ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
21 აპრილი, 2022


წიგნებსა და დედაშვილობაზე

ბავშვობიდან მიყვარს წიგნები, წიგნების კითხვა. წიგნი ჩემთვის მარტოოდენ ცოდნის მიღების საშუალება არ არის, მეგობარიცაა... როგორც ადამიანს სჭირდება მეგობარი, ისე მჭირდება მე წიგნი... წიგნს კომპიუტერი ვერასოდეს შემიცვლის.

ეს ჩემი ლექსი სწორედ ამის დადასტურებაა:

ერთ დროს ხევსურულ ჩოხაში
გამოწყობილი ვცეკვავდი,
სევდაც არ მქონდა ბოხ ხმაში,
გულიც ცეკვისთვის ფეთქავდა.

თუმც ცეკვას წიგნი ვარჩიე,
ცოდნის წყაროა წიგნი და...
მხოლოდ წიგნიდან გავიგე
ციხე რომ ტყდება შიგნიდან.

მიყვარს... ხშირ-ხშირად ვკითხულობ
გალაკტიონს და ტერენტის,
მათი ლექსების კითხვისას
მეც მომდის ელეთმელეთი.

ასათიანიც წინ მიდევს,
აქ არის მირზას კრებულიც,
კვლავ პოეზიით სულდგმულობს
ერი - მათ მიერ ქებული.

ვიდრე ამქვეყნად ვჯანმრთელობთ,
ვიდრე ჩვენც გვქვია ქართველი,
ცოცხლებმა ჩვენგან წასულებს
დავუნთოთ თითო სანთელი.

პოეზია ჩემი ცხოვრების თანამგზავრია, ასე მგონია, პოეზიაზე ვარ დაქორწინებული. უპოეზიოდ ცხოვრება უკვე ვეღარ წარმომიდგენია! ლექსების წერა მე ცოტა გვიან - 18 წლის ასაკში დავიწყე. ჩემზე გავლენა ლადო ასათიანის პოეზიამ მოახდინა. რომ არა ლადოს პოეზია, ალბათ არ გავაფრენდი, კარგი გაგებით, რა თქმა უნდა!

სულგანათლებული დედაჩემი მეუბნებოდა: ,,ჩემი გარდაცვალების შემდეგაც არ შეწყვიტოო ლექსების წერა“. დედაჩემის სიტყვების ერთგული ვარ, ვერც მის სულს ვუღალატებ და ვერც ლადოს სულს.

არ არსებობს იმაზე ძვირფასი სიტყვა, ვიდრე
,,დედაშვილობა“.

დედაჩემის სიცოცხლეში მხოლოდ ერთი ლექსის დაწერა მოვასწარი მასზე, მხოლოდ დედაჩემის გარდაცვალების მერე დამიგროვდა დედაზე ლექსები.

არ არსებობს დედაზე დაწერილი ცუდი ლექსი, დედაზე დაწერილი ყველა ლექსი თავისებურად კარგია.

დედაშვილურ სიყვარულზე უფრო დიდი გრძნობა არ არსებობს დედამიწაზე, ისევე როგორც არ არსებობს დედის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილზე უფრო დიდი ტკივილი, შვილის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილის გარდა.

ხშირად ჩაეხუტეთ დედებს... ცუდ ხასიათზე ვიყავი თუ კარგ ხასიათზე, დედას ყოველთვის ვეხუტებოდი. არა აქვს მნიშვნელობა ცუდად ხარ თუ კარგად, დედას ხშირად უნდა ჩაეხუტო (ვისაც აღარ გვყავს, ნათელში გვიმყოფოს უფალმა), ჩახუტებით სითბო გადადის. მშობლის სიყვარულიდან იწყება მოყვასის სიყვარული.

დედა სიცოცხლის ელექსირია! ბედნიერია ის ქალი, რომელსაც დედა ჰქვია, ქალისთვის დედობაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.

არავის ეყვარები ისე, როგორც მშობელ დედას უყვარხარ, არავინ გიერთგულებს ისე, როგორც შენი დამბადებელი გიერთგულებს.

ჩვენ – ქართველებს ბევრი კარგი სიტყვა გვაქვს დედაზე: ,,დედაენა“, ,,დედაბოძი“, ,,დედა ისტორია“, ,,დედამიწა“ და ასე შემდეგ.

როგორც ყველა პოეტს და პოეზიის მოყვარულს, მეც მაქვს საყვარელი ლექსი. ჩემი საყვარელი ლექსი ლადო ასათიანის ,,სალაღობო“-ა, ჩემებიდან კი ამ ლექსს გამოვარჩევდი:

დედა

დედა არა მყავს... ჩამიქრა კვარი,
ჩემთვის ღამეა დილა ყოველი,
მსურს სიკვდილამდე ვატარო ჯვარი
და შემწედ მექნეს სვეტიცხოველი.

დედა არა მყავს... ჩაქრა ვარსკვლავი,
ცაც თანამიგრძნობს სიმწუხარეში,
სულგანათლებულ მშობლის საფლავი
სულის მისატან არის მხარეში.

აღარ მიყვავის ბაღნარში ნუში,
თუმც კვლავ მივყვები დროის დინებას,
ხშირად მიკრავდა მშობელი გულში,
მიზიარებდა გამოცდილებას.

ამ მონატრებას სტრიქონებს ვსწირავ,
ცხარე ცრემლები მისველებს ლოყებს,
ქუდბედიანი ვიყავი წინათ,
ხმაშიც არ მქონდა ნაღველი მოყმეს.

მე გულახდილად ვსაუბრობ ღმერთთან,
მხოლოდ მას ძალუძს ბედის მისნობა,
მჯერა: ვიქნები დედასთან ერთად,
როცა მიმიღებს მარადისობა.

აქ სამუდამოდ ჩამიქრა კვარი,
ჩემთვის ღამეა დილა ყოველი,
მინდა მეც ვზიდო ეს მძიმე ჯვარი
და მეწეოდეს სვეტიცხოველი.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები