ავტორი: თ.კომლაძე ჟანრი: თარგმანი 22 დეკემბერი, 2020
კვერცხი (ამბავი სამყაროზე)
შენ სახლისკენ მიმავალ გზაზე, მოკვდი. არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ ავარიში მოყევი. ტკივილი არ გიგრძვნია. უბრალოდ მოკვდი. ექიმებმა ყველაფერი სცადეს მაგრამ, შენი სხეული უკვე გამოუსადეგარი იყო სიცოცხლისთვის. სწორედ მაშინ შემხვდი მე... „რა მოხდა? სად ვარ?“ „შენ მოკვდი.“ გითხარი მე პირდაპირ, რადგან სიტყვების შელამაზებას აზრი არ ჰქონდა. „იქ სატვირთო იყო... და მოსრიალდა...“ „მართალი ხარ“ „მოვკვდი?!“ „დიახ. მაგრამ, არაუშავს, ყველა კვდება...“ შენ მიმოიხედე გარშემო და დაინახე სიცარიელე... ვიყავით მხოლოდ მე და შენ... „რა ადგილია ეს? ნუთუ ეს არის იმქვეყნიერი?“ „ჰმმ... დიახ, ეგრეა, ასე თუ ისე“ „შენ... ღმერთი ხარ?“ „დიახ. მე ღმერთი ვარ.“ „ჩემი შვილები... ჩემი ცოლო...“ „რას გულისხმობ?“ „ხომ კარგად იქნებიან?“ „სწორედ ამის გაგონება მსურდა შენგან. ახლახანს მოკვდი და პირველი შენი სადარდებელი ოჯახია. მშვენიერია.“ შემდეგ შენ აღტაცებულმა შემომხედე. შენთვის მე სულაც არ ვგავდი ღმერთს, არამედ უბალოდ ჩვეულებრივი კაცის ან ქალის სახე მქონდა, შესაძლოა რომელიმე შენთვის მნიშვნელოვანი ადამიანის. „არ იდარდო“ - გითხარი მე. - „შენი შვილები შენს საუკეთესო ვერსიას დაიმახსოვრებენ. მათ ხომ არ ჰქონიათ დრო, რომ შენი სახე მათ წარმოდგენებში გაუბრალოებულიუყო და აბუჩად აეგდოთ იგი. რა თქმა უნდა, შენი ცოლი იტირებს. იგლოვებს გარეგნულად მაგრამ, საიდუმლოდ შინაგანად შვებას იგრძნობს. სიმართლე რომ ვთქვათ, შენი ქორწინება ისედაც განწირული იყო. თუკი შენი ცოლი გაიზრებს ამ შვებას, რელიც შენმა სიკვდილმა მოუტანა, თავს უზომოდ დამნაშავედ იგრძნობს.“ "ჰოო... და ახლა რა ხდება?.. სამოთხეში მივდივარ? ჯოჯოხეთში თუ სად?...“ „არსად. შენ რეინკარნირდები.“ „აჰა, ესეიგი ინდუსები მართლები ყოფილან.“ „ყველა რელიგია მართალია, თვისებურად“... „წამომყევი“ შენ მომყვებოდი ჩუმად, სანამ სიცარიელეში მივსეირნობდი... შემდეგ მკითხე: „სად მივდივართ?“ „არსად. უბრალოდ სასიამოვნოა სეირნობისას საუბარი“ „ესეიგი... რას ნიშნავს ეს ყველაფერი? როდესაც მე ხელახლა დავიბადები არაფერი მემახსოვრება, ხომ? ისევ ჩვილი ვიქნები... ანუ მთელი ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება და ყველაფერი... ყველაფერი რაც კი ამ ცხოვრებაში მიკეთებია, არაფერს ნიშნავს.“ „სულაც არა. მთელი შენი ცოდნა და გამოცდილება შენშია, რომელიც ყველა შენს წინა ცხოვრებაში შეიძინე. უბრალოდ ახლა არ გახსოვს.“ მე შევწყვიტე სიარული, მხრებზე შეგისვი და წინ გაგახედე... „შეხედე... შენი სული იმაზე გასაოცარი, მშვენიერი და უკიდეგანოა ვიდრე ამის წარმოდგენაა შესაძლებელი. ადამიანის გონებას, მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილის დატევა შეუძლია იმისა, რაც სინამდვილეში ხარ... მმმმ.. ეს ყველაფერი, ჭიქაში თითის ჩაყოფასავითაა... იმის შესამოწმებლად, ცხელია თუ ცივი მასში წყალი. შენ იღებ საკუთარი თავის უმცირეს ნაწილს, დებ ჭურჭელში და შემდეგ როდესაც ეს ნაწილი უკან გიბრუნდება, მთელს მის ნაგროვებ გამოცდილებას თავად იძენ. შენ ცხოვრების 48 წელი გაატარე ადამიანად, შესაბამისად შენი თვალსაწიერი იმდენად არ გაფართოვებულა, რომ შეგძლებოდა მთლიანად შეგეგრძნო საკუთარი ქვეცნობიერის უსასრულობა. თუკი საკმარისად დიდხანს იცოცხლებდი, ყველაფრის გახსენებას დაიწყებდი. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს შეძლებ თუ არა ამის გახსენებას ყოველ ჯერზე როდესაც ჩემთან მოხვდები?! არანაირი...“ „მაინც რამდენჯერ ვიყავი აქ? რამდენჯერ დავიბადე თავიდან“ „უჰ, ბევრჯერ... ძალიან ბევრჯერ. და თან მუდამ სხვადასხვანაირი სახით. მაგალითად, ამჯერად ბრინჯის ყანაში მომუშავე ჩინელი გოგონა იქნები. ახალი წელთაღრიცხვით 540 წელს.“ „მოიცადე, რა? შენ დროში უკან მგზავნი?“ „მგონი კი, ეგრეა. ტექნიკურად... დრო, როგორადაც მას შენ აღიქვამ, იმგვარად მხოლოდ შენს სამყაროში არსებობს. მე საიდანაც მოვედი, იქ რაღაცები სხვანაირად არის მოწყობილი.“ „და.. საიდან მოხვედი?“ „ამმმ.. ასე ვთქვათ, მე სხვა ადგილიდან ვარ... განსხვავებული ადგილიდან. და იქ სხვა ჩემნაირებიც არიან... ვიცი გინდა რომ მეტი გაიგო იქაურობაზე, თუმცა გულწრფელად რომ გითხრა, ვერ მიხვდები, უბრალოდ ვერ გაიგებ.“ „ეჰ...“ - ამოთქვი იმედგაცრუებულმა. – „ესეიგი, თუკი მე თავიდან ვიბადები ყოველ ჯერზე, სხვადასხვა დროში და სხვადასხვა ადგილას, ხომ შეიძლება ერთხელაც საკუთარ თავს შევხვდე?“ „მართალი ხარ. მასეთი რამ ყოველჯერზე ხდება, ისე რომ ვერც კი ხვდები.“ „მაშინ რა აზრი აქვს ამ ყველაფერს?“ მე თვალებში ჩაგხედე და გიპასუხე: „სიცოცხლის არსი, ყველაფრის მიზეზი თუ რატომ შევქმენი ეს სამყარო არის ის, რომ შენ მომწიფებულიყავი“ „ჰმმ.. კაცობრობას გულისხმობ ალბათ. გსურს რომ 'ჩვენ' გავიზარდოთ და ჩამოვყალიბდეთ. არა?“ „არა. მხოლოდ შენ. ეს სამყარო მხოლოდ შენთვის შევქმენი... ყოველ ახალ ცხოვრებაში, შენ ბრძენდები, იძენ ახალ გამოცდილებას და ყალიბდები.“ „მხოლოდ ჩემთვის? და დანარჩენები? სხვებს რა მოელით?“ „აქ სხვა არავინა. ამ სამყაროში მხოლოდ მე და შენ ვართ.“ - შენ გაოცებულმა შემომხედე. „კი მაგრამ, დედამიწაზე ხომ ამდენი ადამიანია?“ „ყველა შენ ხარ. შენი სხვადასხვა ინკარნაცია.“ „ანუ... ყველა მე ვარ?!“ „მგონი უკვე ხვდები.“ „ანუ მე ვარ ყველა ის ადამიანი რომელიც ცხოვრობს, ან რომელსაც ოდესმე უცხოვრია ან იცხოვრებს.“ „დიახ“ „მე აბრაამ ლინკოლნი ვარ?“ „და შენ ასევე ჯონ უილკს ბუთიც ხარ.“ „მე ჰიტლერი ვარ!“ - აღმოგხდა სასოწარკვეთილს. „და ის მილიონობით ადამიანი რომლებიც მან დახოცა.“ „მე ქრისტეც ვარ!“ „და ყველა ვინც მას გაჰყვა.“ შენ გაჩუმდი, დაფიქრდი და მიხვდი, რომ ყოველ ჯერზე როდესაც ძალადობ სხვაზე, ძალადობ საკუთარ თავზე, ყოველ კეთილ საქმეს რომელსაც სხვას უკეთებ, საკუთარ თავს უკეთებ, ყოველი სევდიანი თუ ბედნიერი მოგონება რომელიც განუცდია ან განიცდის ნებისმიერი ადამიანი, განგიცდია შენც. დიდხანს ფიქრობდი... „რატომ? რატომ ხდება ეს ყველაფერი?“ „იმიტომ რომ, ერთ დღესაც შენც ჩემნაირი გახდები. იმიტომ რომ ესაა რაც ხარ. შენ ერთ-ერთი ჩემიანი ხარ. შენ ჩემი შვილი ხარ. ჩემი ქმნილება.“ „ოჰოო...“ აღმოგხდა აღტაცებით. „ანუ მე ღმერთი ვარ?“ „არა, ჯერ არა, ჯერ მხოლოდ ჩანასახი ხარ. ზრდის პროცესში. როდესაც შენ, ყველა დროის ყოველი ადამიანის ცხოვრებით იცხოვრებ, მაშინ იქნები მზად დაბადებისთვის, გამოჩეკისთვის. მთელი ეს სამყარო კი უბრალოდ... კვერცხია.“ ... „ახლა კი დროა გზა განაგრძო და იცხოვრო შემდეგი ცხოვრებით.“ - და შემდეგ მე გაგგზავნე უკან, შენს სამყაროში.