 | ავტორი: მიშკინა ჟანრი: პროზა 23 დეკემბერი, 2020 |
ავაზაკი ზაფხულის თბილისური დილა იყო. ჰაერი არ იძვროდა და ჩემს უმოძრაო სულიერ ყოფას მუქად უსვამდა ხაზს. გავიწელე და გავირინდე დროში. უცნაურია საკუთარი თავის არარაობად გრძნობა, რომ ამსუბუქებს კაცს, რაც მეტად ჩახრი თავს მით უფრო მსუბუქია საკუთარი თავის ზიდვა. ამ ფიქრმა მწოლიარეს მომისწრო და ჩემს უხიაკ ქვეშაგებზე ცოტა ამამაღლა კიდეც, ამიტომ ლოგინიდან სწრაფად გადმოვდგი დასახიჩრებული ფეხი და კარგად გადიდებულ ტანსაცმელში ჩავიკარგე. აგვისტოს ომის და ჩემი ახალგაზრდობის დამსახურებით მიღებული ჭრილობები გამუდმებით მახსენებდა სიკვდილს, რომელსაც სახელად ქრისტიანი, მაგრამ დაბრმავებული მტრის ხილული იარაღი გვიქადდა. ამიტომაც სუნთქვასავით გამუდმებით ვიმეორებდი სიკვდილთან მიახლოებული ავაზაკის სიტყვებს: „მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა!“ ზაფხულის სიჩუმეს კამათლის ხმა არღვევდა, რომელსაც მამაჩემი ძველისძველ სმარტფონში დიდი მონდომებით აგორებდა და დრო ხალისით და უშედეგოდ გაჰყავდა. სხვანაირი კაცი იყო მამაჩემი, მეტისმეტად უბრალო, უდარდელი, სიყვარულით სავსე, მაგრამ თითქოს ურწმუნო. მე თუ ცხოვრებას ღმერთის ძიებას ვარქმევდი ის ადამიანობის ძიებას ეწირებოდა. პრაღაში, პარიშკას ქუჩაზე წამოწოლილი კინგ კონგის ქანდაკება თუ გინახავთ, ზუსტად ასეთი იყო მამაჩემიც, მასავით თავისუფალი და გულწრფელი. ასეთ ადამიანებს სულში ვერ ჩაუძვრები, ამიტომაც მუდამჟამ მარტოხელები და ბედნიერები არიან. „მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა!“ ხეზე კვეთა მიყვარდა, ამის ნიჭი მომცა ღმერთმა. ეზოში პატარა სახელოსნო მქონდა და დეკორატიული ნაკეთობების გარდა პრაქტიკული საჭიროების ნივთებსაც ვამზადებდი. ბოლო შეკვეთა განსაკუთრებულად ძვირფასი იყო ჩემთვის. ახლად აშენებული ტაძრისათვის კაცის სიმაღლის ჯვარცმის დამზადება დამავალეს. უკვე რამდენიმე თვე იყო რაც მასზე ვმუშაობდი, ქართული ორნამენტებით გავაფორმე და შევავსე ჯვარი, მაგრამ ვერა და ვერ შევეჩვიე, ვერა და ვერ გავუსწორე თვალი და ამიტომ მაცხოვრის სახის გამოკვეთა უცნაურად გამიჭირდა. ჩემი ყოყმანი, რომ შეამჩნია მამამ დანა გამომართვა და თავად შეუდგა კვეთას. სწორედ ეს სურათი თუ როგორ კვეთს მამა მაცხოვრის თვალებს ერთადერთია რაც ყველაზე დიდხანს დამამახსოვრდა სიკვდილის შემდეგ. „მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა!“ ჩვენს სოლოლაკურ პატარა სამზარეულოში ჩაის ვსვავდით, როდესაც ქუჩა სიგნალების ხმით აივსო. შავმა ლიმუზინმა ძლივს შემოუხვია ვიწრო მოსახვევში და ჩვენი ფანჯრის წინ გაჩერდა. ბარბარე გათხოვდაო მითხრა მამამ, მხრები გაკვირვებით აიჩეჩა და ხარბად მოსვა ჩაი. გულმა რეჩხი მიყო. ეს ის ბარბარე იყო წლების წინ ერთად, რომ შევდგით სიმწიფის ასაკში ფეხი და ერთმანეთის დანახვისას მთელი ბავშვობა თვალწინ ჩაგვირბენდა ხოლმე. ვიტანჯებოდი თბილისის ქუჩებში გამომწვევად ჩაცმულს და ხელოვნურად მომღიმარს, რომ ვხედავდი. მაგრამ მან არც ხელი მიიღო ჩემგან და არც გული. მას შემდეგ წლებია მის ბედნიერებას ვევედრები ღმერთს და ეხლა მისი გაბრწყინებული სახე, რომ დავინახე ისეთივე უმწიკვლო როგორც მისი თეთრი კაბა, სიხარულის ცრემლებით ამევსო გული და სანამ მამა ჩემამჩნევდა და კიდევ ერთხელ ჩაიქნევდა ჩემზე ხელს, მეც ხარბად მოვსვი ჩაი და მოჩვენებითი უდარდელობით ბარბარეზე შეყვარებულ ახალგაზრდა კაცს თვალი ავარიდე. „მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა!“ სიხარულმა სახლში არ გამაჩერა. სულელურად გაღიმებულმა კოჭლისთვის შეუფერებელი ფართო ნაბიჯებით ჩავიარე ქუჩა და ქალბატონ მზიას ჭაღარა, კოხტად შეკრულ კოსაზე ვაკოცე. მისი ნელი ფუსფუსი დედას მახსენებდა. პატარა ეზო ჰქონდა სადაც ხილით და ბოსტნეულით ვაჭრობდა მე კი დილა-საღამოს სიამოვნებით ვეხმარებოდი. ტკბილი ჭუქჭუკით ხილი და ბოსტეული გადავარჩიეთ, ყუთები და ტომრები თავის ადგილას დავაწყეთ და როდესაც ეზო მყიდველების მისაღებად გავამზადეთ, საღამომდეთქო დაჯერებით გამოვემშვიდობე. არ ვიცოდი ჩემთვის საღამო თუ აღარ დადგებოდა და არავინ, რომ არ იცის ეს ამიტომაც სუნთქვასავით გამუდმებით ვიმეორებდი გულში მაცხოვრის გვერდით ჯვარცმული ავაზაკის სიტყვებს, მომაკვდავ კაცში ღმერთი, რომ იცნო და სიკვდილის წინ შეჰღაღადა: “მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა!“ ვიმედოვნებდი ამის თქმის რწმენა სიკვდილთან მიახლოებულსაც მექნებოდა, მაგრამ ცდამ ფუჭად ჩაიარა და ნაყოფი ვერ გამოიღო.. - შენ, რომ არ მყავდე შვილო სულ ჩავიქნევდი ხელს ამ ცხოვრებაზე - დამაწია სიტყვა ქალბატონმა მზიამ და იქვე ფანჯარაში ხალათით გადმომდგარ მეზობლის ახალ რძალს შესჩივლა, რა კარგი ბიჭია ეს საცოდავიო. ამ ვითომდა მკაცრ სამყაროში ყველას მე ვეცოდებოდი. მე კი ხანდახან სიხარულით ისე ამევსებოდა გული და სიყვარულითაც ისე მიყვარდა ყველაფერი თითო ძირს დაგდებული ქვაც კი მალამოდ მედებოდა გულზე. სხვისი თვალიდან ალბათ სასაცილოც კი იყო, ეს ხეიბარი, უშვილძირო კაცი, იქნებ ცოტა სულელიც ასე რამ გააბედნიერა ქვეყანა, რომ მისი გონიაო, მე კი მქონდა მტკიცე პასუხი... „მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა!“ სანამ მთავარ მოედანზე გავიდოდი ჩვენი უბნის კოლორიტი ბატონი გოგი დავინახე. აივანზე იჯდა და ყავას და სიგარეტს ერთმანეთს ისე მადიანად უხამებდა თითქოს სიცოცხლეს გემოს უსინჯავსო. კატაც მის მუცელზე არხეინად მოკალათებულიყო და ნებიერად კრუტუნებდა. ღმერთის ჩაბერილი სიცოცხლის ნაპერწკალი ისე აბედნიერებდა და ისე იყო მასზე მინდობილი შეიძლება მაგალითი ადამიანს მისგანაც კი აეღო. ნაბახუსევი ბატონი გოგიც ცხოვრებით ტკბებოდა და მამა-პაპურ სახლს ნელ-ნელა სართულებს ადგამდა. დამინახა თუ არა ზანტად ჩამათვალიერა და გადმომძახა: - რა არის ბიჭო გახდი თუ ფეხი უფრო დაგიმოკლდა? - ჩაცინებაც ისეთი იცოდა კაცს ღიმილს უნებურად მოგვრიდა. ძლიერ მიყვარდა ეს კაცი და გული მწყდებოდა ჩემს გამო მის სახლს „სისხლიანი“, რომ უნდა დარქმეოდა. არადა ის ერთი წუთი, რომ არ შევჩერებულიყავი, მისი მშენებარე სახლის ზედა სართულიდან მოულოდნელად გადმოვარდილი რკინის ბოძები ამცდებოდა და ბევრ საფიქრალსაც ავარიდებდი ამ ლხინის მოყვარულ კაცს, მაგრამ ასე იყო საჭირო და ერთმა ბოძმა თავი ისე გადამიხსნა უსულოდ დარჩენილი ჩემივე სხეული ვეღარ ვიცანი, რომ ამბობენ სიკვდილის წინ მთელი ცხოვრება თვალწინ ჩაგირბენსო მართალი ყოფილა. გამახსენდა თითოეული დღე: ხელიხელჩაკიდებული როგორ მივყავდი დედას სკოლაში, როგორ მკოცნიდა დაკაწრულ მუხლებზე. მამას თბილი თვალებიც გამახსენდა, ყველაფერი კარგად არისო ყოველთვის, რომ მეუბნებოდნენ. ჩვენს ომში შემთხვევით გადარჩენილი ბიჭების შეძახილიც გავიგონე, ერთი ნაბიჯით, რომ გამოასწრეს აფეთქებისთვის განწირული შენობიდან, შემდეგ ბარბარეს ბედნიერმა სახემ გამიელვა გულში, მისი ახლად გამომცხვარი ქადების სუნი ვიგრძენი და ისე მომინდა დაღამება და გათენება, ისე მომინდა სიცოცხლე უნებლიეთ მთელი ძალით წამოვიძახე ღმერთო მიხსენი, ღმერთო გადამარჩინეთქო. ამის თქმა მოვასწარი და გავშორდი ჩემს სხეულს. შემდეგღა დამიდგა თვალწინ მაცხოვრის გვერდით ჯვარცმული ავაზაკის ათასჯერ წამოდგენილი სახე უსამართლოდ დასჯილ ღმერთს, რომ უთხრა, თუ შენ ხარ ქრისტე იხსენ თავი შენი და ჩვენცო. გამოცანის ამოხსნას გავს სიკვდილი. ამოხსნი და შემდეგ ყველაფერი ნათელია, თითქოს ერთი წამის წინ ჩამეძინა და ეხლაღა გავიღვიძე. ყველაფერი უმნიშვნელო იყო მხოლოდ მამაჩემის, მარტოდ დარჩენილი ჭირისუფლის გაფითრებულმა სახემ დამიკაწრა გული. სახლიდან გამოსულს გარეთ შეჩოჩქოლებული ხალხი, რომ დაუნახავს და ჩემი სახელი გაუგონია გახევებული, ფრთხილი ნაბიჯით მომიახლოვდა, მუხლებზე დაიხარა და გათეთრებული სახე ჩემს გულში ჩარგო. თავი შუაზე მქონდა გაპობილი, სიცოცხლის ნიშანწყალიც არ მეტყობოდა. ასე იყო თავჩაქინდრული, მალე მეზობლებმა გაბედეს მიახლოება, წამოაყენეს და ჩემს ძალაგამოცლილ მამას ყავარჯნად ამოუდგნენ მხარში. მათი იმედი კი მქონდა, ვინც გაჭირვებაში ერთხელ მაინც ყოფილა ეცოდინება, რომ ჩვენი ხალხი განსაცდელში მყოფს არასოდეს დატოვებს მარტო. უცებ თითქოს იმედის ნაპერწკალმა გამოუცოცხლა მამას თვალები და უჩვეულო მშვიდი ხმით იკითხა, რამე ხომ არ უთქვამს ჩემს ბიჭს, რამე ხომ არ გაგიგონიათო? გოგიმ ხელებში თავჩარგული სახე ამოსწია, მასაც მკვდრის ფერი დასდებოდა, ღმერთო მიხსენი ღმერთო მიშველე ეს იყო მისი ბოლო სიტყვებიო უთხრა მამას. ამის გაგონებაზე ჩემს მოხუცს ცრემლებით აევსო თვალები, მიმიხვდა მარცხს, მიმიხვდა რომელი ავაზაკივით შევეგებე სიკვდილს. ისე მივუჯაჭვივარ დროებითობას გაჭირვების ჟამს ადამიანის მთავარი მიზანი და საფიქრალი არც კი გამახსენდა. სიკვდილისთვის და ცხონებისთვის, რომ გავჩნდით ეს, რომ დაავიწყდება ქრისტიან კაცს რაღა არის მისი ფასი?! მობრუნდა მამა, ჩვენი ხის ჯვარი ზურგზე ჰქონდა მოკიდებული, კიდევ უფრო მოხრილი აუყვა აღმართს, აქა-იქ სცვიოდა ცრემლები და დინჯად იმეორებდა გულში: „მოიხსენე უფალო, სასუფეველსა შენსა!“ ჩემს ჯვარზე მძიმე იყო მისი ჯვარი, ამიტომ ჩემს ლოცვაზე ძლიერი იყო მისი ლოცვა. დედამიწამ ორჯერ შემოუარა მზეს მამას სიკვდილამდე. ჩემთვის კი წუთიც არ იყო გასული, ისევ იგივე ადგილას ვიდექი და ველოდებოდი მისი გულმხურვალე ლოცვა როდის მაცხონებდა. ამ ცდამ კი ფუჭად ნამდვილად არ ჩაიარა. ნეტა იმ საბრალო ავაზაკსაც თუ ჰყავდა ჩემისთანა მამა?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. გამარჯობა მწერალო, ძალიანაც კარგი, ღამით წავიკითხავ სიმშვიდეში და სიჩუმეში. ვიცი იქნება ძალიან კარგი. ისე მიხარია რომ აღმოგაჩინე. შენზე მეტად. :) ეს მოთხრობა კი ძალიან კარგი და მშვენიერია.
გამარჯობა მწერალო, ძალიანაც კარგი, ღამით წავიკითხავ სიმშვიდეში და სიჩუმეში. ვიცი იქნება ძალიან კარგი. ისე მიხარია რომ აღმოგაჩინე. შენზე მეტად. :) ეს მოთხრობა კი ძალიან კარგი და მშვენიერია.
3. უღრმესი მადლობა ნეფერტარი, მხოლოდ შენმა სითბომ ამატვირთინა შემდეგი მოთხრობა :) :* უღრმესი მადლობა ნეფერტარი, მხოლოდ შენმა სითბომ ამატვირთინა შემდეგი მოთხრობა :) :*
2. ახალს ველოდები აქ. მწერალო. სიჩუმე გაგიგრძელდათ. ახალს ველოდები აქ. მწერალო. სიჩუმე გაგიგრძელდათ.
1. ძალიან სერიოზული ავტორი ხართ. ნამდვილი მწერალი. მიხარია თქვენი არსებობა. გისურვებთ უმაღლეს ჯილდოს -ხალხის სიყვარულს.
5.
ძალიან სერიოზული ავტორი ხართ. ნამდვილი მწერალი. მიხარია თქვენი არსებობა. გისურვებთ უმაღლეს ჯილდოს -ხალხის სიყვარულს.
5.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|