ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინა ტაბაღუა
ჟანრი: პოეზია
16 ივნისი, 2023


მწარე ბალი

ოფშკვითის სასაფლაო

გურამ ამბროსის ძე რობაქიძე
1937- 1999

1) შურა ღუტუს ასული
გაბუნია რობაქიძე
1953 - 1984

2) მარგო ჟორას ასული
გამყრელიძე რობაქიძე
1965 - 2010

მწარე ბალი

-
ქალი კაცს რომ გამოაბა,
არც ზნეს იცვლის, არც - ყელს დასავლეთის ფერში,
სხვისი მზე რომ ჩაუგორდეს,
გამოუშროს სველი გუნდები,
გზაშარაზე დაყრილი ცახცახა ლეკვებივით...

-
დაბმული ქალის მეტი რა მინახავს,
მაგრამ რა ხეირი, ავი ძაღლივითაა.
თუ აიშვა, აღარც გადევნება ღირს.
კაცმა ქალი უნდა შეიბას სიხარულის თილისმად.

-
ღმერთო, გადამარჩინე ამგვარი შიშებისგან,
მომეცი ძალა, გავუძლო დროს...
არ ჩამოვხმე ნაადრევად,
როგორც ბაბილინას ნაწყევარი მწარე ბალი.
მომეცი ტკბობა,
ჭიშკარგარეთ გასულ გურამს
პირჯვარი გავატანო,
თვალები გავატანო, გულიც გავატანო,
შინ მობრუნებულს ხელ- ფეხი ჩავბანო,
ჩამოვუჯდე და მოვუყვე:

-
ჩვენ გასხლულ ვენახზე (თუ როგორ გამოუბზეკიათ ქორფა კვირტები);
ჩვენს გაღინწულ, უჭმელ შვილებზე;
მოვუყვე, დილაადრიან, ჭიის წამალზე წასულს,
წისქვილთან, მევახშე გრიგოლა მგელივით რომ მიმზერდა;
მოვუყვე, როგორ მეხლიჩება გული დარდისაგან,
როცა მის ლუკმას ვინმე გლახად შეავლებს თვალს.

-
არ ვიცი, უწინ ვიღაცას უთქვამს:
,,ცოლს ქმარზე მეტი მტერი არავინ ჰყავსო!"
არადა, ვის უნდა ვუამბო ჩემი ფორიაქი,
თუ არა ქმარს?

-
ქალი ვარ, რამდენს შევძლებ?!
აქეთ - სახლ-კარი,
იქეთ - ბოსტანი და წვრილფეხი.
გაზაფხულია, ყანები სახნავ-სათესია,
გაღმა სოფელში კაცს ვერ მოიხელთებ მოსახმარებლად,
რომ არ ჩაილუღლუღოს:
იფ, რა ბამბასავით ქალი ჰყავს გურამას,
პირველი ნამეტანი ნახშირი ყავდაო.
ეჰ, ვინ იცის,
რამდენჯერ დამიწკრიალებია ჭრელთვალა შურას საფლავი,
ვინ იცის,
რამდენს ვესაუბრები ხოლმე
ჩვენს გემრიელ კაცზე,
გერიც შვილივით შევიყვარე.

-
რა ვქნა, პირს ვის ამოუქოლავ,
ტომრით ხომ არ ვივლი?!
განა მეხალისება,
ამ თაკარაში ამოდენა თეძოსა და ძუძუების თრევა.

-
ხეზე ახვალ და კაბის ქვეშ შარვალით უნდა გამოიხუთო წელ-ფეხი.
აივანზე მუხლებიც ვერ გაგიჩაჩხავს
მატყლის დასაპენტად.
თონეშიც ვერ გადახრილხარ ცომის ჩასაკრავად -
ოქრომჭედელმა გოგიამ თვალი არ შეავლოს ჩემს კორჩიოტებიან ხალათს,
დღეში ცხრაჯერ რომ გვთხოვს ხარაჩოს ეგ უსაქმური,
თითქოს სახლს მართავდეს და მეტი დარდი არა ჰქონდეს რა.
აღარ ყოფილა ქალის საშველი და ეგაა.

-
ირგვლივ - ეს სუროებიანი, ტანდაბალი მავთუხლართებიც რა მოხელეა?!
იმოდენა ფული ჰქონია ჩემს მამამთილს,
ვინ უშლიდა, აღემართა ქვის ღობე,
მავნე მწერსაც რომ გასჭირვებოდა გადმოფრენა.

-
თითქოს ყველაფერი სიზმარია,
ასეთ პატრონს რომ ჩამაბარა გამჩენმა.
ჩემი ვარდისფერი სახე რომ მოჭკნება,
ნუშისებრი თვალებიდან შეღვიძებულს,
ჩემს კაცს აღარ დამანახებს საწოლი...
ამ დროს კედელს ვუკაკუნებ სამჯერ
და თავს შევყვირებ ხოლმე: 
არიქა, ქალო, რად აჰყოლიხარ ცუდ ფიქრს, საქმე გამოგელია?!
საღამოა, საქონელი მოგადგა, მიხედე!..

-
ძილისპირს ყველს რომ ხალამში დავაბინავებ
და გურამი ფშვინვას ამოუშვებს,
ვუმზერ მის მშვიდ ცხვირ-პირს,
სახეს სახეზე ვადებ,
მოხდენილი წვერ-ულვაშიდან გამოსული,
ჩვენი მოკიკინე თხის,
რძის სუნით გაბრუებულს მიხუტებს
და, როგორც კაკალი, ვიმტვრევი მის მხრებსა და მკერდში.

-
სანამ დილა გაინისლება და ახმაურდება სოფელი,
გრძელდება ასე ნეტარება ხვევნა-ფშვინვაში.
აბა, როგორ არ დამენანოს ამნაირი ღამე ამოსათენებლად,
ესაა, მარგო, კაცთან შებმა,
ესაა ქალის გადარჩენა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები