ნევროზი
ნევროზით დაავადებულ ადამიანს, ერთადერთი, რაც არ შეუძლია, ესაა თვითმკვლელობა. ფროიდი
ჩასუნთქვა... ამოსუნთქვა. ჩაისუნთქე... შემდეგ ამოისუნთქე.
ისუნთქე ქალაქის მავნებელი აირები და ეს სასიკვდილო დოზა შიგნითვე ჩაიტოვე. როგორ გავს ეს პროცესი მაგიდისთვის მუხლის მირტყმას. იცი, რომ გაივლის, თუნდაც სიკვდილით და ამ მოლოდინის გავლას თვალების ძლიერი დახუჭვით ელოდები. გულის ძლიერი ბიძგები მთელ სხეულში ურტყავს. როგორც იქნა გრძნობ შენ ბიოლოგიურ აგებულებას, იცი სად არის ნაღველი, რა პროცესები წარიმართება შენ სისხლძარღვებში მიკროსკოპულ დონეზეც კი და როგორი სუსტი ძვლები გაქვს; როგორ ძლიერად გექაჩება და გტეხავს დედამიწის გრავიტაციული ძალა. რა არის ეს?! რეალობა, თუ ილუზია?! როგორ შეიძლება ყოველი ბიოლოგიური პროცესი ჩემს წინააღმდეგ მოდიოდეს? რატომ გადაწყვიტა ღმერთმა, რომ გულის შეტევა და ნევროზული შეტევა გავდეს ერთმანეთს?! ალბათ სადღაც მასაც არ ყოფნის ფანტაზია. ყბისა და მარცხენა მხრის სისუსტე იმიტომ მაქვს, რომ სტენოკარდია მჭირს, თუ იმიტომ, რომ ერთხელ, სადღაც, შემთხვევით მოვისმინე, რომ სტენოკარდიას ახასიათებს ქვედა ყბისა და მარცხენა მხრის სისუსტე?! ან იქნებ მარცხენა ფილტვში, ღამ ღამობით რომ უცხო სხეულს ვგრძნობ, კარგად დამწიფებული ვაშლის ზომის სიმსივნეა?! ჩაისუნთქე... ამოისუნთქე. წარმოიდგინე როგორ ჩადის შენში სუფთა ჰაერი, რაღაც წმინდა, ცოტა მოცივო და როგორ წმინდავს მთლიან ორგანიზმს ერთ წამში. წმინდა ჰაერის საძიებლად გარეთ გავდივარ, ცოტა ქარია, მზიანი ქარი, რომელიც ფოტონებს აქეთ-იქით დაათრევს, თუ ეს შესაძლებელია. ან გონება ისე დამიჩლუნგდა ამასობაში, რომ მტვრის პატარა ნაწილაკების შეხება ფოტონები მგონია და ახლა უკვე ვფიქრობ იმას, რომ უმცირესი ნაწილაკების შეგრძნებაც კი შემიძლია. როგორი საშინელი დღეა, ქარი და მზე. გაზაფხულია თუ შემოდგომა ვერ გაიგებ. ქარი მეზიზღება, ჩემ მკვდარი თმის ღერებს აქეთ-იქით რომ გადამიყრის და გადმომიყრის. არასდროს არ შევხვედრივარ არავის ქარის დროს პაემანზე. საერთოდ ასეთ ამინდში არ ვიცი რისი კეთება უნდა გესიამოვნოს. ერთადერთი რაც შეგიძლია, ესააა ფარდები ჩამოაფარო და თვალები კიდე უფრო მაგრად დახუჭო, იმიტომ, რომ იცი, ეს გაივლის, ყველაფერი გაივლის და მადლობა სამყაროს დაუწერელ კანონებს, დროის ლოგიკურ ჯაჭვს, რომ მე არასდროს გამოვიკეტები არც ერთ რეალობაში სამარადისოდ. მადლობა ღმერთო, რომ დღევანდელს, ხვალ არ მომივლენ. ათი წუთი... ათ წუთში გაივლის ეს შეტევა. არაფერი მჭირს, ცოცხალი ვარ და კიდევ დიდ ხანს ვიცოცხლებ, მთავარია, რომ ათი წუთი დაველოდო... ჰა ჰაა, ყველაზე მეტი ნახევარი საათი. ბოლო-ბოლო რამდენი ისტორიული პერსონაა წლობით გადიოდნენ ამაზე უარეს სატანჯველს, მე ვინ ჩემი ფეხები ვარ ახლა რომ რამეზე დავიწუწუნო... ათი წუთი მარა დრო ფარდობითია, ამის დედა რო მოვტყან. – გამარჯობათ, ბატონო. – შავებში გამოწყობილ ხანში შესულ კაცს ვესალმები. შლიაპა აფარია. უეჭველად კომუნისტია. ყავისფერ შარფს საერთოდ ვერ უხდენს შავ მანტოს... ან, შავ მანტოსთან ყავისფერი შარფი რატომ მოიხვია ? ფეხსაცმელები სუფთაა აქვს, ისევე როგორც ფრჩხილები. - ხომ არ იცით რომელი საათია? - შეწუხებული სახით ვეკითხები მე. - ათს უკლია ოცი წუთი. დილის ათ საათს უკლია ოცი წუთი. ვიცი რომ დილაა. საზიზღარი დილა. - და თქვენ ქრისტიანი ხართ? ამ კითხვაზე სწრაფადვე მისხლტება, იაჰოვას მოწმე ვგონივარ, ორმოცდაათიანელი, ან კიდევ რაღაც ამდაგვარი ჯანდაბა. - ქრისტიანი ხართ? როგორ გგონიათ ჩემნაირი ბიჭს მიიღეებს ქრისტე? იცით ბიბლიამ რა სახელი გამომიძებნა? იცით რა ქვია ჩემნაირ ადამიანებს, ქრისტიანულ სამყაროში? - ვუყვირი მე, იქნებ ყურადღება რამეზე გადავიტანო, მარა ყოველ სიტყვაზე, ყოველ ნაბიჯს უფრო და უფრო აჩქარებს, რომ დროზე ჩამომშორდეს. ცრუ, ჩემო კარგო ადამიანო, ჩემ პატარა სამყაროში რომ ზიხარ ახლა და ჩუმად მისმენ, თითქოს არც არსებობდე. ცრუ შემარქვა ბიბლიამ, კაცი ვარ, რომელიც იღებს ქრისტეს ცნებებს და იაზრებს, თუმცა არასდროს არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკეთესი გახდეს, ან სხვას გაუადვილოს მცირედით მაინც ცხოვრება. ცრუ. ისეთივე ცრუ ვარ, როგორც ახლა შენ ხარ ჩემთვის და მე ვარ შენთვის. ერთმანეთისთვის თითქოს არც ვარსებობდეთ. ეს უბრალოდ ორი სამყაროს შეჯახებაა. ჩუმი შეჯახება. შეგიძლია დროში მოგზაურობა და ტელეპათიაც კი უწოდო ერთდროულად. 2016 წელში ვარ, შეიძლება ახლა დაბადებულიც კი არ ხარ, ან კიდევ პატარა პაჭაჭაყანა ბავშვი ხარ. საერთოდ არ იცი რა გელის მომავალში, ახლა კიდე კარგად ხარ. და იმედია, ჩემსავით არასდროს არ იქნები, ფაქტიურად, რისიც შეგეშინდება, ის შენთან მოვა, თაგვები, კალიები, გულის დაავადება, კიბო, სიკვდილი ხო მოვა და მოვა. ეს მეცნიერებაა ჩემო კარგო ადამიანო, რადიოსიხშირეები, ვაიფაი სიხშირე, გრავიტაციული სიხშირეები, მაგრამ ამ სიხშირეს რა ქვია?! ჩვენ კომუნიკაციას, რა ქვია, რა არის ამის მეცნიერული შესატყვისი? არ აქვს მნიშვნელობა. მოკლედ, ჩემო კარგო დედამიწელო მომავლიდან, მე ვყირავდები შუა ქუჩაში და ვკვდები, სიკვდილის წინ კი არაფერიც არ მახსენდება. არა, არა, ტანჯვით არ მოვმკვდარვარ, იმაზე ადვილი იყო ვიდრე მეგონა. უბრალოდ მაინც, სხვანაირად წარმომედგინა. მეგონა, ვაიდა, შიშისაგან ჩავიჯვავდი, ან კიდე, ყველაზე კარგ შემთხვევაში, სიცოცხლის ბოლო წამებისგან შთაგონებული, რაიმე საკაცობრიოდ მნიშვნელოვან სიტყვებს წარმოვთქვამდი. მაგრამ შეუძლოდ ყოფნა ისეთი რამეა, გიბინდავს მთელ სამყაროს. აღარც ფილოსოფია, აღარც ლამაზი წამები, აღარც ცხოვრების საზრისი, მორჩა, უბრალოდ ცოცხალი ორგანიზმი ხარ - კიდევ ცოტა ხნით. სიმართლე რომ ითქვას, მორგის ატმოსფერო მესიამოვნა. სიცივეა, განათებაც მბჟუტავი და ცივია. გარშემო მკვდრების სიმშვიდე თითქოს ცხადყოფდეს, რომ არსებული მძიმე რეალობა მიიღეს, თუმცა მძიმე, ეს მხოლოდ ცოცხალთათვის, თორემ როგორც ზემოთ ავღნიშნე, ყველაფერი იმაზე მარტივი ყოფილა, ვიდრე მეგონა მეთქი. მდუმარებას, ერთ ერთი, ჩემს გვერდზე მწოლიარე მელოტი მკვდარი არღვევს და მეუბნება: - მთელი ცხოვრება ქრისტიანი ვიყავი. მჯეროდა იაჰვესი და მისი ძლევამოსილი ანგელოზების... მაგრამ სად არიან ვეღარ ვიგებ. - იქნებ არც არიან. - ვეუბნები და სიკვდილით ტკბობას განვაგრძნობ. - მაგრამ თუ არ არიან, მაშინ, სად არიან? - რა გჭირს... ძმაო, უბრალოდ არ არიან. ყველაფერი დამთავრდა, ყოველი ილუზია წარსულს ჩაბარდა, ჩვენ ახლა, აქ ვართ, მშვიდად, ვიცით, რომ აღარასდროს არაფერი გვეტკინება, აღარც ტაფაზე დასხმული ზეთის წვეთი ჩაგვეწვეთება პირდაპირ თვალში და აღარც არავინ შეგვიყვარდება ტკივილის სახელით. ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. კიდევ ერთმა მკვდარმა ამოიდგა ენა: - თუ სიმშვიდეა, ქაოსიც აქვე სადღაც იქნება. ალბათ, რახან ვმეტყველებთ, ჯერ კიდევ არ დამდგარა დასასრული. შეიძლება ორმოცი დღე აქ უნდა ვიყოთ. შემდეგ კი... შემდეგ კი დაიწყება უსასრულო ორგაზმი, როგორც სიკვდილი. გასვენებაში, ჩემო ადამიანო მომავლიდან, ყველაზე კომიკური ის არის, რომ ჩემი ყოფილი ცოლი და ჩემი შეყვარებული ერთად მგლოვობენ და თან გლოვის სიმძიმეში ეჯიბრებიან. აგუნა აქეთ-იქით დარბის, არ იცის რა გააკეთოს, პირველადაა გასვენებაში. თითქოს უნდა ხალხს დაანახოს, რომ ნერვიულობს... მაგრამ ალბათ უბრალოდ არ იცის რა უნდა ქნას, ესაა და ეს. ხან კუბოსთან ჩამომიდგება, ხან წავა ანოს წინ დაუდგება თვალცრემლიანი, თავის სამგლოვიარო სიტყვებს მიახლის, მერე ისევ დედაჩემთან გაიქცევა, მიუზიარებს კიდე მეათეჯერ. მაგარი მოუსვენარი ტიპი იყო ბავშვობიდანვე. ეს დედაჩემი კიდე არ ეშვება ამ მუხლების კაწვრას. როცა ქმარი მოუკვდა, ზუსტად ესე ტიროდა და გეფიცები, ჩემო კარგო ადამიანო, მიფიქრია იმაზეც, რომ ჩემ სიკვდილზეც იგივე ჟესტებით გადაგიჟდებოდა. ეხ... დედაჩემო, რამდენჯერ მითქვია, რომ ჩემთვის სიკვდილი შვება იქნებოდა, ნაცვლად იმისა, რომ ახლა მაინც გააცნობიერო ეს, რა დღეში ჩაგიგდია თავი. მარა გადაივლის, ისე, ჩემო კარგო ქალო, როგორც მუხლის მირტყმა მაგიდაზე, მთავარია, რომ თვალები დახუჭო და ათი წუთი დაელოდო. ასკილა ჩამომიჯდა აქ, გულზე მისვამს ჩუმად ხელებს, ვითომ ძალიან ვადარდებდე. ქალო, ბოლოს როდის მომიკითხე ეგ მაინც თუ გახსოვს?! ხომ არ დაგავიწყდა, რომ გთხოვე, ჩემი ხათრით, ბუდუს შეეშვი მეთქი, ისე რომ შემომხედე, თითქოს შენი მტერი ვიყავი, და ბოლოს კი მიიღე მისაღები. არ გინდა ეს ხელების ფათური, ვერავის მოატყუებ. რა ვთქვა... ჩვეულებრივი პროცესია. ჩვეულებრივი, კლასიკური დაკრძალვა. ახლა მიმათრევენ კატაფალკათი, რომელიც სხვათა შორის სულ მინდოდა რომ მყოლოდა, და ამით ბევრი მემოგზაურა,- და მაგდებენ კიდევაც მიწაში. მიწის კაკუნი ცოტა უსიამოვნოა. პროცესიაც მალე იშლება. და ახლა? ახლა რა? - ჰეი, თქვენ, ზემოთ. ღმერთებო, არ გამოჩნდებით რომელიმე?! შეიძლება ჯერ ადრეც არის. თუ აქ სამარადისოდ დავრჩი, არ იდარდო, შენ არ ჩაგიყოლებ, სიხშირეს გავწყვიტავ. ჩემო კარგო ადამიანო მომავლიდან, გაილია ის ათი წუთი, დამთავრდა ნევროზული შეტევა, ახლა შემიძლია სრულფასოვნად გავაგრძელო ჩემი საქმე, წამოვწვე, დავტკბე ორგანიზმში მიმდინარე პროცესების დაკვირვებით, თუ როგორ ვრცელდება ჩემში კიბოს მეტასტაზები იქამდე, სანამ მომდევნო შეტევა არ მოვა და არ გამატარებს იგივე გზას. ვაი რომ თავის მოკვლა არ შემიძლია, ასე დამთარსა ფროიდის ფსიქოლოგიამ, მაგრამ ის უფროიდოდაც წმინდა წყლის რეალობად დარჩებოდა. (ალბათ)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|