ ეკვრის ტანსაცმელი. დეკოლტედან მოურიდებლად გამომზირალმა ფითქინა მკერდმა ”აამეტყველა” მაყურებელი. დარბაზმა ფართოთ გაახილა თვალები. ერთი მსახიობისთვის ამეტყველდა სცენა, მაგრამ აქ სად იყო და სად არა, ბიძა გამოჩნდა გოგოსი.

* * *
წარმოდგენა დაიწყო

  - დამალე, გოგო, მკერდი! - არის ბრძანება ბიძისგან.
  - კარგი რაა... განა ამით არ ვჭამთ ლუკმა პურს?
  - საწყალი მამაშენი! დროზე წავიდა ამ ქვეყნიდან. შენი გადამკიდე, მეორედ მოკვდებოდა კაცი.
  - რატომ ”ჩემი გადამკიდე”? ის დედამ არ მოკლა?
  ბიძის უაზრო გამომეტყველება შერჩა გოგოს. და დარბაზს.
  - კარებზეა ვიღაც. აკაკუნებენ, არ გესმის?
 
  კარი იღება სცენაზე. დედამიწა ისევ ბრუნავს.
  - შემოდი, შვილო!
  - როგორ ხარ, მამა?
  - შენი ბიძაშვილის გადამკიდე, როგორ უნდა ვიყო?
  - ამჯერად რა მოხდა?
  - არაფერი, ნანი, - უპასუხა გოგომ და იქვე მდგარ მაგიდაზე ჩამოჯდა. ჯინსები ერთობ უმშვენებდა თეძოებს.
  - მამა, დღეს რა გვაქვს სადილად?
  - ცარიელი თეფშები, შვილო. - ნაღვლიანად უპასუხა მამამ ნანის.
  - უკვე შენი სახლში წასვლის დროა, მამა. საღამოს ექვსია.
  - ჰო, შვილო, წავალ.

  სცენა დატრიალდა დედამიწასთან ერთად. აღიმართა სამი ყრუ კედელი. მეოთხე კედელი მაყურებლის უკანაა.

  სრული სიჩუმე. დაბნელდა დარბაზი. მკრთალი სინათლე იკვეთება სცენის კუთხეში. იქიდან მომავალი სილუეტი სცენის შუაგულში მოექცა.

  სილუეტმა ხორცი შეისხა და ულამაზეს გოგონად იქცა, რომელმაც სიშიშვლის დემონსტრირება დაიწყო. გონება აემღვრა დარბაზს, ფეთქავდა ორსქესიანი დარბაზი.
  ცეკვავდა გოგონა პისტოლეტის მრგვალ შუქთან ერთად! ერთზე ფიქრობდა მხოლოდ: - დაიმსახურებდა თუ არა სპექტაკლის ბოლოს მაყურებლის ოვაციებს?... გოგონა, ორკესტრის თანხლებით, ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის ქვეშ ასრულებდა ცეკვას. 

  კედლებს არ ესმოდათ მუსიკის ჰანგები. მხოლოდ გოგონას ჩუმ ნაბიებს უგდებდნენ ყურს.

  - უღრმესი მადლობა, ულამაზესო!!! - მადლობა გადაუხადა კონფერანსიემ, რომელის შემოსვლა არავის შეუმჩნევია.
  - გახალისდით სტუმრებო! დღეს თქვენთვის ცეკვავენ!
  კონფერანსიეს როლი ნანიმ მოირგო. ისიც ნახევრად შიშველი შემოიჭრა დედამიწასთან ერთად მბრუნავ სცენაზე.

  ოთხი მდიდრული მაგიდა, თავისი სკამებით გამოჩნდა უკვე განათებულ ყრუ კედლებში. თითო მაგიდას ორ-ორი ახალგაზრდა მამაკაცი ამშვენებდა. სულ ოთხნი.
  - დაიკო, მომიახლოვდი, რა!
  - გისმენ, ძამია!
  - ჰა, გახედე, ირაკლი... ეგ რა ცუღლუტი ვინმეა? - გაიცინა დათომ.
  - ჩემო გვრიტო, ერთი მითხარი რა ღირხარ?
  - მე არ ვიყიდები! - მკაცრად მიუგო ნანიმ.
  - კარგი რაა... პატიოსანი ხარ?
  - მე კი! აი ეგ არის ჩვენი მშვენება.
  - ეგ ერთი გყავთ?
  - ხო.
  - რა ჰქვია?
  - ჰკითხე მას.

* * *

  სცენა ტრიალებს დედამიწასთან ერთად.

  დარბაზი ელექტრონული მუსიკით გაბრუვდა. „პისტოლეტმა“ ისროლა თავისი  მრგვალი შუქი და ჯიუტად ლოგინს დააჩერდა. ახალგაზრდა წყვილი ლოგინზე ჩამომჯდარა ხელიხელჩაკიდებული. მუსიკა შეწყდა.
  - რა პროფესიის ხარ? - შეჰკადრა მამაკაცს გოგონამ.
  - რეჟისორი.
  - შენ?
  - არ ვიცი.
  - როგორ თუ არ იცი?
  - ჩემი მკერდი მოსწონს ყველას, - თავი დახარა მორცხვად.
  - კარგი რა... თავს ნუ მაცოდებ...
  - არ გაცოდებ. პირიქით კიდევ ერთხელ მინდა შენთან! - გაეცინა გოგოს
  - მშობლები გყავს?
  - არა.
  - აბა ვის ვთხოვო შენი ხელი?
  - ბიძიას.
  - ეგ ვინღაა?
  - ვისაც მე ვარჩენ.
  - შენ არჩენ?

  დეკორაცია სცენის, მაყურებლის თვალწინ იცვლება.

  სცენა ტრიალებს მათთან ერთად... და დედამიწაც.

* * *
  გაჩერდა მბრუნავი სცენა, მაგრამ დედამიწა ტრიალებს.
  ამჯერად სცენას ამშვენებს ოთხი ყრუ კედელი, გისოსით. გისოსიდან მაყურებელი იმზირება სცენისკენ.

  გისოსში დათო და მისი ადვოკატი მოსჩანან.
  - ირაკლი სად იყო? მოიცადე ჩავიხედო საქმეში...,. ხო, ცხრის ოც წუთზე.
  - გოგონასთან. შენა, ერთი ეგ მითხარი მე როგორ დავაღწიო თავი ამ საშინელებას?
  - არ იდარდო. მამაშენი იზრუნებს ამაზე. მითხარი, რა მოხდა, დაწვრილებით მომიყევი ყველაფერი.
  - არაფერი მაქვს მოსაყოლი. წამალზე შევედი და არ მომცა ბიძამ.
  - რატომ?
  - ფული არ მქონდა.
  - ამიტომ გაასაღე არა, ეგ და მისი შვილი?
  - ეგ შენ გაარკვიე.

* * *
  სცენა დატრიალდა წარსულისკენ.
  დედამიწა კი მომავლისკენ ბრუნავს.

  ისევ მკრთალი შუქი კუთხიდან, მოცეკვავე შიშველი გოგონას სილუეტი, იქვე ლოგინი შემოაქვთ სცენის მუშებს.
  დეკორაცია ცეკვის მოძრაობებთან ჰორმონიაში იცვლება.
  ორკესტრი უკრავს.
  დირიჟორმა ჯოხი  აუქნია  დედამიწას და რიტმში ააცეკვა!

* * *
  სცენა ისევ ტრიალებს.
  - დაიკო, მომიახლოვდი, რაა!
  - გისმენ, ძამია!
  - ერთი აბი მინდა, რაა...
  - რა გინდა?
  - ყრუ ხარ, კედლებივით? ვერ გაიგე, რა გითხარი? ერთი აბი-მეთქი!
  - ერთი წუთით, დათო...
  - ახლა მინდა და არა ერთი წუთის შემდეგ.
  - წამომყევი!
  ძლივს ასწია ძვლები სკამიდან და გაჰყვა კონფერანსიეს.
  დარბაზში ჩავიდნენ.
  - აბა, მიდი, სთხოვე მათ, ეგებ ვინმეს აქვს.
  - ძამიკო, გთხოვ, ერთი მომე, რა... ვხედავ კაიფში ხარ...

  - შენ გიჟი ხო არ ხარ!
  - წადი, მომშორდი!
  - დაახვიე!
  - გადი, რა, ძმა... ფული ღირს ეგა!
  - ეკლესიას მიმართე ძმობილო!
  - პატრონმა გიშოვოს!
  - საერთოდ, როგორ ლაპარაკობ?
  - სულ მთლად გათავხედდით, რა, ეს ნარკომანები...
  - საავდმყოფოს მიმართე, სულით ავადმყოფო!!!

  პასუხად ყველას:
  - მე მიჭირს, გთხოვთ დამეხმარეთ! მომეცით უფლება დედამიწასთან ერთად ვიბრუნო მომავლისაკენ!!!

* * *
  დარბაზი ჩამობნელდა...
  ყველა გაყუჩდა.
  აღარ ისმოდა დათოს ვედრება წამლისთვის.
  დატრიალდა სცენა  და... გაჩერდა დედამიწა.
  კონფერანსიე მიმართავს დარბაზში მყოფ მაყურებლებს:
  - გთხოვთ, ამობრძანდეთ სცენაზე!

ყველა დაემორჩილა. ახმაურდა დარბაზი, სიცოცხლე წუთებად ამოძრავდა გაჩერებულ დედამიწაზე.

  ყველა სცენაზეა.
  - გთხოვთ, იყუჩეთ! - გაისმა კონფერანსიეს ხმა.

  პისტოლეტმა ”იქუხა” და მრგვალი სინათლე ისროლა დარბაზში. ბრებმაც გამოაჭყიტეს გვერდებიდან. დარბაზში თეთრ მანტიებში გამოწყობილი  მოცეკვავე გოგონები გამოჩნდნენ. ცეკვავდნენ სიკვდილს...

  დარბაზი სითეთრემ მოიცვა.
  დარბაზის შუაგულში კი,  ლოგინზე,  გაკოჭილი მამაკაცი იწვა.
  ეს დათო იყო!
  დედამიწამ კვლავ გააგრძელა ბრუნვა.

* * *
  მაყურებელი სცენიდან უკრავს ტაშს და უვაციებს უგზავნის მსახიობებს!!!

* * *
  არ დაუჯერა დათომ რეჟისორს!

* * *
  - ირაკლი ბატონო, ფარდა დავუშვათ? - მიმართა სცენის მუშამ რეჟისორს.
  - ჩამოუშვით!

  სცენამ დროებით შეწყვიტა ბრუნვა, რადგან მაყურებლებს სცენა დაეტოვებინათ.
ისინი სახლებში დაბრუნდნენ...

* * *
  დაინგრა ყრუ კედელი.
  ჩამოდის ულამაზესი გოგონა.
  ქვევით სადარბაზოზსთან მანქანა ელის.
  - ისე, ირაკლი, რა ყოჩაღი ხარ!
  - რატო, საყვარელო?
  - დღეს მშვიდად ვცხოვრობ შენთან ერთად და არაფრის მეშინია! არც ბიძის და არც ბიძაშვილის!


* * *
  დასასრული

  აქედან იწყება ისევ...
  ცხოვრების ფარდა გაიხსნა ისევ...
  დედამიწა ბრუნავს მომავლისკენ...

19 თებერვალი 2009 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები