ვერდასრულებული დღიურებია ჩვენი ცხოვრება-შენი და ჩემი... შენს დაუსრულებელ დღიურებს ვკითხულობ როცა მონატრება ძვლებში მატანს ( სულში ვეღარ-სადღა მაქვს სული?!)
ვკითხულობ და ვიხსენებ იმ დღეებს, იმ წუთებს და გაელვებებს... და უფრო მეტად მიკვირს: ცხოველსაც სული აქვსო და მე რა ძაფით მიმაკემსა გამჩენმა ამ მეწამულ ზეცას?!
ფხაც აღარ შემრჩა , ტკივილდაფჩენილ ხახებს რომ მივუგდო ყლაპად, ყლუპად-შესანდობარს შესვავენ შავი ბერები, ობლის ერთმტევნიანი ვენახისგან დაწურული ზედაშით.
სიტყვებიც გამეფანტა თავისსამართლებლად-მართლაც, მე რა მიჭირს? რა ნიუტონი? რის გრავიტაცია? მყარად მიწაზე მაშინ არ მივლია, ყველაფერ მიწიერს რომ ცისარტყელას პრიზმაში ვხედავდი და მიწას ვყნოსავდი მაძებარივით-ბედნიერებას ვაგროვებდი მარცვლებად, დასათესად... ახლა რაღა მატარებს? რითი ვიმართლებ თავს, როცა ჩემი ამოსუნთქვა ვიღაცას ზურგზე დაუბერავს და ვიღაცას კი მკერდში? როგორ ავუხსნა რომ ეს ქარი ძლიერი სულაც არაა, არამედ უმზეობის სირისტისგან არიან ავად და ადვილად ცივდებიან?!
დაუსრულებელი დღიურებია ჩვენი ცხოვრება. როდის გავსრულდებით?