ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
19 ივლისი, 2023


“ჩვენთაგანი” და “ასე იტყოდა ემბრიონი დედის წიაღში”

ერთი ეტიუდი და ერთი - ლექსი

#ეტიუდები

ნდს

ჩვენთაგანი

ხორციც არ უჭამიაო მთელი წელიწადიო და
ფრთადიადი ალბატროსი სულ ჩანჩალით დადიოდა.

არც რა ჰქონდა,
ჯიბის ფული
ბინა,
კედლის
რადიო და,
სად ეძინა, ვინ იცოდა,
დღისით - ჩვენში დადიოდა.

არც სოფელში არა ჰქონდა
ოდა ანდა
წალდიო და
ვიდრე იყო,
ჩვენთან იყო,
დადიოდა, დადიოდა.

არ ინდობდა არცა აწმყო,
არცა მოწევნადიო და
არ და აღარ დაელია ამა სოფლის დარდიო და
ცამ თქვა, უნდა წავიყვანო ჩემი
დანაბადიო და
წაიყვანა
სული მისი ცაში კვამლად ადიოდა!


#ლექსები

ნინო დარბაისელი

ასე იტყოდა ემბრიონი დედის წიაღში
(ბადრი გუგუშვილის ხსოვნას)

იქნებ არცა ღირს მომწიფება და  დაბადება?!
წვალებ-წვალებით
ვიბადებით და პირდაპირ პასუხებში გამოგვახვევენ,
პასუხთა ძუძუს გვაწოვებენ,
“ჩუო”, ამბობენ,
ვითომ ჩვენი სიწყნარე უნდათ,
სინამდვილეში
სულ პასუხების ხმაურია
და ყველას თითქოს გაჩუმებისა ეშინია,
და არც არავის, 
არასოდეს არავის უნდა,
ცოტა გვაცადოს,
მიმოგვახედოს,
არავის უნდა,
რომ ვიპოვოთ ის -  რაღაც კითხვა,
ამ მილიონი,
ამ მილიარდი პასუხიდან რომელიღაცას
გამოცდილი კუტიურეს შეკერილი პიჯაკივით რომ მოერგება;
კითხვა,
რომელიც თითქოს  ხელის გაწვდენაზეა,
კითხვა,  რომელიც  ჩვენ გვჭირდება
და რომლისთვისაც თითოეული ვიბადებით ამქვეყანაზე.

გასვენებისას ისეთი დასცხო,
ჩვენ, მეგობრები სასაფლაოზე
ავტობუსიდან ვერც კი ჩავედით!

2004

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები