****** ამ კედლის იქით, ჰო ამ კედლის იქით ციხესთან, მართულხლართებში დენი გადის მაღალი ძაბვის... კუთხის კაფედან ცოტა ზევით თუ გაიხედავ, ან გალავანთან შეანელებ სულ ოდნავ ნაბიჯს,
შავ გისოსებზე გამოფენილ სარეცხს შენიშნავ, საკნის სინესტეს სათუთად რომ გამოარიდეს, როგორც იმედის ერთადერთ ან იქნებ ბოლო შანსს ეშურებიან გასაშრობად მზიან ამინდებს...
ეს ჩემთვის ახლა განაჩენის ილუზიაა.... "კორნეტოს" სურნელს შერევია ბაზრის სიმყრალე... "ბარისტამ" თითქმის ზედმიწევნით თავაზიანად, მომცრო ფინჯანი ნახევრამდე შეავსო ყავით....
და აბუზულან გისოსებზე სველი წინდები, როგორც შაშვები... აქ, ევროპაა კედლის აქეთ, ბებრული რიხით... სკვერი სავსეა კოღოებით, კიდევ ბავშვებით... თოლიები ჩანს შორიახლოს გუმბათთან ციხის.
ივლისის სიცხე უჰაეროდ სუნთქვას ართულებს და მე ვლოცულობ (ან ხმამაღლა დავიწყე ფიქრი;) "შენ დაიფარე ღვთისმშობელო ყველა ქართველი.... ამ კედლებს იქით, ამ კედლებს იქით, ამ კედლებს იქით."