 | ავტორი: ფლორენცია ჟანრი: პოეზია 21 იანვარი, 2022 |
ო, ჩემო მარად მშვიდო, ჩემო ყველაზე ხელოვნურო და ყველაზე მრავალჯერადო... ყველაზე გამძლევ, ყველაზე მიტოვებულო - დიდი ხნით და დაფასებულო რაღაც დღეების მანძილზე! როგორ მტკივა გული შენს გამო, რომ იცოდე... რომ იცოდე, ალბათ მთელი 11 თვე და რაღაც დღეები იმაზე ილოცებდი, იმაზე იოცნებებდი წარღვნა მომხდარიყო, ჩამოეშვას წყალი ყველა სარდაფსა თუ სათავსოში და ისე დამპალიყავ, ისე ჩამპალიყავ, რომ მშვიდად დაემარხე მრავალფეროვან ნაგავსაყრელში, სადაც ჩუმი წვისგან წარმოქმნილი ბოლი თუ შეგახსენებს წამიერ დიდებას... მაგრამ არა, შენ სიმართლის მოსმენაც არ გინდა, არ შეგიძლია, ვერ შეძლებ.ვიცი ჩემო კეთილო! შენ ყველაზე მიმტევებელი ხარ, ან ყველაზე უტვინო! შენ ყველაზე მადლიერი ხარ ან ყველაზე უგუნური! შენ ყველაზე ლამაზი ხარ და ამასთან, ყველაზე კარგად შეფუთული და შორს შენახული, შორს გადამალული, გონჯი ქალიშვილივით, რომელიც მშობლებისთვის მხოლოდ შავი ლაქაა, მხოლოდ სამარცხვინო ატრიბუტი, მხოლოდ ლაფში ამომსვრელი ისტორია. მაგრამ განა აქვს იმას მნიშვნელობა თუ რა ხარ?! არა, ჩემო იმედების სიმბოლო. შენ მოთმინებით ელოდები 335 დღე , სიბნელესა და სინესტეში, ვირთხებსა თუ მტვერში, სიმარტოვეში, სი-მარ-ტო-ვე-ში, დღეს, როცა ჟრიამულით გაგათრევენ მისაღებ ოთახში, ყველაზე დიდ და ლამაზ ოთახში და ზიზილ-პიპილოებით მოგრთავენ, გაგანათებენ, გიმღერებენ და შენის თანხლებით სადღეგრძელოებს დააპრტყელებენ ჰაერში, ალკოჰოლის მწაყე სუნს ამოაყოლებენ, წამოაბოყინებენ და შეიძლება გულში შენი შემხედვარე, სიამოვნების ჟრუანტელებიც დაუვლიან, ვინ იცის?! აი, ამას კმარდები , ამდენი ხნის მოთმინებით ლოდინით, ამას სჯერდები და შეჰხარი შენს ნაცნობ, მაგრამ მაინც უცნობ ოჯახის წევრებს. შეჰხარი მათ ღიმილს და კისკისს, სიმღერასა და მუსიკას, ცეკვასა და როკვას... თუ ისეთი ჟრიამულით ვერ არიან, შენც იწყენ და ფიქრობ: რა გამოტოვე? და ის რაღაც ერთი თვე, იმის ამოცნობა-ამოხსნას უნდები რა შეიცვალა ? კისკისითა და ჟივილ-ხივილით აწყობდნენ სუფრას-აქამდე. შენს წარმოსახვით ყურებს რაღაც აკლდება. შენ მხოლოდ ასეთ დღეებში აღარ გიმძიმს ისევ სიბნელეში შეთრევა, რადგან ხედავ, რა კარგად იოხებს გულს ოჯახის დიასახლისი სიბნელეში, როგორ უხარია ყველას დაძინება. მხოლოდ ასეთ დროს გშურს ადამიანების ამ უნარის. რა კარგი ყოფილა სიბნელე! - ამ დროს ფიქრობ. და ისიც გესმის, რაც არ უნდა მოძველდე, რაც არ უნდა გაიკუწო, დიასახლისი ვერასდროს გაგიმეტებს, ვერ შეგელევა... შენს წიწვებს მისტიური სურნელი აზდის, იმ მისტიკის, ვინც ასე მოისაკლისე, ვისი ნუშისებრი თვალების ციმციმი, ვისი ბავშვური და ძალიან ლამაზი კისკისიც ასე დაგაკლდა და არ უტყდები თავს. უკვე ზუსტად იცი, რადგან აქამდე, ასე ნაადრევად არ გამოუთენებია შენთვის ეს სამი ასეული დღე, ასე ადრე არასდროს მოურთიხარ, ასე არასდროს მოგფერებია, ამდენიც არავის უტირია შენს წიწვებზე.
ეჰ, ჩემო მრავალჯერადო, დაჩაგრულო, დიდი ხნით დავიწყებულო. კი, დიასახლისს ახლაც გაუჭირდა შენთან შელევა და ნათლისღებაზე ჩამოგხსნა ზიზილ-პიპილოები კი არა, მხოლოდ თეთრი ანგელოზები, პეპლები და ჩიტები. ჩემო ნაძვისხე, მინდა დაგპირდე რომ ისევ ძველებურად იქნება ყველაფერი, მაგრამ დიასახლისიც შეიცოდე შენ მაინც, თუ კი შეძლებ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ძვირფასი ნაწერია. ძვირფასი ნაწერია.
3. სხვაში მინდოდა ყოფილიყო... მადლობა მანანა და მუხა-ყველაფრისთვის სხვაში მინდოდა ყოფილიყო... მადლობა მანანა და მუხა-ყველაფრისთვის
2. ამდენიც არავის უტირია შენს წიწვებზე. საოცრება ლექსია.
ამდენიც არავის უტირია შენს წიწვებზე. საოცრება ლექსია.
1. :( ეჰჰჰ... უდიდესი ტკივილის საოცრად შეფარულად გადმოცემა 5 :( ეჰჰჰ... უდიდესი ტკივილის საოცრად შეფარულად გადმოცემა 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|