ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა-ოხანაშვილი
ჟანრი: საბავშვო
4 მარტი, 2009


ერთხელ...

  ზაფხული იყო. მასწავლებელთან მივდიოდი და ის იყო სადარბაზოში უნდა შევსულიყავი, რომ დავინახე, იქვე, ეზოში, როგორ ეჩხუბებოდა სამი ბიჭი პატარა ბავშვს. ძალიან საყვარელი პატარა იყო, ქერა, ცისფერთვალება, თეთრი სახის. დაახლოებით 6-7 წლის. მოჩხუბრები კი მასზე უფროსები, ასე 12-13 წლისები იქნებოდნენ. ხელს ჰკრავდა ერთი და მეორესთან მიაგდებდა, ის თავში წამოუთაქებდა და მესამისკენ უბიძგებდა ხელს. თან დასცინოდნენ.
      ეს რომ დავინახე, ყველაფერი მიმავიწყდა, სისხლმა ტვინში ამასხა. გავექანე და ოთხივეს თავზე დავადექი.
    - რა ხდება აქ? რატომ ურტყამთ ამ ბავშვს? უპატრონო ხომ არ გგონიათ?
    - შენ ვინ ხარ?
    - ვინ ვარ და...ჩემი ძმაა, დიახ, ჩემი ძმაა და გასწავლით როგორ უნდა მოექცეთ.
  ეს ტყუილი ისე ოსტატურად მოვიფიქრე, რომ ლამის თავად დავიჯერე რომ ჩემი ძმა იყო.
    იმის გამო, რომ ასაკითაც და სიმაღლითაც მათზე უფროსი ვიყავი, ცოტა არ იყოს შეშინდნენ და გვერდზე გადგნენ. მე მაინც არ გავჩერდი.
    - რას მიყურებთ? რატომ ურტყამდით - მეთქი? კითხვას ვსვამ და პასუხს ველოდები. სხვათაშორის მამაჩვენი აქვე მუშაობს და შემიძლია დავუძახო, უკეთ გაარკვევს...
  - არაფერი არ მომხდარა, ვეხუმრებოდით.
  - ჰმ...ეხუმრებოდნენ! და ასე ხუმრობა-ხუმრობით ატირეთ არა? მეორედ არ დავინახო ამ ბიჭს ვინმემ აწყენინოს, გასაგებია?
  მერე ხელი ჩავკიდე და როცა იქურობას როცა მოვშორდით, ვკითხე:
  - ხომ არაფერი დაგიშავეს?
  - არა, ფული მთხოვეს და რომ არ მქონდა, ცემა დამიწყეს. მადლობა - მიპასუხა ჯერ კიდევ თვალცრემლიანმა.
  - არაფერს, გენაცვალე! -გადავეხვიე და აჩეჩილი თმები გავუსწორე. - მითხარი, რა გქვია?
  - ირაკლი
  - იკუშ, რა კარგი სახელი გაქვს. იმედია, როცა მეყოლება, ჩემი ირაკლიც შენსავით ლამაზი და საყვარელი ბავშვი იქნება. ახლა კი, მითხარი, სად ცხოვრობ რომ მიგიყვანო. მარტო ვერ გაგიშვებ, მეშინია, რამე არ დაგიშავონ.
  მისამართი მითხრა, იქვე, მოპირდაპირე კორპუსი იყო.
  საათს დავხედე, ოცი წუთით უკვე დაგვიანებული ვიყავი.
  სანამ სახლში არ შევიდა, მანამდე არ მოვშორდი. დედამისს ჩავაბარე ბავშვი და ვთხოვე მარტო აღარ გაეშვა ქუჩაში.

  - სად იყავი ამდენ ხანს, დაგაგვიანდა! - მითხრა მასწავლებელმა ღიმილით.
  - ქუჩაში მოძრაობა  ძალიან გადატვირთულია - ვუპასუხე და ჩანთა მოვიხსენი - როგორ ცხელა არა?
  - მართლაც...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები