ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სანდრო ბერიძე
ჟანრი: პროზა
11 მარტი, 2009


ინი და იანი

        იანი, ___ ბურთივით მრგვალი და ცომივით ფაფუკი იყო. შეხებისას ოდნავ შეტოკდებოდა, და რუსული ზღაპრის გმირივით მიგორავდა შარა-გზაზე. ვის აღარ გადაყრია თავისი ხანგრძლივი მოგზაურობის დროს: ხარისთვალა ინს, ცხრათავა ინს, ცეცხლისმფრქვეველ ინსა, თუ ისეთ ინსაც კი, რომელსაც ინის არავითარი ნიშანთვისება არ გააჩნდა. იანი ყველას ერგებოდა, ყოველთვის განსხვავებული, და თითოეულის შესატყვისი ხდებოდა, მაგრამ დიდი ხნით არსად შეყოვნებულა, გზას მაინც აგრძელებდა, მთავარი ინი წინ ეგულებოდა, და მასთან შეხვედრის მოლოდინი, ინერციის ძალასავით მიაგორებდა ბურთივით მრგვალსა და ცომივით ფაფუკ ზედაპირს.
        ინი, ___ მოურწყავ მიწასთან გამკლავებას ცდილობდა დაკოჟრილი ხელებით, ოფლთან ერთად სისხლსაც აყოლებდა თითოეულ ბელტს. ძნელად, ძალიან ძნელად გამოსდიოდა საქმის კეთება. გამთენიისას დგებოდა ფეხზე. ბატის ფრთას აიღებდა და ორლესული დანით წაუმახავდა წვერს, შემდეგ ყორესთან ამოსულ მცენარეებს დაკრეფდა, მელანს გამოწურავდა ბოლო წვეთამდე, და დაგრაგნილი ფურცლებით სავსე, ბამბუკის მაგიდასთან ჯდებოდა ბამბუკისგან დამზადებულ სკამზე. იჯდა ასე ერთხანს. ვერც ხნავდა, და მითუმეტეს ვერაფერს თესავდა. ათინათი დასთამაშებდა სახეზე ზღარბივით მჩხვლეტავი წვერი მოსდებოდა, და კოჭებამდეც რომ გაზრდოდა ეს წვერი, მზად იყო ასე გაუნძრევლად მჯდარიყო, სანამდე რამეს არ დასწერდა. "ეძღვნება იანს" პირველი ორი სიტყვა ძლივს გამოსახა ფურცელზე, და გაჩერდა. "რომელ იანს? რომელიც გუშინ სევდიანად მიმღეროდა მწუხრის სიმღერას? რომელ იანს? რომელიც სარწყავ წყალს, სასმელად მახმარს? და ამით ჩემი მიწა მუდმივად მოურწყავი რჩება; ბელტი ბელტს აღარ შორდება,წამახული ბატის ფრთა ___ სამელნეს, ცარიელი გრაგნილები კი, ___ ბამბუკის მაგიდას, ხოლო მე ___ ბამბუკის სკამს."
        იანი სხვაგვარად ფიქრობდა, ინის ხვნა- თესვას პატარა ბავშვის ახირებად მიიჩნევდა. მისი ნოტიო ფესვები უფრო ღრმად იყო ნიადაგში განრთხმული, და ინისთვის შეუცნობელი(ბნელი) ძალით საზრდოობდა. სავსე მთვარისას, როცა ინი თავის გრაგნილებთან გახევებული იჯდა, იანი შიშველი გამოდიოდა მთვარის შუქზე, პირველყოფილური სილამაზით სავსე, მოწითალო ლაქებით ტოვებდა თავის კვალს, ვითომ სანადიროდ წასული ინის ბილიკზე.
        ___ რა გინდა იან?
        იანი დუმდა. მან იცოდა რაც უნდოდა. ჯერ კიდევ თბილი ნანადირევის ოხშივარი აღაგზნებდა. ცხოველის სისხლით გათხვრილი დასტრიალებდა კოცონს. მადლიერებითა და სიყვარულით სავსეს, ერთბაშად სურდა მთელი თავისი გრძნობა დაეხარჯა ინისთვის. მხურვალედ ლოშნიდა, თითოეულ ასოს ელაციცებოდა, მკვნესავი გველივით იგრიხებოდა და მზემოკიდებული ყინულივით იცვარებოდა.
        ინი, ___ მზის სხივებთან ერთად იღვიძებდა. გაქცევა უნდოდა, მაგრამ ახლადჩაძინებული იანის მიტოვება უჭირდა, თავს დამნაშავედ გრძნობდა, ნანადირევის გარეშე მიღებული ღამე მოსვენებას უკარგავდა. ისევ ბამბუკის მაგიდასთან ჯდებოდა, და დაუმთავრებელ საქმეს აგრძელებდა. "იანის გულისთვის" მორიგი ორი სიტყვა ძლივს გამოძერწა ინმა. "სისულელეა" აი, ყველაზე ნაღდი სიტყვა, რომელიც მის საქმიანობას შეეფერებოდა.
        განა იანმა არ იცოდა რომ ინს, ბამბუკის მაგიდისა და ცარიელი გრაგნილების მეტი არაფერი გააჩნდა? განა არ იცოდა რომ მშვილდის სროლა არ შეეძლო და ნანადირევსაც ვერ მოუტანდა? იცოდა, მაგრამ მაინც მონადირესავით ექცეოდა შინ მობრუნებულს. ცარიელ გრაგნილებს ჩამოართმევდა, ბამბუკის მაგიდაზე დააწყობდა, სანელებლებით შეზავებული ბრინჯით გაუმასპინძლდებოდა და თბილ სარეცელზე მიიპატიჟებდა ბურთივით მრგვალი და ცომივით ფაფუკი ზედაპირით. ამ ზედაპირზე შეხებით ხვდებოდა ინი, რომ ჯერ კიდევ არსებობდა, დაკოჟრილი ხელებით ეფერებოდა, ზღარბივით მჩხვლეტავი წვერებით სერავდა, და თვითონაც იჯერებდა რომ მონადირე იყო.
        მზის სხივები დედამიწას ემშვიდობებოდნენ, როცა იანი იღვიძებდა. ვნებიანი ღამის ჯერ კიდევ შერჩენილი სურნელით გაჟღენთილი გამორბოდა მზისთვის თავის დასახრელად. კატის სიფრთხილით მოძრაობდა ბამბუკებს შორის, ცარიელ გრაგნილებს მტვერს აშორებდა და ჩაის სთავაზობდა ინს.
        ___ რა გინდა იან?
        იმ ღამეს სიცოცხლის განახლება იწყებოდა. დაბერილ მტევნებში, მთელი ძალით რომ ისრუტავდნენ მზისგან წარმოქმნილ სიმხურვალეს, მოტკბო ელემენტი ილექებოდა. რამოდენიმე თვეში ადუღდებოდა იანის წიაღი და მჩქეფარე სისხლი ალაპარაკდებოდა თავის წარსულზე.
      ___ რა გინდა იან?
            "შენი სიკვდილი მინდა ინ!.."
        ინი კვდებოდა. არ შეეძლო არ მომკვდარიყო. ცარიელი გრაგნილები ინის კვდომის პროპორციულად ივსებოდნენ ნანადირევი სიტყვებით. ინი თანდათან ქრებოდა მარადიული იანის წიაღში. ბამბუკის მაგიდაზე გაშლილი, სიტყვაუხვი გრაგნილები კი, სიცოცხლით თრობის ნაცვლად, სიკვდილის ხელოვნებას ასწავლიდნენ ჯერაც დაუღვინებელსა და მჩქეფარე სისხლს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს