ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დანტე დარდიანი
ჟანრი: პოეზია
20 ოქტომბერი, 2020


* * *

უშენოდ ვხვდები ჩვენეულ თარიღს,
მივდევ ღამეულ, პოეტურ გზნებას,
არადა მალე მოვა ზამთარი
და შემოდგომა გაიხიზნება.

ცარიელდება თანდათან ქუჩა,
მუზა დაკარგულ მწერლის სულივით,
გზა მაინც არ ჩანს, თვალებს დავხუჭავ
და რაღაც ბნელი მახრჩობს წყურვილი.

შენს გვერდით მავალს არ მყავდა მჯობნი,
მარტო ვარ ახლა და სიმშვიდეა,
ხიდის გადაღმა ტალღები ბჭობენ.
უშენობა კი ხიდის კიდეა...

მივარღვევ ტალღებს არ ჩანს ნაპირი,
ობი მოედო სისხლს ძარღვში ნადგამს,
და ვიღებ სასმისს ეშმას ნაპირალს,
ცა უსაშველოდ შორია რადგან.

ვერ მოვესწრები ალბათ განთიადს,
წამაგებინებს თავს ფიქრი მრუმე,
ცა ახლა თითქოს ზიკურათია
და მსხვერპლს მოითხოვს მთვარე-ქურუმი.

დანტე დარდიანი    20/10/2020

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები