ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როლანო
ჟანრი: პროზა
14 მაისი, 2021


როგორ გავხდი მეზღაპრე

როგორ გავხდი მეზღაპრე                                                          (გამკეთილშობილებელი)   




    ბავშვობიდან ვოცნებობდი მწერლობაზე. ვოცნებობდი დამეწერა სქელტანიანი  რომანი, რომელიც გაჯერებული იქნებოდა დიდი სიყვარულით, ერთგულებით, თავდადებით, თქვენ წარმოიდგინეთ  ღალატითაც კი. აბა, რომანი ღალატის გარეშე რა რომანია. ჰოდა, დადგა ის ნანატრი დღე, როდესაც მომწიფდა ჩემი რომანის მონახაზი და შევუდექი ამ მონახაზის ხორცშესხმას.
    რომანის გმირებია: მამაკაცი და ახალგაზრდა ქალი. ეს არაჩვეულებრივი წყვილი გავაცანი ერთმანეთს, ცოტა ხანში შევაყვარე კიდეც და გაჩაღდა დიდი სიყვარული. მამაკაცი მუხლებზე ხოხავდა, ჩქარა გამომყევი ცოლადო. ქალი გაცისკროვნებული თვალებით ეხვეწებოდა: ადექი, თანახმა ვარ, მუხლები არ გეტკინოსო (ძალიან მზრუნველი იყო ქალი).
    ქორწილი გადაიხადეს და დაადგნენ თანაცხოვრების „ტკბილ“ გზას.
    მამაკაცი ქალს ხელისგულზე ატარებდა. ახალგაზრდა მოახლე აუყვანა,  მეუღლე საოჯახო საქმით რომ არ გადაღლილიყო.
    დრო გადიოდა.
    რომანის გაგრძელება მოსაწყენი მეჩვენა და გადავწყვიტე ქმარსა და მოახლეს ერთმანეთთან  პატარა „ფლირტი“წამოეწყოთ.  პატარა ფლირტი დიდ სიყვარულში გადაიზარდა. ჩემი რომანის გმირი წესიერი ადამიანი იყო, ამიტომ ცოლს ვერ დაუმალა გრძნობები მოახლის მიმართ და ენის ბორძიკით ყველაფერში გამოუტყდა.
    ძალიან შემეცოდა ქალი, ისიც ვიფიქრე დროულად შევჩერებულიყავი, მაგრამ მაინტერესებდა რას იზამდა ცოლი.
ბევრი ფიქრის შემდეგ ქმარმა გადაწყვიტა ბოდიში მოეხადა ცოლისათვის, მოახლე დაეთხოვა და მეუღესთან ერთად ახალი ცხოვრება დაეწყო.
დილით, ცოლის საძინებელში შესულ ქმარს საშინელი სურათი დახვდა. ქალს ფარდის საკიდზე თოკი დაემაგრებინა და თავი ჩამოეხრჩო. ამის დანახვაზე ქმარს არაადამიანური ღრიალი აღმოხდა, საწერი მაგიდიდან ქაღალდის საჭრელი დანა აიღო, გულში ჩაირტყა და იქვე განუტევა სული.
ძალიან შემეცოდა ორივე, ვწერდი და თან ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა. წერა შევწყვიტე და ნახევარი დღე ლოგინში პირქვეჩამხობილმა გაუჩერებელ ტირილში გავატარე. ბოლოს ჩამეძინა. სიზმარში ახალგაზრდა მოახლე გოგონა მესიზმრა, რომელიც ტირილით მეკითხებოდა: „რა დაგიშავე, ფეხმძიმედ ვარ, ასე რატომ გამწირე, რა ვქნა ახლა მეო? გამიცოცხლე ჩემი სიყვარულიო“
გავიღვიძე, ცრემლები შევიმშრალე და მამაკაცი რეანიმაციაში მოვათავსე. ექიმებმა ბევრი იწვალეს და ბოლოს მაინც მოახერხეს მომაკვდავის მდგომარეობიდან გამოყვანა.
ძალიან მეცოდებოდა ცოლი, მაგრამ მამაკაცი რომ გადავარჩინე, ცოტა დვმშვიდდი.  ვფიქრობდი : ბავშვი უმამოდ მაინც არ გაიზრდება მეთქი.
ეჰ, თურმე რას გიმზადებს ცხოვრება და რა შემრჩა  საბოლოოდ ხელში:  მამაკაცი კი გადარჩა, მაგრამ ინვალიდის სკამს მიჯაჭვული დარჩა. მოახლე ფეხმძიმედ არ ყოფილა და ქონების ხელში ჩაგდების მიზნით მოაწყო ეს ყველაფერი.      მართალია ცოლი დიდი პატივით დავკრძალეთ, მოახლე სახლიდან გავაგდეთ, მაგრამ განა ეს უშველიდა საქმეს?
ვკითხულობდი ჩემს ნაწერს და ვტიროდი, ვტიროდი გაუჩერებლად. ორი დღე  და ღამე ლოგინიდან ვერ ავდექი, ქვითინში გავატარე 48 საათზე მეტი. ისე განვიცადე უბედური ქალისა და მამაკაცის  სიყვარულის ამბავი, რომ ორ დღეში 10 კილო დავიკელი..
მესამე დღეს რომ ავდექი, მაშინ მივხვდი, რომ რომანის წერა არ მეხერხებოდა. ამიტომ, ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე დეტექტივების წერა დამეწყო. ვიცოდი რომ წერა ჩემი მოწოდება იყო, მაგრამ საკუთარ ჟანრს ჯერჯერობით ვერ მივაგენი.
    დეტექტივები მიყვარს, ამიტომ დარწმუნებული ვიყავი, რომ კარგი, ცოტა მისტიური, ოდნავ საშიში და ამავე დროს ძალიან ძლიერი ნაწარმოები გამომივიდოდა.
სიუჟეტი უმალვე თავისით შემოიჭრა ჩემს გონებაში და დავიწყე წერა.
ახლგაზრდა, ჯანმრთელი, სიმპათიური, მამაცი გამომძიებელი და უბედური, მახინჯი, გაყვითლებული  მანიაკი დავუპირისპირე ერთმანეთს. 
„ქალაქგარეთ ახალგაზრდა ქალი წამებით მოკლეს “ - მოვიდა ცნობა. გამომძიებელი სასწრაფოდ გაეშურა მკვლელობის ადგილისაკენ, მაგრამ ვერანაირი სამხილი ვერ აღმოაჩინა.
მეორე დღეს, კიდევ ერთი გოგონა მოკლეს წამებით, მესამე დღეს კიდევ და ასე გრძელდებოდა ყოველ დღე.  გამომძიებელი ენაგადმოგდებული ძაღლივით დარბოდა, მაგრამ ვერ იქნა და ვერც მოწმე ნახა, ვერც სამხილი იპოვნა. მოკლედ ჩემმა სანაქებო გამომძიებელმა საშინლად შეირცხვინა თავი.
მე უკვე გავბრაზდი. „ბოლოს და ბოლოს როდემდე უნდა ხოცოს ამ მანიაკმა გოგონები, აღარ უნდა გაჩერდეს?“ გადავწყვიტე, რახან პოლიციელმა ვერ მიაგნო მკვლელს, მე თვითონ შემეჩერებინა მკვლელი. მაგრამ ნურას უკაცრავად, ვინ დაგიჯერა. იმავე ღამეს ორი ქალიშვილი ერთად იპოვნეს ნაწამები და  ხეზე მიბმული.
ამას აღარ ველოდი მისგან, „კი მაგრამ ჩემი ნებართვის გარეშე როგორ მოქმედებს? „ გავიფიქრე და პალტო ჩავიცვი. ჰაერზე გავლა გადავწყვიტე.
გარეთ გავედი, მაგრამ უცებ შიშმა ამიტანა. ახლა ხომ შეიძლება ის მანიაკი უკან მომყვებოდეს. ხომ შეიძლება მეც მიმაბას ხეზე და წამებით მომკლას. აქეთ-იქით მიმოვიხედე. არავინ იყო. მივბრუნდი და სახლისაკენ გავიქეცი.
სადარბაზოსთან მივედი, მაგრამ შიგნით შესვლა ვერ გავბედე. „ეგებ სადარბაზოშია შესული და იქ მელოდება, რომ წამახრჩოს?“
გამიმართლა, ჩემი მეზობელი ძია კარლო მოადგა სადარბაზოს.
- რატომ დგეხარ ჩემი გოგო გარეთ, სახლში არ გიშვებენ? - სცადა გახუმრება კარლომ, მაგრამ ჩემ შეშინებულ სახეს რომ დააკვირდა, გაჩუმდა. ხელი მომკიდა და სადარბაზოში შემიყვანა. მე კვლავ შიშმა ამიტანა. „ეგებ ძია კარლოა მანიაკი? შიგნით რომ შემიყვანოს და წამება დამიწყოს, მერე რა ვქნა?“ - პირი დავაღე და რაც შეიძლებოდა ხმამაღლა დავიწყე კივილი. ამ დროს მეორე სართულის კარიდან ჩემი სანაქებო  გამომძიებელი გამოვარდა, უცებ გამიხარდა, მაგრამ ხელებზე რომ დავხედე, იქვე ჩავიკეცე. პოლიციელს ორივე ხელი სისხლით ჰქონდა მოსვრილი. „აი ვინ ყოფილა მანიაკი“ -ჩავიჩურჩულე და გონება დავკარგე.
თვალები რომ გავახილე, ჩემს საწოლთან ძია კარლო იჯდა, მისი ცოლი კი იქვე ფუსფუსებდა. შუბლზე ცივ ტილოს მადებდა და ვიშვიშებდა - საწყალი გოგო, ეტყობა ძალიან გადაიღალაო.
-დაიჭირეს? - ვიკითხე მე.
- ვინ? - კითხვითვე მიპასუხა გაკვირვებულმა კარლომ.
- მანიაკი.
- რომელი მანიაკი, სერიალიდან?
- მე თვალები ფართოდ გავახილე, საწოლში წამოვჯექი და ყველაფერი უცებ გავიაზრე. მაშინ მივხვდი რომ დეტექტივების წერა ჩემი საქმე არ იყო.
„მოდი, ახლა ზღაპრების წერას ვცდი, იქ ხომ ყოველთვის კარგი ამბები უნდა ხდებოდეს“. - გავიფიქრე და ძია კარლოსა და მის მოვიშვიშე მეუღლეს ბედნიერმა გავუღიმე. მაგრამ    იმ მომენტში ერთი კი გავიფიქრე, "კიდევ კარგი ბავშვობაში წითელქუდას რომ ვკითხულობდი, მგელმა ვერ შემამჩნია, თორემ ხომ ნაღდად შემჭამდა“-თქო.
      საქმეს უმალვე შევუდექი.  გადავხედე სხვადასხვა ზღაპრებს.  ხალხურსა,  თუ მწერლების მიერ შექმნილს და ცოტა არ იყოს იმედი გამიცრუვდა. მივხვდი, რომ ზღაპარშიც უნდა იყოს რამოდენიმე,ნუ ერთი  უარყოფითი პესონაჟი მაინც  და რაც მთავარია ბევრ ბოროტებას უნდა სჩადიოდეს.  ბოლოს კი კეთილი ადამიანები სასტიკად უნდა გაუსწორდნენ მას, ანუ, თვითონაც ცუდი საქციელი უნდა ჩაიდინონ.
          რა მექნა, დავიწყე  წერა.  ზღაპრის გმირი ახალგაზრდა, ლამაზი ყმაწვილი გახლდათ, რომელსაც თვდავიწყებით უყვარდა თავისი ქვეყნის მეფის ქალიშვილი და რაც მთავარია ქალიშვილიც გულწრფელი სიყვარულით პასუხობდა.
ყველაფერი კარგად მიდიოდა, არც მეფე იყო დიდად ქორწინების წინაღმდეგი, ვინაიდან ყმაწვილი მხოლოდ გარეგნობით კი არა, ოჯახისშვილობითც  არ იყო დასაწუნი.
ქორწილის დღეც დაინიშნა.
ძალიან კმაყოფილი ვიყავი, ჩემზე ბედნიერი მწერალი არ დაიარებოდა ქვეყანაზე, მაგრამ რად გინდა. ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა ჩემი კმაყოფილება.
სად იყო სად არა, უფრო სწორდ საიდან მოვიდნენ  არ ვიცი.  მეფეს რამოდენიმე  საოცრად მახინჯი შესახედაობის ადმიანი-ურჩხული ეახლა. ეს ნამდვილად ჩემდა უნებურად მოხდა, მართალია ისინი მე მოვიყვანე, მაგრამ საიდან და რატომ არ ვიცი. შემდეგ ყველაფერი თავისით გაგრძელდა. მე აღარც ჩავრეულვარ, ისე ვწერდი გეგონება ვიღაც მკარნახობდა. ძალიან არ მომწონდა რასაც ვწერდი, მაგრამ უკან დასახევი გზა აღარ მქონდა. ეს ურჩხულები ხომ უნდა მომეცილებინა თავიდან.
უცნაურმა სტუმრებმა არც აციეს, არც აცხელეს და მეფეს მზეთუნახავი ქალიშვილის ხელი მოსთხოვეს (კი არ სთხოვეს!) თავიანთი  მეფისათვის, რომელიც ქვეყანა ურჩხულეთს განგებდა და მსოფლიოში მთავარი, ყველაზე ბოროტი და სისხლისმსმელი ურჩხული ბრძნდებოდა.
        -შენი ქალიშვილი ახლავე უნდა გაგვატანო, წინააღმდეგ შემთხვევაში ქალს მაინც წავიყვანთ, ქვეყანას კი გადავწვავთ. სამი დღის ვადას გაძლევთ, გაამზადე პატარძალი. -ბრძანეს მათ და გარეთ გავიდნენ.
უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა ჩვენი მეფე. მეც დაბნეული ვიყავი, აღარ ვიცოდი რა მექნა, ვერაფრით ვშველოდი, რა უნდა მექნა, იმ ურჩხულებს მე ხომ ვერ  შევებრძოლებოდი, მეც მეშინოდა. ჩემი სახლიც რომ გადაეწვათ და იმ გოგონას მაგივრად მე რომ წავეყვანე, რა მექნა მერე? მეფე მიშველიდა თუ რა?
გადავწყვიტე ურჩხულისთვის გოგო გამეტანებინა. ძალიან მეცოდებოდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. ურჩხულები ხომ მცნობდნენ სახეზე, ხომ შეიძლებოდა ჩუმად, მოტყუებით, წერის დროს  დავეჭირე და მოვეკალი ან შევეჭამე? ჰოდა ოთახი, სადაც გოგონა ყავდა მეფეს დმწყვდეული,  გავაღე და ურჩხულები შევუშვი.
            მეფე ტიროდა, შეყვარებული ყმაწვილი ტიროდა, მაგრამ ყველაზე მეტს მე ვტიროდი, ვინაიდან მე გავწირე გოგონა, მე გავატანე ურჩხულს. ისეთ დღეში ჩავარდი, რამის თავი მომეკლა. ორდღიანი გლოვის შემდეგ, გადავწყვიტე წავსულიყავი ურჩხულის სამფლობელოში და გოგონა რამენაირად დამეხსნა. თავი გამეწირა, ოღონდ გოგონა  მშობლებისათვის  დამებრუნებინა.
მესამე დღე გათენდა თუ არა, გზას გავუდექი. კითხვა-კითხვით, დიდი ძებნისა და წვალების შემდეგ, როგორც იქნა  მივაგენი „ურჩხულეთს“.  მივუახლოვდი და გავოგნდი, ამას თუ ურჩხულეთი ქვია ჩვენ სადღა ვცხოვრობთ მეთქი. ქალაქის შესასვლელი ნაირ-ნაირი, ფერად-ფერადი ყვავილებით იყო მორთული.  აქეთ-იქით ლამაზ სამოსში გამოწყობილი მცველები იდგნენ. მე რომ დამინახეს, თვალები გაუბრწყინდათ. დიდი პატივით შემხვდნენ და მეფის სასახლემდე ხელში ატაცებული მიმიყვანეს.
ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა. მეფის მსახურებმა ღიმილიანი სახით მიმაცილეს დარბაზამდე, რომელიც ასევე საოცრად  იყო მორთულ-მოკაზმული.  ამ დროს დარბაზის მეორე მხრიდან ულამაზესი ყმაწვილი და ჩემი ნაცნობი გოგონა გამოჩნდნენ.
- გამარჯობა ჩვენო საყვარელო მეზღაპრევ, - მომმართა ყმაწვილმა, რომელიც ამ ქვეყნის ხელმწიფე  ყოფილა. ბოროტ ჯადოქარს  მოუჯადოებია უფლისწული თავისი სახელმწიფოს მოსახლეობიანად და სანამ მეზობელი სახელმწიფოს მეფის ქალიშვილს არ მოიყვანდა ცოლად, მანამდე ჯადო არ მოეხსნებოდა. - თქვენი წყალობით ჯადო მომეხსნა და ულამაზესი ქალიშვილი მოვიყვანე ცოლად. რომ არა თქვენ, მე დაღუპული ვიყავი.
გოგონა აღტაცებული სახით შესცქეროდა მეუღლეს,- თქვენ არ იცით რა დიდებული საქმე გაგვიკეთეთ. ამ ქვეყნად ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ მეგულება. სიმართლე გითხრათ ის ყმაწვილი არ მიყვარდა. მამაჩემს უნდოდა და უარს ვერ ვეუბნებოდი. - მომმართა უკვე დედოფალმა და ჩამეხუტა. მის სიტყვებზე  გული ამიჩუყდა და ახლა სიხარულის ცრემლები წამსკდა. რამოდენიმე საათი მაწყნარებდნენ და სანამ ექიმი არ მოიყვანეს, ვერ დამაწყნარეს.
          შემდეგ ყველამ ერთად ვისადილეთ,  სახლში ძვირფასი ეტლით გამომამგზავრეს და კარგად დამასაჩუქრეს კიდეც.
მოვედი თუ არა დავწექი და იმ წამსვე ჩამეძინა. როგორც კი გავიღვიძე,  წამოვჯექი. საღამომდე ვფიქრობდი რა მექნა, იმას კი მივხვდი, რომ არც ზღაპრების წერა იყო ჩემი საქმე. ხომ შეიძლებოდა ის ურჩხული, მართლა ურჩხული გამომდგარიყო?  მაშინ ხომ დავიღუპებოდი და იმ გოგონასაც დავღუპავდი.
          -არა, არა, მე ამდენ ბოროტებასთან ბრძოლა არ შემიძლია,-გავიფიქრე ....
და უცებ გონება გამინათდა. - ამდენი ზღაპრებია დაწერილი, სადაც უამრავი ბოროტი პერსონაჟია,  მე ხომ შემიძლია ეს ბოროტება აღმოვფხვრა, საბოლოოდ დავამარცხო  და ბოროტი პერსონაჟები გავაკეთილშობილო? ფანტასტიური იდეაა,- გავიფიქრე და საქმეს შევუდექი.
ვეძებე ზღაპარი, ვეძებე და არჩევანი სასინჯად წითელქუდაზე შევაჩერე. ვცდი, რა გამოვა და მერე რაიმე უფრო სერიოზულ ნაწარმოებზე გადავალ-თქო ვიფიქრე და დავიწყე. მოკლე შინაარსს მოგიყვებით.
როგორც ჩვეულებრივ ზღაპარშია, წითელქუდა მიდის ბებიასთან, გზაში მგელი ხვდება. მგელს ხელები ზურგზე აქვს შემოწყობილი.
-გამარჯობა წითელქუდა, - მიმართა მგელმა გოგონას და ზურგსუკან დამალული თაიგული მიაწოდა. წითელქუდამ  გაუღიმა.
- გმადლობ მგელო.
- ბებიასთან მიდიხარ? - კითხა მგელმა.
- ჰო.
- გაგაცილებ, - მიმართა მგელმა, - ვინმემ არ შეგაშინოს. თან ბებოსაც ვნახავ.
- ვინ უნდა შემაშინოს, აქ ხომ ყველა შენსავით კეთილია.  კარგი წავიდეთ.
წითელქუდა და მგელი ბებიას სახლს მიუახლოვდნენ, დააკაკუნეს. მგელმა წითელქუდა წინ გაატარა, ფეხსაცმელები საგულდაგულოდ გაიწმინდა და ოთახში შევიდა.
- გამარჯობა ქალბატონო ბებია, - მიმართა მგელმა ბებიას.
- ოოოო, ძვირფასო მგელო, რატომ დამივიწყე? რაც შენ აღარ მოდიხარ, ონკანიც გამიფუჭდა და კარი საშინლად ჭრიჭინებს.
- გავაკეთებ, ნუ დარდობ. ეს დღეები ციყვებთან დავდიოდი, ძალიან ბევრი რამ ჰქონდათ  გასაკეთებელი, მამა ციყვი ხომ თხილის საშოვნელადაა წასული გურიაში. ხვალ მოხუცი კურდღელი მელოდება, სორო აქვს გადასახური და ზეგ შენთან მოვალ.
- რა კეთილი ხარ მგელო, - აღნიშნა ბებიამ და თან სუფრის გაშლა დაიწყო. თავისი გაკეთებული ალუბლის ნაყენიც არ დაავიწყდა, იცოდა რომ მგელს ძალიან უყვარდა.
- ქალბატონო ბებია, თქვენ მგონი წნევა გაქვთ, ძალიან ხართ წამოწითლებული. ახლავე გაგიზომავთ . - დატრიალდა მგელი. წნევის აპარატი გადმოიღო, ბებოს წნევა გაუზომა, ყოველი შემთხვევისთვის წამალი დაალევინა და მხოლოდ შემდეგ მიუჯდა სუფრას.
ამ დროს მონადირეებიც მოვიდნენ. ეს  ის მონადირეები არიან, ვისაც თოფების მაგივრად ფოტოაპარატები დააქვთ თან და ცხოველებს ლამაზ-ლამაზ სურათებს უღებენ. წითელქუდამ და ბებიამ რასაკვირველია ისინიც მიიპატიჟეს სადილად.
ცოტა ხანში  მათი სახლიდან მხიარული სიმღერის ხმა  გამოდიოდა.
ტყის ყველა ბინადარი, ბედნიერი სახით, სულგანაბული უსმენდა სიმღერებს.
  ჰა, როგორია?

ასე დავიწყე ზღაპრების გაკეთილშობილება და ძლივს დავწყნარდი. რაც მთავარია აღარ ვტირი და სულ კარგ ხასიათზე ვარ.

აბა გენაცვალე, მწერლობა ძალიან ძნელი საქმეა ყოფილა, რკინის ნერვები უნდა გქონდეს ადამიანს.


                                                2017წ.






   


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები