ნინო დარბაისელი
უსამსახურო
ერთი, დაახლოებით ჩემი ხნის მეზობელი ქალი მყავდა თბილისში, ციცო, უმამოდ ზრდიდა ერთადერთ ბიჭს, ჩემს ქვემოთ, ერთოთახიანებში ცხოვრობდნენ. აღარ მახსოვს, თვითონ მუშაობდა თუ არა და უფრო იმიტომ, რომ თუ მუშაობდა, ალბათ რაღაც ისეთ სამსახურში, უმუშევარიც რომ არ გქვია და არც ხელფასი გაქვს იმდენი, თავი მომუშავედ ჩათვალო და ეს სამსახურის უფროსობამაც კარგად იცის; არც სამსახურში სიარულს და საქმის კეთებას გთხოვს დიდად, ხანდახან რამემ თუ არ წამოუარა, ვინმეს ცოდვა მაინცა და მაინც მე რატომ დავიდოო და არც შეგამცირებს, არც დაგაწინაურებს, ანუ როგორც ლამის მთელი საქართველოა.
ჰო, ერთი “საცოლშვილეს” რომ იტყოდნენ ძველები, ისეთი ბიჭი ჰყავდა. რაღაც ეკონომიური თუ საინჟინრო დამთავრებული, აი, ჩაბარება რომ ჭირს, მაგრამ თუ ჩააბარებ, რამენაირად დიპლომსაც რომ გამოიტან ბოლო-ბოლო. გარეგნობით მართლა ვერ დაიწუნებდით, საშუალოზე მაღალი, ხშირთმიანი, სწორცხვირიანი, კავკასიურფერიანი, მაგრამ არც ძალიან, მავნე ჩვევებიდან - ხანდახან ორ ღერ სიგარეტს თუ მოწევდა ქეიფის დროს, ისე - არა! რაც ჰქონდა, თითო ხელი ჰქონდა, მაგრამ საუკეთესო, დაჰყავდა ეს ბიჭი იმისთანა მოვლილი, თან ისეთი მანერებიც რომ ჰქონდა, ზომიერი, არაქაჯური, იუმორიც - სასიამოვნო, არც ბასრი არც დუნე, თუ არ იცოდი, ვინ იყო, იმწუთას ფიქრს დაიწყებდი, ახლო- მახლოში, აბა, ამისი შესაფერისი, ერთი კარგი გოგო ვინა მყავსო? დამიჯდებოდა სამზარეულოში ეს ციცო ფინჯან ყავაზე და ცოტა ხანში დაიწყებდა, გოგო, ერთი სამსახური რა გახდა ჩემი შვილისთვის! მე - აღარ ვიცი, რა წყალში ჩავვარდე, ირგვლივ ვინმე არაა, იმისი ვალი არა მქონდეს და ეს - ამდენი ხანია, უმუშევრად დადის… მე საერთოდ, ჭირივით მეჯავრებოდა სათხოვრით ვინმეს შეწუხება, უახლოესიც რომ ყოფილიყო, მაგრამ რომ გადავიღალე ერთი და იმავეს მოსმენით , ერთ ახლობელს უიმედოდ ვუთხარი, ასეთი და ასეთი მეზობელი მყავს, ახალგაზრდა წესიერი ბიჭი, კარგი შესახედი და უმუშევარი, რაღაც კი აქვს მგონი დამთავრებული, ცოტა ინგლისურიც იცის და რამე სამსახური ხომ არა გაქვს- მეთქი. ფეისზე გვერდი ჰქონდა, მოვძებნე და შევახედე და მეუბნება, კიო. სუპერმარკეტის დაცვაში ავიყვან. ორ დღეში ერთხელ მოვა, საქმე ბევრი არაფერი ექნება, უბრალოდ, იქ უნდა იტრიალოს, თუ რამეა ან ვინმე საეჭვო, უფროსს აცნობოს, ხელფასი კარგი ექნება და ოცი პროცენტის ფასდაკლების კარტაც ექნება, თავისი ხელფასის მეოთხედს თუ სუპერმარკეტში დახარჯავსო. მომიყვანე და იმ კვირიდანვე ჩავსვამო. სიხარულისგან, რომ იტყვიან, წიხლებს ვირტყამდი ტაკოში, ისეთი გავრბოდი შინ. მაგრამ ბედი არ გინდა? მაინცა და მაინც იმ დღეს მოუნდა ციცოს სადღაც წასვლა, შუაღამემდე არ გამოჩენილა დედა-შვილი. შუაღამისას, როგორც იქნა, დავინახე ყვითელი შუქი აივნიდან მათ ფანჯარაში. რა დროს ტაქტი და ზრდილობა იყო, ეგრევე ჩავირბინე მესამე სართულიდან და ავუტეხე კარებზე ბრახუნი, პირველ, ნაზ დაგაკუნებაზე გაღება რომ დააგვიანეს. ციცო, სასწრაფოდ ჩემთან ამოდი, სალაპარაკო მაქვს-მეთქი. ასე, ოც წუთში ამოვიდა, ყავა უკვე დავახვედრე. დაჯდა. ვეუბნები: - ჩემო ციცო, არ დაიჯერებ, სამუშაო ვუშოვე ჩვენს ტატოს, დღეგამოშვებით მივა, როგორც აცვია, ისე … და ბლა- ბლა- ბლა. მომისმინა ბოლომდე და მეუბნება - ეეჰ, ჩემო ნუცი, ძალიან მადლობელი ვარ შენი რომ ჩვენი გულისთვის ასე შეწუხდი, მაგრამ არ გამოვა ეგ ამბავი. კი იცი, რა გაჭირვებით მოვედით აქამდე და ახლა ვაკის სუპერმარკეტში ჩემი ბიჭი მთელი ქვეყნის დასანახად რომ გამოეფინება, რომ გაიგებენ იქ დაცვაში მუშაობს, რაღაც კაპიკების გულისთვის, ვინ-ღა გამოჰყვება ცოლად?! თავიდან, მთლად ბიჭი როცა იყო, მიპროტესტებდა, “კარგი, რა, ციცო, შენ რა ჩემი იმით გინდა სამყაროს დაპყრობაო? ახლა ასაკი მოემატა, ჯერ კი არ ემჩნევა გარედან, მაგრამ ბალიშის პირს რომ ვუცვლი, უკვე თმებითაა სავსე. ისეც მიმოიხედა, ჭკუაში ჩავარდა, მიხვდა, რომ დღე და ღამე იმ გიტარაზე ჩხაკუნის მეტი, უკეთესი არაფერი გამოუჩნდება და დამნებდა. მე ხომ მაგისთვის ცუდი არ მინდა, არა? ეს ერთი შანსი გვაქვს ცხოვრებაში, ამ მდგომარეობიდან რომ გამოვიდეთ, იქნებ ვინმე, ბინიან-პატრონიანი, კარგი გოგო ვიპოვოთ, ცოტა ნაკლები შესახედავიც რომ იყოს, განათხოვარსაც არა უშავს, ეგენი - სულ უტვინოები არიან და ბიჭის გარეგნობას უყურებენ, დანარჩენი არ აინტერესებთ, შეძლებული მშობლები კიდევ მეტს არაფერს - ერთ წესიერ ბიჭს ეძებენ და ვერ პოულობენ, რომ კარგი სამსახურიც უშოვონ და გზაზე დააყენონ. ერთია, როცა იციან, სად რაზე მუშაობ და არაფერი დაიმალება და მეორეა, როცა სადაც როგორ დაგჭირდება, ისე იტყვი და მოიქცევი. მარტო თავმოყვარეობის ამბავი ხომ არაა?! შეიძლება, თვითონ კარგი გოგოს ოჯახს არ აწყობდეს ეგრე, საქვეყნოდ გაშიფრული სასიძო, ეგეც ხომ საფიქრელია! აგერ, მისი მეგობარი რომაა, კი იცნობ ხვიჩას, გაპარსულიც მაიმუნს რომ ჰგავს, ერთი არაფრის მაქნისი იყო და ამხანაგის დაბადების დღეზე, წყნეთში ისეთი გოგო გაიცნო, ჯერ ხომ სასიმამრომ მანქანა უყიდა, ჩააცვა-დაახურა, მერე თავის ბიზნესში ჩააყენა და აი, ახლა მოდი და გოგოს ხელი მთხოვეო. კი იყო ის გოგო ამასობაში ოთხი თვის ფეხმძიმე ხვიჩასგან, ცხვირზე ურტყამდა უკვე მუცელი, მაგრამ წესით და რიგით მოინდომეს ყველაფერი და კი არიან დღეს მშვენივრად! სადღაა დღეს წესიერი ბიჭები! ჩემი ტატუნა კი ისეთია! ხომ გეუბნები, ერთი კარგი გზაზე დამყენებელი უნდა, თორემ ყველაფერს შეიფერებს! …. მეორე დღეს ჩემს ნაცნობს დავურეკე და ბოდიში მოვუხადე, მე არ ვიცოდი, ამასობაში სამსახური უშოვია-მეთქი და არაა პრობლემაო!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. გზაზე დამყენებელი )) ყველას გვჭირდება, არავის გვინდა. გზაზე დამყენებელი )) ყველას გვჭირდება, არავის გვინდა.
3. მარტივად მოყოლილი რეალობა. პირადად მე მომეწონა, რაღაცაზე, რომ დაგაფიქრებ ეს პატარა თხზულება... აი ეგეთია. +5 მარტივად მოყოლილი რეალობა. პირადად მე მომეწონა, რაღაცაზე, რომ დაგაფიქრებ ეს პატარა თხზულება... აი ეგეთია. +5
2. მადლობა, მუხა! ასეთ მოკლე- მოკლე რაღაცეებს დედაჩემის გასართობად ვწერ და დილას რომ გაიღვიძებს, ,, ფეისზე” ვახვედრებ, როგორც წესი, ჩვენი საერთო ნაცნობების ამბებია. ზუსტად ხვდება, ვის ვგულისხმობ. ეს აქ იმიტომ დავდე, რომ ჩემდა უნებურად , დღევანდელ საქართველოში დიდად გავრცელებული ფსიქოტიპი გამომივიდა. შეიძლება პროზაიკოსებს უკვე ჰყავთ კიდეც სადმე, პერსონაჟად. მე ხომ ყველაფერს თვალს ვერ ვადევნებ… ახლა დავფიქრდი და თავს ვკითხე, რატომ მაინცა და მაინც ქართული და რატომ მაინცა და მაინც თანამედროვე? ეს ფსიქოტიპი ჯერ კიდევ როდისაა ასახული დასავლურ ხელოვნებაში. მაშ , რა განსხვავებაა? მე ვფიქრობ, დამატებით ქართული მიდგომებიც ერთვის, გარდა ანტურაჟისა! მადლობა, მუხა! ასეთ მოკლე- მოკლე რაღაცეებს დედაჩემის გასართობად ვწერ და დილას რომ გაიღვიძებს, ,, ფეისზე” ვახვედრებ, როგორც წესი, ჩვენი საერთო ნაცნობების ამბებია. ზუსტად ხვდება, ვის ვგულისხმობ. ეს აქ იმიტომ დავდე, რომ ჩემდა უნებურად , დღევანდელ საქართველოში დიდად გავრცელებული ფსიქოტიპი გამომივიდა. შეიძლება პროზაიკოსებს უკვე ჰყავთ კიდეც სადმე, პერსონაჟად. მე ხომ ყველაფერს თვალს ვერ ვადევნებ… ახლა დავფიქრდი და თავს ვკითხე, რატომ მაინცა და მაინც ქართული და რატომ მაინცა და მაინც თანამედროვე? ეს ფსიქოტიპი ჯერ კიდევ როდისაა ასახული დასავლურ ხელოვნებაში. მაშ , რა განსხვავებაა? მე ვფიქრობ, დამატებით ქართული მიდგომებიც ერთვის, გარდა ანტურაჟისა!
1. ძვირფასო ნინო, მინდა გულწრფელი ვიყო
პროზა კარგია, მაგრამ
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა და პოეზია , უფრო ძალიან, ძალიან მომწონ, შეუდარებელია. ძვირფასო ნინო, მინდა გულწრფელი ვიყო
პროზა კარგია, მაგრამ
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა და პოეზია , უფრო ძალიან, ძალიან მომწონ, შეუდარებელია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|