ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნოსტრადამუს
ჟანრი: პოეზია
25 აპრილი, 2023


დაბრუნება

ფეხაკრეფით მიუყვები ბედისწერას,
არ გიცდია სხვა ფურცელზე გადაშალო.
წვიმამ თმები უმოწყალოდ დაგისველა,
შენ კი სახლში მოსვლას მაინც აღარ ჩქარობ.

უდღეური დღეებია, ნამეტანი,
ზარებს უსმენ, ზარებია სამონასტრო,
მალე ქუჩებს ნაგვისაგან გახვეტავენ,
უკვე ბოლო ავტობუსმაც გამოგასწრო.

ცხვრებს დაეხნა, იქნებ შეგხვდეს სადმე კომბლე,
იქნებ კვალში დაგდგომიან ტრიადები.
მე სიჩუმეს მერამდენედ ვიმეგობრებ,
შენ კი სახლში მაინც არ გაგვიანდება.

აქ ყოველთვის ქარი ცეკვავს, როცა იქა
შენთან მზეა, მზე - რაღაცის ნახელავი,
სანამ დილა ნამს მოფენდეს მოზაიკად,
ვიდრე ბალახს ფეხსაცმლები გათელავენ

საათს სახით კედლისაკენ ვატრიალებ,
ზოგჯერ ტკბილად, ზოგჯერ მწარედ ამ ხნის ნაქსოვ
ყველა წუთის შენ იყავი მატიანე,
ახლა სახლის მისამართი აღარ გახსოვს.

გაცვეთილი კაბების რიგს კარადაში,
შენი ტანი ზეპირად რომ უსწავლიათ,
მთვარის შუქზე გამოვატან დიდ წყალს მაშინ,
დიდ წყლებს ცუდი სიზმრებისთვის სულ სცალიათ.

ფრთები მხრებში ჩაგიმალავს, ალბათ გიკვირს,
რატომ აღარ გაკითხავენ ბეღურები,
უსაკენკოდ და უშენოდ როგორ სიკვდილს
დიდ თვალებში ჩემთან ერთად შეჰყურებენ.

მოხვიდოდე, იქნებ გზები გახსოვს ცერად,
დამტვერილ და ფუჭ მოლოდინს მიაქვს სხვენი,
ზოგჯერ მაინც კარებისკენ გარბის მზერა,
შენ კი ნაცნობ კარებს ვეღარ მოაგენი.

ალბათ, ასე ყველაფერი მარტივია.
უფრო რთული - სინანულის დიდი დოზა.
სადღაც სხვები მათ სიშიშვლეს დაგტირიან
და შენ გამვლელ-გამომვლელის თვალი გმოსავს.


მორჩა, შენი ყელსაბამის მძივებივით
დაიფანტნენ ჩვენი უცხო ნაწილები,
გელოდები, ალბათ, უკვე კვირებია,
შენ ვინ იცის რომელ გზაზე გაცილებენ.



მორჩა, მოდი, შემომხედე რად ვიქეცი,
შემადარე ფოტოს ძველი ალბომიდან.
მერამდენედ, მერამდენედ, წავიქეცი
ის კი მაინც არ მოვიდა, არ მოვიდა.









კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს