ყველა საზღვარი გადაიკვეთება. ყველა სხეული გაცვდება. ადამიანი არასდროს შეიცვლება, რაც იყო, იმადვე დარჩება.
კავი იყო თუ გუთანი იყო, ხმალი იყო თუ ხაიმი. ადამიანი ცდილობს დაივიწყოს, რომ არ აქვს ამ ქვეყნად ადგილი-
სამარდაჟამო და შეუცილებელი... ადგილი გამოიცვლის თაობებს. არ ვიცი, კაცი, გაუცინებელი, არც კაცი, ცრემლი რომ არ ჰქონდეს.
მიწა ბრუნვაა და კაციც იტრიალებს, თავის არსებობის დოლაბთან. მიჰყვება გამოუცნობ სიგიჟეებს, ადამი და ხვდება - მოთავდა -
როცა თოვლი იდო, ან როცა მზე მზეობდა, ან როცა წვიმა შლიდა ზაფხულებს. კაცი ბჭობდაო და ღმერთი იცინოდა - იღბალის თვალები ფახულებს...
ბედი იღიმება როგორც ჯალათი და ბედი აქლემივით დაჯდება - სელის იქნება თუ რკინის იქნება თუ სხვა სახის კარები იქნება.
როგორ მეზიზღება სიტყვა - ფატალიზმი, კალკები, ზმნები და მათ შორის ყველა დაწერილი წესი და კანონი დროის ვერ გაუძლებს გამოცდას...
სიკვდილი მირაჟია, სიბრძნე სიცრუეა, სამყაროს მომიტევე თავხედობა.... ჩემი არსებობა - ანი და ჰოეა - სამყაროს, რომელიც ვერ მოვა
იმასთან რაც მინახავს, როცა ვოცნებობდი, რასაც ვერასოდეს მივწვდები. ადამიანები ერთმანეთს შორდებიან, ერთმანეთს შორდებიან ფიქრები...
გული გაგისკდება ყველაზე დიადო - შენ ვისაც არ უნდა გენახა ასეთი სიბილწით და ასეთი უგულობით პირთამდე ავსილი ქვეყანა.
მე ერთი წერტილი ვარ. წერტილი კი არა, ჩქამიც კი არა ვარ დროისა. არარა იყო და არა იქნება... არარა ვიქნები... როდესაც
ზარები დარეკენ, დოლები დარეკენ, ღრუბელნი დარეკენ რექვიემს - სულ არაფერია, სულ არაფერია, სულ არაფერია - შემინდე:
ჩემი არსებობა - ასეთი უაზრო... გავქრები. გამქრალა ყველა ვინც ნანობდა... ეჰ, დროის უმიზნო ბრძოლაში რამდენი ტკივილი გამქრალა...
მრავალწერტილი ვარ... თუნდაც სიკვდილითაც მეომე - ვერ წამშლი სიცოხლევ! მე ჯერ ცოცხალი ვარ, მე ჯერ ცოცხალი ვარ, მე ჯერ ცოცხალი ვარ - ვიომებ
და თუ შეგაკვდები, ისე შეგაკვდები - ღირდეს სიკვდილი და სიცოცხლეც... მე დღეს სიჩუმიდან, ვიცი, ვიბადები და სანამ ვხმაურობ - ვიცოცხლებ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. პირველად არ ვამბობ, რომ ჩემთვის საინტერესო ავტორი ხარ და მთავარი რაც გაქვს ნაწერებში, ეს არის ადამიანური მომენტები, მათი სიზუსტე, რაც სხვასაც განუცდია, მაგრამ შენ მიეცი უფრო გასაგები ფორმა ან ახსნა. რაც შეეხება ამ კონკრეტულს... ძალიან კონტრასტულია კარგი მიგნებები და ბანალური ეპიზოდები. დასკვნითი ფრაზაც ადვილი გამოსაცნობი იყო, არ ტოვებდა მოულოდნელობის განცდას და ემოციაც შესაბამისი მოიტანა, დამაკლდა. პირველად არ ვამბობ, რომ ჩემთვის საინტერესო ავტორი ხარ და მთავარი რაც გაქვს ნაწერებში, ეს არის ადამიანური მომენტები, მათი სიზუსტე, რაც სხვასაც განუცდია, მაგრამ შენ მიეცი უფრო გასაგები ფორმა ან ახსნა. რაც შეეხება ამ კონკრეტულს... ძალიან კონტრასტულია კარგი მიგნებები და ბანალური ეპიზოდები. დასკვნითი ფრაზაც ადვილი გამოსაცნობი იყო, არ ტოვებდა მოულოდნელობის განცდას და ემოციაც შესაბამისი მოიტანა, დამაკლდა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|