ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
1 ივლისი, 2023


გამათბობელი

#ლექსები

ერთიანად დადებას აზრი მაინც არა აქვს.
ჩვენში რომ პოემას უწოდებენ და  ინგლისურენოვანი ლიტმცოდნეობისთვის  კი დიდი, ნარატიული ლექსია, რაღაც ასეთი გამომივიდა.

ეს - დასაწყისია. ახლა ვკრეფ ფაილში და თანდათან დავდებ, თუ მოგეწონათ.
იცით, რაზეა?
ებრაელთა უდიდესი მეფე  - დავით მეფსალმუნე როცა დაბერდა,  როგორც ჩანს,  თერმორეგულაცია დაერღვა და ხელქვეითებმა ურჩიეს, სამეფოში ერთი გოგო იპოვე,  ღამე ლოგინში ჩაიწვინე გასათბობადო.
არადა ამ დროს მთელი ჰარამხანა ცოლები და კონკუბაინები ანუ საყვარლები ჰყავდა.

ნინო დარბაისელი

გამათბობელი

(ციკლიდან - ეროტიზმი ბიბლიაში)

1.
მამისახლი

როგორ მომწონდი.
არა, უბრალოდ კი არ მომწონდი, მიყვარდი კიდეც,
შემოგნატროდი,
მაგრამ შენამდე,  აბა,  მე ვინ  მომაკარებდა?
ჩემი უფროსი დისა იყავი.
როგორ გივლიდა,
კალმასობიდან იპარებოდა,
შუაგულ მზეში ჩრდილს გიძებნიდა,
ერთ ლეღვის ფოთოლს ქვეშ დაგიგებდა,
მეორეს  - ნაზად  გაფარებდა,
გეფერებოდა და გიმღეროდა:
“ტკბილად გეძინოს, ბერსაბეო”.
თვალს გადევნებდით,
ვუსმენდი და საიდუმლოს ცქერისაგან აფანცქალებულ გულს ვიოკებდი.

ჩემი უფროსი დის წასაყვანად მაყრიონი როცა მოვიდა,
შემოტრიალდა თვალცრემლიანი,
თვალით მომძებნა,
დამიძახა,  აქ მო, დროზე, ხელი მომეო,
იმის ფრჩხილებით მომეფხოჭნა ხელისგული,
და შენი თავი მუჭში ჩამიდო.
ჯერ არ ვიცოდი,
რომ წესია,
გათხოვებისას თავის თოჯინას
ქალი  - გვარში უმცროს ქალს ჩუქნის.

გამოხდა ხანი.
მეფის კაცები როცა მოვიდნენ და მამას უთხრეს,
გოგოები აქ მოიხმე, დაგვანახვეო,
აგვარჩევინე, რომ ჩვენს  დიდ მეფეს, თვით დავით მეფეს მივგვაროთო.
მწკრივად რომ დადგნენ ჩემი დები,
ერთმანეთზე უკეთესები,
ჩამოუარეს, სათითაოდ,
ხელით სინჯავდნენ  კისერშიაც,
იღლიებქვეშაც,
და მამას უთხრეს,
სულ ეს არისო?!
დედაჩემი შავი კრუხივით გადამეფარა,
ეს პატარაა, ნაბოლარა,
ქალური წესი ახალ მთვარეზე მოუვიდაო,
მაგრამ მეფის კაცს ვინმე რამეს გააგონებს?
ჩამჭიდა ერთმა უხეში ხელი მე  - ახალნარბენს,
მართლა,  კარგა ცხელიაო, ეს გვჭირდებაო.
ხვალ დილას მოვალთ წასაყვანად,  გაგვიმზადეთო.
სამოსელს  -ჩვენსას მოვიტანთო...
დილაადრიან  გამაშიშვლეს
და მეფისათვის არჩეული გამაბანეს ჩვენი ქალაქის  ცხელ აბანოში,
არა - ჯვალო და არა-  სელი,
სუმთლად ახალი დამახვედრეს შესამოსელი
მსუბუქი, თხელი,  გამჭვირვალე,
ზედ  ოქროსფერი ნაქარგებით,
მარგალიტებით
მე მივტრიალდი ასე ჩაცმული,
ვითომ ჩემებთან საბოლოოდ ჩასახუტებლად,
ვეცი ძველმანებს, უცებ გიპოვე  ჯვალოებში და
ლაჯებშუა მოგიმწყვდიე.
ისე გატარე სასახლემდე,
ვერც შეგამჩნიეს და აქ დაგმალე,
როცა მივდივარ ღამის სათევად,
კედლის პატარა გამონგრეულში საიდუმლო გაქვს საბრძანისი.

2.

დედოფალა - კერპი -  ბერსაბე?

ბერსაბე,
სხვისთვის რად მოჩანხარ!
მუჭში ადვილად ჩასატევი
ნაფოტისგან გამოჩორკნილი  ერთი პატარა დედოფალა,
ხელ-ფეხი ცალკე,
ტანის ნასვრეტში გაყრილ ბაწარზე რომ უბია,
წითელლოყება,
შავთვალიანი,
ბალახეულის და ბოსტნეულის  ფერადი წვენით
ტანზე -  ზიგზაგებმიხატული,
სულ მეშინია, ჩემს არყოფნაში
აქ არ გიპოვონ.
აქ, სასახლეში, დედოფალას ვინ გააჩერებს,
ეს - წარმართული ღვთაებააო, შენზე იტყვიან,
ვინ ვერაგმა მოიტანაო,
ჯერ ამ ხელ-ფეხს მოგაგლეჯენ,
დაგჩეჩქვავენ,
მერე სამსხვერპლოდ შეგწირავენ,
ღმრთის საამებლად,
აი,  კაცის ხელით შექმნილი კერპი ვიპოვეთ,
შემოგწირეთო,
ცეცხლში დაგწვავენ და იქნებ მეც ზედ მომაყოლონ.
შენ კი მხოლოდ დედოფალა ხარ,
ჩემი ამბების მოზიარე, ჩუმად მომსმენი,
არსად მთქმელი.
ჩემი ბერსაბე!

იქნებ კერპი ხარ,
ღამენათევთან სიზმრად რომ მოხვალ შენ-  ხორცშესხმული,
ჩემთან ერთად რომ პეპლებს დასდევ ტრიალ მინდორზე,
ჩემთან ერთად რომ გემღერება,
აუფუარი პურის ნატეხი ნაკადულის წყალში ჩამბალი,
ზედ - ბოლომდე შემოუსვლელი ფინიკის ხურმაც
ჩემთან ერთად რომ გეამება.
ნუთუ ჩემს ხვეწნას  არასოდეს არ შეისმენ?
სინამდვილეში  ნუთუ ერთხელაც არ გაცოცხლდები?
თუმცა  არა!
სად წაგიყვანო, გაცოცხლებული!
სჯობია, ისევ  ხისა იყო,
ამ სასახლეში და გარეთაც,
ვიდრე ასული ან ძე კაცისა - დაბადებითვე სიკვდილისთვის გამეტებული.

3. 

აკბარი

მე  ემისათვის არაფერი არ მიკითხავს,
ვერც გავბედავდი.
რომ დამინახა, თვითონვე თქვა,
ეს რა წრუწუნა მოუყვანიათ,
აკბარიაო, მართლა აკბარი,
ასეც  დაგარქმევ ამიერიდან
მე კი ემი დამიძახეო.

ემია ჩემი მომხედავი,
საღამოსათვის ემი  მაცმევს ფერად- ფერადებს,
თმას ემი მიწნავს,
სამკაულებსაც -
ჯერ  ზარდახშიდან ამოღებულს სათითაოდ,
კუთხეებით ცერზე  და ხელის გულზე ისვამს,
მეფეს კი უყვარს, ქალი როცა შემკულია, მაგრამ ჩხაპნია არ გამოდგესო.
ნელსაცხებლებს კი ამ ბოლო დროს აღარ მახმარებს,
ჩვენს დავით მეფეს სულს  რაღაც ცუდად უხუთავს და მეტი ჰაერი ეამებაო.

დილ-დილაობით,
შინდაბრუნებულს  ოსპის შეჭამანდს დამახვედრებს,
თხილეული და ჩირეული -  გამოულევლად,
მოხატულ თეფშზე ისეც გვიწყვია.
დოქით წყალიც - მოტანილია.
რომ დამაპურებს, მერე ჩემი დღის ძილს დარაჯობს.

სულ  მეუბნება:
სასახლის გარეთ - ჯეირანობას
სასახლის თაგვად ყოფნა გერჩიოს:
თუ კარგი თვალით გიყურებენ,
შენთვის  წყალობა არასოდეს დაილევაო;
ვინც სასახლეში შემოსულა,
ვიდრე ცოცხლობს,  აქ დარჩებაო;
აქ მსახურებას დაჩვეული გარეთ აღარ გაიშვება,
არც არაფერში გამოდგებაო;
მეც შენი ხნისა ვიყავიო,  სახლს რომ მომწყვიტეს,
როცა პირველად მეფის ცოლის ხელის გოგოდ მომიყვანესო:
სასახლის მსახურს  ენა -  მოკლე და ხელები  -  გრძელი უნდა ჰქონდესო;
უფროსზე ნათქვამს  გადამფრენი ჩიტი კი არა,
სანთლის ნიავიც წაიღებსო;
გულშიც ნურაფერს გაიფიქრებ,  როცა არ გინდა,
ამონასუნთქს ამოჰყვებაო;
კაცსა და ცხოველს წყვილი თვალი აქვს, სასახლის კედლებს- ათასიო.
ხომ ასეთია,
შენ კი, ბერსაბე, არასდროს შეუნიშნიხარ.

თავიდან - ისე ძნელი იყო!
დრო გავიდა და გარეთ გასვლა  უკვე ნაკლებად მეოცნებება,
ის მახსოვს მხოლოდ, 
კალოს მლეწველთა ცქერა მიყვარდა,
კალმასობისას -
წამოკრეფა ნაკვალევზე დარჩენილი თავთავებისა,
ან ცივ ჩანჩქერში  ბანაობა მზეგადასულზე
და ნაგუბარში კენჭების სროლა ყველაზე შორს და
წყლის ზედაპირზე წრეების თვლა რვამდე- ათამდე.
სხვაც ბევრი იყო გასართობი,
არც სამუშაოს გვარიდებნენ.
დედამ იცოდა,
ბავშვი ორ ფეხზე რომ გაივლის,
თავისი ჭამის ფასი შრომა არ  მოაკლდესო,
კიდევ რა მახსოვს?
რაც დღის სიზმრებში  მიმეორდება, უფრო და უფრო იშვიათად
და თუ იქ არ ხარ, გაღვიძებულზე  შენ რომ გიამბობ.
მე  რახანია, აღარ ვიცი,  ღამის სიზმარი რანაირია.

- - -
*აკბარი- თაგვი  ძველებრაულად და არამეულად
**ემი-დედა  ძველებრაულად ( ავტ., მოდიფიცირებული გამოთქმა)
*** ბერსაბე - დავით მეფე წინასწარმეტყველის ერთ-ერთი, რჩეული ცოლი, სოლომონ ბრძენის დედა. აქ - აკბარის ხის დედოფალას სახელია.

4.

სასახლის ბაღში

სასახლის ბაღში დავსეირნობ  გაღვიძებულზე.
სასახლის ბაღში ვარდებია ათასნაირი,
ყვავილები,  აქამდე თვალით რომ არ მინახავს,
სახელად რომ არ გამიგია,
სასახლის ბაღში სურნელია თავბრუდამხვევი,
სასახლის ბაღში  ულამაზესად ბოლოგაშლილი ფარშავანგები
უშნოდ ყივიან და
ისინი რომ გაჩუმდებიან,
იადონები და შაშვები ეჯიბრებიან,
მებაღე?!
რა ვთქვა!
არ დამინახავს,
ალბათ საქმეს დილით ილევს,
არ დამინახავს არც ჩრდილის გრილში მოსეირნენი.
ბაღი გალავნის შიგნითაა და გაკრეჭილი ბუჩქებითაა შემოსაზღვრული.

ემიმ თქვა ადრე:
-თუ გინდა რამე უჩვეულოს შეასწრო თვალი,
უჩვეულო დროს, უჩვეულო ადგილას მიდი.

წუხელ ჩამთვლიმა დავით მეფესთან ჩახუტებულს,
მერე ძილმა თავი წამართვა,
სამაგიეროდ,  დღეს შუადღეზე არ დამეძინა და სასეირნოდ ბაღში გამოველ.
ერთგან, ბუჩქების სულ კუთხეში ემის კაბის ბოლო ვიცანი,
გარეთა კაბის კალთა ბოლომდე აეკეცა და
ბუჩქის ძირას ხელშეყოფილი ნუგბარს აწყობდა,
ვერ დამინახა,
ჩემს იქ ყოფნას ვერც იფიქრებდა.
თან, რა დასტვენა სცოდნია თურმე,
რომ არ მენახა,  ვინმე ფრინველის
ფრთაფერადის ხმიანობა მეგონებოდა.
სტვენაზე ბუჩქის იქით მხრიდან კაცი გამოჩნდა,
ალბათ უფრო მეომარი
სულ წამოკრიფა ის  ნუგბარი და ბოლოს ხელი ღრმადაც შემოყო,
ემის ხელს მისწვდა, იმის თითებს,
წამით ეჭირა და იმწამსვე გაუჩინარდა.

5. აბსალომ!

როგორ მივმართავ?!
როგორც მასწავლეს:
- მეფეთ-მეფეო, დიდო დავით, ნება მიბოძეთ!
გულში კი ვამბობ:
- იქით მიიწი, ბერიკაცო, ვეღარ ვეტევი!-
ხანდახან ისე გახურდება,
გავარვარდება,
მე  - გამათბობელს უფრო მაცხუნებს.

მესაწოლენი შუაღამისას იცვლებიან,
და იარაღიც მუდამ ასხიათ.
ბორგავს ძალიან,
მთელი ღამე არ ეძინება.
წუხელ ჩათვლიმა და თავისივე ტირილის ხმამ გამოაღვიძა:
- შვილო, აბსალომ,
ეს რა ცეცხლი მოგვეკიდაო,
ამნონი-  შენი  ძმა იყო და თამარი - დაო, სისხლისმიერი ძმა გყავდაო,
მამისძეობით ერთი იყავით,
არ ერგებოდა დასთან წოლა,
რად მოუნდაო?
და შეაცდინა და გაუშვა,
რა ვუყოთ, თავი შეირცხვინა,
გზა მართალი გაიმრუდაო,
მაგრამ ქალისთვის,
ძმას მტრად ვინმე მოეკიდაო?
ქალი - შვილადაც არ ითვლება,
სამკვიდრო რჩება  მხოლოდ მაშინ,
მთელი კლანი თუ  გადაშენდაო.
ძმაზე წინ როგორ დააყენე, მითხარ, შენ, დაო?
დრო გავიდა და  გულისჭირი არ დაგნელდაო,
ლამის სამეფო ამოაგდე, ამოვარდაო,
ჰარამხანასაც დაერიე,
არ დამირჩინე  არა წმინდაო,
მწარე ხარ, შვილო,  შენ, აბსალომ,
ნეტა  გეცოცხლა, ღმერთი სიკვდილს მომივლენდაო,
მამის ლომოო,
ვაი, აბსალომ, აბსალომოო!
- ასე ტიროდა.
მესაწოლენი ისე შორს იდგნენ,
იმსიშორიდან 
ტიროდა თუ ღაღადებდა, არაფერი გაირჩეოდა
მე კი პირველი,
რაც მითხრეს და რაც დამარიგეს,
შენი ნათქვამი სიტყვა გავა და
შენი ენაც თან გაჰყვებაო -
- და ხანჯლად ხელში უელავდათ,
სიკვდილის ენა.
ასე ყოფილა,
სასახლელებში მოახლეებად მუნჯებსა და საჭურისებს ამჯობინებენ.
ან ვისთან რა ვთქვა!
გულს შენთან ვიცლი დაბრუნებული,
მაინც ხისა ხარ,
დედოფალა,
ჩემო ბერსაბე,
ხოლო ხის ენა - კაცთა შორის არავის ესმის,
ხოლო თუ ცეცხლი მოეკიდა,
ენა ცეცხლისა,
ვიდრე რამეს ფერფლად აქცევდეს,
დანაცრებამდე მთელ ამბავს ყვება
და  ცხელ ქარს მერე  ეს ამბავი ზეცამდე მიაქვს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები