ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
1 იანვარი, 2024


მე - აბიშაგი

#ლექსები
ციკლიდან - ეროტიზმი ბიბლიაში

ნინო დარბაისელი

მე - აბიშაგი

(პოემიდან - "ქალი -სხეულით გამათბობელი")

დიდო მეფეო,
მეფსალმუნე მეფეო დავით,
შენ მძლეთამძლეო,
ექვსი დედოფლის  და  უზარმაზარ ჰარამხანაში
სამასამდე  კონკუბაინის  დედოფლურად შემნახავო,
შენ, ბერიკაცო მოცახცახევ, სულ გაყინულო,
ცარიელო ძვალო და ტყავო,
ვინ დაიჯერებს,  რომ ღამღამობით,
მესაწოლეებს როცა გარეთ გაისტუმრებდი,
მაგ  შენი ქნარით  მე  -  შენს თაგუნას,
შენს - შუნამიტს,
შენს -  აბიშაგს,
ქებათა-ქებას მე მიძღვნიდი და  მიმქრალი ხმით მე მიმღეროდი,
მთელი ღამე, როცა გეღვიძა.

ეგ შენი ცხვირი ლიბანის კოშკზე სწორიაო,
ქურციკი ხარო,
მზენაკრავობა როგორ გშვენისო....
მზე რახანია,  სხეულს ჩემსას არც დაუნახავს,
როგორ მითხარი?!
ფირცხელ არისო სიყვარული ვითარცა შური,
ფრთე მისი - ფრთეა ცეცხლისაო.

ამასობაში მგონი ხელშიც შემოგეზარდე.
მე აღარა ვარ ის ვენახი თავდაპირველი,
ტკბილ-მწიფობაში შემოსული,
მაგრამ  ჯერაც ხელუხლებელი,
მე - გაგეპარე  ერთხელ გარეთ,
მე - გაგეპარე ნელსურნელით ტანდაზელილი,
უცხო ქსოვილით  შენს საამებლად ფერად-ფერადად შემოსილი,
არაჩხაპნია , ძვირფას-ძვირფასი სამშვენისებით ტანდახუნძლული,
როგორც ვენახი მსხმოიარე,
როცა დავრწმუნდი, რომ ღრმა ძილით ჩაიძინეთ, შენც და მცველებმაც.

როგორ მიკვირდა,
ახალმოსულმა პირველად რომ აღმოვაჩინე,
რომ სასახლეში,
ერთ სასახლეში  თურმე  ორი სასახლეა,
ერთი  - დიდი,  ბრწყინვალეა, რომ შეეფეროს  მბრძანებელსა და მის რჩეულებს,
ხოლო მეორე  -  უსარკმლოა, დღე და ღამ ბნელი,
ხელში სანთლით  გზაგასაკვალი.
ენადაჭრილ მსახურ-მხევალ-პირისფარეშთა -
  - ბნელტალანელთა  ერთობისაა
და ეს ერთობა ნაჩვევია ბნელში დანახვას და სიარულს,
ჩემსავით ყველას სად შეუძლია,
ნათელშიც გასძლოს, ბნელშიც გასძლოს,
ორგან  ხედავდეს
რადგან  სინათლე თვალს ჭრით მუდამ,
თავბრუს ახვევს და თვალთ უბნელებს ბნელტალანელებს.

და ყველაფერი  ამ სასახლეში ისე არის ხუროთმოძღვართა  მოფიქრებული,
რომ ჩვენი გზები არასოდეს იკვეთებოდეს,
რომ მბრძანებლებმა და მსახურებმა თავ-თავისი  საქმე აკეთონ, 
ერთმანეთი კი  ვერასოდეს ვერც დაინახონ,
თუ  თავად მეფემ არ ინება!

ტალანს გავყევი,
ძირგამოთხრილი ბუჩქის ძირში გავძვერი და
ქვაფენილებზე, ფეხშიშველამ,
სატრფოს  ძებნაში ღამის  ქალაქი შევაჯერე,
ვიდრე მცველები დამიჭერდნენ და
ვინა ხარო,  ამ შუაღამეს აქ რა გინდაო,
ვის დაეძებ, რას დაეძებო,
შენი სატრფო მაინც რითი გვჯობიაო,
აბა, კარგად შემოგვხედეო,
თან როხროხებდნენ,
თან ერთმანეთის  მიმხედურობით,
თმა ამირიეს,
ტუჩები წუწვნით დამიმჟავეს სისხლისდენამდე,
მიჭყლიტეს მკერდი -  მარჩბივები
რა კარგი ხარო,
კიდე მოდიო,
მაგ სახელისა აქ არავინ გაგვიგიაო.
გამოვიქეცი და მძინარეს შემოგიწექი,
გაღვიძებულზე ეს ყველაფერი წუხანდელ სიზმრად მოგიყევი,
მეორე ღამეს უკვე ქნარზე ამღერებდი,
ჩემს საამებლად  ხმას უწყობდი.
დავით დიდიო, მეფსალმუნეო!
წუხელიც როგორ,  სულ ამაოდ მელამუნეო,
ო, რა დუნედ მებლადუნეო,
ვნება  შეგრჩა და ძალი უკვე აღარ მოგყვება,
ბერიკაცობის  სიძნელეო,
სიბნელეო,
სიძაბუნეო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები