- ვანო ძია, გამარჯობა! - ვანო ძია, ნახვამდის! - ვანო ძია, აბაზანაში წყლის მილი გაიჭედა და... - ვანო ძია, ონკანიდან წყალი ჟონავს და... - ვანო ძია, მეტლახი მაქვს დასაგები. - ვანო ძია, იატაკის “პალიროვკა” მინდა. - ვანო ძია, ვანო ძია, ვანო ძია... - ვანო ჩვენს ქუჩაზე ცხოვრობს, აღარც კი მახსოვს რამდენი წელია, სულ აქ არის, სულ ვიღაც ეძახის, სულ რაღაცას აკეთებ; თბილი, ტკბილი კაცია - კი, შვილო, გავაკეთებ; ბოდიში, ჩემო კარგო, დღეს ვერ მოვიცლი, ხვალ ამოვალ; შენ მაგაზე არ იდარდო, ძვირფასო, როცა გექნება, მაშინ მომეცი... - ვანო ძიას პირიდან ამოსული სიტყვები იმ ოცნებას ჰგავდა, ჩვენი მეზობლებისთვის უკვე საკმაოდ ხშირი სიამოვნება რომ არის. მალდივის ან კანარის კუნძულები, მზე, ტალღები და პლაჟი, კოქტეილი და გრილი ნიავი... მისი სიტყვები თითქოს მოგაშორებდა მტვერსა და ჭუჭყს, გულის კარს შეგიღებდა და იქაურ გრიგალებს ნაზ სიოდ გადააქცევდა. უბრალოდ ვანო ძია მუშა იყო, მუშა, რომელსაც ფულს უხდიდა ზოგი მყისიერად, ზოგი ზეგ, ზოგიც “ზეგე”... - კარგი რა, მეტი რა უნდა, ფული ხომ გადავუხადე?! - ერთხელ შემთხვევით მოვისმინე ჩემი მეზობლების ლაპარაკი, ცოლ-ქმარია, ქალი ისეთი - “კამაზს” რომ მოგაგონებს პირველივე შეხედვისთანავე, კაცი კი, აი, ვანო ძია აბაზანის მილში თავის თორმეტმეტრიან საწმენდ მილს რომ გაუყრიდა, იქიდან ამოიღებდა და ჩვრით რომ გაწმენდდა, აი, - იმ ჩვარს ჰგავს. ჰოდა, ერთხელ, როცა ვანოს ნახევარი აბაზანა მოაპირკეთებინეს, თან, რა თქმა უნდა, მილებიც გააწმენდინეს, რადგან საშინელი სუნი ამოდიოდა, ისეთი, ჩემამდეც რომ ჩამოაღწია, თან ზაფხულში, თან ისე, სახლიდან წავიდნენ და ემანდ ბევრი დენი არ დაგვეწვასო - კონდიციონერიც გამორთეს, ფანჯარაც არ გააღეს... აბა, ვანოს მორიდების ამბავი რომ ვიცი, თავად როგორ გაბედავდა აბაზანის გარდა სხვა ოთახში შესულიყო და ფანჯარა ან აივნის კარი გაეღო... ჰოდა, მთელი დღის მუშაობის მერე ძია ვანო აიბარგა, ჩვარმა ხმა ამოიღო, გატოკდა, თითქოს ნიავმა დაუბერა, “კამაზმა” კი დაუპიპინა... - ეეე, რა ჭამა, ფული ხომ მივეცით და...?! მგონი, ადამიანის დაუფასებლობა უფრო ყარს, ვიდრე იმ აბაზანიდან ამოსული სუნი... - არაფერი გაჭამეს, ვანო ძია? - კიბეზე ჩამოსულს გამოველაპარაკე, შემატყო, გულწრფელად აღვშფოთდი და ალბათ ისიც, შემოპატიჟებას რომ ვუპირებდი. - არა, შვილო, ჩემი შვილიშვილია სტუმრად, ნიტა, ბაბუს ვახშამი უნდა გავუმზადოო, დაუბარებია და ამათ კი შემომთავაზეს, მაგრამ დანაყრებული ვერ მივალ სახლში, ბავშვს ვაწყენინებ.- ისე თქვა, თითქოს ჩემი გულის კარი გამოაღო, იმ მილივით გააწკრიალა და ფრთხილად მიხურა, ოღონდ რაღაც დატოვა, რაღაც ძალიან თბილი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ჩავასწორე, პატივცემულო ნიკი, მადლობა. კაი დროსია პასუხი, მაგრამ მაინც... :) მოგიკითხეთ, მადლობა ამ საიტისთვის, დიდი მადლობა! ჩავასწორე, პატივცემულო ნიკი, მადლობა. კაი დროსია პასუხი, მაგრამ მაინც... :) მოგიკითხეთ, მადლობა ამ საიტისთვის, დიდი მადლობა!
1. სულ რაღაცას აკეთებ; --> აკეთებს ( კორექტურაა ) აცი კი, აი, ვანო ძია აბაზანის მილში თავის თორმეტმეტრიან საწმენდ მილს რომ გაუყრიდა, იქიდან ამოიღებდა და ჩვრით რომ გაწმენდდა, აი, - იმ ჩვარს. --> არსად არაა ჰგავდა არც ცოლთან და არც ქმართან. მგონი საჭიროა
მომეწონა და დამაინტერესა თუ მთელი მოთხრობა ასეთია, როგორც ეს ნაწყვეტი, აუცილებლად გამოაქვეყნე მთლიანად და გვასიამოვნე კარგი მოთხრობის კითხვით მე 5-ს ვწერ და მოგიკითხავ თან :) სულ რაღაცას აკეთებ; --> აკეთებს ( კორექტურაა ) აცი კი, აი, ვანო ძია აბაზანის მილში თავის თორმეტმეტრიან საწმენდ მილს რომ გაუყრიდა, იქიდან ამოიღებდა და ჩვრით რომ გაწმენდდა, აი, - იმ ჩვარს. --> არსად არაა ჰგავდა არც ცოლთან და არც ქმართან. მგონი საჭიროა
მომეწონა და დამაინტერესა თუ მთელი მოთხრობა ასეთია, როგორც ეს ნაწყვეტი, აუცილებლად გამოაქვეყნე მთლიანად და გვასიამოვნე კარგი მოთხრობის კითხვით მე 5-ს ვწერ და მოგიკითხავ თან :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|