რა აზრი ჰქონდა ამდენ იმედს, სასოწარკვეთას, ნისლის სველ მკერდში გაჩრილ დუმილს, ღამის ჯოჯოხეთს თუ მაინც უნდა დამკარგვოდი, ახლა ამდენად რთულ საკითხებზე საუბარი არის კორიდა სადაც სტრიქონთა წვრილი ხმლებით პირისპირ ვდგავარ ეჭვების ხარის და მის გრძელ რქებს შეეძლოთ თუნდაც ჩემი გაფატვრა, არ მოვიქნევ ამ ხმლებს არაფრით, რადგანაც ვიცი ცოცხალი ვარ სევდის თანახმად.
ხაზებად გასდევს არსებობას ნათელი დროის მკრთალი წუთები - ისე მცირე, თითქოს და არც კი ყოფილან თითქმის ეს წუთები და თითქოს ამცრა სიკვდილის ჩხვლეტამ. მოკვდავი ვარ. არ ვიცი როდის, სად დაიჩოქეებს, რომელ კართან ჩემი აქლემი, როგორ ამინდში გამიტაცებს ბედი ტალღისკენ. იქნებ ცხოვრებაც ლექსებია, რომლებიც არსად იკითხება და იფერფლება ჩუმად. სავსებით მავსებს უშენო ღამეების მსუბუქი ქარი. ყოველთვის სხვისო, მაინც ისე ძალიან მსურდი, როგორც ომებში გადარჩენილ დაღლილ კაცს ქალი და ყველა ქალში დაგეძებდი, ბავშვობის ქურდო.
რა სილაჩრეა, სიტყვას ანდო, შენში რაც იწვის, გწამდეს რომ ხელებს შეუძლიათ რაიმე შექმნან და შიშთან ღამით დადებული უთქმელი ფიცი ტეხო და მერე აიტანო - ლაჩარი გერქვას. რა აზრი ჰქონდა ამდენ იმდეს, ან რისი ძალა, როდესაც ქშენით ავლილ აღმართს კვლავ გრძელი მოსდევს აღმართი, გრძელი... მე ცოცხალი ვიქნები ხვალაც და შენ კი ისევ არ იქნები ჩემს გვერდით. ყოველ ნაბიჯზე მეტი ის ფიქრია, რაც ნაბიჯს ზიდავს უფერულ მხრებით, სანამ წვიმა წაშლიდეს ბილიკს. მე და შენ თითქოს ღმერთის ფერად სიზმრებში გვძინავს და ერთადერთი მხოლოდ ჩვენი არყოფნის ვიცით წესი და რიგი. კიდევ არის ტკივილის მშვიდი ჩურჩული მკერდში, არის ეჭვი და არის სიცხე შეხვედრის ელდის. შორს ზეცაში მიფრინავს შვიდი ბეღურა და მეც მათთან ერთად მივფრინავ თითქოს ჩემი იღბლისკენ. უიღბლობის არასდროს მწამდა. უბრალოდ მსურდი, მიყვარდი და უბრალოდ გწერდი უბრალო სიტყვებს და ზაფხული სიმწარეს გავდა მხოლოდ და მხოლოდ შენი მშვიდი უარის ნებით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მძიმედ წასაკითხია და რთული ტექნიკით შესრულებული. როგორც ერთგული მკითხველი, ახლაც მოხიბლული ვარ :)) მძიმედ წასაკითხია და რთული ტექნიკით შესრულებული. როგორც ერთგული მკითხველი, ახლაც მოხიბლული ვარ :))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|