ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
5 ოქტომბერი, 2022


ზღვარი 33

ოცდამეთორმეტე თავი

  მთელი დღე წინ და უკან დადიოდა ევი, მოსვენება დაკარგა. რა უცნაურია სამყარო: ძველ ჭრილობებს ახლით ვერ გვავიწყებს, მაგრამ ცოტას მაინც გვიმსუბუქებს. ახლა დამიანეს მონატრებასთან ერთად, მოსალოდნელ საფრთხეებზეც უნდა ეფიქრა. უბრალოდ დგომისა და ლოდინის დრო აღარ იყო - ან უნდა გაქცეულიყო, ან შეტევაზე გადასულიყო. გაქცევით, ფაქტია, არ გაიქცეოდა. შიში მართალია, არ იცოდა, მაგრამ კარგი ყნოსვა ჰქონდა, საფრთხეს გრძნობდა.    გამოსავალი უნდა მოეძებნა.  ევი სუსტი იყო, როცა საქმე მას ეხებოდა, მაგრამ კლდესავით მყარი და ძლიერი ხდებოდა, როცა სხვას მისი დაცვა და დახმარება სჭირდებოდა. ახლა მამაზე უნდა ეფიქრა, დედუსა და ბიძია დათაზე. ახლა ეს ზვრები ეხვეწებოდნენ: არ გაგვწიროო სასიკვდილოდ, არ გაბედოო ჩვენი მიტოვება. ფიქრობდა ევი, ფიქრობდა რომ აქ, ამ მიწაზე, იქ, სადაც დედა დაეღუპა, მამამ მთელი ცხოვრება შესწირა, იქ, სადაც ბავშვობა გაატარა, უცხო ტომელი უნდა მოსულიყო.
  ახლა მხოლოდ აღდგომელაშვილებიღა უშლიან ხელს აბაბულის ოაზისის მშენებლობას. ისინიც თუ წავლენ, მთელ მხარეს დაისაკუთრებს. ამ სოფლის განაპირას, გორაკზე, მეთვრამეტე საუკუნეში ნაშენი საყდარია, ღვთისმშობლის სახელობის. იმ გორაკზე სასაფლაოებია, იქ განისვენებს ევის დედა, იქ არიან დაკრძალული მისი წინაპრები და აბაბული უპატრონებს მათ ძვლებს? აბაბული თავის ქალაქში ამ პაწაწინა საყდარს დატოვებს? რასაკვირველია, არა! მაგ გორაკის მოსწორებით დაიწყებს ქალაქის მშენებლობას. რისხვა იგრძნო ევიმ და მიხვდა, როგორი ძვირფასი იყო ეს სოფელი, ამ ვენახის თითოეული გოჯი, ეს ვაზები და მამა.
- წავლენ და განსხვავებულით დალევენ სამშობლოს სადღეგრძელოს, ეს არაკაცები, - ფიქრობდა ევი, - სამშობლო დროშა კი არაა, უტიფრად რომ გამოუფენიათ თავიანთ კაბინეტებში, აი, სამშობლო! აქ და ახლაა სამშობლო! თუ გადააბიჯებ, მერე მორჩა, მერე სამშობლო დაკარგული კი არ ხარ, სულაც უსამშობლო გამოდიხარ. უფესვებო. უძირო და იყავი ასე, ჰაერში გამოკიდებული და ჩაებღაუჭე იმ ოქროს მონეტებს, როდემდე შეგიმაგრებს, როდემდე გაგიძლებს.
  ევის სიკვდილის არ ეშინია, ევიმ უკვე იცის, რომ სიკვდილი გარდაუვალია და შიშის გარეშეც მოვა. სიცოცხლე მხოლოდ ხანგრძლივი მოგზაურებაა ნამდვილი ცხოვრების დაწყებამდე. იმდენადაა მნიშვნელოვანი, რამდენადაც რაღაც ღირებულს ემსახურება, ხშირად იმეორებდა ხოლმე ერეკლე და ახლა ევის საკუთარი სიცოცხლე ეძვირფასა.
  ევი თავისი ოჯახის უკანასკნელი წარმომადგენელია. მისი სიცოცხლე ძვირად ფასობს. ამ ვენახის სადარაჯოზე ევი და მისი მოხუცები დგანან. თუ ევის მოკლავენ, რამდენი წელი შესძლებენ ერეკლე და დათა მიწის დაცვას? და მერე? სახელმწიფოს უკვე ჯიბეში უდევს ვერცხლის მონეტები, და დღეს თუ არა, ხვალ მაინც ჩაიგდებს ზვრებს ხელში. ამიტომ ახლა აჩქარება დანაშაულია. პირისპირ შებმა არ იქნება - ევიმ გადარჩენის გზა უნდა მოძებნოს.
  საღამომდე დადიოდა წინ და უკან. საკუთარ თავს ელაპარაკებოდა. შებინდებისას დაბრუნდნენ დათა და ერეკლე. შეხედა თუ არა შვილს, მის ჩაშავებულ უპეებს, გაფითრებულ სახეს, მაშინვე მიხვდა, რაღაც ცუდი ხდებაო. ცხენებს საჭმელი და წყალი შეუტანეს კაცებმა. ქვევრებს დახედეს. დაიბანეს დაღალული ხელ-პირი და მოქანცული სხეულები დაასვენეს, ჩამოსხდნენ. ევიმ მოკლედ მოუყვა მომხდარი და მერე სიჩუმე ჩამოდგა. ნინამ ჩამოსწყევლა, გაწყდნენო ეგ ნაძირლები, ერეკლე და დათა ჩაფიქრდნენ. ახლა ერკელეს წინაშე შვილის სიცოცხლე და სამშობლო იდგა. რა რთული ყოფილაო სააკაძის არჩევანი, ფიქრობდა ერეკლე. გული, რომ ევის გადარჩენას სთხოვდა, გონება ეუბნებოდა, თავად ევი არ გაპატიებსო ამ უპრინციპობას, ამ უკანდახევას. ცოტა ხანს დუმდნენ, დათა მთელი გულით აგინებდა მთავრობას და აბაბულის მოდგმას; ღვთისმშობელს ევედრებოდა ნინა, ევი დაიფარეო; ერეკლე და ევი კი გამოსავალს ეძებდნენ.
- ლოდინის დრო აღარაა, რაც მეტს დავიცდით, მით მეტად სახიფათოები გახდებიან. უნდა დავასწროთ. ტელევიზიები მოვიწვიოთ. უკლებლივ ყველას მოვიწვევთ ვენახში. კარგი ღვინით გავუმასპინძლდებით და სიმართლეს მოვუყვებით. ჩვენ აღარაფერს ვკარგავთ და თუ დავასწრებთ და ხალხს გავაგებინებთ, რომ გვემუქრებიან, ან პირდაპირ უნდა დაგვახალონ ტყვია, ან უკან დახევა მოუწევთ.
  შეთანხმდნენ. იმ ღამეს აღდგომელაშვილების ოჯახში არავის სძინებია. დილაუთენია შეუდგა ევი საქმეს. მთელი ოჯახი დაძაბული ელოდა შედეგს. საღამოხანს ერეკლეს ოჯახში ტელევიზიის, რადიოს, გაზეთებისა და სააგენტოების წარმომადგენლებს მოეყარათ თავი. ევიმ ჯერ ვენახი დაათვალიერებინა, მერე მუქარის ფაქტებზე ისაუბრა, ახსენა, რომ საკუთრების ჩამორთმევის უფლება არავის აქვს და იმედია, ამ ხელისუფლებას ჯერ კიდევ შერჩა გონი, რომ კანონები საკუთარ თავზე არ მოირგოს. ერეკლე დიდხანს საუბრობდა, თუ რატომ ამბობს უარს ამ ვენახის გაყიდვაზე, ის პროექტი აუხსნა დეტალურად, რომლის განხორციელებასაც აქ აპირებდნენ. ნინამაც თქვა რამდენიმე სიტყვა: ეს ჩვენი საყდარი უამარავ სასწაულს ახდენსო, აქ თურმე ერთხელ სულნათელი თამარ მეფეც კი ყოფილაო, როგორ უნდა მივცეთ ამის დანგრევის უფლება, როგორ გვაპატიებსო ღმერთი.
  ჟურნალისტები აღშფოთდნენ, შეშფოთდნენ, მერე ღვინო დააგემოვნეს, ნინას გამომცხვარი ხაჭაპურებიც ჭამეს და წავიდნენ. საღამოს საინფორმაციოში იქნებაო ვრცელი სიუჟეტი. გვიანობამდე ისხდნენ ტელევიზორთან აღდგომელაშვილები, მაგრამ მათი გასაჭირის შესახებ არაფერი თქმულა. ვერ მოასწრესო იქნება დღეს ამ სიუჟეტის მომზადება, მეორე დღესაც არავის უხსენებია აღდგომელაშვილები. გულის სიღრმეში, ევისაც და მამამისსაც კარგად მოეხსენებოდათ, რომ ეს ომი წააგეს, ბრძოლის ახალი იარაღი სჭირდებოდათ. მთავრობას მედია ხელში ჩაეგდო და აქ არაფერი გამოვიდოდა. მაინც სცადა, უფრო იმისთვის, შტერად არ მიიჩნიონო და ჟურნალისტებს დაურეკა. რომ გადავხედეთ მასალას, არც ისე მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო, ხომ გესმით, რომ ჩვენ ყველაფერს არ ვაშუქებთო, - უთხრა ერთმა. მეორემ ბავშვივით იცრუა - მასალა წამეშალაო. იქნება თავიდან ჩავწეროთო, შესთავაზა ევიმ, რომელსაც, რა თქმა უნდა, მშვენივრად მოეხსენებოდა, როგორც წაეშალათ კადრები. არ გვცალია მაგისთვისო ახლა, სხვა დროს იყოსო იქნება. მესამემ საერთოდ არ აიღო ტელეფონი. მსგავსი პასუხები მოისმინა სხვა ჟურნალისტებისგანაც.
  ევის ორი დღის შემდეგ გოგონამ დაურეკა, სოფო ბზიკიშვილი გაწუხებთო. თავი შეახსენა, თქვენთან ვიყავი ვენახში, სააგენტო „ახალი საქართველოდანო“. ქალაქის გარეუბანში, სწრაფი კვების ობიექტში დაუნიშნა სოფომ შეხვედრა. ევი დათქმულ დროზე რამდენიმე წუთით ადრე მივიდა, კუთხეში მდგარ პატარა მაგიდასთან დაჯდა და ყავა შეუკვეთა. ცოტა ხანში საშუალო სიმაღლის, ჩამრგვალებული გოგო შემოვიდა. ცოტა დაბნეული იყო, უხერხულად ჩამოჯდა სკამზე, სათქმელს ეძებდა.
- ბოდიში მინდა მოგიხადოთ, - დაიწყო სოფომ.
- რისთვის?
- ნაძირალა მთავრობის ხელში ვართ. იმ საღამოსვე დავდე მასალა. დაახლოებით 15 წუთში საიტი დაიბლოკა, შესვლას ვეღარ ვახერხებდით. სპეციალისტს დავურეკე, ვიფიქრე, ტექნიკური ხარვეზია-მეთქი. ვერ მიხვდა რა სჭირდა ვებ-გვერდს, მე არაფერი გამიკეთებია, თავისით ჩაირთოო მითხრა. გადავათვალიერე საიტი და სტატია აღარ იყო. გამიკვირდა და თავიდან დავაპირე დადება, მაგრამ ჩემი ადმინიდან ვეღარ შევედი, სიახლეების დადება მქონდა შეზღუდული. პირადში მომივიდა შეტყობინება, არ გეშინია ცილს რომ სწამებ სახელმწიფოს, ქვეყნის ღალატიაო ეს. ფრთხილად იყავი, რამდენი რამე ხდება ქალაქში, შეიძლება სახლიდან გახვიდე და უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდე, ამ ბოლო დროს ძალიან სწრაფად დადიან მანქანებიო.
- ნაბიჭვრები! - გამოსცრა კბილებში ევიმ, - დიქტატურაა, მონები ვართ თურმე! - ცოტა ხანს გაჩუმდა რომ სიმშვიდე მოეხმო, მერე გაღიმება სცადა, - კარგი, რას ვიზამთ, დიდი მადლობა რომ სცადე, მაგრამ საქმე აღარ გაირთულო, მაინც ყველა ტელევიზიაში დაბლოკეს ეს ინფორმაცია.
- არა, მე დანებება არ მიყვარს, არც შემშინებია და არც გაჩერებას ვაპირებდი, მაგრამ დილით, სამსახურში რომ მივედი, ჩვენი ოფისი დალუქული დამხვდა. დაგვხურეს! საკუთარი ნივთების აღების უფლებაც კი არ მოგვცეს.
- რაა? - ეს მართლა უკვე ნამეტანი იყო, ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე ევის წარმოდგენა შეეძლო.
- საკუთარ თავს არ ვდარდობ, 16 ადამიანი დარჩა უმუშევარი.
- ღმერთო ჩემო, - სახეზე ხელები მიიფარა ევიმ, მერე ხელისგულებზე ჩამოაყრდნო სახე და სოფოს მიაჩერდა.
- არც კი ვიცი რა გითხრა... ბოდიში. არაფრის გაკეთება შემიძლია, როგორმე მათ უნდა გავუძლო. არ იფიქრო, რომ ეს ბიზნესის გადარჩენის მცდელობაა, ეს უფრო მეტია... თუ ყველაფერი კარგად დამთავრდება, ვეცდები, რომ უმუშევარი არ იყო.
- არა, არა, მე მაგიტომ არ მოვსულვარ თქვენთან. ეგ არც იფიქრო, - ისევ წამოწითლდა სოფო, - ჯერ ერთი მინდოდა გცოდნოდა, რომ მე მატყუარა არ ვარ და პირობას ყოველთვის ვასრულებ: მოვამზადე სტატია, მაგრამ გითხარით უკვე რაც მოხდა, - სოფო შეჩერდა, ფორთოხლის წვენი მოსვა, მერე თმა გაისწორა უხერხულობის გასაფანტად და ევის თითქმის ჩუჩულით უთხრა: დიდი ხანია ვაკვირდები მათ. იმაზე უფრო საშიშნი არიან, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანან. ყველა ხელისუფლებას ყველაზე მეტად ჟურნალისტების ეშინია, ცდილობენ ჩვენთან ურთიერთობის დათბობას, რადგან მედია ქმნის საზოგადოებრივ აზრს. ამათ ჩვენი არ ეშინიათ, მეტიც ღიად გვებრძვიან და ამით გვეუბნებიან, რომ სულ არ აინტერესებთ ხალხის აზრი, რადგან ძალაუფლება მათ ხელშია. ასეთი ფილოსოფიის მიმდევრები ყველაფერს იკადრებენ, აბსოლუტურად ყველაფერს. მათთან აშკარა ბრძოლას არ გირჩევთ, შანსიც კი არ გაქვთ, მაგრამ ზურგიდან მიპარვა შეიძლება.
- რას გულისხმობ? - დაინტერესდა ევი.
- ჩადრების ქუჩა გეცოდინება, მაგ ქუჩაზე ცენტრალური აფთიაქის გევრდით სასტუმროა. დიდი ოდენობით ნარკოტიკი ტრიალებს მანდ და ეგ კიდევ არაფერი, ბორდელი აქვთ, 12-13 წლის ქართველ გოგოებს ამუშავებენო, გავიგე.
- რა?
- ახლა ვცდილობ დეტალების გარკვევას, ერთი რამე ცხადია, რომ ასეთი საქმეები ხელისუფლების გარეშე არ ხდება.
- ეგრეა... მაგრამ ახლა ჩემი მდგომარეობის გათვალისწინებით, ორ ფრონტზე ვერ ვიბრძლებ.
- არცაა საჭირო. ეგ ორი ფრონტი კი არაა, მეორე შესაძლებლობა, ალყაში მოიქციო.
  ევი ვერ მიუხვდა, რას გულისხმობდა სოფო. გოგონამ ჭიქაში დარჩენილი წვენი ხმაურით დალია და ხმადაბლა უთხრა:
- იმ სასტუმროს შენი აბაბულიც ხშირად სტუმრობს! მეტიც: ვფიქრობ, იქ მისი ფული ტრიალებს.
- დარწმუნებული ხარ?!
- თითქმის... ეჭვი მაქვს... ცოტა დრო მინდა და მტკიცებულებებს მოვიპოვებ.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები