ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
7 ნოემბერი, 2022


ზღვარი 41

მეორმოცე თავი

    ტკივილისაგან დაბინდულს ღრმად ჩაეძინა და ესიზმრა: ჯერ სიბნელე იწვა, მერე ყველაფერი განათდა და ბოლოს ამ სითეთრიდან თოვლიანი სანაპირო ამოიმართა.
- ფრთხილად, - წამოიძახა ქალმა.
- ფრთხილად მივდივარ.
- არ გაჭყლიტო, სძინავთ თოვლის ქვეშ ჩვენს ყვავილებს, - ისევ წაიბუზღუნა ევიმ და თითისწვერებზე შემდგარმა წაიწია ზღვისკენ, ისე, თითქოს დანაღმულ ველზე მიაბიჯებდა.
  ზღვა ღელავდა, ქარი წყლის შხეფებს სანაპიროსკენ ისროდა. დათოვლილ ქვას ხელი გადაუსვა ევიმ და თოვლის საფარისაგან გაათავისუფლა. მერე ძლივს-ძლივობით მოაგორა ოდნავ გვერდით, ხელით მოსინჯა, წონასწორობა ხომ არ დარღვეულაო და ჩამოჯდა. დამიანე თოვლზე გადაწვა. ერთი ხანობა ღრუბლებიდან მზემ გამოყო თავი და ისევ შეიმალა. თოვლი ჯერ ვარდისფრად აბზინვარდა და მერე ისევ მოცისფრო ელფერი დაედო. გამხეცებული გრგვინავდა ზღვა.
- მესმის მისი, - სევდიანად თქვა ქალმა.
- რაო, რას ამბობს? - გაეღიმა დამიანეს.
- ნაწყენია.
- რატომ, კაცო?
- რატომ და თავს მეძავი ქალივით ვგრძნობო.
- რაა? - წამოჯდა დამიანე.
- რა და სიყვარულს დრო და ამინდი არ განსაზღვარს, თუ გიყვარვართ, სულ უნდა გიყვარდეთ, თუ არ გიყვარვართ, მაშინ სულაც თავი დამანებეთო. გამოდის თქვენ კი არ გიყვარვართ, გჭირდებითო.
- ვაა, შენ რა გითხარი რააა, - გაეცინა დამიანეს.
- რა გაცინებს?! - იწყინა ევიმ.
- გადაეცი შენ მეგობარ ზღვას: ყოველთვის არ შეგვიძლია საყვარელი ქალის გვერდით ყოფნა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არ გვიყვარს და არ გვენატრება-თქო.
- სიყვარულს ყველა მიზეზის გაბათილება შეუძლია! - თქვა ევიმ და ჩაფიქრდა. დამიანეც გაჩუმდა, მიხვდა, რაც მიანიშნა ქალმა. გულში არ დაეთანხმა, მაგრამ ხმა არ ამოუღია, ეჰ, ჩემო, ნეტა მართლა ასეთი მარტივი იყოსო ყველაფერი.
  ევი ერთ ხანს ჩუმად იყო, ძალიან დაღონებული და მერე სახე გაუბრწინდა, დამიანეს გადმოხედა ღიმილით. თვალები მოჭუტა კაცმა და გამომცდელად დააკვირდა.
- რა? - ჰკითხა იჭვნეულად. ევიმ საპასუხოდ ისევ გაუღიმა და ნაჩქარევად წამოხტა ფეხზე.
- ააარა! - დაიძახა დამიანემაც და ისიც ფეხზე წამოდგა.
- კი! - აკისკისკდა ევი, ქურთუკი გაიხადა, თოვლზე მიაგდო და წყლისკენ გაქცა.
- გამორიცხულია! - მკლავში წასწვდა დამიანე.
  ევიმ გაიბრძოლა.
- გთხოოოვ! - შეევედრა პატარა ბავშვივით.
- გაგიჟდი?
- გეხეწები, იქნებ ეს როგორ სჭირდება ზღვას?
- გაცივდები! საიდან მოიტანე ახლა ეგ.
  ევი თითქოს მოდუნდა, ბრძოლა შეწყვიტა, დამიანემაც შეუშვა ხელი, დრო იხელთა და ხელიდან დაუსხტა. კაცი ისევ მიეწია:
- შანსი არაა! არა! - უთხრა გადაჭრით.
- სულ 5 წუთი - ყელი გადაუწია სახვეწნელად ევიმ.
- არც ერთი წამი! - მკაცრად თქვა კაცმა და ყელზე აკოცა.
  ევი გაიბუტა, ცრემლი ჩაუდგა თვალებში.
- რომ გაცივდე, მერე რა მეშველება, გოგო?
- დამიანე, მე ხომ ნამდვილი არ ვარ, არც ეს თოვლია ნამდვილი, გამიშვი, გთხოვ, არ გავცივდები, - შეეხვეწა ქალი.
  დამიანემ ძლივს გადაყლაპა ნერწყვი, რაღაც ძალიან ეტკინა მკერდში, მკლავებში ხელი მოსჭიდა ევის და თვალებში ჩახედა:
- არასოდეს არაფერი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში ასეთი ნამდვილი! შენ ერთადერთი სიმართლე ხარ! - უთხრა და გულში ისე ჩაიკრა, ყველა ძვალი ეტკინა ევის.
- შენ ერთადერთი სინამდვილე ხარ! - თქვა ხმამამაღლა დამიანემ.
- რაა? - საწოლში შეიშმუშნა ეკა.
  დამიანეს აჩქარებული გულით გაეღვიძა. წვიმდა. გვიანი შემოდგომა იდგა. ნეკერჩხლებს ფერი შეეცვალა, ცაცხვის ფოთლებიც უსახლკარო კაცებივით ქუჩაში გაწოლილიყვნენ. მინას მიაყრდნო ხელისგული დამიანემ და ერთიანად გალუმპულ ქალაქს გახედა. მერე სველ ქუჩაში ევი გამოჩნდა. თითისწვერებზე შემობზრიალდა და წვიმიანი სხეული დამიანეს მკერდზე მიაჭყლიტა. იგრძნო კიდევაც ლოყაზე ქალის სველი ტუჩები, ევის კი სხეულზე დამიანეს სიგარეტისა და სუნამოს სუნი შერჩა და საკუთარ სხეულს ხელები მაგრად მოხვია, თითქოს ამ სურნელის, ამ სითბოს დიდხანს შენარჩუნებას ცდილობდა.
- რომ მოვკვდები, შენ არ მოიწყინო, - გადაჭრით უთხრა კაცს და გუბეში ფეხი ჩააჭყაპუნა.
- აუ, ხომ იცი, რომ არ მსიამოვნებს, როცა სიკვდილზე ლაპარაკობ?! - წარბი შეყარა კაცმა.
- სიკვდილი მშვენიერია, ჩემო. დიდი დასვენებაა სიკვდილი, - მერე ხელები გაშალა, ყელი გადასწია და თამამ გულისპირში წვიმის წვეთებმა გზა გაიკვალეს - მკერდს მისწვდნენ, ალერსის კვალი დაატყვეს კანზე. დამიანე აღარ გაპასუხებია, ქალის მოძრაობას აკვირდებოდა.
- და მერე, როცა ძალიან მომენატრები, მოვალ წვიმად, შემოდგომის საღამოებში გავწვიმდები და შენ გამოდი ხოლმე პერანგის ამარა ქუჩაში და ასე, არსადმიმავალი ნაბიჯით გაჰყევი ქალაქს. მე კი ჯერ კისერზე გაკოცებ, მერე...
- გააჩუმე, გოგო, ენა გააჩუმე! - შეაწყვეტინა სიტყვა დამიანემ და თავისი ძლიერი ხელებით გულში ჩაიკრა.
  დამიანემ გაუაზრებლად გამოაღო კარი და ქალაქს შეერია. მძიმე, არსადმიმავალი ნაბიჯით გაუყვა ქუჩას. მისი ნაფეხურების ქვეშ ცაცხვის ფოთლები ძვლებში იმტვრეოდნენ, გალუმპული ქუჩა გათბობას, გულში ჩაკვრას ითხოვდა თითქოს. „მე მოვალ წვიმად, მე გავწვიმდები“  - იმეორებდა ევის დამსხვრეული, მილიონ ნაწილად დაშლილი ხმა სიტყვებს, დამიანეს კი საყელოში სველი თითები ჩაუყვეს წვეთებმა და წელისკენ დაჰყვნენ ხერხემალს. შეაჟრჟოლა. „გააჩუმე ენა, გოგო, გააჩუმე!“ ახლა უკვე ღიმილით უმეორებდა გულში მოუსვენრად აწრიალებულ ქალს დამიანე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები