ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტინნე
ჟანრი: პროზა
17 სექტემბერი, 2020


ჩრდილი

                      ჩრდილი
    –პამპერსი აღარ აქვს დათას! –თათას ხმა ძლივს ისმოდა ტელეფონში.
          –წამოვუღებ, ექვსისთვის მოვალ! –ძლივს ჩაილაპარაკა გიომ და ჩუმად ამოიოხრა.
          –ეს ობიექტი რო დამთავრდება ნეტა რა გვეშველება?! –ერთ სადარდებელს მეორე მოაყოლა გოჩამ.
          ამაზე დაფიქრებაც კი აღარ უნდოდა, წასასვლელი არსად ჰქონდა. თვეების დათასა და ოთხი წლის ტასოს დარდი ჰკლავდა, თათა პატარას გამო ვერ მუშაობდა. ცდილობდა ნერვიულობა გიოსთვის დაემალა, უკიდურესობამდე არაფერს სთხოვდა მაგრამ ყურადღებიან მამასა და მეუღლეს არაფერი რჩებოდა შეუმჩნეველი. დამხმარე და ახლობელი არავინ ჰყავდათ ვისი იმედიც შეიძლება რომ ჰქონოდათ. თათას მშობლები ადრე დაეღუპა, ბებიამ გაზარდა, გიოს კი მოხუცი დედ–მამა სოფელში ჰყავდა. აქეთ ისინი იყვნენ დასახმარებლები და მათი იმედი ვერ ექნებოდათ.
          გაჭირვების მიუხედავად სახლში მისულს იდეალური გარემო დახვდა. გაღიმებული ცოლი და ატიტინებული პატარები. ტასო კისერზე ჩამოეკიდა და დიდხანს აღარ ეხსნებოდა, მამას  მონატრებული დროის ანაზღაურებას ცდილობდა.
          ათის ნახევრისთვის სახლი დამშვიდდა, გაჯიუტებული ტასო ძლივს დააძინა თათამ, უნდოდა მამასთან ყოფილიყო, გიოს კალთაში იჯდა და სთვლემდა. წყნარი დათა უკვე კარგახნის უკან ფშვინავდა მშვიდად, გაღიმებულ სახეზე ანგელოზები დასთამაშებდნენ.
          –რას აპირებ? – გაისმა თათას მორიდებული ხმა ოთახში.
          –ჰმ! – ამოიგმინა გიომ. ნაცნობი პასუხი იყო უკვე ტრადიციად ქცეულ შეკითხვაზე.
თათას მეტი აღარ გაუგრძელებია, იცოდა აზრი არ ჰქონდა და „საუბარი“ სხვა თემაზე გადაიტანა.
          –დღეს დათას პირველი კბილი შევნიშნე იცი? – სიხარული ჟღერდა მის ხმაში. ცდილობდა ქმრის სახეზეც იგივე ამოეკითხა მაგრამ გიოს მზერა უსასრულობაში იყო გაბნეული. ბოლო ხანს ვეღარ სცნობდა, თითქოს გამოცვალეს, თითქოს სხვა პიროვნება იყო მის გვერდით. სალაპარაკო თემა გამოელიათ, საერთო სიხარული მხოლოდ თათას სიხარული გახდა. სახლში მისვლა უკვე მოვალეობის მოხდად გადაიქცა, სხეულით მათთან იყო და გონებით ზეცაში დაფრინავდა. შეყვარებულ მეუღლეს სტანჯავდა ამაზე ფიქრი, მიზეზს ეძებდა მაგრამ ვერაფრით აეხსნა გიოს ასე რადიკალურად შეცვლის საბაბი. მხოლოდ იმ დასკვნამდე მივიდა რომ ის მათმა გასაჭირმა შეცვალა და ზედმეტი შეკითხვები აღარ დაუსვამს, მოთმინებით უცდიდა იმ დროს როცა ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა და კვლავინდებურ მოსიყვარულე და ერთგულ ქმარს ნახავდა.
          –გამიშალე რა, დავწვები! – როგორც იქნა ამოიღო ხმა.
          –თუ გინდა ცხელ ჩაის გაგიკეთებ, გესიამოვნება და კარგად დაიძინებ.
          –არ მინდა, რო მინდოდეს გეტყოდი! – უსიამოვნო ბგერები გაისმა კაცის ხმაში.
          უსიტყვოდ ადგა და საძინებელში გავიდა თათა, გულმოკლულს ის დრო ენატრებოდა მის თვალებში უსაზღვრო სიყვარულს რომ ხედავდა.
        გიოს დიდი ხანია ეძინა მაგრამ თათას თვალებს რული არ ეკიდებოდა, იჯდა სამზარეულოში და გამოსავალს ეძებდა. ფიქრებიდან დათას ტირილმა გამოიყვანა, ძილი შეუბრუნა და იქვე მიყრილ ქმრის ტანსაცმელს მისწვდა. ჯიბიდან ტელეფონის სიმ ბარათი და ხურდა ფული გადმოცვივდა, გაუაზრებლად ჩადო უკან და ცოტა ხანში თვითონაც ჩაწვა ლოგინში. კარგახნის წრიალის მერე ვერ მოისვენა და ჯიბიდან კარტა ამოიღო, თითქოს ვიღაცა ჩასძახოდა ენახა, ბალიშის ქვეშ ამოიდო და დაძინება სცადა.
        საწოლის ალაგების დროს დაინახა დილით, გიო სამსახურში იყო უკვე.
        –ბადრიმ ჯეოსელის ნომერი მაჩუქა, იაფად დავრეკავ და თან კარგი ციფრებია! – გაახსენდა ორი დღის უკან ნათქვამი.
        –კი, მაგრამ ჯეოსელი არავის აქვს ახლობლებში და რად გინდა? – გაჩნდა ლოგიკური შეკითხვა.
        –უცებ რო დამჭირდეს მექნება! – იყო მოკლე პასუხი.
        თავის ტელეფონში ჩართო და ინბოქსში რამოდენიმე უმნიშვნელო მესიჯი იპოვა ერთის გარდა. „წვერი გაიპარსე და ხვალ გნახავ“ – იწერებოდნენ უცხო ნომრიდან.
        გული თითქოს სადღაც გაიპარა, ვერ დაიჯერა ის რაც გაიფიქრა. –ალბათ ბადრის ესემესია, – თავი დაიმშვიდა მაგრამ გადაწყვიტა შეემოწმებინა. ანგარიში ნახა და მხოლოდ ორი შეტყობინების გაგზავნას მოახერხებდა, საშუალო შინაარსის ტექსტი აკრიფა:
        – დილამშვიდობის! – და ხელის კანკალით დააწვა გაგზავნას. პასუხმაც არ დააყოვნა.
        –როგორ მოხდა, სიხარულო, რომ შენ დილამშვიდობის მომწერე!
        –ანგარიში აღარ მაქვს და სხვა ნომრით მოგწერ, – საკუთარ თავს ვეღარ სცნობდა თათა, აქამდე ასეთი რამ არასოდეს გაუკეთებია, ალბათ საბაბის უქონლობის გამო.
        შეტყობინებებმა სავარაუდოდ ეჭვი გამოიწვია ადრესატში და ზარი გაისმა. დაბნეულმა თათამ არ უპასუხა, მაგრამ ტელეფონი არ ჩერდებოდა.
        –სახლში ვარ და ვერ გპასუხობ! – მიწერა.
        –და მერე ვისი გეშინია? – ამ შეტყობინებამ უფრო გაუმძაფრა ეჭვი რომ უცოლო ბადრის წერდნენ და არა გიოს.
        გაუჩერებელმა რეკვამ და ინტერესმა ვის ეკუთვნოდა მესიჯი აიძულა ეპასუხა.
        ტელეფონში ქალის ჩახლეჩილი ხმა გაისმა.
        –რომელი ხარ?
        –ვის წერ ამ ნომერზე? – თათა ხმას ვეღარ აკონტროლებდა.
        –შენ რომელი ხარ? – ჯიუტად კითხულობდნენ.
        –მიპასუხე ვის წერ და მეც გეტყვი ვინ ვარ.
        –გიორგის ვწერ! – პასუხმა მუხლებში ძალა გამოაცალა და ხმა ძლივს ამოიღო.
        –მე გიორგის ცოლი ვარ! – ტელეფონი წამიერად დადუმდა და გაითიშა. თათა მიხვდა რომ ქალმა არ იცოდა გიორგის ოჯახური მდგომარეობა.
                                                                  ...
        –წამო ბიჭო, ჩავარტყათ ამ საღამოს! – გოჩას სახე ცბიერად უღიმოდა.
        –წავიდეთ! – რატომღაც მაშინვე დაეთანხმა გიო.
    ლუდის ბარში ხმაურისგან ყურთასმენა აღარ იყო. განცალკევებით დასხდნენ. მიმტანი მალევე გამოჩნდა, ახალგაზრდა გოგო იყო, ოდნავ სრული, გრძელი თმით.
    გოჩა ხალისობდა, რატომღაც აჟიტირებული იყო. გიოც ცდილობდა აყოლოდა ლაპარაკში, საუბარმა ნელ–ნელა ქალებისკენ გადაინაცვლა, როგორც ტრადიციულად კაცების კომპანიაში.
        –ის გოგო თვალს არ გაცილებს!– გაიკრიჭა გოჩა და თავით ბარისკენ ანიშნა.
    გიომაც მაშინვე შეამჩნია მიჩერებული მიმტანი. ბავშვურმა სიცუღლუტემ წამოუარა და თვითონაც გაუღიმა. შეთამამებული გოგო წამიერად გაჩნდა მათ მაგიდასთან.
        –ინებებთ კიდევ რაიმეს?– იკითხა და გიოსთვის მზერა არ მოუცილებია.
        –შენს ღიმილს! თუარ დაგვამადლი რათქმაუნდა!– შეღიტინებულ ტვინს ვეღარ აკონტროლებდა. –ვინმე დამიშლის შენს შესახებ რომ ვიკითხო?
        –არა არავინ, მე ნონა მქვია!– სწრაფადვე უპასუხა მიმტანმა.
        –ხომარ შემოგვიერთდები?
        –აკრძალული გვაქვს!
        –რომელზე ამთავრებთ?
        –ათზე
        –ანუ თხუთმეტ წუთში! არ გინდა ერთად გავისეირნოთ?
        –რატომაც არა?– მონადირე ქალს ბევრი შებმა არ დაჭირვებია, მითუმეტეს რომ გიოს სიმპათიურ გარეგნობას არ შეიძლებოდა გულგრილი გაეტოვებინა.
      ბარიდან გოჩას მანქანაში გადაინაცვლეს და მანქანის პატრონი სახლთან ჩამოსვეს.
        –კარგი დრო გაატარეთ!– ლუღლუღებდა და გაღიმებას ცდილობდა გოჩა.
        –სად წავიდეთ?– მოუსვენარი ხმითა და ამღვრეული თვალებით იკითხა გიომ.
        –სადაც გინდა!– პასუხი პროვოკაციულად ჟღერდა.
      შორს არ წასულან, იქვე ხის ძირას სიმყუდროვეში მიაყენა მანქანა. საკოცნელად გაიწია მაშინვე.
        –რა გჭიირს?– ნაზად მოიშორა ქალმა.
        –რამე მჭირს?– კითხვა შეუბრუნა.
        –შენ ალბათ ბოზი გგონივარ, მაგრამ არ ვარ! უბრალოდ ძალიან მომეწონე და ამიტომ გამოგყევი, მინდოდა უკეთ გამეცანი. –ცოლი გყავს?– იკითხა უცებ.
        –არა!– დაუფიქრებლადვე უპასუხეს. –გაშორებული ვარ!
        –მეეც! საშინელ ქმარს თავი ვერაფრით დავაღწიე სანამ არ დაიჭირეს.
        –გცემდა?– ამოიოხრა გიომ და წელში გასწორდა.
        –მცემდა რომელია! მთელი ის წლები სილურჯეების გარეშე არ მივლია, მღალატობდა ყოველ ფეხის ნაბიჯზე და შიმშილით მხდიდა სულს.
                                                                ...
        დღემ ძლივს გაიარა მტანჯველ ფიქრებში. ახლა უკვე კარგად ესმოდა გიოს შეცვლის მიზეზი, იცოდა რაც არუნდა მომხდარიყო გატეხილი ვეღარ გამთელდებოდა. მიუხედავად ქმრის უსაზღვრო სიყვარულისა ამის პატიებას ვერასოდეს შეძლებდა. ყოველთვის ზუსტად იცოდა მისი და გიოს დაშორების ერთადერთი მიზეზი მხოლოდ ღალატი შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ ამ წუთამდე რატომღაც ჯიუტად სწამდა რომ ეს დრო არასოდეს დადგებოდა. დილიდან საღამომდე უსულო საგანივით დაფარფატებდა ოთახებში, თავს ძალას ატანდა რომ ბავშვებისთვის ყურადღება მიექცია. იმის წარმოდგენისგან რომ მისი მოსიყვარულე ქმარი სხვას ეფერებოდა ციებიანივით აკანკალებდა, ხვდებოდა რომ ძალიან დიდხანს ვერ შეძლებდა ამის გადახარშვას. მათი ერთ ჭერქვეშ ცხოვრება უკვე წარმოუდგენელი იყო, ამაზე დარდი ცალკე ჰკლავდა, სად უნდა წასულიყო თოთო ბავშვებით ხელში, ქმარი აქამდე გვერდით ედგა და ძლივს გადიოდნენ თვიდან თვემდე. ენანებოდა ამდენი ფუჭად გადაყრილი წელი, ამდენი წვალება, შეექმნა ერთი თბილი, მყარი და მოსიყვარულე ოჯახი.
        კარის ხმაზე თითქოს გული ამოუვარდა, აქამდე თუ სიხარულისგან  ახლა გაურკვეველი მოლოდინის შიშისგან. ერთ ადგილას გაშეშდა, გონებაში მის ნაბიჯებს დაუწყო თვლა, –ერთი, ორი, სამი...
        თავდახრილმა კაცმა მძიმედ შემოაბიჯა ოთახში. თვალები მაღლა არ აუწევია ისე ჩამოჯდა სამზარეულოს სკამზე. თათა მიხვდა რომ გიოს კარტის დაკარგვა შეუმჩნეველი არ დარჩენია და არც ის რომ მისთვის ყველაფერი უკვე ცხადი იყო.
        საკმაო დრომ განვლო მდუმარებაში, ვერცერთი ბედავდა ხმის ამოღებას რადგან ორივემ კარგად იცოდა საუბრის დასასრულის დასაწყისი.
        –ჩემზე მეტად გიყვარს არა? –ტკივილი გაისმა თათას ხმაში.
        –ორსულადაა! –თქვა კაცმა მძიმედ და თითქოს ეს ერთი სიტყვა იყო ახსნა მისი საქციელისა. თითქოს თათასთან არ ჰყავდა ორი უსუსური ბავშვი რომელთა მიტოვებაც უკვე მტკიცედ გადაეწყვიტა. –არაფერს მოვაკლებ ბავშვებს სანამ წამოიზრდებიან, რომ შენ მუშაობა შეძლო. ნუ გეშინია! დიდი ხანია მინდოდა ამის თქმა მაგრამ ვერ გიბედავდი, ვიცი არ მაპატიებ და არც ვითხოვ, უნდა წავიდე, ასეთ მდგომარეობაში ვერ მივატოვებ, ბავშვს მამა ჭირდება!
        უკანასკნელ სიტყვებზე მწარედ გაეღიმა თათას. ჰაერი უნდოდა სასწრაფოდ რომ არ დამხრჩვალიყო, ფანჯარა ბოლომდე გამოაღო და ხარბად ჩაისუნთქა.
      ფიქრებიდან კარის მიხურვის ხმამ გამოაფხიზლა, შემობრუნდა, გიო აღარ იჯდა იქ სადაც დატოვა. წამიერად გაჩნდა საძინებელში და მისი კარადა გამოაღო, ნაჩქარევად გადაქექილმა ტანსაცმელმა ყველაფერზე გასცა პასუხი. მოწყვეტით დაეცა იატაკზე და სახეზე ხელები აიფარა... ბავშვებს ტკბილად ეძინათ...
                                                                      ...
        მთელმა თვემ განვლო გიოს მოლოდინში, ერთხელაც არ დაურეკავს დახმარებაზე რომ აღარაფერი ითქვას. სიმწრის დღეები დაუდგა თათას, პამპერსსა და საკვებს ვინ ჩივის, წყალში გასაკეთებელი ფაფის ფულიც კი აღარ ჰქონდა, მხოლოდ ღმერთმა თუ იცოდა რამდენჯერ გაუნაწილებია უკანასკნელი ულუფა ბავშვებისთვის და თვითონ, მეძუძური დედა მშიერი დაწოლილა დასაძინებლად. იქვე სადარბაზოსთან მდებარე მაღაზიაშიც სოლიდური თანხა დაუგროვდა ვალად, მაღაზია ერქვა თორემ პურისა და შინაური მაწვნის მეტი თითქმის არაფერი ჰქონდათ. ბოლოს მაწონზეც უარი უთხრეს, ჩვენ ნაღდს ვიხდით ამაში და ნისიად ვეღარ გავცემთო. წელმოწყვეტილი დაბრუნდა ამის თქმის შემდეგ სახლში, ეგონა ქვეყნიერება დამთავრდა მისთვის. ლოყაზე ჩამოგორებული მწარე ცრემლი შეიწმინდა და უკანასკნელ იმედსღა ჩაებღაუჭა, განცხადება განეთავსებინა გაზეთში უცხო ენის შესწავლის მსურველთათვის.
        გადაწყვიტა ესღა ეცადა და თუ არაფერი გამოუვიდოდა გადაებიჯებინა თავისი ტკივილისთვის და გიოს დაკავშირებოდა, მცირე შემწეობა მაინც ეთხოვა მისი შვილებისთვის.
                                                                   
                                                                    ...
      მოსწავლეს მოსწავლე დაემატა, გასტუმრებული ვალების შემდეგ კი თანხას–თანხა. შვილების უზრუნველყოფის გარდა უკვე იმასაც კი ახერხებდა ქმრის მშობლებს დახმარებოდა.  რვა თვის შემდეგ მათი დაშორებიდან სოფელში დასასვენებლად ჩასულმა გაიგო გიოს მდგომარეობა.
        იმედგაცრუებულ კაცს მათთვისღა გაემხილა საკუთარი შეცდომა. არანაირ ბავშვს არ ელოდა მისი სიყვარულის ობიექტი, გვიანღა მიხვდა ვინ იყო თურმე სინამდვილეში ქალი ვის გამოც სხვებისთვის ნანატრი ოჯახი დაანგრია. ნონა ჩვეულებრივი კაცებზე მონადირე ქალი აღმოჩნდა, გიო რატომღაც შეძლებულ მამაკაცად მიიჩნია და მისი დათრევა გადაწყვიტა. სწორედ ჯადოქრებთან და მისნებთან მისი მეგობრობის შედეგი იყო ყოველთვის დაფიქრებული და თავშეკავებული კაცის ასეთი ამჩატება და გულის აცრუება ოჯახზე.
                                                                        ...
      აკოცა ტკბილად ჩაძინებულ ბავშვებს და საბანი კარგად ამოუკეცა, თბილი პლედი მოიხვია მხრებზე და ფანჯარას მიუახლოვდა.
      ლამაზად ბარდნიდა, მსხვილი ფიფქები ტრიალ–ტრიალით ეშვებოდნენ თეთრად მოფენილ ქუჩაზე. ირგვლივ უცნაური სიჩუმე იდგა. უეცრად, ლამპიონის შუქით განათებულ გზაზე ვიღაცის გრძელი ჩრდილი დაეფინა. რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა უახლოესი ხისკენ და ზემოთ, ჩაბნელებული ფანჯრისკენ აიხედა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები