არაფერია! მე გწერ ისევ მძიმე ბარათებს. რაც მარტო დავრჩი შენთვის წერა მეადვილება. მე ჩემსას გეტყვი და დრო გვეტყვის ყველა დანარჩენ - ჭეშმარიტებას:
რომ აღსარებას არ ამბობენ როცა გლოვობენ, რომ დუმილის ღმერთს უკვე ვწირე სევდის ბატკანი, რომ ყველა ლექსის და რომანის ცუდი ბოლო ვარ, - დასამალავი.
რაც შენთან არ ვარ, მე ვისწავლე ყველა სიმწარე. ყველა მცნების და უმცნებობის ვცადე დარღვევა. ადამიანი თუ რამეა, არის მდინარე - სადღაც მთავრდება...
და მეც დავმთავრდი, შევუერთდი დუმილის ყურეს, გწერ ამიტომაც - არ იფიქრო, არ მსურდეს, თითქოს შენთვის სიტყვის თქმა. სულ უბრალოდ, მივხვდი რომ, თურმე - - ვფიქრობ...
ვფიქრობ, რა გითხრა, რა არ გითხრა, ან გითხრა როგორ - ის რაც არასდროს არ თქმულა და თითქოს გავიგე. სისულელეა, ასეთია ცხოვრება ყველაგან: - ჭკუას გვარიგებს
ჩვენი წარსული... რა დღეები წაიღო წყალმა... როგორ ჩაეშვა დროის ტორსში ყველა ნატეხი ბედნიერების. ტკივილია, რომ ისევ აქ ვართ - მაგრად გავებით
ამ მოულოდნელ პიესაში, ან რა როლი გვაქვს- ჩემს წერილებზე იგვიანებს შენი პასუხი და ამიტომაც ავირჩიეთ, ის რაც სწორია - დავდუმდით.
*** ჰო, ისევ მე ვარ, ისევ მე გწერ მძიმე ბარათებს, გწერ ყველაფერზე მოსაწყენი ერთფეროვნებით. პოლიტიკაზე, ბიზნესზე და ყველა დანარჩენ სისულელეზე, რასაც წლები დაგავიწყებენ...
რაც შენ დამკარგე, მე დამჩემდა გზიდან გადასვლა, გზის გართულება, გზის არევა. თითქოს ყველაფერს მინდა ერთბაშად გადავუსწრო, რადგან მთავრდება ყველაფერი და თითქოს მაინც ვერაფრით ვასწრებ.
პირიქით, თითქოს, ნაბიჯებსაც უკან მივყავარ, დღესაც ის არის, რაც ყოფილა გუშინ, იმის წინ... დიდი ხანია დავუქნიე ხელი სიყვარულს და შეგრძნებაც კი დამიჩლუნგდა, მგონი, ტკივილის.
ასე ვისწავლე, რაც შენ არ ხარ, ქვების ანბანი. ვნახე წვიმები როგორ შლიან კლდეთა ზედაპირს. მე ვარ მოწყენა, დარდი ვარ და ვარ ქარავანი, რომელიც ამ დარდს მიაგორებს ცისკენ. ვერავინ
ვერ შევიცანი, როგორც მსურდა. რაც შენ არ მყავხარ, ყველა სახეზე შევამჩნიე თითო ნიღაბი და ისე ძლიერ აღარ მინდა მათი დანახვა თვალებს ვხუჭავ და ვერ ვიხსენებ, მე ვინ ვიყავი.
როდის გაფრინდა ასე ჩუმად წელი ამდენი და როდის შევრჩი ასე ახლოს კედლებს მდუმარეს? დღეები როგორც უგემური რუხი წამლები ყრია ჩემს წინ და ხელს არ ვკიდებ. ველი უარეს
ამინდებს, დარდებს, მოგონებებს, ადამიანებს... ქალაქში სადაც სიყვარული დიდი ნიჭია მე დავრჩი მარტო და არ ვიცი ეს სიმარტოვე მე მივიჩვიე თუ მან აქეთ შემომიჩვია.
მხოლოდ ის ვიცი, რომ არ ვიცი საით წავიდე. რაც შენ დამტოვე, აღარ ვეძებ კოორდინატებს. ვახმობ ოცნებას უსიცოცხლო, მტვრიან საკიდზე და სინდისიც კი არ მაწუხებს. მგონი ვიმატებ
მიზეზებს რომ შენ დაგიბრუნდე. მგონი ვიშლები, როგორც იშლება წარსულიდან, რასაც ვივიწყებთ. ირონიაა, რომ სიცოცხლეს ვიწყებთ შიშვლები და სიკვდილისას ტანზე ვიცვამთ მიწის სიფიცხეს...
მგონი ვიშლები. სიმართლეა. ალაბთ არ გჯერა. თუმცა, შეშლამდე საჭიროა, მგონი დამარხვა ყველაფრის, რისიც მჯეროდა და მგონი ამჯერად ვიწყებ. ჰო ვამბობ, შევიშალე - რაც შენ აღარ ხარ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|