ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იუპიტერი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
3 სექტემბერი, 2020


ჰარი პოტერი, გზა ჯოჯოხეთისკენ?!თუ ნაწარმოები ქრისტიანულ ღირებულებებზე?!

    ამ რამდენიმე დღის წინ წავიკითხე,შესანიშნავი ამერიკელი მწერლის უილიამ ფოლკნერის სიტყვა,ნობელის პრემიის მიღებისას,სადაც ის ახალგზარდა მწერლებს მოუწოდებს წერონ მთავარ და მნიშვნელოვან თემებზე,როგორებიც არის : სიყვარული,ბოროტება,თანაგრძნობა,მეგობრობა თუ სიკეთე.სწორედ ჯ.კ. როულინგის ჰარი პოტერზე წერისას მომაგონდა ეს ყველაფერი,მაგრამ ვიტყვი რომ ეს ყველაფერი ერთ-ერთ „ქრისტიანულ“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება იმ სახელწოდებით,რომელშიც ამ ნაწარმოებოს განხილვა და გალანძღვა მიდის მთელი ტექსტის განმავლობაში,ამ პუბლიკაციის ავტორმა როულინგი როგორც ოკულისტი და ეშმაკის მიმდევარი განიხილა,რომელიც ბავშვების ტვინების გამოსარეცხად და მათი სულის ეშმაკისთვის მისაყიდად წერს.ამ პუბლიკაციაში ვეცდები დავამტკიცო,რომ ჰარი პოტერი ქრისტიანული ღირებულებების მხარეს დგას და ზოგადად სიკეთის წიგნია.
      ხოდა როგორც გავიხსენე უილიამ ფოლკნერის სიტყვა,ზუსტად ისე მოულოდნელად 21-ე საუკუნეში (გაჯეტების,მობილურების,ვიდეოთამაშების და ლეპტოპების ეპოქაში) იწერება წიგნი,რომელიც ადამიანის მთავარ,მნიშველოვან თვისებებზე ბოროტებისადმი ვნებაზე,სიკეთეზე,სიყვარულსა და მეგობრობაზე ლაპარაკობს, თან ისე რომ ეს ყველაფერი ძალიან სახალისოდ და საინტერესოდ არის აღწერილი.სულ პირველი საფუძველი ამ ამბის,იწყება პოტერების სახლიდან, სადაც მიდის ვოლდემორტი(ბოროტების მიწიერი სახე)და ჰარის მშობლებს დაუხოცავს,ხოლო ჰარის მისი ძალა ვერც კი ავნებს,რადგან დედა მის გადასარჩენად თავს წირავს და ეს თავგანწირვა მის შვილს მთელი ბავშვობის მანძილზე იცავს ბოროტი ძალებისგან და ასეთ ქრისტიანულ საფუძველზე დაშენებული ნაწარმოები,როგორ შეიძლება ოკულისტური იყოს?!წიგნი რომელიც გვასწავლის ძალიან დიდ სიყვარულს და თავდადებას.წიგნში ისე კარგად არის აღწერილი სამი მეგობრის მეგობრობის სიყვარულისა და ძალის შესახებ,პირველ ნაწილში „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“-ში არის ძალიან კარგი ნაწილი,რონი სასიკვდილო სვლაზე მიდის იმის გამო რომ მისმა ჰერმიონმა და ჰარიმ მიაღწიონ მიზანს და ვოლდემორტის მცდელობას გარდაიქმნას(ეს საურონის მცდელობებს მაგონებს „ბეჭდების მბრძანებელი“-დან,რომელიც უფორმოა და ფიზიკური სახე პირველად დამარცხების შემდგომ დაკარგა) ფიზიკურ სხეულში წერტილი დაუსვან,ამაზე მეტი თავგანწირვა არ არსებობს,როდესაც ადამიანი სიკეთისთვის სიკვდილს გადაწყვეტს და თავს გაწირავს.სწორედ ეს ანსხვავებს ქრისტიანს და ბარბაროსს ერთმანეთისგან,როდესაც საქმე მსხვერპლშეწირვაზე დგება,რაღაც მომენტში სიცოცხლის გაღება მიზნისთვის საჭირო ხდება,ბარბაროსი არჩევს სხვა შეწიროს,ხოლო ქრისტიანი ყოველთვის თავად ეწირება,ამას ჰქვია თავგანწირვა.
    ასევე მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე,რომ ჯ.კ. როულინგი არის მორწმუნე ქრისტიანი,ეკლესიური და ეს წიგნებიც ქრისტიანულ ღირებულებებისთვის მებრძოლ ადამიანებზე აქვს,თუ „ჰარი პოტერს“ განვიხილავთ,როგორც წიგნს,რომელიც დამყარდა ქრისტიანობაზე თითქმის ყველა ქრისტიანული თეზისის შესაბამის ადგილებს აღმოვაჩენთ.მაგ : “პატივი ეცი დედასა შენსა და მამასა შენსა“ ეს ყველაფერი განსაკუთრებით ჩანს უისლების ოჯახის ამბების კითხვისას თუ როგორ უყვართ მათ ერთმანეთი, გაჭირვების ჟამს,რაც ოჯახის წევრობის პირდაპირი ვალდებულებაა.უისლი დედა კი ალბათ საუკეთესო დედაა თავისი ხისტი,მაგრამ თბილი ხასიათით,ასეთი დედა კი თვალსაჩინოა მთელს მსოფლიო ლიტერატურაში,ჩემთვის დედა მარტო შვილების კი არ არის,არამედ დედა სულიერი მდგომარეობაა,დედა არ ნიშნავს აკეთო საჭმელი და დარეცხო ჭურჭელი შენი შვილებისთვის,დედა არის ადამიანი რომელსაც უყვარს ის რასაც აკეთებს,უყვარს ადამიანი და უყვარს ბავშვი,ნამდვილი დედის სიყვარულს ას ბალიანი სიყვარულის საზომიც კი ვერ გაზომავს ის პირველსავე წამს გასკდება,იმიტომ რომ განუზომელია სიყვარული დედის შვილისადმი და ზოგადად ადამიანების,ბავშვებისადმი,მოლი უისლი არის გამოხატულება იმისა თუ როგორ უნდა უყვარდეს სხვა მრავალი შვილის დედას ჰარი,რომელიც სხვისი შვილია,ობოლია.აქ ყველაფერი სულიერ დედაზეა,არსებაზე რომლის პროფესიას მხოლოდ ერთი საქმის ცოდნა მოეთხოვება,ამ საქმეს კი სიყვარული ქვია,განუზომელი. ეს ყველაფერი მოლი უისლიში იყრის თავს.ასევე „პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა“არამარტო შენი არამედ ზოგადად ხანშიშესული ადამიანების,წინაპრებისა და უფროსი თაობის პატივისცემას გვასწავლის,სწორედ აქ დავინახე მე ჰარისა და დამბლდორის,ჰარისა და მაკგონაგელის ურთიერთობის სითბო,როდესაც ჰარი ამ ბრძენი მოხუცის გამოცდილებას იზიარებს და მათგან სწავლობს,ეს ყველაფერი ჩემი აზრით ამ ცნების ზუსტი ანაბეჭდია.ჰარი პოტერი ამბავი გვასწავლის ყველაფერს რაც ბავშვს პატარაობიდანვე უნდა ჩავუნერგოთ.იმაზე საუბარი ზედმეტია თუ რატომ არის გამოყენებული მაგია,შელოცვები და პოლტერგეისტი პივსი ამ ნაწარმოებში ეს უბრალოდ ამ დიადი ამბის შეფუთვაა და საინტერესო ფენა ,რომელიც გარედან აკრავს მას,შიგნით კი უფრო ღრმა საინტერესო და სიკეთით სავსე წიგნია,ქრისტიანული ღირებულებებით.
    განაკუთრებით მიყვარს ამ წიგნის ინგლისური ლიტერატურული ტრადიცია,სადაც ვხვდებით იმ ძველი წიგნების კვალს რომელსაც ვკითხულობდით და ვკითხულობთ,როგორიც ჩარლზ დიკენსია,აწ გარდაცვლილმა ჟურნალისტმა ნანა ზარდიაშვილმა ერთ-ერთ გადაცემაში გაავლო პარალელი ვოლდემორტის დედის ისტორიასა და ოლივერ ტვისტის დაბადებას შორის, რაც კარგი პარალელი მეჩვენა.ასევე ძალიან საინტერესოა ინგლისური ზღაპრების ხაზი,რაც მგოსანი ბიდლის ზღაპრების სახით გვხვდება.ასევე მინდა ავღნიშნო ერთ-ერთი ყველაზე საძულველი პერსონაჟი "ჰარი პოტერში",დოლორეს ამბრიჯი,რომელიც გომბეშოს მაგონებს და ვოლდემორტზე მეტად მძულს,ის მაგონებს საბჭოთა პროპაგანდის აგიტატორს,წესრიგის იდეით შეპყრობილ ქალს,რომლის წესრიგიც ქაოსად იქცა და წესრიგი არც არასდროს ყოფილა,აქვე კიდევ ერთხელ ნანა ზარდიაშვილის გაკეთებულ შეფასებას გამოვიყენებდი,რომ ამბრიჯი თუ იყო საბჭოთა აგიტატორი და რაღაც პროპაგანდის ნაწილი,რომელმაც ბრძენი დამბლდორი შეცვალა და სამინისტროს "ინკვიზიტორად"დაინიშნა სკოლაში,იგი თანამედროვე სამყაროში "ენჯეო"(რომელიც სინამდვილეში არც ასრულებს "არასამთავრობო ორგანიზაციის"ნამდვილ როლს და სხვა იდეებით და სხვა გზებით ცდილობს თავისი "სიმართლის დამტკიცებას) აქტივისტს წააგავს,რომელიც ყველაფერს ძველს,ტრადიციულს ცვლის და ახალ დიქტატურას ამყარებს ,საშინელი წესებით,რათქმაუნდა მუდმივად უნდა იცვლებოდეს ტრადიციაც და ყველაფერი რაც ძველი დროიდან გვაქვს,მაგრამ ამ ყველაფრის ბოროტებად აღქმა და წალეკვა არის თვითონ ბოროტება.
  ჰარი პოტერის ანუ სიკეთისა და ბოროტების ბრძოლის დამაგვირგვინებელი ნაწილი „სიკვდილის საჩუქრები" ძალიან საინტერესო წიგნია, რადგან აქ ძალიან კარგად არის აღწერილი თავგანწირვის საიდუმლო,რომელიც უკვე ვახსენე,აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი,როდესაც ჰარი ხვდება რომ უნდა გარდაიცვალოს რადგან მის თავში არის ვოლდემორტი,ანუ ის მისი ჰოკრუქსია,როგორც ყველა ადამიანი საკუთარ თავში ატარებს დასაბამიერ ცოდვას.
  მოკლედ საბოლოოდ მინდა გითხრათ რომ მე არ ვეწევი ქრისტიანობის პროპაგანდას,უბრალოდ მე ფსევდო-ქრისტიანულ ღირებულებებს ვებრძვი, ამ შემთხვევაში ვფიქრობ რომ ყველა ადამიანი სხვანაირად დაინახავს ნაწარმოებს და როგორც ასეთი მხატვრული სახე მრავალგვარად აღთქმადია,უბრალოდ ამ ტექსტით მე შევეცადე დამემტკიცებინა რომ ჰარი პოტერი არ არის ოკულისტური ან მაგიური წიგნი,რომელიც ცდილობს ბავშვების ტვინის გამორეცხვას,პირიქით ეს არის წიგნი რომელიც დგას ქრისტიანულ ღირებულებებზე,სიკეთეზე და სიყვარულზე,ეს არის წიგნი,რომელიც დგას მთავარ თემებზე.მოკლედ წაიკითხეთ და წაუკითხეთ ეს წიგნი თქვენს შვილებს,გიყვარდეთ ჰარი პოტერი რადგან, ძალაინ ცოტაა ასეთი წიგნები თანამედროვე მსოფლიოში რომელიც ასეთ თემებზე დგას და ბავშვებში სიყვარულის,სიკეთის,თავგანწირვისა და მეგობრობის უნარს თესავს.ახლა კი, ლუმუს მაქსიმა!

„ვერც ერთი ვერ პოვებს სიმშვიდეს,
სანამ ცოცხალი იქნება მეორე.
ცოტა ხანში რომელიმე სამუდამოდ წავა აქედან . . .“
                                ჰარი პოტერი
   


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები