ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
10 აპრილი, 2023


გასვენება ჟინვალში

#ეტიუდი

ნინო დარბაისელი

გასვენება ჟინვალში

ო, ენავ, შე უძვლოო!
ბოლოს  - ვერ შეიძლოო,
გასაძლებად ყოველთვის ბოლო გვიჭირს ყველას.
ბოლოს გვინდა, თუ ვინმე ჩვენი მომხედავია,
კარგია თუ ავია,
ბოლოს გვინდა სულყველას, ლომს თუ ჭიაყელას.

შვილი - ევროპაშია,  მოიარა ათენი,
მოიარა  პარიზიც, რომი და ის ვენა,
შორს - შვილი და შინ - ვალი,
ანანური - ჟინვალი,
ჟინვალი - ანანური,
და გული - მონანული,
უბრალო მოფარდული,
გვერდით გადაფერდილი,
ნიავში მოტრიალე, დაქსოვილი თათები
და თათების ქსოვაში ღამეები ნათევი,
დღემდე ვერმოღწეული შორი ამანათები.
ახლოს  - სენი, შორს - შვება,
ყოფა ასე გვიშვრება,
მთქმელს იგივე ელის.
როცა მძიმე დღეში ხარ,
განა რამე გიშველის?
ჟანგბადი?
წვეთოვანი? 
გადახსნილი
ვენა?
დაისვენა საწყალმა, მართლა დაისვენა!

როცა ადამიანი ლანდავს გაღმა ნაპირებს,
გამგზავრებას აპირებს 
იმ ზეციურ მთებში,
უკვე აღარ დაეძებს სარჩულსა და საპირეს.
მოაშორეთ  ჭიქა და მოაშორეთ თეფში,
ერთი, ბოლო მოხედვაც არის მოსალოდნელი,
წამოჯდომა,
ადგომაც,
მზისკენ გადაწვენა…
დაიღალა სიცოცხლით და სიკვდილმაც დაღალა
სხვისამ, საკუთარმა კი თითქოს დაივიწყა,
აქ მოვჯარდით სუყველა, ვის გვახსოვდა აღარა,
ვეგებებით ერთმანეთს, ვინც ჰყოლია, ვინც ჰყავს.
ვინ - დასტირის გარდაცვლილს,
ვინ - თავისას იგონებს,
სხვას არას გააგონებს, თვალი დაისველა.
დაისვენა საწყალმა
დაისვენა საწყალმა!
დაისვენა საწყალმა, მართლა დაისვენა!

P.S

ეს ჩემი მორიგი ეტიუდია.
გუშინ აქ აღდგომა იყო, უქმე ყოფილა და ერთ ადგილას ტყუილად მივედი. ერთი საათი მქონდა გასაყვანი.
ასეთ შემთხვევებში
რაიმე ეტიუდის მოფიქრება - ხსნაა.  წამში გადის დრო!
რა მინდოდა:
“ო, ენავ  ჩემო, დედაო ენავ!”- ეს არის ისეთი მარკირებული დასაწყისი პატრიოტული ლირიკისათვის, საერთო კოდად რომ არის ქცეული ყველა ქართველისათვის.
იგი აქტუალურია მეტადრე დღეს, დედაენის დღეების მოახლოებისას. 
ვიფიქრე,  მოდი, ვცდი, თუ არის შესაძლებელი ზუსტად ამ სიტყვით დაიწყო ლექსი და სულ სხვაგან წაიყვანო რეციპიენტის ყურადღება.
    თავიდანვე მოულოდნელი რითმა შემოვიტანე, მერეც აქა- იქ მოზუსტო რითმები შევურიე, მეტისმეტად ჩახლართულ-ორიგინალური - არა, რომ მკითხველი მთლიანად რითმით ჟონგლიორობის წინაშე არ აღმოჩენილიყო. რიტმიკა - ცოტა გავათავისუფლე. შინაარსი და ლექსიკა - ტრივიალური ავიღე,  მეტაფორულობა - მაქსიმალურად შევამცირე, გრამატიკული ფიგურები გამოვიყენე.
კომპოზიცია - უმარტივესად ავაგე. რეფრენი - წებოსავითაა. აუწყობელს ააწყობს, როცა დროით შეზღუდული ხარ. კარგად რომ დასვა, რითმებით დამატებით ფიქსაციას  შესძენ ტექსტში და სულ ესაა!
დატოვებული მოწონებების რაოდენობა მარწმუნებს, რომ ჩანაფიქრი  - გამომივიდა და მიხარია.
მადლობა ამისათვის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები