ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დანტე დარდიანი
ჟანრი: პოეზია
1 დეკემბერი, 2020


შენთვის ერთ რამეს ვერ დავთმობ მხოლოდ

დავუბრუნდები ფიქრს ჭერზე შემხმარს,
დაიტირებენ ზამთარს იები,
უკანასკნელი სისუსტე შენ ხარ,
ჩემი და ალბათ მეპატიება.

ვერ შემაკავებს დრო გახელებულს,
დავეწაფები ღრუბლის მკერდს რძიანს,
მე მხოლოდ შენი სუსტი ხელების,
ალყის გარღვევა არ შემიძლია.

ვერ მომერევა ბოროტი სანამ,
ჩემს სულს ინახავს შენი თვალები,
შარბათად მიქცევ ყოფის სამსალას,
შენი მხრები რომ მიმიკარებენ.

მე ხომ არა მწამს სხვა ექიმი და
თავს მივაბარებ გიშრის თმის ტალღებს,
ყელს ჩავუყვები ტუჩის ქიმიდან,
ჩუმი ჩურჩულით სეზამს გავაღებ...

და მერე თუნდაც გამაგდონ ციდან,
უცხო ხილივით ყელზე დამადგე,
მსაჯულმა მითხრას, რომ ღმერთი მცდიდა,
სხვა ცხოვრებაშიც დავთმობ იმ ადგილს.

ჩემად გიგულებ სისხლიც რომ დაშრეს,
ჩემს ნაწილს, ჩემს სულს, ჩემგან განუყრელს,
სხვებმა იარონ გზაზე, მე და შენ,
დასალიერის კიდეს გავუყვეთ.

დაე, ოცნებას არ ჰქონდეს ბოლო,
მოვშორდეთ მიწას მოფენილს ქვებით,
შენთვის ერთ რამეს ვერ დავთმობ მხოლოდ,
შენ არა კარგო... მე მოგიკვდები.

დანტე დარდიანი      30/11/2020

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები