ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
12 აპრილი, 2022


პაოლო იაშვილის 'დარიანულის'' ნაქარაგმევი

ნინო დარბაისელი

პაოლო იაშვილის „დარიანულის“  ნაქარაგმევი

„საფრანგეთიდან მოიტანა მან ოცნებანი, სონეტის რკალი, ტრიოლეტი და ასონანსი" (კოლაუ ნადირაძე „ექსპრომტი პაოლო იაშვილს“)

      დარიანული ციკლის ლექსების ავტორობის დასადგენად, ვფიქრობთ, უპირველეს ყოვლისა, უნდა მივმართოთ ლიტერატურათმცოდნეობითი კვლევის მეთოდებს, რადგანაც პრობლემა სწორედ ლიტმცოდნეობითია და სრულიად შეუსწავლელად, მეცნიერული ნააზრევის იგნორირებით, მისი გადატანა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სფეროში - რაც 2013 წლიდან იწყება და დღემდე გრძელდება, არ არის გამართლებული. რაკი საქმე გვაქვს ლექსთან, ცხადია, ლექსმცოდნეობამ ამ შემთხვევაში თავისი, ერთ-ერთი მთავარი სიტყვა უნდა თქვას. თუმცა ლექსი, როგორც ლიტერატურული ნაწარმოები, ქმნილება, მისი სხვადასხვა ასპექტები, ცხადია, შეიძლება გამოკვლეულ იქნას ლიტმცოდნეობის  და ზოგადად ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სხვა დარგების  მიერაც.
    მინდა, წინასწარ მოვუბოდიშო ჩემს კოლეგა-ლექსმცოდნეებს იმის გამო, რომ პრობლემისა და საკითხით დაინტერესებული აუდიტორიის სპეციფიკის გათვალისწინებით, მომიწევს ჩვენი სფეროს სპეციფიკურ საკითხთა, რამდენადაც შესაძლებელია, გამარტივებულად, ადვილგასაგებად განმარტება ასევე, მსჯელობისას დარგობრივ ტერმინთაგან მაქსიმალური განტვირთვა, მეორე მხრივ კი, ბოდიშს ვუხდი აუდიტორიას იმის გამო, რომ ამაზე მარტივად გადმოცემა პრობლემისა - ჩემს შესაძლებლობებს აღემატება.
    დარიანული ციკლის პაოლო იაშვილისეული, არასრული ხელნაწერი უბის წიგნაკი ინახება მის მემკვიდრეებთან, სხვაფრივ დიდად განებივრებულნი არა ვართ მისი პირადი არქივის ფლობით, განსხვავებით მაგალითად, მისივე თანამედროვე გალაკტიონისაგან, რომლის საარქივო მასალების გამოცემამაც ოცდახუთი ტომი შეადგინა. რაკი სიტყვამ მოიტანა, აქვე აღვნიშნავ, რომ ქართული ლიტერატურის მთელს მემკვიდრეობაში ასეთი დიდი არქივი არავისგან დაგვრჩენია. რაც შეეხება პაოლო იაშვილს, საკუთარ მოგონებებში ელენე ბაქრაძეც აღნიშნავს, თავის ხელნაწერებს იგი უდიერად ეპყრობოდა და პირდაპირ ურნაში მოისროდა ხოლმეო (ზეპირი ციტირება). ვისურვებდი, ერთი მცირე, პირადი მიძღვნის გარდა (‘’ელენე დარიანს’), ელენე ბაქრაძის არქივში აღმოჩენილიყო კიდევ რაიმე ხელნაწერი პ. იაშვილის გამოუქვეყნებელი ლექსისა, მაგრამ სამწუხაროდ, დანარჩენი - პაოლოს მიერ ბეჭდურად უკვე გამოქვეყნებული ლექსების ბაქრაძისეული ხელნაწერი ვარიანტებია(!) ... (აქ ამაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ, აღვნიშნავ მხოლოდ, - ბოლო  დროს საკმაოდ გახმაურდა ფაქტი, რომ ელენე ბაქრაძეს საკუთარი ხელით ჰქონდა გადაწერილი არა მხოლოდ პ. იაშვილის, არამედ სხვადასხვა თაობის ქართველ და უცხოელ  ავტორთა ქმნილებანი, რომელიც  გასულ წელს მისი საარქივო მასალების გამომცემელთა მიერ შეცდომით მიეწერა მას, როგორც ავტორს.)
        ამჟამად  ერთი მხრით,  ხელთ გვაქვს გვაქვს ,,დარიანული’ - თოთხმეტი ლექსისაგან შემდგარი „დარიანული ციკლის“ ერთ-ერთი ბოლო ლექსი, გამოქვეყნებული
“ელენე დარიანის“ ფსევდონიმით, სიმბოლისტურ ჟურნალ „მეოცნებე ნიამორებში’(1923 წ. N10) და მეორე მხრით, გვაქვს ამავე ლექსის ხელნაწერი ვარიანტი, შესრულებული ელენე ბაქრაძის ხელით,  დაცული გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმში, ელენე ბაქრაძის არქივში, ტექსტს ახლავს მისივე გვიანდელი  ლექსად მინაწერიც. იგი გამოქვეყნებულია გ. ჯავახიშვილის წიგნში ,,ელენე დარიანი ლეგენდა და სინამდვილე”(თბ, 2002, 95-96).
მე ვსარგებლობ აღნიშნული გამოცემის ჩვენებით.
ვფიქრობ,  გარკვევა იმისა,  თუ ამ ორი ტექსტიდან რომელია პირველადი და რომელი - მეორადი, თავისი მხრით, დაგვეხმარება დარიანული ციკლის ავტორის ვინაობის დადგენაში.  აქ წინასწარვე უნდა აღინიშნოს, რომ გ. ჯავახიშვილის კვალად, პრობლემის 2013 წლიდან განმასაზოგადოებელნი ლექსს უეჭველად ელენე ბაქრაძეს მიაკუთვნებენ.
ელენე ბაქრაძის ხელნაწერზე ლექსმცოდნეობითი დაკვირვება იმ მხრივაც საინტერესოა,  რომ იგი, როგორც გ. ჯავახიშვილი მიიჩნევს, ორ ქრონოლოგიურ ეტაპს აერთიანებს: პირველია საკუთრივ ლექსის ‘’დარიანული“ ბაქრაძისეული ვერსია, ხოლო მას მოსდევს უკვე გვიანდელი მინაწერი მისივე ლექსი, მიმართვა სხვა ინსტანციისადმი (ლექსის ავტორისადმი? თანაავტორისადმი? ავტორობასთან დაუკავშირებელი პირისადმი? - მასში გამოყენებული ზმნის არასწორი წარმოების, ფორმის  გამო - შინაარსი გაურკვეველია, მაგრამ ამაზე მოგვიანებით).
***
დავიწყოთ ჟურნალში გამოქვეყნებული ტექსტით. მანამდე კი მინდა აღვნიშნო, რომ ‘დარიანულის’ ტექსტი ინტერნეტში ფართოდ არის გავრცელებული და როგორც წესი, არასწორად.  მისი ფორმის დაცვა კომპიუტერის პირობებშიც ჭირს და წარმომიდგენია, როგორ გაუჭირდებოდა მაშინდელ ასოთამწყობს უჩვეულო სტრიქონების დაყენება ანაწყობში.
მე გადმომაქვს ჟურნალის ვარიანტი:

დარიანული

დაიტანჯა
მაჯა
მარჯნის
მძიმე
ჯაჭვის
ტარებით
ბევრი ცრემლი
დამეხარჯა
ერთ ღამის
ნეტარებით
დაიტანჯა
მაჯა
მარჯნის
მძიმე ჯაჭვის
ტარებით
მე ლოყაზე
დამრჩა
ფარჩა
ცხელ პირის
მოკარებით
დაიტანჯა
მაჯა
მარჯნის
მძიმე ჯაჭვის
ტარებით
ჩემს დამტანჯველს
ღმერთი
დასჯის
ქაჯად
გადაგვარებით. 

            ელენე დარიანი
***
ლექსის სათაური ‘’დარიანული“ მარტივად შეიძლებოდა გაგვეგო , როგორც სადაურობითი ზედსართავი სახელი, რომელიც, შესაბამისად, მიუგებდა კითხვაზე -“ სადაური ?“ მაგალითად, მუხრანული, თელავური, დარიანული და ასე შემდეგ, ანუ  გვეფიქრა, რომ ეს ნიშნავს კიდევ ერთ ლექსს დარიანული ციკლიდან, მაგრამ, ვფიქრობ, იგი ამ ლექსის ჟანრის განმსაზღვრელად უნდა მივიჩნიოთ. 
    ცეკვასა და სიმღერას რაგვარობის, ხასიათის, ჟანრობრიობის განსასაზღვრად უსვამენ კითხვას“ როგორი?“ მაგალითად: მხედრული, მაყრული, ნადური, ფერხული, მოგუდული და ასე შემდეგ. ამის გარკვევას პრინციპული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ლექსის მთავარი კომპოზიციური ფრეიმის - ჩარჩოს მოსახელთებლად.
      ამასთანავე,  ეს პატარა ლექსი რეფრენული აგებულებისაა, ფიზიკურად  -  წაუკითხავადაც  რომ დახედოს ადამიანმა,  დაინახავს, რომ ტექსტის ზუსტად ნახევარს  სამჯერ გამეორებული რეფრენი წარმოადგენს, (დაიტანჯა მაჯა მარჯნის მძიმე ჯაჭვის ტარებით) რეფრენი კი  ცნობილია, რომ გენეტიკურად სიმღერას უკავშირდება, სასიმღერო აგებულებისაა ლექსის  რიტმიკა და ბგერწერა, თავისი სონორიკით. ვფიქრობ, ეს ფორმობრივი ნიშნები, რომელზეც მოგვიანებით ცალკე კიდევ ვისაუბრებ,  საკმარისია ჩემი ნათქვამის ნათელსაყოფად.
          რაკი რეფრენი ვახსენეთ, მისი კომპოზიციური ფუნქციის შესახებაც აქვე ვთქვათ ორი სიტყვა: ზოგადად, მიჩნეულია, რომ რეფრენი (ლირიკისთვის, სასიმღერო ტექსტისთვის  - მისამღერი) პოეზიამ ‘’სახსოვრად“ დაიტოვა ხელოვნების უხსოვარი, სინკრეტული პერიოდიდან და ლექსში იგი ეგრეთ წოდებული სასიმღერო, ციკლური, წრიული კომპოზიციის შეკვრის საშუალებაა. განსახილველი ლექსი კი  სწორედ ასეთი აგებულებისაა. იგი შედგება თავრეფრენისაგან - ლექსის თავში, დასაწყისში მოთავსებული რეფრენისაგან ( დაიტანჯა მაჯა მარჯნის მძიმე ჯაჭვის ტარებით), რომელიც ლექსში კიდევ ორჯერ მეორდება და მონორაიმულად, ანუ ერთ რითმაზე არის მასთან შეწყობილი მთელი ლექსი. დაქტილური, სამმარცვლიანი სარითმო სიტყვა“ ტარებით“, რომელთანაც შეწყობილია სხვა რითმები, ‘’აიძულებს“ ოთხმარცვლიან სიტყვას ‘’ნეტარებით“ - , რომელიც თავისი მხრით  ამ ლექსშიც და ზოგადადაც კარგი, ზუსტი რითმაა,  რამენაირად მოირგოს დიდი ცეზურა; სამაგიეროდ,  გამოიწვიოს პოეტური ლიცენცია ,,ერთ ღამის’ და სიტყვიდან „ნეტარებით“ ნე-მარცვალი შეუერთოს წინა მუხლს  ასე - „ერთღამისნე“ . ამის გამოკვეთას და დამახსოვრებას მნიშვნელობა აქვს, რადგან მოგვიანებით მოგვიხდება ამ საკითხთან მობრუნება, ელენე ბაქრაძის ხელნაწერზე საუბრისას.
      აქვე აღვნიშნავ, რომ რაკი რეფრენი რაღაც დიდი ან მცირე ფრაზის ან ბლოკის გამეორებაა ლექსითი ტექსტის სხვადასხვა ნაწილში, - კომპოზიციურად სხვადასხვა მნიშვნელობის მქონე ადგილებში, იგი ამის შესაბამისად სხვადასხვაგვარი ძალმოსილებით იტვირთება.
დარიანულში’ იმის კლასიკური შემთხვევა გვაქვს, თუ სამჯერ გამეორებით, როგორ იწვევს იგი გრადაციას. (ნათქვამს რომ კონკრეტიკა შევსძინო და გაგება გავაადვილო, ვიტყვი, რომ რეფრენული გრადაციის ყველაზე თვალნათლივი ნიმუშია თანამედროვე ქართული პოეზიიდან ბესიკ ხარანაულის ლექსი“ სად არიან შვილები“, რომელიც თითქოს ყოფითი სიტუაციით იწყება. ქარიან ამინდში მშობელი დაგვიანებული შვილების ლოდინით შეწუხებულა:
  სად არიან შვილები,შვილები სად არიან,
გავალ, გავიხედები, არ არიან ქარია.
  შემდგომ  მთელი ლექსის ტექსტი ისე არის აგებული  ორი  თანაჟღერადი რეფრენის  დიალოგური გრადაციის გამოყენებით (სად არიან - არ არიან, ქარია), რომ ლექსი ჯერ დრამატიზაციას იძენს, ხოლო ლექსის ფინალში  გრადაციის წყალობით, თანდათან გაძლიერებულ-განზოგადებული,  ქვეყნის  უიმედო ბედისა და მომავალი თაობის  ამაო მოლოდინით გულგასენილი წინაპრის ხმა  უკვე ტრაგიზმის  მწვერვალს აღწევს:
  დღე არი, არ არიან, ღამეა, არ არიან,
ქარია, არ არიან, არ არიან, ქარია...
      სხვა საკითხებზე ყურადღების გამახვილებამდე, მინდა, უბრალოდ დავიმახსოვროთ, რომ სიტყვაში“ დ - არ - იანული“ , დაფიქსირებულია მარცვალი ‘’არ’’. სხვაფრივ, სიტყვა ძირითადად სონორულ-ასონანსური ანუ მღერადი აგებულებისაა, როგორც თავად ფსევდონიმი ‘’ელენე დარიანი“...
      თუმცა ვიდრე ლექსის რიტმიკასა და ბგერწერას შევეხებოდეთ, ჯერ ვიზუალურად დავუკვირდეთ მის გამოსახულებას. ქართულ ლექსმცოდნეობაში ჩემამდეც აღნიშნული და მერე გამეორებულიცაა, რომ ამ ლექსის გრაფიკული გამოსახულება გაწყვეტილ სამაჯურს შეესაბამება, მე ისღა დამრჩენია, რომ გავიზიარო შ. ქურთიშვილისა და თ. ბარბაქაძის  მიერ კარგა ხნის წინ გამოთქმული ეს აზრი და ჩემი მხრით დავუმატო, რომ ეს არის პირველი შემთხვევა ქართული ლექსის ისტორიაში, როდესაც გრაფიკას გამომსახველობითი როლი მიენიჭა. გაივლის დიდი დრო მას შემდეგ და გვექნება გრაფიკული პოეზიის შესანიშნავი ნიმუშები, ვახტანგ ჯავახაძის მიერ 70-იან წლებში შექმნილი;  გაჩნდება წერილები გრაფიკული პოეზიის შესახებ, გასული საუკუნის ოთხმოც-ოთხმოცდაათიან წლებში ახალთაობელთა ნაკადი თემო ჯავახიშვილი, დავით ჩიხლაძე და სხვები კვლავ აქტიურად  დაინტერესდებიან გრაფიკული პოეზიით, სამწუხაროდ, უფრო გვიანდელ ნიმუშებზე ვერაფერს ვიტყვი, პირველი კი ნამდვილად პაოლო იაშვილის ‘’დარიანულია“, სადაც გრაფიკის გამომსახველობითობა მხატვრული ფუნქციითაა გამოყენებული.
კვლავ ვიზუალური დაკვირვების დონეზე ცხადია, რომ ლექსში ერთადერთი პუნქტუაციური ნიშანია გამოყენებული - წერტილი ბოლოში. შესაძლოა, აქ ვინმე მოგვედაოს და გვითხრას, რომ პუნქტუაციის ნიშნების არქონა უფრო ადრინდელი საუკუნეების პოეტურ ტექსტებსაც კი ახასიათებს. საქმე ის გახლავთ, რომ ერთმანეთისგან განსხვავებული, გარეგნულად თითქმის მსგავსი, თუმცა არსობრივად აბსოლუტურად სხვადასხვა რიგის მოვლენებია - ნიშნის ჯერ-არ-ქონა და ნიშნის აღარ-ქონა ანუ უნიშნობა, როგორც ნიშანი.
ეს გარემოება პაოლო იაშვილის დარიანულს აქცევს პირველ ქართულ ლექსად, რომელშიც პუნქტუაციის აღარ-ქონა გამოყენებულია ტროპული ასე ვთქვათ, გამომსახველობითი ფუნქციით.
საინტერესოა, რატომ აუქმებს ავტორი პუნქტუაციას?
ვფიქრობ, პასუხი ერთდროულად ლექსის ორ პლანშია საძიებელი: პირველი მიზეზი - ეს არის სასიმღერო, რეფრენული, ციკლური, წრიული კომპოზიცია, რომელიც, ასე ვთქვათ, ჯერ გაუწყვეტელი სამაჯურივით წრეზე ტრიალებს , „მაჯას სტანჯავს“ ვიდრე გაწყდება, მეორე არის გრაფიკა.  ყველაზე ვრცელი - აქ ხუთმარცვლიანი სტრიქონი გვაქვს. ცნობილია, რომ სტრიქონებზე არა მხოლოდ ლექსითი არამედ ნებისმიერი, მაგალითად, საგაზეთო ტექსტის „დატეხვა“ -პაუზებით  გაჯერებულ ტექსტს გვაძლევს; ქმნის,  თავისებურ, ინდივიდუალურ რიტმს. ამავე დროს  იგი ანელებს ტექსტის აღქმის ტემპს. რას აკეთებს სასვენი ნიშანი? ისიც ხომ არსით - შესვენებაა, პაუზა. იგი ზედმეტი ხდებოდა ამრიგად  - პაუზებით ისედაც გაჯერებულ ტექსტში. გამოვიდოდა დუბლირება, სიჭარბე, რაც დაბალი ოსტატობის სიგნალია.
ისევ ვიზუალური დაკვირვების დონეზე დავრჩეთ.
უკვე  აღვნიშნეთ, რომ  ლექსი სულ სამჯერ განმეორებადი ექვსსიტყვიანი თავრეფრენისა და მასთან გარითმული სამი ტაეპისგან შედგება... ვიდრე გაკვირვებით შემნიშნავდეთ, აქვე თავად დავაზუსტებ: ტაეპების სამუშაო მიზნით აღდგენის საშუალებას მაძლევს რეფრენის ბოლოს დაფიქსირებული რითმა ტარებით/ნე-ტარებით/ მო-კარებით/გადა-გვარებით. ეს ლექსმცოდნეობაში ძველი, აპრობირებული პრაქტიკაა.
მერე რომ არ გამომრჩეს,  აქვე აღსანიშნავია ერთი მომენტი: განსახილველი ლექსის რითმები , ერთის გარდა  ტარებით//ნეტარებით -  განსაკუთრებულობით  არ გამოირჩევა... არ გამოირჩევა  კი არა, იმ მოთხოვნების პირობებში, რასაც სიმბოლისტები უყენებდნენ რითმას, - სუსტია. ყველა სარითმო ერთეული არის მეტყველების ერთი და იგივე ნაწილი ერთსა და იმავე გრამატიკულ პოზიციაში, მარტივად, ყველა მათგანი მიუგებს ერთ კითხვაზე“ რით?“ და მათი რიგის გაგრძელება დაუსრულებლად შეიძლება. რა ახსნა უნდა მოეძებნოს ამ გარემოებას, გარდა იმისა, რომ
ქართულ პოეზიაში არაერთი ნოვაციის შემომტან ავტორს  სწორედაც რომ, ჩანაფიქრი აქვს ასეთი. რა ჩანაფიქრი? ამ ლექსის პოეტური მეტყველება აგებულია  არა  ტრადიციულ რითმულობაზე, არამედ  განსხვავებულ ბგერწერულ პრინციპზე და სარითმო ადგილას დაფიქსირებული თანამჟღერი და ამავე დროს თანაბარი გრამატიკული პოზიციის სიტყვები -  (  გარდა  ამ ერთისა - ტარებით//ნეტარებით),  მაინც  პირობით რითმებად  უნდა მივიღოთ.
        ბგერწერულ ორგანიზაციაზე, მე ვიტყოდი, ამ ლექსის კამერულ ორკესტრირებაზე ქვემოთ საგანგებოდ კიდევ ვიმსჯელებთ,  აქ კი აღვნიშნავთ, რომ რითმა ძალზე გვიანდელი შენაძენია ევროპული ლექსისათვის და იგი  საუკუნეთა მანძილზე ალიტერციული იყო. „დარიანული“ თავისი ალიტერაციებით, ასონანსებით, სონორებითა და მთელი ბგერწერული პლანით, შეიძლება გავიაზროთ, როგორც ევროპული ლექსის ქართულად რეკონსტრუირებული მინი მოდელი.
„დარიანული“არის ქართულ პოეზიაში პირველი ყველაზე  მოკლესტრიქონებიანი ლექსი. ცალკეულ ლექსებში მოკლე სტრიქონები აქა-იქ ბევრგან შეგვხვდება, მაგრამ აქ ჩვენ საუბარი გვაქვს, მოკლესტრიქონიანობაზე, როგორც ტექსტის მაორგანიზებელ ერთ-ერთ ძირითად პრინციპზე.
***
ლექსი იწყება სიტყვით „დაიტანჯა“. ლექსის კომპოზიციის ელემენტარული კურსიდან ცნობილია, რომ მისი ნაწილებიდან დასაწყისი (ვგულისხმობ ტრადიციული, კლასიკური, გნებავთ, კონვენციური ლექსის დასაწყისს) ძალზე მნიშვნელოვანია იმით, რომ მასში მოცემულია ის ძირითადი რიტმული იმპულსი, რომლის რეალიზაციაც შემდგომ მოხდება ლექსში, ეს - რიტმიკის დონეზე; გარდა ამისა, არა მხოლოდ სათაურით, არამედ დასაწყისი პირველი სიტყვით ფიქსირდება ლექსი ათასგვარ საძიებო სისტემაში, წიგნთა აპარატურაში; ისიც წამიკითხავს, რომ მთარგმნელთა ერთი ნაწილი ცდილობს, შეინარჩუნონ ორიგინალის პირველი სიტყვა, რათა შემდგომ თარგმანის ენაზე ადვილი მოსაძიებელი იყოს იგი. ვცდილობ, არ გავცდე ლექსმცოდნეობის საზღვრებს, თორემ ვიტყოდი, რომ ეს არის, თუ მუსიკას შევადარებთ, პირველი ბგერა, რომელსაც თუ არასწორად აიღებ, მერე ვეღარ გადაარჩენ მთელს ნამღერს.
დარიანულში პირველი სიტყვა ‘’დაიტანჯა’ არის კამერტონი, რომელზეც აწყობილია, ამ პატარა ლექსის მთელი ორკესტრი:
გარდა იმისა, რომ მასში პირდაპირ ისმის სარითმო წყვილად - ცისფერყანწელთა და მათთან ასოცირებულ პოეტთა ერთი მითისმთხზველობითი ლოკალის სახელი ,,განჯა“, რომელთანაც, სხვათა შორის ბიოგრაფიულად დაკავშირებული იყო სწორედ ელენე ბაქრაძე, პროტოტიპი ელენე დარიანისა. (გავიხსენოთ თუნდაც ამავე სათაურის ლექსი მარიჯანისა ‘’განჯა“, მიძღვნილი ელლი ბერიშვილისადმი, ანუ ელენე ბაქრაძისადმი)
ჩამოვთვალოთ, კიდევ სხვა რა ფუნქციები აკისრია ამ სიტყვას:
ჯ- ჯან ბგერაზე დაყრდნობილი ალიტერაცია აქედან განიფინება მთელს ტექსტში;
მასშია მოცემული ა- ანი ხმოვანზე აწყობილი ასონანსური რეგისტრი - აა , რომელიც დაიწყო სათაურში ‘’არ - მარცვლით, რომელიც ამავე დროს შეიძლება არ-ნაწილაკად იქნეს გააზრებული და რომელიც შემდგომ სიტყვაში გაგრძელდება, გამყარდება ასევე ორი ა_ანით „დაიტანჯა მაჯა“ და შეიწყობს მთელს ასონანსურ სისტემას, აწყობილს ანზე.
აქვეა მოცემული მეორადი მარიტმიზებელ- მაალიტირირებელი დტთ - სამეულის ორი წევრი დ-დონი და ტ- ტარი (დ -აი-ტ-ანჯა)
მოცემულია , ასევე სონორებიდან (მნრლ) ერთი - ნ
წარმოუდგენელია, ერთმა სიტყვამ ბგერწერულად მეტი სიმძიმე ზიდოს პოეტურ ტექსტში.
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს სიტყვა წარმოადგენს „დარიანულის“ მთელი ბგერწერული ბადის გასაღებს.
ხოლო ასონანსური სისტემა ამ ბადისა უჭირავს სათაურში ‘’დ-არ-იანული’- დაფიქსირებულ „არ“ მარცვალს, რომელიც შემდგომ თერთმეტჯერ(!!!) მეორდება ამ მცირე ზომის ტექსტში და განფენილია მასში თავიდან ბოლომდე ... მაქსიმალურად რომ არ ვცდილობდე, თავი შევიკავო ინტერპრეტაციული ჩარევის საცდურისაგან, ვიტყოდი, რომ ამას აუცილებლად სემანტიკური მნიშვნელობაც უნდა ჰქონდეს. ამ ნეგაციის, უარყოფის გზით რაღაცისგან, გამტანჯავისგან გათავისუფლებას უნდა ესწრაფვოდეს ლექსის ლირიკული სუბიექტი.
იქნებ ვინმემ ტექსტს ახლიდან თვალი გადაავლოს და შემნიშნოს, რომ გარდა ალიტერაციისა, დტთ- სამეულისა, ა- ასონანსისა და სონორებისა, ამ ტექსტში სხვა ასო-ბგერებიც მრავლადაა.... აუცილებლად იქნება! სხვანაირად, უბრალოდ, წარმოუდგენელია, მაგრამ საკითხი ასე დგას, აქვთ კი მათ ტექსტის ბგერწერულად მაორგანიზებელი ფუნქცია? საიდან ვგებულობთ, რას აქვს და რას - არა?
- ამას ვგებულობთ არა მხოლოდ უბრალო სტატისტიკით, გამოყენების სიხშირით, არამედ, აქცენტირების ქვეშ მოქცევითაც. ლექსის ტექსტში ზოგადად აქცენტირების და მათ შორის ბგერის აქცენტირების მრავალი ხერხია, მათგან ყველაზე აპრობირებულია: აქცენტირებადი ნიშნის დაფიქსირება სათაურში, რეფრენში, ტექსტის დასაწყისში, რითმაში, დასასრული სტრიქონის ბოლო სიტყვაში, ცენტრალურ სინტაგმაში და ასე შემდეგ ანუ იმ პოზიციებში, რომელსაც ჩვენ ძირითადად მივაპყარით ყურადღება.
***
ბგერწერამდე ალბათ უმჯობესი იყო, ჯერ რიტმიკაზე გვესაუბრა, თუმცა ამ ლექსში ყველაფერი ისე ორგანულად გადადი-გადმოდის ერთმანეთში, რომ განუწყვეტლივ გვიხდება საკითხთან დაბრუნება ყოველი ახალი საფეხურის ავლის შემდეგ. ახლაც ვატყობ, ასე მოგვიწევს. არსებობს ქართველი ლექსმცოდნეების სამაგიდო წიგნი - აკაკი გაწერელიას „ქართული კლასიკური ლექსი“ გამოცემული სამოცდაათი წლის წინათ. მასში აღწერილია ის საზომები, რომელიც გამოვლენილი იქნა ავტორის მიერ ქართულ პოეზიაში. მისი სიტყვებით, თხუთმეტმარცვლოვანი საზომი ქართულ პოეზიაში უიშვიათესია, ლექსი  „დარიანული“ კი სწორედ თხუთმეტმარცვლოვანია.
თუ მიგიქცევიათ ყურადღება, რომ „დარიანი ელენე“ და „იაშვილი პაოლო“ მარცვლობრივად ერთნაირია? ეს რიტმი შედგენილი ჩანს ასე:
დარიანი/ დარიანი/ დარიანი /ელენე
რაც იგივეა:
იაშვილი/ იაშვილი/იაშვილი/პაოლო
„დაიტანჯა მაჯა მარჯნის მძიმე ჯაჭვის ტარებით“
4/4/4//3
რატომ ჩნდება დიდი ცეზურა სამმარცვლიანი სიტყვის წინ? სამმარცვლიანი სიტყვა- „ტარებით’ - სარითმოა და ეს აფიქსირებს, მიჯნავს მას ოთხმარცვლიანი მუხლებისაგან, დანარჩენი არარეფრენული ტაეპები კი ძლიერს, განმეორებადს - რეფრენულს ემორჩილებიან და ამის გამო გვიჩნდება  მათში ორი პოეტური ლიცენცია ტექსტში (ცხელ პირის და ერთ ღამის).
ახალი საზომის შემოტანა დამკვიდრება ჩვეულებრივ ასე ხდება. პირველად იგი უჩვეულოდ აღიქმება, სიახლით სუნთქავს, იქნებ ყურს კიდეც ეხამუშებოდეს, მაგრამ თუ თავად ნაწარმოები კარგია, დასამახსოვრებელი, რიტმული ინერცია გადამდებია და ხშირად თემას ან რაიმე ფორმობრივ ნიშანს თან გაიყოლებს.
ჩვენს შემთხვევაში უფრო ფორმობრივ ნიშანზე მოგვიხდება საუბარი. დასაწყისში აღვნიშნეთ, რომ სათაური „დარიანული“ ნიშნავს, რომ ეს არის რეფრენიანი სიმღერა, რეფრენი - გამეორების სახეა. რაკი ვამბობ, რომ რაღაც ფორმობრივი გაიყოლა, რეფრენი და ალიტერაცია ამ ლექსის მაინც ორი ყველაზე მკაფიო გარე ნიშანია, რეფრენული ტაეპი - შეიძლება მოკლე, უბრალო გამეორებით ჩანაცვლებულიყო. ამას ცალკე ლექსმცოდნეობითი კვლევა სჭირდება და ჩვენი ამჟამინდელი ინტერესის საგანს, კაცმა რომ თქვას, ბევრს არც არაფერს მატებს, უფრო სხვა კუთხით დგება საკითხი.  მე უბრალოდ., მეხსიერებაში შემორჩენილ ფრაგმენტებს შეგახსენებთ თვალსაჩინოებისთვის, თუ როგორ ვარიაციებად ტრანსფორმირდა შემდგომში ეს რიტმული მოცემულობა. მანამდე კი აღვნიშნავ მხოლოდ, რომ „დარიანულის“ ფორმის დაუფლება მოგვიანებით ლექსის არაერთმა საუკეთესო ქართველმა ოსტატმა სცადა, მაგრამ მიღებული შედეგი ნამდვილად არ მიეკუთვნება მათივე საუკეთესო ლექსების რიგს. პირადად ჩემს მეხსიერებას კი ესენი შემორჩენია:
ვარსკვლავებს ედარებოდი, ვარსკვლავების სადარი,
ადექ, მკერდზე დაიკიდე გმირო ოქროს ვარსკვლავი (ი. ნონეშვილი)
საქართველო იყო მათი საფიცარი სახელი ( ლადო ასათიანი)
გულანშარო, გულანშარო, სამეფოო ვაჭართა (შოთა ჩანტლაძე)
.ვინ იცნობდით, ვინ იცნობდით, ვინ იცნობდით ირინეს (ჯანსუღ ჩარკვიანი)
        არც ისაა გამორიცხული, რომ ჩემს მეხსიერებას სიმრავლიდან სწორედ ისეთი მაგალითები ჰქონდეს სელექცირებული, სადაც გამეორებებია.
        ვიდრე მეორე ტექსტზე, ელენე ბაქრაძის ხელნაწერზე გადავიდოდეთ, მინდა ამ პირველზე საუბარი ე. ბაქრაძის ხელნაწერში დაფიქსირებული მინაწერით დავამთავრო.
იგი ამბობს (ასე ვეღარ დავწერ, რადგან - ნ.დ.) აზრთა წმინდა სამფლობელომ დამიკეტა კარებიო და ახსენებს სიტყვას ,,ნაქარაგმები“...
და ეს მიემართება ეროტიკული შინაარსის ლექსს „დარიანული“!
ხომ არის, ცოტა არ იყოს, უცნაური, ლოყაზე ცხელი ფარჩის ანუ ვნებიანი ნაკოცნის ნაკვალევისა და ნეტარებაში გატარებული ერთი ღამის ეროტიკულ კონტექსტში  ადამიანს უცებ „აზრთა სამფლობელო“ გაგახსენდეს?
      ეს მაფიქრებინებს, რომ მას რაღაც  უნდა სმენოდა ამ ლექსის აგებულების შესახებ, იქნებ ის, რომ იგი  ფორმობრივად -  იგი კონსტრუირებული იყო რაღაც ინტენციის მიხედვით, კერძოდ,  როგორით  - ამდენი კი  არ უწყოდა.  ხოლო ეროტიკულ ფასადს,  მიღმა, აქ , როგორც შევეცადე მეჩვენებინა, რთულად განსახორციელებელი და  წარმატებით განხორციელებული  ჩანაფიქრი იყო მიმალული. ტყუილად, როდი მიაჩნდათ პაოლო მის თანამედროვეებს  ,,ლექსის ფალავნად“ (ნ. თარიშვილი) „სონეტის რკალის, ასონანსებისა და ტრიოლეტების“ შემომტანად  (კ.ნადირაძე) და ა.შ.
სიტყვა“ ნაქარაგმებიც“ შესაძლოა, ამას მიგვანიშნებდეს, თუმცა აქ ვწყვეტ რეფლექსიას და
და ვრჩები ლექსმცოდნეობის საზღვრებში.

***
ახლა ვნახოთ,  რა ხდება ელენე ბაქრაძის ხელნაწერში.
ჯერ ისე მოვიქცეთ, როგორც პირველ შემთხვევაში, ანუ ვიზუალურად , ტექსტში „შეუსვლელად“, გარედან  დავათვალიეროთ იგი:

„დამეღალა მაჯა მარჯნის მძიმე ჯაჭვის ტარებით
მე ლოყაზე დამრჩა ფარჩა ცხელი პირის მოკარებით;
დამეღალა მაჯა მარჯნის მძიმე ჯაჭვის ტარებით
ცრემლი ბლომად დამეღვარა ერთი ღამის ნეტარებით,
დამეღალა მაჯა მარჯნის მძიმე ჯაჭვის ტარებით
ჩემს დამტანჯველს ღმერთი დასჯის ქაჯად გადაგვარებით.
P.S.
ვიცი გული დაგეღალა ამდენი შედარებით
(ნუ მომიწყენ, კვლავ მიიღე უშნოდ ნაქარაგმები)
ჩემი გრძნობით უწინდებურს ვეღარ შევედარები
აზრის წმინდა სამფლობელომ მომიხურა კარები“.

1 როგორც ვხედავთ, .ე. ბაქრაძეს ლექსისთვის ექვსტაეპედის ფორმა მიუცია ანუ „ გაწყვეტილი სამაჯურის“  გრაფიკული ეფექტი გაუუქმებია, ამასთანავე  გაუუქმებია  სტრიქონის ბოლოს პაუზები, რომელთაც  გრაფიკის გამოყენებით, რიტმულად მაორგანიზებელი ფუნქცია დააკისრა პაოლო იაშვილმა. ( ამით ‘’გაჩვეულებრივდა“ ლექსის ორიგინალური ტემპო-რიტმი)
2. ალაგ-ალაგ დაუსვამს სასვენი ნიშნები, შედეგად მივიღეთ  პუნქტუაცია, რომელიც აღარც ლექსის გამომსახველობის ჩანაფიქრს მისდევს და აღარც პუნქტუაციის წესებისა უბრალოდ, არასწორია.
3. გადაუადგილებია მზა ტაეპები/ სტრიქონები (ურთიერთშეუნაცვლებია მეორე და მეოთხე)
4. ლექსის პირველივე სიტყვა, რიტმული და ბგერწერული ღერძი, კამერტონი ‘’დაიტანჯა’ ,, შეუცვლია ნეიტრალური სიტყვით „დამეღალა,“ რომელიც რეფრენში მოხვედრის გამო, სამგზის მეორდება და ბლოკავს  „დამეტანჯა=ს  ალიტერაციაზე აწყობილი ლექსის  მთელს დინებას.
გადაადგილებული მეოთხე სტრიქონი  უნდა იკითხებოდეს ასე:
‘’ ბევრი ცრემლი დამეხარჯა ერთ ღამის ნეტარებით“,
მაგრამ  ე. ბაქრაძესთან იკითხება ასე:
ცრემლი ბლომად დამეღვარა ერთი ღამის ნეტარებით“
5.. იქ, სადაც პაოლო იაშვილს დაქტილური რითმის გამო, პოეტური ლიცენცია ჰქონდა დაშვებული, ე. ბაქრაძეს ეს ლიცენცია მოუშლია, თითო ხმოვანი ჩაუმატებია, ანუ  „გრამატიკულად გაუსწორებია  წინადადება“ და შედეგად, ნაცვლად ‘’დარიანულის’’ სრულიად ორიგინალური რიტმისა, მიუღია რუსთველური მაღალი შაირი - რვა საუკუნის მანძილზე ყველაზე გატრივიალურებული რიტმული წყობა. შევადაროთ:
ცრემლი ბევრი დამეღვარა ერთი ღამის ნეტარებით4/4/4/4/
ჰე მეფეო, გავიპარვი, ძებნად ჩემდა საძებრისაც,
თუმცა ეს პრინციპიც ვერ დაუცავს ბოლომდე, ერთხელაც გაიმეორა და ფინალში ისევ დარიანულ საზომს4/4/4/3 - ს დაბრუნებია.
ხოლო ამ საზომს რომ ნამდვილად ვერ გაუგო ვერაფერი, ჩანს მისივე მინაწერიდან, რომელშიც უცდია,  ‘’დარიანულის“ რიტმულ ინერციას მიჰყოლოდა, გარითმვის ‘’წესი’ ანუ ის რაც  ‘’დარიანულში’ ნომინალურად არის შენარჩუნებული,  კი გაუმეორებია,  გარეგნულად  თითქოს იმიტირებულია, მაგრამ  თვალნათლივია, რომ  სხვაფრივ წარმოდგენა არა აქვს „დარიანულის“  რიტმულ, ალიტარაციულ-სონორულ-ასონანსური  - რთული  ჟღერადი კომპოზიციის შესახებ,  რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ და რაც,  მსუბუქად რომ ვთქვათ... თავისი ბრალი არ არის.
      ყველაფერი ეს ადასტურებს, რომ საერთოდ ვერ აუღო ალღო სალექსო ფორმას, ვერ ჩასწვდა „დარიანულის’ ავტორის ფორმობრივ ჩანაფიქრს.
      რაც საყურაღებოდ მეჩვენა აქ, მასზე უკვე მოგახსენეთ.
თუმცა კიდევ ერთს აღვნიშნავ. ნუ მომიწყენო,  ამბობს იგი. ვცდილობ და ვერ გამიგია, როგორ უნდა გავიაზრო ეს ზმნა: სამპირიანად: მომიწყენ შენ მე მას - ვის? ვისზეა ლაპარაკი?
    ხოლო თუ ორპირიანია, ასე: მომიწყენ (შენ მე) ანუ გამხდი მოსაწყენად, გამოდის, რომ მინაწერი ისეთ დროსაა დამატებული, როცა ისინი კვლავ ერთად არიან? აქ ალბათ სიტყვა ლიტერატურის ისტორიკოსებმა , იქნებ ტექსტოლოგებმა უნდა თქვან!
ჩემი საბოლოო დასკვნა კი ასეთია:
პაოლო იაშვილის „დარიანული“ არის პირველადი ტექსტი, ხოლო ელენე ბაქრაძის ხელნაწერი წარმოადგენს - მეორადს. ანუ  ‘’ლექსის „დარიანული“ ავტორი არის პაოლო იაშვილი, ხოლო ელენე ბაქრაძე მოცემულ შემთხვევაში არის გადამკეთებელი, რომელიც ვერ ჩასწვდა ტექსტს, როგორც ორგანულ მთლიანობას და სიტყვა „დაიტანჯა“, სწორედ  კამერტონი, ასე ვთქვათ, საყრდენი კედელი გამოაცალა ლექსის არქიტექტონიკას.
კვლევის ამ ეტაპზე, ჩვენს ხელთ არსებულ ტექსტთა ლექსმცოდნეობითი შედარებითი ანალიზის შედეგი ასეთია.
არ არის გამორიცხული, რომ იგი შეიცვალოს ახალი რეალიების აღმოჩენის შემთხვევაში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები