 | ავტორი: ნუნუ ნონა ჟანრი: პროზა 1 ნოემბერი, 2021 |
- სხივები მომენატრა, მზის სხივები, - გაბუტული ბავშვივით წარმოთქვა ქალმა და ამ სიტყვებთან ერთად მთელი ტანით გაიზმორა მდელოსფერ საპლაჟო ლეიბზე. - რა უცნაურ რამე ს ამბობ, - ვაჟი მისკენ შეტრიალდა, მხართეძოზე დაწვა, - აქ მზის სხივებზე მეტი რა არის. ვერა ხედავ, სამ დღეში როგორ გავირუჯეთ. - არა, იცი რომელ სხივებზე ვამბობ? როცა მზე ღრუბლებში გამოანათებს და მის ნაპირებს მოქარგავს. . . ჩასვლისას კიდე როგორ აფერადებს ყველაფერს. ზღვის ზედაპირზე ოქროსფერ ბილიკს აფენს, აი, ის მომენატრა. აქ კი მელანივით ჩაშავებულ ცაზე უსხივებოდ გავარვარებული დისკო ჩანს, მეტი არაფერი. ასე მგონია, ვიღაც ავი თვალი დამყურებს. - აქაც ჩანს ხანდახან მზის სხივები. ამ გამჭვირვალე გუმბათის შრეებში გავლისას ხდება სხივის გარდატეხა. თუ კარგად დაუკვირდები, შეამჩნევ. - ეს რაა იმასთან შედარებით, რასაც დედამიწაზე ნახავ. იქ სხივები ნამდვილი ჯადოქრებია, მხატვრები. . . - რას იზამ, მთვარეზე ჰაერი არაა, ამიტომ არც შუქჩრდილთა გარდამავალი ტონებია. მთვარე მკვეთრი კონტრასტების სამყაროა. აქ სინათლე და სიბნელე შუაში გარდაუვალ ზღვარს დებენ მოსისხლე მტრებივით. ორივენი გაჩუმდნენ. ცოტა ხნის შემდეგ ქალმა ისევ დაილაპარაკა: - ღამის ცა მირჩევნია, უფრო მკაფიოდ მოჩანს. - რა მოჩანს მკაფიოდ? - დედამიწა. - ჰოო. შენ მოგეწყინა აქ. დედამიწაზე გინდა. - მართლაც მომეწყინა. არც ღამეა აქ დიდად სახარბიელო; ვარსკვლავები ცეცხლოვან წერტილებს გვანან და თვალებში მჩხვლეტენ. - არც დედამიწას აქვს სხივები. - ჰო, მაგრამ დედამიწა მაინც ყველას სჯობია. ისეთი ნაზი, ისეთი სათუთი ნათელი ფერი აქვს. მასზე ლამაზი არაფერია აქედან დასანახავი. ისევ გაჩუმდნენ. ქალი ვერ ისვენებდა. მოუსვენრად ტრიალებდა ლეიბზე და ისევ წამოიწყო: - როცა მზის გულზე წევხარ, მერე უნდა იბანაო. რა სჯობია, ზღვის ცისფერ წყალში რომ გაგრილდები. გაცურავ შორს, ლაჟვარდით სავსე სივრცეში. - აქაც შეგიძლია მიიღო შხაპი და გაგრილდე. კომფორტის მხრივ აქაურობას ვერ დავემდურებით. ყველაფერი შესანიშნავადაა მოწყობილი, თანაც ისე კარგად შეუნიღბავთ, მთვარის ეგზოტიკას არაფრით ცვლის. - რა შედარებაა! სად შხაპი და სად ზღვის წყალი, ან მდინარე. იმაზე სასიამოვნო ხომ არაფერია, როცა იბანავებ და მერე მწვანე ხეების ქვეშ დაისვენებ, მწვანე ბალახზე გაგორდები.. - აჰა! - იმიტომაც ამოირჩიე დღეს მდელოსფერი ლეიბი და ცისფერი საბანაო კოსტიუმი. თურმე როგორ მოგნატრებია დედამიწისეული ფერები. ცოტაც მოითმინე, მალე ისევ ნახავ დედამიწას, იბანავებ ცისფერ წყალში, დაისვენებ მწვანე მდელოზე და არც მზის სხივების გასაფილტრი გუმბათი დაგჭირდება. - მაინც რამდენი ხანი უნდა მოვითმინო? - ერთი ღამის გათევა მაინც კიდევ მოგვიწევს აქ. უფრო ადრე ვერ გავფრინდებით. „მთვარის ოაზისს“ ოცდაოთხ საათში ერთხელ აკითხავენ რაკეტები. უკანასკნელი