ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აინინა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
8 დეკემბერი, 2021


აღმოვაჩინე კიდევ ერთი „ჩემი წიგნი“ , იქნებ თქვენიც გახდეს (ფოლკნერის "სული რომ ამომდიოდა")

  „სული რომ ამომდიოდა“ იმ წიგნთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა კითხვასაც დაასრულებ თუ არა, მაშინვე უბრუნდები , მერე კი იქექები და იქექები ტექსტში, ეცნობი კრიტიკულ ლიტერატურას, რეცენზიებს, თვალსაზრისებს, გამოთქმულს ამ წიგნის შესახებ, რადგან გაწუხებს ის ბუნდოვანება, უცნაურობა, იდუმალება,  რაც ფოლკნერმა შემოგიცურა სულში ამ რომანით. რით იქცევს ეს რომანი მკითხველის ყურადღებას?
არჩილ ქიქოძე წერს: „ფოლკნერს ერთი თვისება აქვს-მისი მოთხრობილი სულ უმნიშვნელო ამბავიც კი მითად იქცევა, საკაცობრიო დრამად“. აი, ფოლკნერის რომანების  ერთ-ერთი ღირსება.
  ფოლკნერის შემოქმედების გამორჩეულობას მისი  სტილიც  განაპირობებს. .იგი სამართლიანად ითვლება ჯოისთან და პრუსტთან ერთად პოსტ-მოდერნიზმის მამამთავრად, ცნობიერების ნაკადის  შემომტანად ლიტერატურაში, რომელსაც თავად  „Tour de force“-ს (მარჯვე ხერხს), უწოდებს. რომანში „სული რომ ამომდიოდა“ 15 პერსონაჟის მიერ მოთხრობილ ამბავია გადმოცემული (ერთ-ერთი მთხრობელი თავად ედია, უკვე გარდაცვლილი), რომლებიც ვერც სიცხადით და ვერც თანმიმდევრობით დაიკვეხნიან, მკითხველმა თავად უნდა დაამყაროს წესრიგი.  თავდაპირველად იმის გარკვევაც კი ჭირს, ვინაა ეს პერსონაჟი-მთხრობელი, რა აკავშირებს დანარჩენებთან, შერეკილია, ბრძენი  თუ ზოგადად ადამიანის გაუკონტროლებელი ფიქრებია ასეთი აფსურდული, ბნელი, ორაზროვანი, თუ სულაც რაღაც სხვაზე მიგვანიშნებს მწერალი ...ფოლკნერის გასაგებად აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მკითხველმა, რომ იგი“ ბიბლიური ყაიდის მწერალია.... ძველი და ახალი აღთქმის თემატიკა მუდამ მსჭვალავს მის ნაწერებს“. (-ალეპოელი ალქიმიკოსი „უილიამ ფოლკნერის გარდაცვალებიდან 50 წლისთავის გამო“)
უილიამ ფოლკნერი -ფსიქოლოგიური პროზის დიდოსტატია.მისი რომანების კითხვისას ძალაუნერბურად ჩნდება ასოციაციები შექსპირთან და დოსტოევსკთან. ამ რომანის ერთ-ერთი ღირსებაც დოსტოევსკისეული პერსონაჟებია თავიანთი ბნელი და ნათელი მხარეებით,  (სხვათა შორის, ფოლკნერს ძალიან ჰყვარებია დოსტოევსკი).
14 პერსონაჟის ფიქრები დასტიალებს  ედი ბანდრენის , 5 შვილის დედის, გარდაცვალებისა და მშობლიურ ქალაქში გადასვენება-დაკრძალვის ამბავს, სწორედ რომ დოსტოევსკისეულ  ქალს თავისი მომხიბვლელობით და ნათელ-ბნელი მხარეებით. ამ ქალის გრძნობები, ურთიერთობა ქმართან თუ შვილებთან, ადამიანებთან თუ ღმერთთან 15 პერსონაჟის (თავად გარდაცვლილის ფიქრსაც გვაცნობს მწერალი)თვალთახედვითაა გადმოცემული, რაც, ერთი მხრივ, ბუნდოვანებას მატებს ამ პერსონაჟს, მეორე მხრივ, მას მრავალი მხრიდან გვაცნობს, როგორც ცოლს, საყვარელს, ცუდ თუ კარგ, საყვარელ დედას, სასურველ თუ პატივსაცემ ოჯახის ქალს, მკრეხელსა თუ გულწრფელს, რომელსაც ტყუილი სძულს, მაგრამ რაკი  სიმართლით ცხოვრება შეუძლებელია,  დუმს.
    ედის არც ნათესავები  ჰყავს, არც მეგობრები, იგი მარტოსული ქალია, რომელის სულშიც  ამ მარტოობისა  და გარიყულობისგან  უსიყვარულობასა  და ბრაზს დაუსადგურებია. იგი მასწავლებელია, მაგრამ არ უყვარს ეს „ცხვირმოუხოცავები“: ველოდი, ვინმეს რამე დაეშავებინა, რომ ერთი კარგად გამეწკეპლა.წკეპლას რომ გადავუჭერდი, ტკივილს ჩემი სხეული გრძნობდა, რადგან ჩემი სისხლი იქცეოდა. ყოველ დარტყმაზე ეს ფიქრი მიტრიალებდა: „არა, ახლა ხომ გახსოვართ? არც ახლა ვარ თქვენი ეგოისტური ცხოვრების საიდუმლოთა მოზიარე?! ჩემი სისხლი თქვენ სისხლს ახლა მაინც ხომ შევურიე-მეთქი“. იგი მოუთმენლად ელის ბოლო ბავშვის წასვლას, რომ წყაროზე ჩავიდეს, სადაც შეეძლო მშვიდად ყოფილიყო და“ ყველა სძულებოდა“.
ამ მარტოობისაგან  თავის  დასაღწევად მიჰყვება ენს ცოლად, რადგან სიყვარულად მიიჩნია ის ,რომ მას ოთხი მილით უნდა გადმოეხვია,  რომ სკოლასთან ჩამოევლო მის სანახავად, მხოლოდ თვალის მოსაკრავად. აღარ აცდის ამ გაუბედავ შეყვარებულს, ისეთ კითხვებს უსვამს, რომ სიყვარულის ახსნა აღარ დასჭირდეს  (რომ ახალი სახლი აქვს და ფერმაც , რომ მარტო ცხოვრობს და ცოლის შერთვასაც აპირებს.), ენსს ისღა დარჩენია დაუდასტუროს: „მხოლოდ ამის სათქმელად მოვედიო“..  მხოლოდ მოგვიანებით მიხვდა, ეს სიყვარული არ ყოფილა. ცხოვრებამ ასწავლა, რომ  „სიტყვებს არავითარი კავშირი არა აქვთ იმასთან, რასაც ისინი გამოხატავენ. რომ სიტყვებიც, ისევე როგორც ყველაფერი ბუნებაში, მხოლოდ სიცარიელეს ავსებენ და მეტი არაფერი, ან იმისთვის არსებობენ, რომ ერთმანეთი სიტყვების ქსელში ისე გააბან ადამიანებმა, როგორც ობობამ, „რომელიც პირით ერთ ძაფზე ჰკიდია, ქანაობს, წრიალებს და თავის ქსელს ისე აბამს, რომ ქსელს არც კი ეხება“. ამიტომ ფიქრობს, რომ „შიში იმან მოიგონა, ვისაც შიში არ განუცდია, სიამაყე კი იმან, ვისაც სიამაყე არასოდეს ჰქონია“.
ენსისაც ჰქონდა თავისი სიტყვა სიცარიელის შესავსებად და ამ სიტყვას „სიყვარულს“ ეძახდა, თუმცა ედი მიხვდა ,რომ  ეს სიტყვა მისი ქმრისთვის არაფერს ნიშნავდა, ვინაიდან  „ ყველა სიტყვა, რომელიც საქმედ არ იქცევა, მხოლოდ ადამიანის სულში დასადგურებული სიცარიელეა“ . ჯერ ფიქრობდა, რომ ენსმა თავისი „სიყვარულით გააბრიყვა“, მისი მოკვლაც კი უნდოდა, მაგრამ მერე მიხვდა, რომ „ენსისა და მისი სიყვარულით კი არ იყო გაბრიყვებული, არამედ ისიც და ენსიც  სხვებისგან უფრო ადრე ნათქვამი სიტყვებით იყვნენ გაბრიყვებულნი. მაინც შურს იძიებს იმ ცარიელი ცხოვრებისთვის, რომელიც ენსის „სიყვარულმა“ უძღვნა და ანდეძად უბარებს ქმარს მშობლიურ ქალაქში გადაასვენოს და იქ დაკრძალოს. არც აქ უმტყუნა ქალურმა ალღომ ედის,  ენსის „ცარიელი სიყვარული“  სხვა ობიექტს ირჩევს მაშინვე, როგორც კი ცოლს მიწას მიაბარებს.
ედი განსხვავებული და გამორჩეული ქალია, რომელიც დადგენილ წესებს არად აგდებს და თავისი წესებითა თუ მორალით ცხოვრობს. ამ პერსონაჟის მეშვეობით მწერალი გვიხატავს  ადამიანის კონფლიქტს საკუთარ ,,მე’’-სთან, რასაც ფოლკნერი უწოდებდა ,,გულის ჭიდილს საკუთარ თავთან’’. შვილების დაბადების შემდეგ  თითქოს მთავრდება ენის  სიმარტოვე და „ყველაფერს აზრი დაუბრუნდა”, ვინაიდან ედი ჯერ ორი გახდა, შემდეგ სამი..და მაინც არ აღმოჩნდა ეს საკმარისი. სწორედ მაშინ გაბედა  ენდიმ სიყვარული  , როცა უკვე ორი შვილის დედა იყო. ესაა ცოდვიანი სიყვარული,ჩადენილი მღვდელთან, რომელიც „მისი სულის გადარჩენას ცდილობდა“, ძნელია იმის თქმა, ნამდვილად  უყვარდა ედის უიტფილდი თუ    მასთან ურთიერთობა „მკვდარი“ ქმრისგან და სიცარიელისგან, უსიყვარულობისგან  თავის დაღწევის საშუალება იყო. ვფიქრობ, ნამდვილი სიყვარული უფლებას აღარ მისცემდა ენსის მსგავსი უღირსი კაცის გვერდით გაეგრძელებინა ცხოვრება, კიდევ ორი შვილი გაეჩინა მისგან და უკვე ექვსი გამხდარიყო. ედი ძლიერი სულის ქალია. იგი დუმილით და საოცარი სიკერპით  იტანს ყოველგვარ გასაჭირს, სულიერი იქნება თუ ფიზიკური, უსიყვარულობასა და მარტოობას თუ პირუტყვულ შრომას, რადგან თუ ენსის ხასიათს გავითვალისწინებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ მთელი სიმძიმე ფერმერის შრომისა  მის მხრებზე გადადიოდა. ამიტომაც ამბობს ექიმი, როცა ავადმყოფი ენსის გასასინჯად იხმობენ:  „როცა ბოლოს ენსის სურვილით დამიძახეს, ვთქვი: „ენსმა ედის სული მაინც ამოხადა–მეთქი“, და ეს სრული სიმართლე იყო... იმასაც მივხვდი, – რახან თვით ენსმა გადაწყვიტა, ექიმია საჭიროო, მაშასადამე, უკვე მეტისმეტად დაგვიანებულია-მეთქი“. ედი მომზადებული ხვდება სიკვდილს, თავისმა უსიხარულო და დუხჭირმა ცხოვრებამ კარგა ხანია გააზრებინა მამის სიტყვები, რომელთაც ხშირად უმეორებდა, რომ „ცხოვრება სიკვდილისთვის მზადებაა. ძნელია ოდესმე დაავიწყდეს მკითხველს ის უცნაური ეპიზოდი, სდაც მოთხრობილია როგორ ადევნებს თვალს ედი საკუთარი კუბოს დამზადებას. კეში ხშირად აჩვენებს დედას გათლილ ფიცარს, უთანხმებს ფორმას და ზომებს. როგორც ექიმი ამბობს,ედის სახეზე იგი ხედავდა იმ ქალებისთვის დამახასიათებელ  სიამაყეს, შმაგ სურვილს – „დამალონ ჩვენი სულმდაბლური სიშიშვლე, რომელიც თან დაგვაქვს, რომელიც შეგვაქვს საოპერაციო ოთახებში და მერე კვლავ მიწაში ჩაგვაქვს ჯიუტად და გაშმაგებით“
ედიმ იცის, რომ ცოდვა ჩაიდინა, მაგრამ არ ნანობს( „ვიცი, რა ცოდვაც მიმიძღვის, ვიცი, უფლის სასჯელის ღირსი ვარ, მაგრამ არ ვნანობ), რადგან სწამს, რომ ცოდვა, რომელსაც  ადამიანების  დასასჯელ იარაღად იყენებდა ღმერთი, „ თვითონვე შექმნა და  იმიტომ შექმნა, რომ ნება დაერთო მის ჩასადენად“. ედის 4 შვილი, როგორც თავად  ამბობს,“ მკვდარი ქმრისგან“ შეეძინა, ვინაიდან სწამს, რომ „ენსი მოკვდა, მაგრამ თვითონ არ იცის, რომ მკვდარია“, ცოდვიანი სიყვარულის ნაყოფი კი  ჯუელია, რომელიც ედის ცოდვად და სასჯელად მიაჩნია კორას, ედისთვის კი ჯუელი  არის „....ჯვარიც და ხსნაც“, სჯერა, რომ ის იხსნის „ წყლისგან და ცეცხლისაგან“, მთელი  ცხოვრება მას შესწირა და ის იქნება მისი „მხსნელი“.
  ედი ორი სიმბოლური სახითაა რომანში- ცხენი და თევზი.ედი- „ჯუელის დედა“, ცხენია, (ცხენი ქრიტიანულ ხელოვნებაში სიმბოლოა ლტოლვის, სექსუალური სიყვარულის, აგრეთვე სიმამაცის, ტანჯვის, განადგურების) ; ედი- ვარდამანის დედა  კი თევზია. („დედაჩემი თევზია“, თუ გავიხსენებთ წინაქრისტიანული ხანის იკონოგრაფიას,  ამ პერიოდში ქრისტიანებს შემუშავებული ჰქონდათ სიმბოლური იკონური ნიშნები და ამ სისტემაში თევზი ქრისტეს აღნიშნავდა (ბერძნ. ιχθυσ)
    ჯუელმა, რომელიც სიცოცხლეში მაინც და მაინც დიდი გულითადობით არ გამოირჩეოდა დედის მიმართ, თითქოს გაამართლა დედის იმედები, „იხსნა წყლისგან და ცეცხლისგან“ დედის კუბო შესაშური შეუპოვრობით,  მოხერხებულობით-ჯერ ადიდებულ მდინარეს გამოსტაცა, მერე კი ცეცხლს, როცა დარლიმ ფარდულში ხანძარი გააჩინა.მან საყვარელი ცხენიც კი დათმო დედისთვის, როცა მამამ განუცხადა, რომ ჯორების სანაცვლოდ  მის ცხენს დაჰპირდა სნოუპსს.  ყველა ფიქრობდა, რომ ჯუელი თავის ცხენს ვერ შეელეოდა, წავიდოდა და აღარასოდეს დაბრუნდებოდა ოჯახში, მაგრამ მან თავად მიუყვანა სნოუპს წვალებით,ღამით, ფარნის შუქზე მუშაობით შეძენილი ცხენი. ჯუელს, რომელიც  გარშემომყოფებს  უგულო, მედიდურ, ეგოისტ ადამიანად მიაჩნიათ, არც სხვების მიმართ გამოუვლენია უგულობა: სათითაოდ ამოაქვს წყლიდან კეშის ხელსაწყოები, ხოლო ცეცხლწაკიდებული ფარდულიდან მას გამოჰყავს პირუტყვი. მაგრამ ამას ყველაფერს სიყვარულით კი არ აკეთებს, არამედ ერთგვარი გაშმაგებით და თავმომწონეობით. უსიყვარულო გარემოში გაზრდილი ბავშვების სულიც საშინლად დაუმახინჯებია იმ სიცრუეს, თვალთმაქცობას, ულმობლობას,რომელიც ცოლ-ქმარს შორის არსებობდა.ჯუელის სულის სიცივე და უკუნი განსაკუთრებით ჩანს დარლისთან დამოკიდებულებაში. იგი მოულოდნელ  სისასტიკეს ავლენს ძმის მიმართ , როცა  მის  დასაკავებლად მოსულ კაცებს დიდი მონდომებით ეხმარება  მამასთან და დელთან ერთად ძმის გაკოჭვაში, თან გაჰყვირის: „მოკალით, მოკალით ეგ ძაღლიშვილი“. კეში აღშფოთებული ფიქრობს:ცუდად მოექცნენ, ცუდად, ასე ცუდად არ უნდა მოჰქცეოდნენ. არ შეიძლება, ასე არ უნდა მოჰქცეოდა“, მაგრამ თავადაც არაფერს აკეთებს მათ შესაჩერებლად.
ედის ყოველი შვილი დედის მეს ნაწილია.  ჯუელი და დარლი, ედისთვის ორი გამორჩეულად საყვარელი  შვილი, მისი პიროვნული მეს მართა და მარიამი,  სულისა და ხორცის ერთობლიობის, მიწიერისა და ღვთაებრივის განსხეულებაა.  კორა და დარლი მიიჩნევენ, რომ ედის ყველაზე მეტად ჯუელი უყვარდა . დარლი ამბობს:“დედამ ისე მოახერხა, რომ ძროხას დიუი დელს აწველინებდა, და ის საოჯახო საქმეებიც, რასაც ადრე ჯუელი აკეთებდა ვახშმობამდე, დიუი დელს და ვარდამანს გადააბარა. ხანდახან თვითონაც აკეთებდა, როცა მამა შინ არ იყო. ჯუელს საჭმელსაც ცალკე უმზადებდა და ჩვენ გვიმალავდა ხოლმე“.  თუმცა როცა კორა დაინახავს,  როგორ უყურებდა სულთმობრძავ დედას დარლი,  ფიქრობს, რომ „რაც ჯუელსა და მას (ედის) აკავშირებდა, მხოლოდ მოჩვენება იყო, რომ  სწორედ დარლისა და ედის „ესმოდათ ერთმანეთისა და წრფელი სიყვარულიც ჰქონდათ“, რადგან ამის შემხედვარემ  იგრძნო „ღვთის უზომო სიყვარული და მოწყალება“....კეშის აზრითაც, დარლი ყველაზე მეტად უყვარდა ედის: „რომ ეკითხათ, ედის ჩვენ შორის ყველაზე მეტად ვინ უყვარს-მეთქი, დარლზე ვიტყოდი“.
  თუ ჯუელი ყველაზე ხელმარჯვე, წინდახედული, პრაქტიკული ადამიანია,რომელსაც  არც სიმამაცე აკლია და არც შეუპოვრობა, როგორც ამ სოფლის  ადამიანებს ახასიათებთ, დარლი სულის კაცია, რომელიც, კეშის აზრით, „ არც ამ ქვეყნისთვის არის გაჩენილი და არც ამ ცხოვრებისთვის“. დარლი ჰამლეტს გვაგონებს თავისი უცნაური  მეტყველებით, იმით, რომ მასაც ხალხი გიჟად მიიჩნევს. დარლი, რომელზეც ხალხი ლაპარაკობს, რომ  „უცნაური და ზარმაცია, აქეთ-იქით დაეხეტება, თავი ისე მოაქვს, თითქოს საქმეს აკეთებდეს, ენსზე უკეთესი არც ის არისო“, ადამიანის სულის სიღრმეში ჩახედვის უნარითაა დაჯილდოებული, ადამიანის სულის წამკითხველი კაცია. მან ერთადერთმა იცის ჯუელის წარმოშობის და დიუი დელის საიდუმლოებები. მამის მკვლელობის საიდუმლოს ტვირთი საკმაოდ მძიმე სატარებელი აღმოჩნდა ჰამლეტისთვის, არც დედის ღალატისა და დის შერცხვენის საიდუმლოა მსუბუქი სატარებელი. ჯუელი დარლისთვის დედის სიყვარულის დამსაკუთრებელი, დედის სირცხვილისა და ტანჯვის მიზეზია (ედი ბანდრენი, რომელიც სულ იმას გვიჩიჩინებდა, ტყუილს ვერავითარი ბოროტება, სიღარიბეც კი, ვერ შეედრებაო. ზოგჯერ დასაძინებლად რომ მივდიოდი, ვხედავდი, როგორ ეჯდა მძინარე ჯუელს სიბნელეში, იმასაც ვხვდებოდი, რომ ედის თავი სძულდა, რომ ტყუილი თქვა, ჯუელიც სძულდა იმ სიყვარულის გამო, ტყუილი რომ ათქმევინა). შეუძლებელია არ წამოუტივტივდეს მკითხველს ჰამლეტის სიტყვები: „არარაობავ, დედაკაცი უნდა გერქვას შენ“, როცა დარლის ამ მონოლოგს კითხულობს, მას შემდეგ, რაც დიუი დეილი გაკაპასებული ეხმარება ძმის დაჭერაში:
„დარლს პატარა ჭოგრიტი აქვს - საფრანგეთიდან ჩამოტანილი, ომისდროინდელი. იქიდან ქალიც შეგიძლიათ დაინახოთ და ღორიც, ორი უკუღმა მხარე აქვს და არც ერთი წაღმა. ეს კი ვიცი, რაც არის, „ამიტომ იცინი, დარლ?“   
  დარლი  ყველაზე უცნაური პერსონაჟია რომანში. ვერ გაიგებ, ღვთის რჩეულია თუ შეშლილი (ჰამლეტის ან თუნდაც იდიოტის  მსგავსად). იქნებ ერთი მეორეს არც გამორიცხავს, ვინაიდან სწორედ ისეთი ადამიანები არიან უფალთან ახლოს, რომელთაც საზოგადოება შეშლილად მიიჩნევს. კეშის აზრით, საეჭვოა, „ რომ ადამიანს იმის განსჯა შეეძლოს, თუ ვინ არის შეშლილი და ვინ – არა“. რადგან „ყოველ ადამიანშია ჩაბუდებული ის, ვინც მის მაგივრად სჩადის ჭკვიანურ თუ უგუნურ საქმეს“. ადამიანი შეშლილად მიიჩნიონ თუ არა, საზოგადოება წყვეტს:  „ზოგჯერ დაბეჯითებით ვერც კი ვიტყვი, როდის არის კაცი შეშლილი და როდის არა, ხანდახან იმასაც კი ვფიქრობ, არც არავინ არის მთლად გიჟი და მთლად დალაგებული, სანამ ამას ხალხი არ იტყვის მასზე. ეს დიდად არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ კაცი როგორ იქცევა, მთავარი ისაა, ხალხი მის საქციელს როგორ შეხედავს“. დარლის კი ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებს საზოგადოება, საკუთარი მამისა და-ძმის ჩათვლით, (კეშისა და ვარდამანის გარდა). დარლი  ბანდნერების მამხილებელ სინდისია. კარგად ხედავს  ახლობელთა სულის ბნელ კუნჭულებს,მის გამჭოლ მზერას არაფერი გამოეპარება,  მან ერთდერთმა იცის დიუი დელის შერცხვენისა  და დედის ღალატის საიდუმლო. იქნებ  ამიტომაც მისი თავიდან მოცილებას ზოგი აქტიურად ცდილობს, ზოგი უბრალოდ ხელს არ უშლის. დარლის დელი აბეზღებს, შემდეგ კი მისი შეპყრობისას უცნაურ აგრესიას ავლენს სწორედ ჯუელთან ერთად.ადამიანებს არ შეუძლიათ განსჯა, როგორც კეში ამბობს, მაგრამ ყველამ ერთხმად გაწირა დარლი ხანძრის გაჩაღებისთვის და შეშლილად აღიარა, პატიოსანმა და წესირმა კეშმაც კი, რომელსაც გამორჩეულად უყვარს ძმა,  მიუხედავად იმისა, რომ სწამს ამ ხანძრით დარლი ღვთის ნებას აღასრულებდა, რათა  უკვე ხრწნობადაწყებული ცხედრი ცეცხლში განეწმინდა,  რათა მიცვალებულის სულისთვის სიმშვიდე მიენიჭებინა: „ედი ხომ ღმერთმა გამოგვაცალა ხელიდან და მომეჩვენა: ჯუელი ღმერთის ნება-სურვილს წინ აღუდგა, როცა თავგანწირვით ცდილობდა, რომ იგი მდინარიდან გამოეყვანა, დარლი კი ღვთის ნებას ასრულებდა“. დარლისაც  კეშის ღალატი აშფოთებს განსაკუთრებით: „მეგონა, შენ მაინც მეტყოდი“ (აქ უნებურად წამოტივტივდება სიტყვები: „შენც ბრუტუს!“), მაგრამ კეშიც დაჰყვა ხალხის ნებას. იგი ხომ წესრიგისა და სიმშვიდის  მოტრფიალე კაცია. იგი ფიქრობს, რომ „ აქ სხვა აღარა გაეწყობა რა, რასაც ხალხი იტყვის, კაცმა იმას უნდა დაუჯეროს....  დარლმა რომ ცეცხლი გააჩინა, ამას გამართლება არა აქვს, იმ კაცს ფარდული დაეწვა და მის საქონელსაც და უძრავ-მოძრავ ქონებასაც საფრთხე დაემუქრა. ეს რომ ჩაიდინა, ამიტომ მგონია, რომ ჭკუაზე ვერ არის. ამიტომაც იმისი სხვებთან დატოვება აღარ შეიძლება“.  მთავარი მიზეზი, რის გამოც  ოჯახი დარლის წირავს, ისაა, რომ ხანძრის გაჩენის გამო პასუხისმგებლობა აირიდონ : „ სხვა გზა არ  დარჩენოდათ,  ან ჯეკსონში უნდა გაეგზავნათ დარლი, ან გილსპაი უჩივლებდათ სასამართლოში ხანძრის გაჩენისთვის. აქ უნებურად ჩნდება პარალელი  ქრისტეს გაცემასა და ჯვარცმასთან. მითოლოგიური ხედვა ხომ სწორედ  სამაყაროსეული მოვლენების განმეორებადობაში მდგომარეობს.  ადამიანები ხომ  საკუთარი თავის გასდასარჩენად ვწირავთ ხოლმე სხვას ( ზოგჯერ  იმის გამო ვიძულებთ ადამიანს და მისი თავიდან მოშორება გვწადია, როცა  სისუსტეს ან რაიმე ნაკლს ვავლენეთ მის წინაშე), ჩვენი პატარაობა, ჩვენივე ცოდვაა სიძულვილის მიზეზი და არა მსხვერპლის ნაკლი, ან დანაშაული. რატომ გაწირა ყველამ დარლი? დიახ, თავის გადასარჩენად. განსაკუთრებულ მონდომებას, უფრო სწორად, აგრესიას ავლენენ ჯუელი და დუელი, რომელთაც  დარლის ეჭვიანი თვალთვალი „ნემსებივით ჩხვლეტს“. დარლის მოკვლის სურვილი ჩანს დელის კოშმარებში:  ...“ ვარდამანი რომ ადგა, ფანჯარასთან მივიდა, თევზს დანა დაუსვა და სისხლმა იჩქეფა, სისხლი ორთქლივით აშიშინდა, ოღონდ სისხლი არ დამინახავს.... ავდექი, ამოვაცალე დანა თევზს, სისხლისგან რომ იცლებოდა და დარლი მოვკალი....“ .მე შემიძლია ველაპარაკო კიდევაც და თან მძულდეს, რადგან მან ყველაფერი იცის.-აღიარებს დელი. დარლი გამუდმებით უთვალთვალებს ჯუელსაც, ხშირად „კბენს“, ალბათ იტანჯება კიდეც, რადგან დედის ღალატის საიდუმლო მოსვენებას არ აძლევს: „ჯუელის დედა – ცხენია, თქვა დარლმა, „მაშინ, ხომ შეიძლება, დედაჩემი თევზი იყოს, არა, დარლ?“ ვთქვი მე. ჯუელი ჩემი ძმაა. „მაშინ დედაჩემიც ცხენი იქნება“, ვთქვი მე. „რატომ გგონია?“ თქვა დარლმა, „თუ მამაჩემი მამაშენია, რატომ უნდა იყოს დედაშენი ცხენი, მხოლოდ იმიტომ, რომ ჯუელის დედაა ცხენი?“ „რატომ უნდა იყოს?“ ვთქვი მე, „რატომ უნდა იყოს“. დარლი ჩემი ძმაა. „დედაშენი ვინაა, დარლ?“ ვთქვი მე. „დედა არც მყოლია“, თქვა დარლმა, „იმიტომ, რომ თუ მყავდა, ახლა აღარ არის და თუ აღარ არის, ახლა არ შეიძლება, რომ მყავდეს. ასე არაა?“
  დარლი ყველაზე მეტად ვარდამანს უყვარს, ყველაზე სუფთას, რომლის დედაც თევზია.
  ედის ტრაგედია მაშინ ხდება თვალსაჩინო, როცა ენსის სულში ჩაგვახედებს მწერალი.თავდაპირველად იგი თითქოს მოწიწებულ, გაუბედავ შეყვარებულად, ოჯახზე მზრუნველ ქმრად და მამად გვევლინება, ხშირად იმეორებს, რომ მომაკვდავ ცოლს დაჰპირდა და აუცილებლად შეუსრულებს ამ დანაპირებს, მაგრამ სინამდვილეში იგი ეგოისტი ადამიანია, მშიშარა, მოუხერხებელი, თვალთმაქცი, „სახეზე კადნიერი და უბადრუკი თაღლითის გამომეტყველებით“. მისი პერანგი ყოველთვის სუფთაა, რადგან საკუთარი თავიც კი დაარწმუნა, რომ თუ გაოფლიანდა, მოკვდება.ხშირად იმეორებს, რომ იმას აკეთებს, რაც შეუძლია. თუმცა ყოველთვის ცდილობს, თავი აარიდოს და შვილებს გააკეთებინოს ისეთი საქმე, რომელიც საფრთხეს შეუქმნის, მაგ, თავად გადარჩენილ ხიდზე გადადის ქალიშვილთან და უმცროს ბიჭთან ერთად, ადიდებულ მდინარეში ცოლის კუბოს გატანას კი შვილებს ავალებს. ვითომ ცოლის ანდერძის ასრულება ამოძრავებს, სინამდვილეში ქალაქში ჩასვლა იმიტომ უნდა, რომ კბილები ჩაისხას:“...მე უფლის რჩეული ვარ; უფალს ვინც უყვარს, იმას გამოსცდის ხოლმე, მაგრამ, შეჩვენებული ვიყო, თუ მეტად უცნაური გზა არ აერჩიოს ჩემს გამოსაცდელად. სამაგიეროდ, ახლა მაინც ჩავისვამ კბილებს. ჩემი ნუგეში ეს იქნება. ეს იქნება“.
ენსს, როცა თავის დაძვრენა უნდა, როცა უნდა თავისას  მიაღწიოს,  სიტყვები საძებნელი არ აქვს, მაგრამ ედის სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ცარიელი სიტყვებია,მზაკვრულად,  სხვათა თვალის ასახვევად და მოსატყუებლად გამოყენებული.“ენსი ხალხს აჯადოებს, შეჩვენებული ვიყო, თუ ეს ასე არ არის“-ამბობს მის შესახებ არმსტიდი. ასე დასტყუებს ცხენს ჯუელს, ხოლო დეილს აბორტის გასაკეთებელ ფულს:„თხუთმეტი წელია, რაც პირში კბილი არა მაქვს“, ამბობს ის, „ღმერთმა იცის, იმან იცის, რომ თხუთმეტი წელია, ღმერთის მიერ ბოძებულ საჭმელს, რომელმაც ადამიანს ძალ-ღონე უნდა შეუნარჩუნოს, ვერა ვჭამ, კაპიკს კაპიკზე ვადებდი, რომ ოჯახს არაფერი მოჰკლებოდა და ჩემთვის კი კბილები მეყიდა და ღვთისაგან ნაბოძები ლუკმა გამეღეჭა. ამ ფულსაც ვამატებ. ასე ვიფიქრე: მე თუ შემიძლია ულუკმაპუროდ ვიყო, ჩემი შვილები უცხენოდ გაძლებენ-მეთქი, ღმერთმა იცის, რომ ასე ვიფიქრე“.
დიუი დელი ყვება: „ საკუთარ შვილს, ჩვიდმეტი წელი პურს რომ ვაჭმევდი, ჩემთვის ათი დოლარიც კი არ ემეტება“.... ღმერთია მოწმე, არ მინდა საკუთარმა შვილებმა რომ საყვედური მითხრან, მაგრამ მე ხომ იმათთვის არაფერი დამიშურებია, სულითა და გულით ვაძლევდი რაც მებადა, ახლა კი ჩემთვის არაფერი ემეტებათ. ედი, რა ბედნიერი ხარ, თვალები რომ დახუჭე, ედი..ღმერთმა ხომ იცის, რომ ნამდვილად ასეა“. მან ფული აიღო და წავიდა“.
  ვფიქრობ, ფოლკნერმა ამ რომანით დაგვიხატა ცხოვრება იდეალებს, სიყვარულს ,ფასეულობებს მოკლებული ადამიანებისა, რომლებიც გადარჩენისთვის იბრძვიან,იბრძვის ყველა თავისებურად-ედი ცდილობს რაიმე ღირებულს მოეჭიდოს, რაც მარტოობისგან, ცხოვრების აფსურდულობისგან, არაფრობისგან იხსნის, როცა ენსის ახლოს გაიცნობს და მის უღირსობასა და ეგოიზმში, მის სიცარიელეში დარწმუნდება, ჯერ კერპი დუმილით ცდილობს შელახული თავმოყვარეობის დაფარვას, მერე სიყვარულსაც გაბედავს, თუმცა მისი სურვილი-დაკრძალონ მშობლიურ ქალაქში, ოჯახისგან მოშორებით, მიგვანიშნებს, რომ ბევრი არაფერი აკავშირებს ამ ეგოისტ, მხოლოდ საკუთარ  ინტერესებზე მზრუნველ ადამიანებთან,რომ  ისევ მარტოა დარჩენილი საყვარლის, ქმრის,  და 5 შვილის გვერდით. ამ ადამიანების დამოკიდებულება ედის დაკარძალვასთან დაკავშირებით კიდევ უფრო მკაფიოდ ავლენს მათ ეგოისტურ მიზნებს, თითქმის ყველა ცდილობს ცოლისა თუ დედის დაკრძალვა საკუთარი მიზნებისა თუ სურვილების ასასრულებლად გამოიყენოს, ენსი 15 წლის ოცნებას ისრულებს-კბილებს ჩაისვამს, დეილის აბორტის გაკეთება სურს, კეშსა  და ჯუელს თავის გამოსაჩენად სჭირდებათ დედის მიმართ სიყვარულისა და ერთგულების გამოვლენა, ერთი თავის დურგლობით იწონებს თავს, მეორე-მოხერხებულობით, თავდადებით, პატარა ვარდამანს ქალაქში საოცნებო მატარებელი და ბანანები ეგულება. დიუი დელი მოსიყვარულე შვილივით უზის მომაკვდავ დედას, მარაოთი უნიავებს, სუნთქვა რომ გაუიოლოს, სინამდვილეში ეჩქარება დედის გარდაცვალება, რომ აბორტის გაკეთება არ დაუგვიანდეს. თავის გადასარჩენად სწირავს დარლის მთელი ოჯახი. ჯუელსა და დელის კიდევ მეტი მიზეზი აქვთ ძმის გასაწირად-დარლის მამხილებელი მზერა წვეტიანი ეკალივით აწუხებს ორივეს, ერთს თავისი წარმომავლობის, მეორეს ცოდვის საიდუმლოს ახსენებს. მწერალი ნელ-ნელა, თანდათანობით გვინათებს თავის პერსონაჟთა სულის ბნელ კუთხე-კუნჭულებს,  მკითხველს ზაფრავს მათი ულმობლობა, სისასტიკე, უხამსობა, თავკერძოობა, უსიყვარულობა. ძალაუნებურად გიჩნდება კითხვა, ნუთუ ჩვენს სულებშიც იგივე ხდება? ადამიანები ხომ მთელი თავგამოდებით ვცდილობთ დავმალოთ ის, რაც საზოგადოებას მიუღებლად მიაჩნია. იქნებ ჩვენსა და ჩვენ ახლობელთა სულებშიც იგივე ჯოჯოხეთია და ვერ ვხედავთ? ვინაიდან ამის დანახვას ფოლკნერის მახვილი გონება და თვალი  სჭირდება.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები