 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 2 აპრილი, 2023 |
#ეტიუდები
ნინო დარბაისელი
ის პორუჩიკი (ბალადა)
მესიზმრებოდა პორუჩიკი, ის პორუჩიკი, მუხლზე დამდგარი ხელზე ამბორს რომ მიპირებდა. მე უფროსი დის მეცვა გრძელი კაბა, რუში კი ფეხზე მოედო, გაჰყვა პოლკელს მონაპირეთა.
და პორუჩუკი ბრუნდებოდა თავის სოროში, ხელის ბიჭს მუნდირს აბარებდა გადასაცემად, მერე კაბარე - კაბარე და ყოფა რიოში, კვლავ ხელის თხოვნა, კვლავ მუდარით მუხლზე დაცემა.
მთვრალების ჩხუბი, პოლკელების აყალ- მაყალი, მერე შეყრილი არემარე მდუმარე, ვრცელი, ჩხუბში ჩართული პორუჩიკი მაღალ-მაღალი, და მერამდენედ, მინაჩვევი უკვე კარცერი.
მერე ტრაქტირი, ანატირი იქ უკვე მთვრალი ძმობილს თავისას ხმაჩახლეჩით ასე ჩასძახდა: - უარი მითხრა, თამასუქით დამედო ვალი, ტყვია-ღა დამრჩა, წამალია სახელნაძრახთა…
განა რა მქონდა, მწირი იყო ჩემი მზითევი, ყველა საცოლეს დაეძებდა, მდიდარს, მამიანს… ღამეო, დარდში და ლოდინში ძნელად ითევი, დილით კი ვმალავთ ღამენათევ თვალებს ნამიანს.
დღემდე არ ვიცი, ცხადში იყო? - თეთრი პერანგი მემოსა თხელი, მდინარეში ვიყავით ერთად, აღარ მახსოვდა კრძალვა ანდა მისი მე რანგი, მერე მწვანეში - თეთრის - წითლის - არევა ფერთა…
მე გამათხოვეს პორუჩიკის ბებერ ბიძაზე, გვერდით ვეწექი იმ ბერიკაცს სუმთლად დაფეხვილს, თქვა, - არ მომწონსო ქცევა მისი, სიტყვებიც- ასე და არ დაუდგამს იქ პორუჩიკს არასდროს ფეხი.
სცენაზე - სამი მეოთხედი დაფარულია, ვხედავთ ფასადებს და ფასადით ვაფასებთ დრამას. ჩემს ბრილიანტებს ირგვლივ ყველა მაღალ ფასს ადებს, მე - დარბაზს ვუცქერ, ნეტავ ისევ შემახვედრა მას!
ქვრივი ვარ უკვე, პორუჩიკო, დაფასებული, რა მოხდა, გნახო, გესაუბრო, აზრი გაგიყო, მაგრამ დე, დავრჩე ძველი ნატვრით გადავსებული, არ დამენახვო, რომ ვიფიქრო, წლებმა რა გიყო!
გთხოვ, ეს მუდარა შორეული ყურად არ იღო. მე, სიბერეში გადასავარდნს - არ მეხარიხო, ჩვენ, ყველა ვფიქრობთ, “მართლა ასე რომ მომხდარიყო…” სიყვარულისთვის ყველას გვინდა დღე - უთარიღო!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|