ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ზურია მოკვდა. თავი დაიბრიდა. აი ასე უბრალოდ, ადგა და მოკვდა. წავიდა. არა, ციხეს ვერ გაუძლო და მსგავსი ბაზარი მაგარი სისულელეა. რაის ვერ გაუძლო, მაგ ჩემისამ, ერთი არ დაბადებულა ზონაზე, თორე მთელი ცხოვრება იქ არ გაატარა?! ცხოვრება რა, მაგასაც თუ ცხოვრება ერქვა. სად იყო, ბიჭო, ცხოვრება, ალია-ბალია 24-ის თუ იქნებოდა. მეორე სროკს იხდიდა. ტუბში იჯდა. სუსტი ფილტვები ჰქონდა... ან კი როგორ ედგა სული, რას ჭამდა რო? მთელი ცხოვრება მშიერი იყო: ჯერ შიოდა და არ იცოდა რა ეჭამა, მერე როცა ჰქონდა, აღარც უნდოდა, გადაჩვეული იყო თითქოს. არც მინახავს, მაგას ლუკმა გადასცდენოდეს ყელში. არაყს სვამდა. ცოტას, მალალიტრაშკა იყო. 2 ჭიქა და უკვე უჟუჟუნებდა თვალები, რაღაც თავის ხოდებში იყო, სხვაგან ფიქრობდა. აი მოწევით კიდევ, იმის დედა, პარაოზს თუ ექშუილოს მაგდენი, ეგ რომ აფუილებდა. ეს ფილტვები ხომ ჰქონდა დახვრეტილი, გაუბედურებული, ექიმი ცალკე ემუქრებოდა და ჩვენ ცალკე ვეხვეწებოდით, არაფერმა გასჭრა. ერთი ამ ცხოვრებისაცო, შეიკურთხებდა და გამოჰკრავდა ხოლმე ნაფაზს კარგა გულიანად. მაგრად ეკიდა სიცოცხლე. ბოლოს რაღაცნაირად ყველაფერი ეკიდა. ცუდ ზავიძენიაში გავიცანი. ახლა კი მეცინება, მაგრამ მაშინ... არყის ქვაბი მომპარა. ქვაბი კი არა, ქვაბის თავსაფარი. აუჰ, მაშინ რა ავითხარე! ბიჭო, არყის ქვაბზე კი არაა, მამენტ როგორ არაა, პაპაჩემის ქვაბი იყო, პაპა კიდევ მაგრად მევასებოდა, ვენაცვალე იმის სულს, მაგრამ მანდ კიდევ სხვა ბაზარი იყო. უჰ, რა დღე იყოო: პახმელიაზე ვარ, ამომდის სული. თვალებს ვერ ვახელ, ვნატრობ ვინმემ ახლა ერთი ჭიქა არაყი მომაწოდოს, იქნებ ცოტა გახსნას. ბევრი რომ არ ვიბაზრო, ისე ვარ, ვიბრიდები. საკუთარი სუნთქვის ხმაც კი ნერვებზე მშლის და დედაჩემის კივილი მესმის. ვაი-უშველებელი აქვს ატეხილი. წამოვხტი, რამდენადაც ჩემი მდგომარეობა მაძლევდა წამოხტომის საშუალებას. რა იყო, ქალო, კლავენ ვინმეს-მეთქი. -იწანაწალე შენ აღმა-დაღმა, ოჯახი შენ არ გადარდებს და მაგიტომ განიავდა ყველაფერიო,- მოჰყვა კარაბადინს, სულ წვრილამად ჩამომიმარცვლა ჩემი გაუბედურებისა და ოჯახის შერცხვენის ამბები. სხვა დროს გავჭედავდი, ახლა კიდე ამის თავიც არ მაქვს და მოკლედ თქვი, თორე დავიბრიდე-მეთქი, შევუღრინე. -არყის ქვაბი წაუღიათ იმ ოჯახამოწყვეტილებსო,- და ახლა იმ ქურდების წყევლა-კრულვა აღარ დაასრულა. ჯერ იყო და ვერ მივხვდი, მეთქი რას ბაზრობ, დედაჩემო, გავვარდი მარანში. აუ, რას ავიჭერი, ჩემი ასე და ისე თუ არ გადავხერხო-მეთქი და ეგეთები. მე, ძმაო, სახელი მაქვს ისეთი, პაპაჩემის ნაქონი არყის ქვაბი კი არ უნდა აეწაპნათ სახლიდან, თან რომ კედლის მეორე მხარეს მე მეძინა და ჩემი სლავი ნაშები მეზმანებოდა, ოქროს ზოდები და თვალ-მარგალიტი რომ მომებნია კარს იქით, იმისთვისაც გვერდი უნდა აევლოთ. დავყურებ ამ თავსაფრის გარეშე დარჩენილ სპილენძის ქვაბს და რაღაც ვერაა ისე, როგორც უნდა იყოს. სულ გამოვიმასქნევდი, ბიჭო, რა ჩემ ფეხებად უნდოდათ, მარტო თავსაფარი-მეთქი. თუ იმის ერთი ადგილი ჰქონდათ, ჩემს სახლში შემოდიოდნენ, მაშინ ქვებიც წაეღოთ. . . მაგრამ რა რაზნიცა ქვაბი იქნებოდა თუ თავსაფარი?! იკადრა? მოეთხოვება! არაყი ეგრევე გამომნელდა და იმის დედა, შემსურლებელი ვარ. დავაყენე უბანი ფეხზე. მივდექით-მოვდექით და ზურია და იმის ძმა იყვნენო. ზურია და მისი ძმაო? და ზურია ვინ ჩემისაა-მეთქი. აქ მე ყველას ვიცნობ, არ ვიცნობ და თვითონ ხომ მაინც იციან, ვინ ვარ. უფრო გავმწარდი. მეთქი, მომითრიეთ ყურებით! აუ, აჭრილი ვარ მაგარი, ტვინში მასხამს სისხლი. თან ეს გუშინდელი არყით გამოტყვრომა, მაგარი მურტალ ხასიათზე ვარ. დიდი ჯახი იქნება. ადგილზე ვეღარ ვჩერდები, ვაწყდები საკუთარ თავს. მალი-მალ ჩემი იარაღისკენ მიმირბის ხელი. დავუხვრეტავ-მეთქი კოჭებს... მომიყვანეს... აღარ ვიცი, ვიცინო თუ ვიტირო. ეს ზურია კიდე დგას და შემომყურებს სახეში ჯიქურ, წარბსაც არ იხრის, თვალს არ ახამხამეს. მაშინვე დამევასა. სადღაც გულში მიხარია მისი ასეთი დგომა, ასეთი დაჟინებული მზერა, ასეთი სითამამე, ძმა კიდევ დგას თავჩაღუნული, დაგლეჯილი ფეხსაცმლის წვერებს დაჰყურებს და მხრები უცახცახებს. მიწას არ ასცილებია არც ერთი. ზურია არაადამიანურად გამხდარია და რახიტიანი თავი აქვს, დიდი, მსხვილი, ბუდეებიდან ამომჯდარი შავი თვალები და ისეთი გამჭვირვალე კანი, ლიმნისფერი დაჰკრავს. 7-ის იქნება, ბევრი-ბევრი 8-ის. ძმა ცოტა უფროსი ჩანს, მაგრამ ზედვე ეტყობა, მისგან არაფერი გამოდნება. ეს კიდევ, ზურია, მგლის ლეკვია, მშიერი მგლის ლეკვი, ყველაფერს შეჭამს, რასაც მოერევა. ასეთი დაბნეული არც მანამდე და არც მერე, არასოდეს ვყოფილვარ. ვდგავარ პირ-დაღებული და გარტყმაში არა ვარ, რა ვთქვა და რა ვქნა. ამ ზურიას კიდევ 5 ზომით დიდი ჯინსი აცვია, ვიღაცის გვარიანად ნახმარი, ჯიბეებში ჩაუყვია ხელები, მხრები აუწურია და თავისი გადმოკარკლული თვალებით სულში მიძვრება. ხმას არც ის იღებს და ვერც მე, მაგრამ ისე შემომყურებს, ვგრძნობ მეუბნება, ფეხებსაც ვერ მომჭამო. ისევ ვიჭრები. -ვისი ბიჭები ხართ?- ვეკითხები და ნერწყვს ძლივს ვყლაპავ. საკუთარი ხმა მეუცხოვება და კიდევ უფრო ვბრაზდები, მამაშენს მაინც გავხევ შუაზე, მოეთხოვება, ბიჭო, სად გზავნის ბავშებს, რას ასწავლის, ვაფშემც ვინაა, რა ცხოვრებით ცხოვრობს, რას წარმოადგენს. -ნადიას ბიჭები ვართო,- იმ მეორემ ამოილუღლუღა და ცრემლი ვეღარ შეიკავა, ატირდა. ამან კიდევ მუჯლუგუნი წაჰკრა, გაჩერდიო, შეუბღვირა. მერე ისევ შემომხედა თვალებში და თავისი ჩიყვიანი ყელიდან გამოანერწყვა. ავადებ ახლა კაი ალიყურს, ვიმუქრები გულში, მაგრამ კარგად ვიცი, არაფრის გამკეთებელი მე არ ვარ ამ ბავშვებისთვის. -მამაშენი ვინაა?- ისევ ვეკითხები. -არ იცნობ!- ახლა ეს მეუბნება, ზურია. -ჰოდა, უნდა გავიცნო, მოვეფერო ცოტა,- რას ვებაზრები-მეთქი ამ ღლაპს, საკუთარი თავის მრცხვენია. -მოგიწევს კუკიაზე წასვლაო!- რაღაცნაირად ნაგლურად მეუბნება, აუ, აქ კი მეკეტება, ამ ლაწირაკს უყურე, მემუქრება კიდევაც, ახლა რომ მოვკიდებ კეფაში ხელს და ჭიტლაყს ამოვუჭერ... და უცებ მოვდივარ აზრზე. -ობოლი ხარ, ბიჭო?- ისეთი მავედრებელი ხმით ვეკითხები, გული მეკუმშება. მერე და მერე ვიგებ რაღაცებს, ღვთიმსშობლის ტაძრის გვერდით უცხოვრიათ, მამა არ ახსოვთ. ნადია კიდევ კაი შებერტყილი აღმოჩნდა, შებერტყილი და თან ბოზი. იძლოდა და ორ კაპიკს შოულობდა, სანამ მუცელში წყალი არ ჩაუდგა და ტიკივით არ გაიბერა. აღარავინ უკაკუნებდა კარზე და დარჩნენ ბავშვები ობლის 14 ლარიანი პენსიის ამარა. და ის პანესიაც, ჩვენი მთავრობის მკვდარი და ცოცხალი რომ მოვიკითხო, რამდენიმე თვე ეყინებოდათ. ალუმინის შეგროვებით დაეწყოთ, მერე სანაგვეებზე რომ ბევრი აღარაფერი გამოდიოდა, ვიღაცებს ღობე აუხსნეს, ვიღაცებს სპილენძი ასწაპნეს... ჩემს ქვაბს რომ მოადგნენ, ძვრა ვერ უყვეს და სახურავი წაიღეს თრევა-თრევით, უკვე კარგა სტაჟიანი მომპარავები იყვნენ. პირველად რომ ჩასვეს, სრულწლოვანი არ იყო, იმ ჩათლახმა გივიამ უჩივლა, მაღაზია გამიძარცვესო. არა და ორი ბოთლი მსხლის ლიმონათი, ერთი გაფიჩინებული კალბასი, თევზის კონსერვები და ერთი ბლოკი ქემელი წაეღოთ. მარტო არ იყო, მაგრამ ძმა არა და არ დაასმინა, თავის თავზე აიღო. იქვე დაამატა, ზონაზე გადაიყვანეს. რომ გამოვიდა, დედა საგიჟეში იყო გამომწყვდეული, მანამდე კიდევ, ცეცხლი მიეცა სახლისთვის. მღვდლებს ემარჯვათ, მადლობა ღმერთს, მიესწროთ და ეკლესიაზე არ გადასულიყო ცეცხლი. სახლი ჩანაცრებული დაუხვდა. ძმას პატარა ქალაქის თონეში ეშოვა ადგილი, პურს აცხობდა და იქვე ეძინა. ზურია კიდევ გამოვიდა და დაჭრილი ნადირივით ედებოდა სამყაროს. კრინტს არ ძარავდა, ვითომც და აქ არაფერიო, ერთი არ დაიწუწუნებდა. არ ჰქონდა და იყო მშიერი, ჰქონდა და ხარჯავდა. უბანში ბავშვებს თუ მოჰკრავდა თვალს, წაიყვანდა მაღაზიაში და სტაიანჩიკ მაროჟნებს უყიდდა. მაგრად ევასებოდათ ეს ჩემისა. მემაროჟნე ხარ, შე ჩემაო, ვეღადავებოდით. იცინოდა და აფუილებდა. ერთ დღეს თქვა, ისაო, ერთხელ არის და პატარები ვართ მე და ჩემი ძმა, მოვდივართ სახლში და მარო გვეძახისო, აი აღმართის დასაწყისში რომ ბუტკა ჰქონდაო, შუქი ჩამქრალა, უდნება თურმე მაროჟნი და მოგვცა, ჭამეთო. ჰოდა, როცა რამე კარგზე მინდა ვიფიქრო, იმ მაროჟნის გემო მახსენდებაო. დაჭლექდა. მკურნალობა სჭირდებოდა, თორე უეჭველად დაიბრიდებოდა. სულ ძალის-ძალით წავიყვანეთ ექიმთან. იმან კიდევ, შენო მთა გინდა და ნაძვნარი, ექიმის მეთვალყურეობა, თაფლი და კარაქიო. -თაფლი, კარაქი, ცხელი რძე, თბილი საწოლი, ნაძვნარი და კაი ცხოვრება რომ მქონდეს შენთან კი არ მოვიდოდიო, - გაიცინა. -იცინე, იცინე და თუ არ მიხედავ საკუთარ თავს, დიდი დღე არ გიწერიაო. -შენს ენაზე ქნას ჩვენმა მურამო,- არც აცია და არც აცხელა გიორგამ. კინწის კვრით გამოგვყარეს. მერე კიდევ დიდხანს ვიცინოდით მაგ ამბებზე, მაგრამ ეგეთი სიცილის დედაც ვატირე. ყველა მაგარი ცუდ პონტში ვიყავით, მაგრამ მაინც გავიქაჩეთ. შანსი არააო, გვითხრა. შენ მიაყე ახლა და ნუ მიედ-მოედები, ჩაალაგე და სურამში მიდიხარო, არც ჩვენ დავიხიეთ. ჩემს ჩანთაში არ ეტევა ტანსაცმელი და რამე ჩემოდანს ხომ ვერ დამითრევთო,- იხუმრა. ჩვენ მაყუთზე ვჩალიჩობდით და ზურიას კიდევ ეს ხველება უფრო გაუძლიერდა. სისხლს იღებდა. მართლა არ დაიბრიდოს ეს ჩემისაო,- ბრდღვინავდა გიორგა და ღმერთს სულ უსამართლო ცინიკოსს ეძახდა. ერთი საღამოც არის და გაუდვია მხარზე თავისზე 2-ჯერ დიდი ფიცრები, ხერხი, ჩაქუჩი და ათასი მაიმუნობა და ძლივს მოათრევს. ჩვენ კიდევ ლევანასთან ავდივართ, კაი მეგრული ტარიანი უნდა შევაკეთოთ, რა არისო ბიჭო ეგ. არ გვიპასუხა, დაყარე და წამოდიო, შევთავაზეთ, არ მცალიაო. ოჰ, შენც თათბირზე არ დაგაგვიანდესო. მაიტა მაშინ მოგეხმაროთ მაინც შე უდღეურო, ჭიანჭველასავით ათჯერ დიდი ტვირთი რომ აგიკიდიაო. არ ქნა. თავი მივანებეთ. უბნის ბავშვებისთვის გაუკეთებია სკამი და მაგიდა, ბირჟას გაამაგრებთო. სიხარულით აღარ იყნენ. ის გამოქლიავებული კიდევ ძარცვაზე ჩასვეს. სამშენებლო მასალების მოპარვისთვის, საბავშვო ბაღის მშენებლობიდან მოუპარავს, დღისით, მზისით... პროკურორმა ესო საზოგადოებისათვის საშიშიაო, იმავე დანაშაულისათვის ვსვამთ ისევო, ესე იგი არ გამოსწორდა და რა გარანტია გვაქვს რომ გამოსწორდესო. ვერაფერი ისწავლაო. რა მჭირს გამოსასწორებელიო, გაითრიკა. და სულაც, მეც ბავშვებისთვის არ წავიღეო, იმ გიბსოებით შეთითხნილ შენობაში რომ არ გამოხუთოთ ბავშვები, რა ჰაერზე ვერ ასწავლით თუ რამე გინდათო? ჩასვეს. ამან კიდევ, პროტესტის ნიშნადო, ნესმი გადაყლაპა და მოკვდა. თავი დაიბრიდა. ზურია მოკვდა, აესე, ადგა უბრალოდ და მოკვდა. ღვთისმშობლის ტაძრის გვერდით შეშლილი ნადიას ნასახლარზე აღარავინ გამოჩენილა. ჩვენ კიდევ ვსხედვართ ზურიას გამოჩორკნილ, გვერდზე აყირავებულ სკამზე, ერთმანეთს თვალს ვარიდებთ, ნერწყს ძლივს ვყლაპავთ და ბავშვებივით რომ არ ავტირდეთ, გაცინებას ვცდილობთ და ვხვდებით: მართლა ვერაფერი ისწავლა ზურიამ, ვერც ჩვენ ვისწავლით ვერაფერს, ვერც ეს ბავშვები ისწავლიან, ვერც ეს ქალაქი ისწავლის.... ვერავინ ვერაფერს ისწავლის, სანამ ზურიას მსგავსი ბიჭებისა შეეშინდებათ, ისინი კიდევ, ის გამოქლიავებულები, უბრალოდ ადგებიან და თავებს დაიბრიდავენ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|