ერთი საათის წინ გაფრინდა. ქალმა ამოიოხრა და გაჩუმდა. ცოტა ხნით თვალებმილულული თვლემდა. მერე ისევ გაახილა თვალები და უფრო მეტი გაღიზიანებით ალაპარაკდა: - მაინც რა უცნაური გემოვნება აქვს ზოგიერთს დედამიწაზე, მთვარე დიდ პოეტურ რამედ მიაჩნიათ. ვინ მოთვლის, რამდენი ლექსი უძღვნეს. ახლა კიდევ მოდაშია მთვარის ეგზოტიკა. აბა რას გავს ეს? ჰორიზონტი ისე ვიწროა, გეგონება ხელს მივუწვდენო და სული გეხუთება. საითაც არ უნდა გაიხედო, მხოლოდ უსიცოცხლო მკვდარი ხედებია, ასე მგონია, გადმობრუნებული ლამბაქის ქვეშ გამომწყვდეული ჭიჭყინა ვარ, ამ მინის სახურავს იქით ხომ ყველაფერი მომაკვდინელებელია... მე რომ მკითხოთ, მთვარეზე თუ რამე არის პოეტური, მაშინ დედამიწა ყოველგვარ პოეზიაზე მაღლა დგას. აბა, რას შეიძლება დედამიწა შეადარო? მთელი დედამიწა კი არა, მისი ერთი ნაკუწიც კი. . . - მაშინ რაღად აიკვიატე, მთვარეზე წავიდეთო. წავსულიყავით სადმე ზღვაზე ან მთაში დედამიწაზე, მე სულაც არ მინდოდა ჩვენი თაფლობის თვე მთვარეზე გაგვეტარებინა. - მე ავიკვიატე? სულაც არ ამიკვიატებია. ერთხელ ვთქვი და შენც მაშინვე დამეთანხმე. რატომ უარი არ მითახარი? - არ მინდოდა შენი წყენინება და იმიტომ დაგეთანხმე. თორემ მე მთვარეზე ადრეც ვყოფილვარ. ვიცი, რაც არის. - მე კი არაფერი ვიცოდი. უნდა მაშინვე გეთქვა ყველაფერი, გაგეფრთხილებინე. ახლა კი ამბობ, აიკვიატეო. უკვე ასე ალაპარაკდი. - აჰა, ხედავთ? თვითონ მოინდომა და როცა უსიტყვოდ დავეთანხმე, ამით თურმე დამიშავებია. კიდევ აქეთ მედავება. - რაო? მე ვარ დამნაშავე? რას ეძახი დანაშაულს? მე ხომ გითხარი, არ ვიყავი მთვარეზე ნამყოფი. ახლა გინდა ეს მაინცდამაინც დანაშაულად ჩამითვალო? კარგი, ასე იყოს. შეგიძლია დამსაჯო კიდეც ამ დანაშაულის გამო, როგორც გენებოს. - რას ამბობ, მე სულაც არ ვაპირებ შენს დასჯას. - არ აპირებ? ესე იგი, შეგიძლია მაპატიო, არა? ო, რა გულმოწყალე ხარ, ჩენო ძვირფასო. - როგორი ტონით ალაპარაკდი, რა მოგივიდა? - არაფერიც არ მომივიდა. რა საშინელებაა. თაფლობის თვის პირველი დღეებიდან სრულიად უსაფუძვლოდ დამნაშავედ გამომაცხადა. ალბათ არც იმას მოერიდება, მეტად მკაცრი მსჯავრი გამოიტანოს. ასეთი დანაშაულის პატიება როგორ შეიძლება... მერე რაღას იზამს ნეტავი? - რაღას ვიზამ? როცაკიდევ მოისურვებ სადმე გასეირნებას, მე დედამიწაზე დავრჩები, იქ ვისეირნებ, მდინარეზე ვივლი სათევზაოდ, მთებში ვიმოგზაურებ. შენ კი პლუტონზე გაგამგზავრებ. აქ რომ ასე გაწუხებს მზე, ავ თვალს ჰგავსო, იქ აღარ შეგაწუხებს. იქიდან მზე ბევრად უფრო მკრთალად მოჩანს - უღრმესი მადლობა! მაგრამ ასე არ გამოვა. სჯობია, შენ გაემგზავრო პლუტონზე. მე კი დედამიწაზე დავრჩები. მდინარეზეც ვითევზავებ და მთებშიც ვისეირნებ, ტყეებშიც, შრიალა, მწვანე ტყეებში. - ითევზავებ? ოთახიდან ცხვირს გარეთ რომ არ ჰყოფდი, დაგავიწყდა? ყველაფერი, რაც შენ ჩამოთვალე, მხოლოდ ეკრანზე გაქვს ნანახი, ქალაქის პარკში თუ გაისეირნებდი ხოლმე, ისიც იშვიათად. - ბარემ პირდაპირ მითხარი, ჩემი თავიდან მოშორება გინდა ხომ? ქალის ხმაში აშკარა წყენა ისმოდა. ვაჟს გულიანად გაეცინა. - კარგი გენაცვალე. გეხუმრე, მართლა კი არ გაგიშვებ პლუტონზე. ქალმა ხმა აღარ გასცა, ცრემლები ღვარად წამოუვიდა. - ნუ ტირი, - სველ ლოყაზე მოეფერა ვაჟი, - გაპატიებ ამ დანაშაულს, ნუ ტირი. - თავი დამანებე, - ქალმა ხელით მოიშორა ვაჟი და მხარი იცვალა. - როგორც გენებოს, - ვაჟმაც ზურგი შეაქცია ქალს, ერთმანეთისაკენ ზურგშექცეულები უბრად მიეფიცხნენ მზეს. ქალმა ცოტა ხანს ისლუკუნა და გაჩუმდა. ლეიბზე პირქვე გაწოლილმა ცრემლებით დაბინდული თვალები მთვარის ქვიშას გაუშტერა. უცბად რაღაც მწვანე წერტილმა გაუელვა თვალწინ. ქალმა ცრემლები მოიწმინდა; მწვანე წერტილი პაწაწინა მწვანე მცენარე აღმოჩნდა, ნაცრისფერ გოროხებს შორის ამოწვერილიყო. ქალს განცვიფრებისაგან თვალები გაუფართოვდა. - ეს აქ საიდან გაჩნდა? - წამოიძახა უნებურად, არავისთვის არ მიუმართავს. სულაც არ აპირებდა, ვინმესთვის გაეზიარებინა გაოცება. ვაჟს გვერდი არ შეუცვლია, ალმაცერად გადმოხედა. - გასაოცარია, დაუჯერებელია, - ჩურჩულებდა ქალი თავისთვის და გაფართოებული თავლებით დაჰყურებდა ბალახისტოლა მცენარეს. ვაჟი შეიშმუშნა, უფრო მოხერხებულად დაწვა. - არაფრით დავიჯერებდი, ჩემი თვალით რომ არ მენახა, - ქალი თითებით ფრთხილად მიეალერსა პაწია ფოთლებს. ვაჟმა ვღარ მოითმინა, წამოიწია და საკმაოდ ამრეზილი სახით დახედა ქალის აღტაცების ობიექტს. პაწია მცენარის დანახვისას სახის ნაკვთები შეურბილდა, თუმცა საკმაოდ მკვეთრი ხმით თქვა: - რა არის აქ ასეთი საოცრება. მცენარეა, მეტი არაფერი. - რაო? არაფერიო? - ძუ ვეფხვივით მოიმართა ქალი, - შენი აზრით საოცრება არ არის? მთვარეზე მწვანე მცენარე! - მთვარეზე კარგა ხანია არის სათბურები. იქ არის მწვანე მცენარე, რამდენიც გინდა. - სად სათბური და სად მთვარის ეგზოტიკური ოაზისი. სათბურში ყველა პირობაა, რომ მცენარემ იხაროს. დედამიწის მსგავს ნიადაგს უქმნიან, რწყავენ. აქ კი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სადეზინფექციო აეროზოლებს აფრქვევენ ყოველდღე. განა სასწაული არაა, ამ მცენარემ რომ აქ იხეირა. - მაგაში მართალი ხარ, - დაეთანხმა ვაჟი, - მართლაც სასწაულით გადარჩენილა. ორივენი გაჩუმდნენ და ისე დააცქერდნენ პაწია მცენარეს, როგორც რაღაც სასწაულს. მერე ვაჟმა გამოთქვა თავისი ვარაუდი; - ხედავ? გოროხებს შორის არის მოქცეული, ესენი იცავდნენ მზის სხივებისგან და ნაწილობრივ აეროზოლებისაგანაც. ნახე, როგორ შეუფარებია თავი, საიმედო ადგილისთვის მიუგნია. - კი მაგრამ აქ ხომ წყალი არაა, თანაც მთვარის უსიცოცხლო ნიადაგი... ‘’ოაზისში’’ჰაერის ტენიანობა იგივეა, რაც დედამიწაზე, ჰაერიდან მიიღებდა ტენს. ნიადაგზე კი რა მოგახსენო, მეც ძალიან მიკვირს. რამხელა ძალა ყოფილა ამ ერთი ბეწო მცენარეში. ორივეს სახეზე ისეთი სითბო და სინაზე აღბეჭდოდა, როგორც მოყვარულ მშობელს პატარა პირმშოს დანახვისას. - აჰა, აგისრულდა ნატვრა, ხომ ნატრობდი მწვანე მცენარეებს, - შეჰღიმა ვაჟმა ქალს. ქალსაც გაეღიმა. - ნატვრა მართლაც ამისრულდა, როგორ გამახარა ამ ციცქნა მცენარემ. კიდევ უფრო გაუბრწყინდათ თვალები. - ნეტავი რა მცენარეა? - იკითხა ქალმა. - არ ვიცი. როცა ასე პატარაა, ყველა მცენარე ერთმანეთს ჰგავს. - ძალიან მაინტერესებს, რა შეიძლება აქედნ გაიზარდოს. - მერე გაზრდას ვინ დააცლის? გაღვივება და აღმოცენება კი მოახერხა რაღაც სასწაულით, მაგრამ რაც უფრო ამოიწვერება, მით უარესი მისთვის. სხვა თუ არაფერი, მზის სხივები გაახმობს. მაგას დიდი დღე არ უწერია. - საბრალოვ, - წაიჩურჩულა ქალმა და ნაღვლიანი სახით დახედა პაწია მცენარეს, - თურმე რა პატარა ხანი გქონია... რა საშინელებაა, დასძლიო ამდენი წინააღმდეგობა, მერე კი მაინც დაიღუპო. - ჰო, მართლაც დასანანია, - ჩაილაპარაკა ვაჟმა. ახლა უკვე სევდიანი სახეებით დააცქერდნენ პაწია მცენარეს, მისი ბედიღბლით შეშფოთებულები. ქალი თავისთვის რაღაცას ფიქრობდა, თან თითებით მცენარის ახლომახლო ქვიშაში წრეებს ხაზავდა. მერე მისი თითები მცენარის ირგვლივ გოროხებს მიწვდნენ, მისწიმოსწიეს ისინი და პაწია მცენარე ფრთხილად ამოქექეს მიწიდან. - რატომ ამოთხარე, - შეეკითხა ვაჟი, - ცოტა ხნით გეცლია სიცოცხლე. - ცოტა ხნით არა, - ქალმა ძაფივით წვრილფესვებიანი მცენარე ფრთხილად დაიდო ხელისგულზე, - დიდი ხნით მინდა იცოცხლოს. - რას უპირებ? - თან უნდა წავიღო დედამიწაზე. - დედამიწაზე? კი მაგრამ რად გინდა... ქალმა გაბრაზებით გადახედა. - კარგი, წავიღოთ, - სასწრაფოდ დაეთანხმა ვაჟი, - შეგვიძლია იქ სადმე დავრგოთ... - იქ სულ მალე გაიზრდება, - აღგზნებით ჩამოართვა სიტყვა ქალმა, - არაფერს არ მოვაკლებ, ისე გავუფრთხილდები.. - მსგავსიც კი არაფერი მსმენია, - გაეცინა ვაჟს, - მწვანე მცენარე მთვარიდან... ქალსაც გაეცინა, აღარაფერი უთქვამს, კვლავ თავის ფიქრებს გაჰყვა. - კიდევ ერთი ღამეც და შინ ვიქნებით, - თქვა ვაჟმა ცოტა ხნის დუმილის შემდეგ, - მეგობრებს მოვინახულებთ, ზღვაშიაც ვიბანავებთ. საზრუნავიც ბევრი გვაქვს, ბინაც შესაკეთებელია. საღებავებიც უნდა შევარჩიოთ. როგორ ფიქრობ, რა ფერად შევღებოთ ჩვენი ბინა? ქალი არ გამოხმაურებია. - არ მისმენ? - ხელი ხელზე მოკიდა ვაჟმა. - რა? - გამოფხიზლდა ქალი. -გეკითხები, არ მისმენ-მეთქი? - მართალი გითხრა, არა, - გამოტყდა ქალი. - რაზე ფიქრობ? ქალი შეყოყმანდა, დარცხვენით გაიღიმა. - ისევ ეს პაწაწუნა მიტრიალებს თავში, - თქვა მან, - ნეტავი რად გადაიქცევა, როცა გაიზრდება. ხომ შეიძლება დიდი მუხის ხე გაიზარდოს მისგან, თუნდაც ჩინარი, ან ძეწნა, ჩემი საყვარელი ძეწნა, აბრეშუმივით რბილ ტოტებს რომ დააფენს მიწაზე ზღაპრული ალივით...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|