ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დანტე დარდიანი
ჟანრი: პოეზია
11 ივლისი, 2022


არ მენატრები

შუბლს შეიკრავენ მოლურჯო მთები,
ცა ამოხეთქავს კაეშანს ნადგამს,
არა, ძვირფასო, არ მენატრები,
არც არასოდეს გშორდება რადგან,

ჩემი ფიქრები, ოცნება, დარდი,
მე მკერდში ახლა შენ მე-გულ-ები,
უშენობა ჰგავს ქარს ამოვარდნილს,
და ემუქრება განადგურებით

იმ გამხმარ ფოთოლს, გაზაფხულამდე,
რომ მიაღწია შეშლილის რწმენით,
ოდესმე მაგ გულს მივაყურადებ,
ვიცოცხლებ შენთვის და მხოლოდ შენით.

შენ ხომ არ იცი, შენი ტკივილი,
ათასჯერ მწარედ ტანში გამივლის,
მოვა დრო და ჩვენ გვერდიგვერდ ვივლით,
შენს წინ ფიცს დავდებ ჰანიბალივით.

არ მინდა, არა ცხოვრება მშვიდი
და სიყვარული, უბრალო, მდორე,
შენამდე მე ხომ ჭკუიდან მშლიდა,
ეს უგულობა და სიმარტოვე.

მზად ვარ მოგდიო, თუნდ უსასრულოდ,
ვატარებ ახლა სითბოს შენებურს,
ჩვენი ერთობის სიმაგრეს სულო,
მე უყოყმანოდ ჩავეშენები.

გულს მიმაგრებენ მოლურჯო მთები,
ვწერ უთქმელ სიტყვებს, დუმილში ნადგამს,
არა, ძვირფასო, არ მენატრები,
არც არასოდეს გშორდები რადგან...

დანტე დარდიანი            10/05/2021

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები