ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
7 მარტი, 2023


და მაინც რამდენ ხანს ცოცხლობენ ობობები?!

რამდენ ხანს ცოცხლობენ ობობები?
ვეკითხები ჩემს თავს,
როდესაც რამდენიმე თვის წინ ჩასახლებულ ობობას ვხედავ
აბაზანის ერთ-ერთ კუთხეში
თითქმის უძრავად ჩამოკიდებულს...
არც ორთქლი აფრთხობს,
არც სიცივე
და არც სიშიშვლე,
მისი კი არა ჩვენი სიშიშვლე...

განა რა არის სხეულის სიშიშვლე სულის სიშიშვლესთან?
ვკითხულობ ხმამაღლა
ადამიანები სხეულს მალ-მალე აშიშვლებენ
სულს კი ხანდახან...

იცოდით თურმე შესაძლოა ობობები სიზმრებს ხედავდნენ
ალბათ ამიტომ არც შიშია,
არც შიმშილია
და არც სადმე წასვლის სურვილი,
ხანდახან ალბათ საკმარისია იჯდე ერთ ძაფზე
და სიზმრებით იკვებებოდე...

ამას ადამიანები ღრმა დეპრესიას უწოდებენ
იქნებ დაგვემსგავსა კიდეც ჩვენ-ადამიანებს?
იქნებ უბრალოდ გაუგრძელდა სრაფი ძილის ფაზა...
იქნებ მიჩვევაა და არაფერი სხვა...

და მაინც ალბათ რა რთულია თვეობით გაძლო თავდაყირა
თითქმის უძრავად,
მარტოდმარტომ,
ძველ ნაქსოვ ძაფზე მოკონწიალემ?
რა ადვილია ამ დროს ერთი ცოცხის მოქნევაც
სულ მარტივად გააყოლებ წყალს,
თითქოს და ამას ელოდება,
არ შეტოკდება, გელოდება...

შენ კი უბრალოდ აკვირდები ეგუება თუ
ერთ მშვენიერ დღეს უბრალოდ წავა,
შენს რეალობას არ დანებდება...

და მაინც რამდენხანს ცოცხლობენ ობობები?












კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები