 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 28 აპრილი, 2023 |
#ლექსები
ნინო დარბაისელი
დაბრუნდნენ ჩემი კოშმარები (მინი-პაციფისტური)
1. დაბრუნდნენ ჩემი კოშმარები, ისევ დაბრუნდნენ! მე ხომ ისინი ფსიქოლოგის, პრაქტიკოსი-მედდისა და ლურჯი აბების დახმარებით ღრმად ამოთხრილში ნელა ჩავუშვი. ორმო ავავსეთ, კარგად დავტკეპნეთ და მერე მარტო დარჩენილმა ერთი მტკაველი ნოყიერი ნიადაგიც ზედ დავაყარე, შიგ სულ ხავერდის მუქწითელი, ვარდისფერი, თეთრი, ყვითელი ვარდები ჩავრგე, ცრემლით ვრწყე და ცრემლით ვახარე, ვიდრე წყალზე გადავიყვანდი, სურნელი იდგა ვარდოსნული!
2 დაბრუნდნენ ჩემი კოშმარები! რამ მომადუნა, ქვეცნობიერმა შიგ რა გაზი დაიგროვა; რამ ამოხეთქა! დაბრუნდნენ ჩემი კოშმარები! ეს - მაცაცოა, ბებიაჩემი - ჩემსავით მწვანეთვალება და თეთრსახიანი, ჩემსავით - ყვრიმალფერიანი. რაკი მიმსგავსებს, მიიგივებს, უფრო ვუყვარვარ. მუნდშტუკით ბამბამოხვეულით მთელი ცხოვრება აყროლებულ “პრიმას “ გვაბოლებს, ოპერაციას ისე ვერ იწყებს, ორმოცდაათ გრამს თუ არ გადაჰკრავს, ამდენს გვაძლევდნენ ყოველ ჯერზე, ბავშვობიდან დავეჩვიეო.
3. ომი იყო და პირველკურსელი მედიკოსები ერთიანად ურალისაკენ, ჰოსპიტალში წაგვიყვანესო, ჩასვლა და ხელში დანის მოცემა ერთი იყოო. ვინ დაეძებდა, დაჭრილებს რომ შემოგვყრიდნენ, სად, რას და როგორ ვაკერებდითო! განგრენის შიშით კიდურს უფრო ღრმად ვაჭრიდითო. მთავარი იყო, შემოყვანილი ჩვენგან ცოცხალი გასულიყოო. - იმ მოჭრილ ხელ-ფეხს მერე ალბათ ცალკე მარხავდით! (ეს - ჩემი ხმაა უსასოო.) - არა, ცოტათი მოშორებით, ხევისპირას სანიტრები სახვევებს და მოჭრილ კიდურებს, ადამიანის სხვა ნარჩენებს ურიკებით ეზიდებოდნენ, ნაგვის მთა იდგა მაღალ ბოძებზე შემოხვეულ მავთულხლართებში, რომ სისხლის სუნზე ნადირები არ დასცემოდნენ და დარაჯი მალ-მალე წვავდა და რაც რჩებოდა საბოლოოდ, ქარს რომ ირგვლივ არ გაეფანტა, შლანგით ხევისაკენ წყალს ატანდა, ზოგჯერ თუ ქარი დაასწრებდა და ჭვარტლი მაინც იფანტებოდა, პირს თუ კარგად არ დამუწავდი, გარეთ გამოსულს - ნესტოებსაც ამოგივსებდა… ზამთარში კიდევ რა უჭირდა! რომ დაცხებოდა, ქლოროფორმის სუნში ნარევი დამწვრის და მძორის სუნი იდგა, იქ კი ვერ ვგრძნობდით, ცხვირი ეჩვევა, მაგრამ მერე, დღემდე ყნოსვას არ შორდებაო.
4.
დაბრუნდნენ ჩემი კოშმარები და გარდაცვლილებს წინ მოუძღვიან: - და კიდევ იცი, რა გვაგიჟებდა? ქალს - დაჭრილს ვისაც შემოიყვანდნენ, თითქმის ყველა ფეხმძიმედ იყო. ზოგი თუ ცოტა აზრზე იყო ან მეტყველებდა, თვითონვე გვთხოვდა, ბარემ აბორტიც გამიკეთეთო, ვინ დაეძებდა ვადასა და გვარიანად გადაცილებულს. ზოგსაც - ჩვენ თვითონ ვაშორებდით, თუ გზა არ იყო. ძალითო?! - არა, ტყუილია, ვინ გაავრცელა? არ გვევალა, ან სად გვეცალა! ვინმე მკვდარს თუ გააჩენდა, დიდ ნაყოფებსაც ნაგავში წვავდნენ. ერთსაც გეტყვი და სხვას არ უთხრა, ერთი ასეთი შემთხვევა გვქონდა, კაცს ორი ფეხის ამპუტაცია გავუკეთეთ, გადავარჩინეთ, მაგრამ ასოს კი გაძვალებულს - ვეღარაფერს ვერ ვუხერხებდით, სულ ფეხზე ედგა. დავუძახებდით ვინმე ახალს, ჯერ გამოუცდელს, გადავხდიდით, დავანახვებდით და გვქონდა ერთი სიცილი და წივილ-კივილი. ადამიანი თავშესაქცევს ჭირშიც იპოვის… - და, მკვდრები? - მკვდარი ჯარისკაცები?! თუ ვინაობა დადგინდებოდა, სიაში წერდნენ, ისე კი, ყველას, სხვა მავთულხლართით შემოღობილში, ერთ ამოთხრილში ასაფლავებდნენ ამოვსებამდე. მერე მიწასაც დააყრიდნენ, მერე - სხვა ორმო გაიჭრებოდა და ასე, ომის დამთავრებამდე.
5. დაბრუნდნენ ჩემი კოშმარები, მიზეზი ნახეს! აი, მაცაცო - ხანდაზმული, უკვე ლოგინად ჩავარდნილი, დაჩონჩხილ ხელებს ბრჭყალებივით მკლავში ჩამასობს: “ნინო, მე შენი იმედი მაქვს, ბოლო წამამდე აქ იყავი, არ მიმატოვო!” მე - დავპირდები, მაგრამ მაინც მივატოვებ, რადგან თადარიგს საპანაშვიდედ დაჭერა უნდა, მისახედია ყველაფერი, თანაც მაცაცო შვილიშვილად კი მაცხადებდა დაბადებიდან, სინამდვილეში შვილიშვილი არ ღირსებია, თავისი შვილიც არ მიეცა, მე - გვერდით ვყავდი, მეუბნებოდა, ,,მიყვარხარ და მეამაყები!” მაგრამ და იყო ბებიაჩემის.
6. დაბრუნდნენ ჩემი კოშმარები… ყოველთვის, როცა ომზე ვფიქრობ, მაცაცოს ვხედავ, უნარკოზობით გადარეულ დაჭრილთა და ტყიურ ნადირთა ღრიალი მესმის, გრუხუნი მესმის, შიგ შერეული რაღაც ქსუტუნი, წკმუტუნი და კვნესა მესმის. დამფრთხალ გოგოთა კისკისი მესმის, დუმილი მესმის მორეცხილი ნაგავსაყრელის და ჩემი სიზმრის არეებში ახალხალათა თეთრი გედები - დები - მედდები ცურავენ სისხლის მდინარეში, ნიაღვრებში. სისხლიანები მოედებიან მთელ არემარეს, მიმორბიან და მიმოდიან ირევიან და მერევიან, სულმთლად ამრევენ თავისი ბედის მომდურავები. მინდა დავეხსნა, დაჭრილი ვარ, დანას მადებენ, მაღვიძებს შიში და მე დარდიანს აღარაფერი მეიმედება!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ადრე წავიკითხე გარედან ძალიან კარგი ლექსია საშინელ კოშმარებზე არადა იყო ასეთი ამბებიც, იყო
მომეწონა ცხადია და 5 ადრე წავიკითხე გარედან ძალიან კარგი ლექსია საშინელ კოშმარებზე არადა იყო ასეთი ამბებიც, იყო
მომეწონა ცხადია და 5
2. მადლობა, მუხა! ეს ლექსი ახალია. პორნოს კლასიკური განმარტება ავიღე. ვიფიქრე, როგორ შეიძლება ისე დაიწეროს ლექსი, რომ პორნო გამოვიყენო, თან ყველაზე მკაფიო ფორმით, მაგრამ ტექსტი პორნო არ გამოვიდეს-მეთქი. შევქმენი სპეციალური, არაეროტიკული კონტექსტი და შიგ ორგანულად ჩავსვი. მივიღე რაღაცნაირი ,,მწუხარე ეროტიკა”(სამუშაო ტერ ინია) სხვისი არ შემხვედრია ქართულ პოეზიაში მსგავსი ცდა, ან იქნებ კიდეც არსებობს და მე არ ვიცი. მადლობა, მუხა! ეს ლექსი ახალია. პორნოს კლასიკური განმარტება ავიღე. ვიფიქრე, როგორ შეიძლება ისე დაიწეროს ლექსი, რომ პორნო გამოვიყენო, თან ყველაზე მკაფიო ფორმით, მაგრამ ტექსტი პორნო არ გამოვიდეს-მეთქი. შევქმენი სპეციალური, არაეროტიკული კონტექსტი და შიგ ორგანულად ჩავსვი. მივიღე რაღაცნაირი ,,მწუხარე ეროტიკა”(სამუშაო ტერ ინია) სხვისი არ შემხვედრია ქართულ პოეზიაში მსგავსი ცდა, ან იქნებ კიდეც არსებობს და მე არ ვიცი.
1. ძალიან საინტერესო ისტორიული ლექსებია. ერთი მეორეზე უკეთესები , შინაარსითაც და ემოციურად. როგორ დეტალურად გადმოსცემ ლექსით ომის საშინელებას.
მაცაცო შვილიშვილად კი მაცხადებდა დაბადებიდან, სინამდვილეში შვილიშვილი არ ღირსებია, თავისი შვილიც არ მიეცა, მე - გვერდით ვყავდი, მეუბნებოდა, ,,მიყვარხარ და მეამაყები!” მაგრამ და იყო ბებიაჩემის. შესანიშნავია.
ძალიან საინტერესო ისტორიული ლექსებია. ერთი მეორეზე უკეთესები , შინაარსითაც და ემოციურად. როგორ დეტალურად გადმოსცემ ლექსით ომის საშინელებას.
მაცაცო შვილიშვილად კი მაცხადებდა დაბადებიდან, სინამდვილეში შვილიშვილი არ ღირსებია, თავისი შვილიც არ მიეცა, მე - გვერდით ვყავდი, მეუბნებოდა, ,,მიყვარხარ და მეამაყები!” მაგრამ და იყო ბებიაჩემის. შესანიშნავია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|