ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კვიტატიანი
ჟანრი: პროზა
14 სექტემბერი, 2020


ტოგა და სიბნელე

დურო ახალგაზრდა, სიმპათიური და ნიჭიერია. უყვარს ბევრი რამ, განსაკუთრებით რომის ისტორია. მოიცვამს ტოგას, დადგება მწვერვალზე და ტკბება სინთეზით, რომელსაც თავისი სამოსისა და თოვლის ფერი ჰქმნის. დუროს არ უყვარს მადლობის გადახდა. ფიქრობს, თუ მადლობას გადაიხდის მწვერვალიდან ჩამოვარდება და მასაში აუცილებლად ტალახით დაეწინწკლება თოვლისფერი ტოგა.
დუროს აპრეხილი ცხვირი აქვს და სიკვდილზე უფრო მეტად აშინებს მისი ჩამოწევა. ცხვირი უცნაურია, როდესაც ჩვენს გმირს, გარემოებების შესაბამისად, მადლობის გადახდა უწევს, ოდნავ ჩამოიწევს და ბუნებრივ, მშვენიერ მდგომარეობას უბრუნდება, მაგრამ დუროს...
რომის ისტორიიდან ყველაზე კარგად სიტყვა „პლებეები“ დაამახსოვრდა. ტალახის წინწკლებიან ტოგაზე უფრო მეტად “პლებეებთან” კომუნიკაცია აღიზიანებს. მისთვის ყველა „პლებეია“, გარკვეული წრეების წარმომადგენლების გარდა. ეს წრეები დურომ ზედმიწევნით ყურადღებით გამოკვეთა. აქ შედიან „პატრიციუსები“, ადამიანები, რომლებსაც ცხვირი მაღლა აქვთ აწეული, იმდენად მაღლა, რომ თვალებში ეჩხირებათ და ბევრს ვერაფერს ხედავენ. დუროს უყვარს, როცა „პატრიციუსები“ ცხვირს აუწევენ, თითქოს სიამოვნებს... ამ დროს თავისი ცხვირიც იწევა და ისე გააბამენ საუბარს, რომ ერთმანეთის ნაცვლად საკუთარ ცხვირებს უყურებენ. ისმის მხოლოდ სპეციფიკური დიალოგი, რომლის შნაარსიც რაც უფრო გაურკვეველი და ბუნდოვანია, მით უფრო მაღალი საფეხურის წარმოამდგენელია „პატრიციუსი“. ამ დიალოგის დაუწერელი კანონია, გაიკიცხონ „პლებეები“ და რაც მთავარია, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ისეთი სიტყვების გამოყენება, როგორიც არის - სამშობლო, სიყვარული, თავმდაბლობა და რა თქმა უნდა, მადლიერება.
ერთ დილას დურომ გაიღვიძა და ვერაფერი დაინახა... ეგონა ისევ ღამე იყო და „პატრიციუსების“ წესის თანახმად, გათენებამდე უნდა ეფიქრა, რომელიმე „პლებეისთვის“ ოსტატურად როგორ დაეცინა. თუმცა ქუჩიდან მანქანების საკმაოდ გახშირებული ხმა ისმოდა...დურომ გადაწყვიტა საათისთვის დაეხედა, მაგრამ აქაც სიბნელე დახვდა. ხელის ცეცებით მოძებნა ღამის ნათურა, აანთო, მაგრამ...დურო დაბრმავდა!
-ეს არ არის პეტრეს სიბრმავე, დურო, შენთან ღმერთი არ მოვა. შენ ცხვირი ისე აგეწია, რომ...  - ეს იყო ექიმის სიტყვები, ის გაკვირვებული დარჩა, რადგან პაციენტმა არ ისურვა აპრეხილი ცხვირის კორექცია, რომელიც იმდენად გაიზარდა, რომ მხედველობა სრულიად დაჩრდილა.
-ღმერთი სიყვარულია, ის მოვა! - გაცოფებული იძახდა დურო და ცდილობდა სიბნელეში ეპოვა რაიმე საგანი, რომელსაც ექიმს უთავაზებდა, - როგორ გაბედა ამ პლებეიმ და შემომთავაზა ჩემი ცხვირის... - გულიდან ამოსული სიტყვები დუროს ყელში ხრიალებდა, მაგრამ სიბნელე იმდენად შავი იყო, ყელშიც ჩაეღწია და სიტყვებს ზემოდან აწვებოდა.
გავიდა ხანი, დურო ისევ სიბნელეშია და ორმოცი დღის ლოდინის შემდეგ პირისპირ შეხვდა...
- რაიმე სიკეთე ხომ არ გაგიკეთებია, დურო? - იკითხა ხმამა.
ხმა თბილიც იყო, ცეცხლოვანიც, მამაშვილური და მზრუნველი.
- სიკეთე?! - გაიკვირვა დურომ. გაცხარდა - ამდენი ხანია სიბნელეშ ვარ და რა სიკეთე უნდა გამეკეთებინა?! - ყელში ჩაწოლილი სიბნელე მოშორებოდა სიტყვებს და დუროს ხმამ ჭექა-ქუხილივით იფეთქა.
- დიახ, დურო, მეც ეგ მტკიოდა. - იყო ხმა.

12.09.2020

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს